მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

თამარ მეფე

საქართველოს მეფე 1179/1184-1207/1210 წლებში, ასული გიორგი III-ისა და ოსთა მეფის, ხუდანის ასულის, დედოფალ ბურდუხანისა

 

ქართველ მეფეთაგან მხოლოდ რამდენიმეს ერგო პატივი - ხალხის ხსოვნაში დაეტოვებინა ისეთი ძლიერი კვალი, რომ მათ სახელებთან გაიგივებულიყო  სახელმწიფოებრივი ძლევამოსილების, კულტურული აღმავლობის და პიროვნული სრულყოფილების იდეალები. ასეთთა შორის, უპირველესი ადგილი თამარ მფეს ეკუთვნის. თამარის სახელი ასაზრდოებდა შუა საუკუნეების ქართულ ისტორიოგრაფიას, მხატვრულ ლიტერატურას და ხალხურ შემოქმედებასრომლებშიც ერთმანეთს შეერწყა სინამდვილე და მითი, წარსულის რომანტიკული ხედვა და სახელმწიფოებრივი იდეალი. თამარის პიროვნების განდიდება სათავეს ჯერ კიდევ მისი თანამედროვე ისტორიკოსების თხზულებებიდან იღებს. მას უწოდებდნენშარავანდთა შორის უმეტესად აღმობრწყინებულს”, “მეფეთა მზეს”, “ბრძენს ბრძნისას”, “ღრუბელს, ყოველთა ზედა მსხურებელს ტკბილთა წვიმათადა .

მიუხედავად თამარისადმი ასეთი საყოველთაო თაყვანცემისა, მისი მეფობის გზა  სრულიად არ ყოფილა იოლი. პირიქით, მას თან ახლდა მრავალი კრიზისული მოვლენა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საგარეო ურთიერთობებში. თამარმა და მის მომხრეთა ძლიერმა დასმა ყველა კრიზისის დაძლევა შეძლეს და ქვეყანას მშვიდობიანი განვითარების პირობები შეუქმნეს

თამარის გამეფება. ორბელთა აჯანყების ჩახშობის შემდეგ, 1179 წელს, გიორგი III- მეტისმეტად გაბედული და იმ დროისათვის უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო _ თავისი ასული თამარი თანამოსაყდრედ აიყვანა საქართველოს ტახტზე. ისტორიკოსის მოწმობით (ქართლის ცხოვრება II, 21) გიორგი მეფეს ეს გადაწყვეტილება მიუღიათანადგომითა პატრიაქთა და ეპისკოპოზთა, დიდებულთა იმიერთა და ამიერთა, ვაზირთა და სპასალართა და სპასპეტთა” (ისტორიანი და აზმანი,21). 1184 წელს, გიორგი მეფის გარდაცვალების შემდეგსამეფო კარზე კვლავ რაღაც დაძაბულობა წარმოქმნილა, რის გასაქარწყლებლად საჭირო გამხდარა თამარის ხელმეორედ კურთხევა. “დალოცეს და ადიდეს სპატ

შვიდისავე სამეფოსათა” (ისტორიანი და აზმანი, 27).

სულ მალე თამარის გამეფებას ორი პოლიტიკური დაჯგუფების გამოსვლა მოჰყვა. პირველ დაჯგუფებაში შედიოდნენ ძველი საგვარეულო სახლების წარმომადგნლები, რომლებიც თავს დამცირებულად გრძნობდნენ გიორგი III-ის მიერ აღზევებულუგვაროთაქვეშევრდომობაში ყოფნით. “უგვაროთაშორის მოიაზრებოდნენნაყივჩაღარისპასალარი ყუბასარი დააზნაურის ნაყმევი”, მსახურთუხუცესი აფრიდონი. დიდგვარიანებმა თამარს მათი დაუყონებლივ დამცრობა მოსთხოვეს. თამარი იძულებული იყო დათანხმებულიყო მათ მოთხოვნას და ერთგული და გამოცდილი მოხელეები ხელისუფლებას ჩამოაშორა.

სულ სხვა ხასიათის იყო მეორე დაჯგუფების გამოსვლა. მასში შედიოდნენ როგორც დიდგვაროვანი არისტოკრატიის, ასევე მოქალაქეთა ზედაფენების წარმომადგენლები დალაშქარნი” (რაინდობა). ამ დაჯგუფების ლიდერი, ყუთლუ-არსლანი, მოითხოვდა ახალი დაწესებულების, “კარავისშექმნას, რომელსაც მეფის უფლებათა დიდი ნაწილი უნდა გადასცემოდა. სწორედკარავშიუნდა განხილულიყო შეწყალება თუ შერისხვა, თანამდებობებზე დასანიშნი კანდიდატურები, უმნიშვნელოვანესი სასამართლო საქმეები.   აქ მიღებული გადაწყვეტილებანი საბოლოოდ დასამტკიცებლად უნდა წარედგინათ მეფისათვის. ამრიგად, კარავი მეფის სათათბირო ორგანიზე - დარბაზზე, გაცილებით მეტი ფუნქციით უნდა ყოფილიყო აღჭურვილი. იგი მეფეს უტოვებდა მხოლოდ აღმასრულებელ ხელისუფლებას. ეს მოთხოვნები ყუთლუ-არსლანმა თამარს ულტიმატუმის სახით წაუყენა. პასუხად თამარმა ყუთლუ-არსლანი შეიპყრო. ამბოხებულები ისნის ველზე დაბანაკდნენ და თავიანთი მოთავის გათავისუფლება მოითხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიარაღებული გამოსვლით იმუქრებოდნენთამარმა აჯანყებულებს ორი საპატიო ქალბატონი  _ ერთი ქართლის ერისთავთა-ერისთავის, რატის დედა ხვაშაქ ცოქალი, მეორე _ სამძივართა დედა, კრავაი ჯაყელი _ მიუგზავნა და მათი პირით ყველას შენდობა და პატიება აღუთქვა. ქალების დიპლომატიამ გაჭრა. ამბოხებულები დაშოშმინდნენ  და ხელი აიღეს განზრახვაზე.

ამრიგად, ყურთლუ-არსლანის დასის გამოსვლა მარცხით დამთავრდა, მას რაიმე სერიოზული გართულება არ მოჰყოლია. მკვლევართა ნაწილი ვარაუდობს, რომ ეს იყო ქალაქური მესამე წოდების გამოსვლა, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ ფეხს იდგამდა, მაგრამ არ იყო საკმარისად მტკიცე. ამ გამოსვლამ მაინც მოახდინა ზეგავლენა მმართველობის წესზე _ გაფართოვდა სამეფო დარბაზის ფუნქციები და მისი შემადგენლობა. ამიერიდან დარბაზის სხდომებში ვაზირებთან ერთად მონაწილეობდნენ მოქალაქეთა ზედაფენების წარმომადგენლები.

კარის (ცენტრალური აპარატის) მოხელენი თამარის დროს: მწიგნობართუხუცესი და ჭყონდიდელი, ამირსპასალარი, მანდატურთუხუცესი, მეჭურჭლეთუხუცესი, მსახურთუხუცესიჩუხჩარეხი, ამილახორი.

ადგილობრივი მოხელენი: სვანთა ერისთავირაჭისა და თაკვერის ერისთავი; ცხუმის ერისთავი; არგვეთის ერისთავი;,  ოდიშის ერისთავი; ქართლის ერისთავი; კახეთის ერისთავი; ჰერეთის ერისთავი; სამცხის ერისთავი.

თამარის ქორწინება: სამეფო კარზე პოლიტიკური დაჯგუფებებისათვის დაპირისპირების საგნად იქცა თამარის გათხოვების საკითხიც. ყოველი  პოლიტიკური დასი თავ-თავის კანდიდატს სთავაზობდა მეფეს. იხილებოდა ბიზანტიის საიმპერატორო ოჯახს წევრისალექსი კომნიანოსის და ოვსთა უფლისწულის კანდიდატურებიც, მაგრამ საბოლოოდ სძლია აბულასანის (ქართლისა და თბილისის ამირა) წინადადებამ სასიძოდ როსტოვ-სუზდალის მთავრის, იური, ანდრია ბოგოლუბსკის ძე, მოეწვიათ. ვინ იყო თავად აბულასანი, დანამდვილებით არ ვიცით. არსებობს მოსაზრება, რომ იგი ძირძველ აზნაურთა ფენას ეკუთვნოდა, სხვა შეხედულებით, იგი  თბილისის მოქალაქეთა ძლიერი ზედაფენის _ ვაჭარ ფინანსისტების წრის წარმომადგენელი იყო.

იური (გიორგი) ანდრიას ძე ბოგოლუბსკი ერთხანს (1172 წლიდან) ნოვგოროდის მთავარი იყო. მამის გარდაცვალების შემდეგ (1175) როსტოვ-სუზდალის სამთავროს დაეუფლა ანდრიას ძმა ვსევოლოდი, რომელმაც ძმისწული, როგორც მთავრობის პრეტენდენტი, ქვეყნიდან გააძევა. იურიმ ჩრდილო კავკასიაში, ყივჩაღთა ხანს შეაფარა თავი. სწორედ ამ დროს აღმოაჩნდა აბულასანს გარკვეული კავშირები ჩრდილო კავკასიაში დევნილ იურისთან.    

თამარის გათხოვებას დიდებულები ჩქარობდნენ. ამიტომ გადაწყვეტილების მიღებიდან სულ მალე გააგზავნეს ზანქან ზორაბაბელი, რომელმაც საქმრო ჩამოიყვანა**. იური საქართველოში 1185 წლის გასულს უნდა ჩამოეყვანათ. აქ მას გიორგი დაარქვეს.

თამარის პირველი  ქორწინების შედეგად განსაკუთრებით გაძლიერდა აბულასანის გავლენა სამეფო კარზე. ამ დროს მიიღო მან ქართლის ერისთავთ-ერისთავობა, რუსთავისა დაშვიდთა მთეულთაპატრონობა.

თამარის პირველი ქორწინება უიღბლო გამოდგა. თამარის მემატიანეები ერთხმად გამოხატავენ წუხილს საქმროს შერჩევისას დაშვებული შეცდომების გამო. ისტორიკოსების მოწმობით, რუს უფლისწულს სოდომური ზნე აღმოაჩნდა, რისი დამალვა თამარმა ვერ შეძლო. სამეფო დარბაზმა მეფის მეუღლესთან განშორება მოითხოვა (ისტორიანი და აზმანი, 41). ამის შემდეგ გიორგი გულუხვად დაასაჩუქრეს და კონსტანტინოპოლში გაუშვეს. გავიდა მცირე ხანი და გიორგი რუსი თამარის მოწინააღმდეგე პოლიტიკური დაჯგუფებების სათავეში აღმოჩნდა. მათი მოწვევით გიორგი რუსი კარნუ-ქალაქში  ხვდება მომავალი აჯანყების ერთ-ერთ ორგანიზატორს, მეჭურჭლეთუხუცესის ნაცვალს (სახელი უცნობია, მემატიანე მასსჯულითა ბარბაროზს და ქცევითა ტარტაროზსუწოდებს (ისტორიანი და აზმანი, 48).

თამარის მოწინააღმდეგეებმა, უპირატესად დასავლეთ საქართველოს დიდაზანურებმა, ვარდან დადიანის მეთაურობით გიორგი რუსი გეგუთში ჩაიყვანეს და იქ მეფედ გამოაცხადეს. “ვინა ანუ ვისიღა მოსაყდრე საყდარსა დაჯდა დავითიანსა”? _ გაოცებას ვერ მალავს თამარის ისტორიკოსი (ისტორიანი და აზმანი, 50).

თამარმა თავდაპირველად საქმის მშვიდობიანად მოგვარება სცადა _ აჯანყების მოთავეებს თევდორე პატრიარქი და ანტონ ქუთათელი მიუგზავნა, მაგრამ ან მცდელობას შედეგი არ მოჰყოლია. აჯანყებულთა ნაწილი ქართლს მოედო და გორამდე ააოხრა, მეორე ნაწილი სამცხეში გამაგრებას ცდილა. ამ დროს  თამარის დროშაზე შეიკრიბნენ ქართლის, კახეთის, ჰერეთის და სამცხის დიდებულებითამარმა ამირსპასალარ გამრეკელს, მხარგრძელებს და თორელებს უბრძანა ჯავახეთში შებმოდნენ მოწინააღმდეგეს. გადამწყვეტი ბრძოლა მოხდა თმოგვსა და ერუშეთს შორის. მეფის ლაშქარმა გაიმარჯვა. ამ მარცხმა ქართლში გამაგრებულ მეამბოხეებიც დააშინა _ ამჯერად ისინი თავისით დაიფანტნენ. აჯანყების მოთავეები მეფეს პატიების სათხოვნელად მიუვიდნენ. თამარმა გიორგი რუსი კვლავ დაინდო და უვნებლად გაუშვა საქართველოდან, აჯანყების მოთავეები კი იმით დასაჯა, რომ მათ მაღალი თანამდებობები დაატოვებინა. ამასობაში გიორგი რუსი ჰერეთის მხრიდან, განძის ათაბაგის წაქეზებით, ხელმეორედ შემოიჭრა საქართველოში და კამბეჩანის მხარე დაარბია. ამჯერად გიორგი რუსის წინააღმდეგ ხორნაბუჯის მფლობელმა საღირ მახატლისძემ გაილაშქრა და გააძევა იგი ქვეყნის ფარგლებიდან.

გიორგი რუსთან განშორების შემდეგ ისევ გამოჩნდნენ სამეფო კარზე თამარზე დაქორწინების მსურველი უფლისწულები. გულმოდგინე განსჯის შემდეგ არჩევანი კარგად ნაცნობ კანდიდატზე შეჩერდა - ეს იყო თამარის მამიდის, დედოფალ რუსუდანის აღზრდილი დავით სოსლანი*, დედით ბაგრატიონთა შთამომავალი.

თამარისა და დავით სოსლანის ქორეინება მოხდა 1189 წელს. 1192 წელს მათ ეყოლათ   ლაშა-გიორგი, ორი წლის შემდეგ - რუსუდანი.

თამარის საეკლესიო პოლიტიკა. გიორგი რუსის საბოლოო განდევნის შემდეგ ქვეყნის შიგნით მშვიდობამ დაისადგურა. დიდგვაროვანთა პოზიციები სამეფო კარზე ისევ  განმტკიცდა, დიდებული საგვარეულოების  ხელში სამემკვიდრეოდ გადავიდა  უმაღლესი თანამდებობები და დიდი მამულები, რომლის ფარგლებში  ისინი ფართო იმუნიტეტური უფლებებით სარგებლობდნენ. სამეფო ხელისუფლება იძულებული იყო ანგარიში გაეწია ამ ძალებისათვის. გარდა დიდაზნაურებისა, ქვეყანაში არსებობდა საშუალო და მცირე შეძლების აზნაურთა მრავალრიცხოვანი ფენა, რომლებიც დაინტერესებული იყვნენ  მტკიცე ცენტრალური ხელისუფლების არსებობით. სამეფო ხელისუფლებასთან განსაკუთრებულად ერთგული მოკავშირეობით გამოირჩეოდნენ ქალაქები, რომელთა სტაბილური განვითარება და ეკონომიკური კეთილდღეობა მხოლოდ სახელმწიფოს მფარველობაზე იყო დამოკიდებული. ქალაქების მოსახლეობა ჭრელი იყო როგორც სოციალურად, ასევე რელიგიურ-ეთნიკურად. თამარის დროინდელ ხელისუფლებას თავისი ეკონომიკური, სამხედრო და იდეოლოგიური რესურსებით შესწევდა ძალა ამ მრავალრიცხოვანი ფენების მაკონსოლიდირებელი როლი შეესრულებინა

ჯერ კიდევ პირველ ქორწინებამდე შეეცადა თამარი ეკლესიის მხარდაჭერის მოპოვებას. თამარმა მოინდომა ეკლესიაში მოკალათებული უღირსი პირების შევიწროვებას და საქართველოსა თუ საზღვარგარეთ მოღვაწე საუკეთესო ქართველი სამღვდელოების გარს შემოკრებას. ასეთთა შორის იყვნენ ქუთათელი ანტონ საღირისძე - “განთქმულნი სათნოებითდაძლიერნი საქმითდა იერუსალიმიდან თამარის თხოვნით დაბრუნებული ნიკოლოზ გულაბერისძე. თამარის მიერ მოწვეულ საეკლესიო კრებაზე, რომელსაც მეფის სასარგებლოდ უნდა შეეცვალა ქვეყანაში არსებული ძალთა ბალანსი, თამარმა სიტყვა წარმოთქვა. ამ სიტყვაში არაჩვეულებრივი სიზუსტით და ტაქტით არის გამოხატული საერო და საეკლესიო ხელისუფლებების თანამშრომლობის ფორმულა: “ნუ თუალ-ახუამთ მთავართა სიმდიდრისათვის, ნუცა გლახაკთა უდებ-ჰყოფთ სიმცირისათვის. თქუენ სიტყვით, ხოლო მე საქმით, თქვენ სწავლით, ხოლო მე განსწავლით.. თქუენ ვითარცა მღდელნი, ხოლო მე ვითარცა მეფე, თქუენ ვითარცა მნენი, ხოლო მე ვითარცა ებგური” (ბასილი ეზოსმოძღვარი, 118). კრებაზე არ მოუწვევიათ იმდროინდელი კათალიკოსი მიქელი, რომლის გადაყენების მსურველი იყო თავად მეფე და მისი მრავალი მომხრე, მაგრამ მიქელი მაინც ვერ გადააყენეს თანამდებობიდან.

საგარეო პოლიტიკა. თამარის მეფობის დროს საქართველო ახლო აღმოსავლეთის უძლიერეს სახელმწიფოს წარმოადგენდა. იმდროინდელ საერთაშრისო პოლიტიკურ პროცესებზე უმნიშვნელოვანესი იყო საქართველოს გავლენა. ისტორიკოსი ასე ახასიათებს თამარის საგარეო პოლიტიკურ კურსს: “ურჩნი თვისნი დაამდაბლნა და მოყუარენი აღამაღლნა, არ იღუწიდა უმეზობლობასა, არცაშერთვიდა სახლსა ზედა, აგარაკსა აგარაკსა ზედა უცხოსა”, არამედ თვისი მამული, ძველი, კმა იყო, რათა არა უსამართლოდ ჰგონონ და მიმხუეჭელად.. ბჭედ ჯდა შორის თავისა თვისისა და მეზობელთა მეფეთა (ბასილი ეზოსმოძღვარი,  148). თამარის მეფობის დროს საქართველოს ჯარი არა მხოლოდ თავდაცვითი ბრძოლებით იყო დაკავებული, არამედ ხშირად ლაშქრობდა ქვეყნის გარეთმტრულად განწყობილი მოსაზღვრე ქვეყნების მიმართულებით, საიდანაც საქართველოს მუდმივი საფრთხე ელოდა. ქართულმა ჯარმა ამ მიზნით 1192-1194 წლებში ილაშქრა ბარდავში, არზრუმში, გელაქუნში, სპარსი-ბაზარში (ნახჩევანთან), გორალაუქში. ქართული ჯარის შიშით თურქული მომთაბარე ტომები ვეღარ ბედავდნენ საქართველოში შემოსვლას. დამორჩილებულ მაჰმადიანურ სამთავროებში თამარი ადგილობრივი მმართველი დინასტიების წარმომადგენლებს ნიშნავდა ყმადნაფიცობის ან მეხარკეობის პირობით და საჭიროების შემთხვევაში ეხმარებოდა კიდეც გარეშე მტრის მოგერიებაში. ასეთი პოლიტიკა თამარის საგარეო პოლიტიკის უმთავრეს ნიშნად იქცა.

საქართველოს სამხედრო-პოლიტიკურ წარმატებებს, გარდა ეკონომიკური კეთილდღეობისა და მტკიცედ ორგანიზებული ჯარისა, განაპირობებდა საქართველოს სამხრეთით მრავალი წვრილ-წვრილი და, ხშირად, ერთმანეთის მოქიშპე თურქული სამთავროების არსებობაც, რომლებსაც ცალ-ცალკე არ შეეძლოთ ქართული ჯარის წინააღმდეგ ბრძოლა. ამ სამთავროებმა თამარის მეფობაში ორჯერ მოახერხეს შეექმნათ მძლავრი სამხედრო კავშირი, რათა ერთად დაპირისპირებოდნენ საქართველოს მეფეს და სამეფოს. ამ ღონისძიებათა შედეგად საქართველოს ორჯერ დაემუქრა სერიოზული საფრთხე, რომლებიც თამარისა და მისი სარდლობის გაბედულმა  მოქმედებებმა ქვეყანას თავიდან ააცილეს.

შამქორის ბრძოლა. საქართველოს სამხრეთ აღმოსავლეთით ძლიერი სახელმწიფო წარმოიქმნა აზარბაიჯანის ელდიგიზიდების საათაბაგოს სახით. აბუბექრ ათაბაგი საქართველოს ყმადნაფიც შირვანზე აცხადებდა პრეტენზიას, ამის გამო შირვანის შაჰმა აღსართანმა დახმარება საქართველოს სთხოვასაქართველოს სამეფო კარი თავის ვალდებულებად მიიჩნევდა მფარველობა გაეწია შირვანის შაჰისათვის. მოწინააღმდეგე მხარეს ბაღდადის ხალიფა ეხმარებოდა. ხალიფას მოწოდებით აბუბექრის დროშის ქვეშ თურქთა მრავალრიცხოვანი ლაშქარი შეიკრიბა. აბუბექრის წინააღმდეგ ქართველებთან ერთად შირვანელები დაირაზმნენ. ბრძოლა მოხდა 1195 წელს ციხე-ქალაქ შამქორთან. ქართველებმა დიდი უპიორატესობით გაიმარჯვეს, ხელში ჩაიგდეს ხალიფას დროშაც. (ეს დროშა შალვა ახალციხელმა მოიპოვა და ხახულის ღმრთისმსობელს შესწირა). შამქორში გამარჯვების შემდეგ ქართულმა ჯარმა განძაც აიღო, მაგრამ აბუბექრმა ქალაქი მალე დაიბრუნა. ამიტომ საქართველოს მთავრობა აბუბექრის დასასჯელად ახალ ლაშქრობას აწყობს და ღრმად შეიჭრება სამხრეთ აღმოსავლეთით, იღებს ნახჩევნისა და ბაილაყანის მრავალ ციხე-ქალაქს.

შამქორის ბრძოლის შემდეგ საქართველომ შემოიერთა სომხური ქალაქები: ანისი (1199), ბიჯნისი (1201), დვინი (1203). ამის შედეგად საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებდა კავკასიის საკვანძო ქალაქებს, რომლებზედაც გადიოდა მნიშვნელოვანი სავაჭრო-ეკონომიკური მაგისტრალები (დვინ-არზრუმი, დარუბანდ-შემახია). ქრისტიანული მოსახლეობით დასახლებულ მიწა-წყალს (ანისი, ამბერდი, ბიჯნისი, დვინი, კარი) თამარი უშუალოდ იერთებდა და იქ მმართველებად ქართველ დიდებულებს ნიშნავდა.

ბასიანის ბრძოლა.სამხრეთ-დასავლეთის მხრიდან საქართველოს მოსაზღვრე რუმის სასულთნო დიდად გაძლიერდა რუქნ ად-დინის სულთნობის დროს (1196-1204). საქართველოს წინაარმდეგ რუქნ ად-დინი საგანგებოდ ემზადებოდა, რადგან საქართველოს შემდეგ მთელ ამიერკავკასიაზე გაბატონებას აპირებდა. სულთანი უსამართლობად მიიჩნევდა, რომ თამარითავისუფალ ხალხს ხარკს ადებდა” (ბასილი ეზოსმოზღვარი, 133). 1202 წელს რუქნ ად-დინის მიერ შეკრებილი კოალიციური ლაშქარი ბასიანის ველზე დაბანაკდა. სულთანმა თამარს ელჩის ხელით წერილი გამოუგზავნა, რომელიც სავსე იყო მუქარითა და შეურაცხყმყოფელი სიტყვებით. ელჩმა თამარს ისიც მოახსენა, რომ თუ რჯულს გამოიცვლიდა, მაშინ სულტანი მას ცოლად შეირთავდა, უკეთუ არა, მაშინ ხარჭად დაისვამდა. ამ სიტყვებზე ზაქარია მხარგრძელმა რუქნ ად-დინის ელჩს სილა გააწნა (ისტორიანი და აზმანი, 94). თამარის ბრძანებით მთელი საქართველოდან სწრაფად შეიყარა ჯარი. თამარმა სამცხემდე მიაცილა მეომრები. ქართველთა ჯარი სამად იყო გაყოფილიმათ სარდლობდნენ ამირსპასალარი ზაქარია, შალვა და ივანე ახალციხელები. სასტიკი ბრძოლა ცვალებადი უპირატესობით მიმდინარეობდა. ორივე მხრიდან დიდი იყო მსხვერპლი. ერთ ხანს ბრძოლის სასწორი მტრის მხარეზეც გადახრილა _ ქართველთა მეწინავე ჯარს დიდად გასჭირვებია, მაგრამ ქართველებს მოუხერხებიათ ძალთა გადაჯგუფება და მტერი ალყაში მოუქცევია. რუქნად-დინის ლაშქარი განადგურდა, გადარჩენილები დაიფანტნენ. გამარჯვებულმა ქართველებმა წარჩინებული ტყვეები და დიდი ნადავლი იგდეს ხელთ.

ბასიანში ქართველთა სამხედრო წარმატებას დიდი საერთაშორისო მნიშვნელობა ჰქონდა. საქართველოს გავლენა კიდევ უფრო გაიზარდა მეზობელ  ქვეყნებზე, განსაკუთრებით  აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში. აქაური მოსახლეობა ეთნიკურად უპირატესად ლაზურ-ჭანური წარმომავლობისა იყო, რაც მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავდა მათ ლოიალურობას ქართული სახელმწიფოსადმისწორედ ამ ხანებში დიდი არეულობა სუფევდა ბიზანტიის იმპერიაში.  XII საუკუნის 80-იანი წლებიდან XIII საუკუნის დამდეგამდე ბიზანტია შიდა დინასტიური ბრძოლების ასპარეზად იქცა. ანგელოსთა დინასტიის წარმომადგენლებმა ტახტი წაართვეს კომნენოსებს, რომლებიც ბაგრატიონთა სამეფო ოჯახთან მჭიდრო ნათესაობით იყვნენ დაკავშირებულნი. ამასობაში ჯვაროსანმა რაინდებმა ბიზანტიის არეულობით ისარგებლეს და 1204 წლის გაზაფხულზე კონსტანტინოპოლი აიღეს, დაანგრიეს და გაძარცვეს. დაპყრობილ ტერიტორიაზე მათ დაარსეს  ლათინთა იმპერია (1204-1261). 1204 წელს, კონსტანტინოპოლის აღებამდე, საქართველოს სამეფო კარმა ფრიად თამამი გადაწყვეტილება მიიღო _ საბაბად გამოიყენა ბიზანტიის იმპერატორ ალექსი ანგელოსის მოხელეთაგან თამარისაგან დასაჩუქრებული  ბერების გაძარცვა და სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში, ფაქტობრივად  ბიზანტიის ტერიტორიაზე, ჯარი გაგზავნა. ქართულმა ჯარმა დაიპყრო ბიზანტიური მიწა-წყალი და იქ ტრაპიზონის საკეისრო დაარსა, რომლის ტახტზე საქართველოში არზრდილი ალექსი კომნიანოსი აიყვანა. ტრაპიზონის საკეისროს საშუალებით თამარი ფაქტობრივად აკონტროლებდა ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნების სავაჭრო გზების ჩრდილოეთ განშტოებას (თავრიზი-ტრაპოზონი). ტრაპიზონის სახით საქართველოს მცირე აზიაში კარგა ხანს ჰყავდა მეგობარი სახელმწიფო.

ტრაპიზონის შემდეგ თამარის ყურადღება მიპყრობილი ჰქონდა რეგიონისათვის სტრატეგიული და სავჭრო-ეკონომიკური მნიშვნელობის ქალაქებზე სამხრეთ სომხეთში. 1204-1206 წლებში ქართველები ხლათში ლაშქრობენ, რომლის ხელში ჩაგდება ნიშნავდა  ირანიდან ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნებისაკენ მიმავალი სავაჭრო გზებზე გაბატონებას. ქართველებს ხლათის დაპყრობაში ხელი შეუშალა ივანე მხარგრძელის დატყვევებამ, რის შემდეგ ხლათის აიუბიან მმართველებთან გრძელვადიანი ზავი დაიდო. განუწყვეტელი ბრძოლებით  ქართველებმა მტკიცედ მოიკიდეს ფეხი ჩრდილოეთ სომხეთში (მანასკერტამდე) და ცახკანცის მთებამდე. ანისის, ტაშირ-ძორაკერტის და სიუნიკის სამეფოები საქართველოს შემადგენლობაში შევიდა. თითქმის საუკუნოვანი ბრძოლა მოუწია ქართველებს ანისის გამო. საბოლოოდ, როდესაც თამარმა ანისი შემოიერთა, იგი სამართავად ზაქარია მხარგრძელს გადასცა. მაჰმადიანი მეზობლები, რასაკვირველიია, შეშფოთებით ადევნებდნენ თვალს  ქართული სამეფოს წარმატებიულ სვლას სამხრეთისაკენ და ყოველ ხელსაყრელ შემთხვევას იყენებდნენ მათ შესაჩერებლადასე, მაგალითად, როდესაც აღდგომა თენდებოდა, არდებილის სულთანი მოულოდნელად დაესხა თავს ქალაქს და საშინელი დარტყმა მიაყენა. საქართველოს სამეფო კარმა ამ თვადასხმის საპასუხოდ ერანის სიღრმეში დიდი ლაშქრობა მოაწყოამ დროს დალაშქრეს მარანდი, თავრიზი, მინა, ზენჯანი, ყაზვინი და ხორასანამდე ჩავიდნენ. ქართველი მხედრობის ძლევამოსილება მთელ მახლობელ აღმოსავლეთში გახდა ცნობილიამ ლაშქრობით ქართულმა სახელმწიფომ სერიოზული პრეტენზია წამოაყენა ლევანტის საერთაშორისო მაგისტრალის სამხრეთის მარშრუტის (ბაღდდი, ალეპო) კონტროლზე.

თამარის პიროვნება და მისი ისტორიული როლი. ისტორიკოსები თამარს იდეალური მეფის ნიშან-თვისებებით ამკობენ. მის წარმატებებს ხსნიან მეფის გამორჩეული ქრისტიანული სათნოებით _ ქველმოქმედებით, ქვრივ-ობლებისა და გლახაკების შეწევნით, ეკლესიათა შენებითგულმოწყალებით და ლმობიერებით. აღნიშნავენ, რომ თამარმა აღკვეთა დამნაშავეთათვის დაწესებული მკაცრი სასჯელები _ სიკვდილით დასჯა და სხეულის დასახიჩრება

თამარის დროს საქართველომ თავისი პოლიტიკური სიძლიერით, ეკონომიკური წარმატებით და კულტურული დაწინაურებით ახლო აღმოსავლეთში ბიზანტიის როლი იკისრა. ამიერიდან საქართველო დასავლეთის კულტურის დამცველის როლში გამოდიოდა. თამარის მეფობის დასასრულს სხვადასხვა პოლიტიკური ფორმით (ყმადნაფიცობი, მეხარკეობით, ქართულ სამეფოსთან უშუალო შეერთებით) საქართველოზე იყო დამოკიდებული აღმოსავლეთი ამიერკავკასია, ირანის აზერბაიჯანი, მთელი სომხეთი, შავი ზღვის სამხრეთ-არმოსავლეთი სანაპირო.

თამარის დროს მიმდინარეობდა დიდი მშენებლობები: ამ დროს აშენდა დავითგარეჯა, ვარძია, იკორთა, ბეთანია, ქვათახევი, წუღრუღაშენი, ერთაწმინდა, ტიმოთესუბანი, ყინწვისი, ლამაზი საყდარი, კაზრეთი, გუდარეხი, ლურჯი მონასტერი; წყალსადენები (შიომღვიმე-სხალტბა), აიგო ხიდები (ბესლეთი, დონდალო).

თამარის ფრესკული გამოსახულებები შემონახულია ვარძიაში, ბეთანიაში, ყინცვისსა და ბერთუბანში (გარეჯა).

 

შენიშვნები: * წყაროები მიანიშნებენ, რომ ამ კანდიდატურის მოსურნე ყველა ერთნაირად არ ყოფილა _ არც საეროთაგან და არც სამღვდელოთაგან. თითქოს თამარიც დაეჭვებული ყოფილა ამ არჩევანის მართებულობაში (ბასილი ეზოსმოძღვარი, 120). თამარის ისტორიკოსების უარყოფითი განწყობები იური ბოგოლუბსკის მიმართ, შესაძლოაუკვე დამდგარი შედეგებით იყოს ნაკარნახევი. თამარის მეორე ისტორიკოსი დანანებით აღნიშნავს, რომ თამარისათვის საქმროს შერჩევისას შეცდომა დაუშვეს, “ვერა კეთილად განაგნეს”, მას არც თბილისელი დიდვაჭარი ზანქან ზორაბაბელი მოსწონს, რომელიც მოციქულად იყო წარგზავნილიარცა კაცი იგი ღირსი საქმისა წარავლინეს”.

**სოსლანი ოსური სახელია, დავითი მას საქართველოში შეარქვეს. წყაროში დავით სოსლანი ეფრემიანად არის მოხსენიებული. ეფრემიანობა ოვსი უფლისწულებისა იმგვარივე მინიშნებაა ოვსი მეფეების ბიბლიურ წარმომავლობაზე, როგორიცდავითიანობაქართველ ბაგრატიონთა მიმართ

 

წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა:

1.         ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი / ბასილი ეზოსმოძღვარი, ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი/ ქართლის ცხოვრება, II, თბილისი, 1959;

2.         იოანე შავთელი, აბდულმესიანი; ჩახრუხაძე, თამარიანი /ქართველი მეხოტბენი, . ლოლაშვილის გამოცემა, .II, თბილისი, 1964;

3.         სტეფანოზ ორბელიანისცხოვრება ორბელიანთას”, ძველი ქართული თარგმანები, გამოსაცემად მოამზადა, შესავალი და საძიებლები დაურთო . ცაგარეიშვილმა, თბილისი, 1978;

4.         მიქაელ პანარეტოსი, ტრაპიზონის ქრონიკა, ბერძნული ტექსტი ქართული თარგმანით, შესავალი წერილით, შენიშვნებითა და საძიებლით გამოსცა ალ. გამყრელიძემ/ მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, ნაკვ. 33, თბილისი, 1960.

5.         Киракос Гандзакеци, История Армении, пер.с древнефрмянского и комментарий И.А. Ханларян, Москва, наука,1976ж,

6.         ვარდან არეველცი, მსოფლიო ისტორია, ძველი სომხურიდან თარგმნეს ნოდარ შოშიაშვილმა და ეკა კვაჭანტირაძემ, არტანუჯი, 2002

7.         . ავალიშვილი, ტრაპიზონის საქმე/ჯვაროსანთA დროოიდან, თბილისი, 1989;

8.         . სილაგაძე, XII_XIII სს. საქართველოს ისტორიის ზოგიერთი საკითხი იბნ-ალ ასირის ცნობათა შუქზე, საქართველო რუსთაველის ხანაში; თბილისი, 1966;

9.         . კაკაბაძე, თამარ მეფე და მისი მნიშვბნელობა საქართველოს ისტორიაში, თბილისი, 1912;

10.       ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, II, მისსივე, ქართული სამართლის ისტორია, II, ნაკ.I;

11.       . მესხია, საქალაქო კომუნა შუა საუკუნეების თბილისში/ საისტორიო ძიებანი, II, თბილისი, 1963;

12.       . მესხია, შოთა რუსთაველის ეპოქა (საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკური ვითარება XII საუკუნეში) /თსუ კრებული, 1966.

13.       . მესხია, შენიშვნები ძველი რუსეთისა და საქართველოს ისტორიიდან, მნათობი, 1970, №1;

14.       . მესხია, საშინაო პოლიტიკური ვითარება  და სამოხელეო წყობა XII საუკუნის საქართველოში, თბილისი, 1979;

15.       . კეკელიძე, ისტორანი და აზმანი შარავანდედთანი, თბილისი, 1941;

16.       . ჯანაშია, საქართველოს ისტორია უძველესი დროიდან მე-13 საუკუნემდე/ შრომები, II, თბილისი, 1952;

17.       . ბერძენიშვილი, კლასობრივი და შინაკლასობრივი ბრძოლის გამოლინება საგარეო-პოლიტიკურ ურთიერთობებში / საქართველოს ისტორიის საკითხები, II,

18.       . ინგოროყვა, რუსთველიანის ეპილოგი, თხზულებათა კრებული, . .I;თბილისი, 1963;

19.       . ლოლაშვილი, რუსთაველი და თამარის ისტორიკოსთა ვინაობის პრობლემა, თბილისი, 1961;

20.       . გვინჩიძე, თამარ მეფის პირველი დაქორწინების საკითხისათვის/ საქ.სსრ მეცნ. აკად. მოამბე, . 102, 1981, №1; 

21.       . ცინცაძე, ძიებანი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან (X-XV);

22.       .ცინცაძე,. ძიებანი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან (X_XVI სს.), თბილისი, 1956;

23.       . მელიქიშვილი, ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანება და საქართველოში ფეოდალურ ურთიერთობათა განვითარერბის ზოგიერთი საკითხი, თბილისი, 1973;

24.       . ლორთქიფანიძე, საქართველოს საგარეო და შინაპოლიტიკური ვითარება XII . მეორე მეოთხედიდან 80-იანი წლების დასაწყისამდე/ საქართველოს ისტორიის ნარკვევები, III, თბილისი, 1979;

25.       . ლორთქიფანიძე, რუსთაველის ეპოქა, თბილისი, 1966;

26.       რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან (X-XVI), ./მნათობი, 1970, №1;  . ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები V,თბილისი, მეცნიერება, 1971;

27.       . შენგელია, საქართველო XII-XIII საუკუნეთა მიჯნაზე/ საქართველოს ისტორიის ნარკვევები, III, თბილისი, 1979.

28.       . კეკელიძე, ერთი მომენტი ქათული პოლიტიკური აზროვნებისა კლასიკური ხანის ლიტერატუტაში, ეტიუდები, I, 1956.

29.       . სილაგაძე, XII-XIII საუკუნეების ზოგიერთი საკითხი იბნ ალ-ასირის ცნობატა შუქზე/საქართველო რუსთაველის ხანაში, თბილისი, 1966;

30.       . ლოლაშვილი, დავით სოსლანის აკლდამის საიდუმლოება, თბილისი, “მეცნიერება”, 1971;

31.       . ბერძნიშვილი, საქართველოს სახელმწიფო საზღვრები XIII . დამდეგს/საქართველო რუსთაველის ხანაში, თბილისი, 1966;

32.       . მეტრეველი, მეფე თამარი, თბილისი, 1991;

33.       . სიხარულიძე, თამარ მეფე ხალხურ სემოქმედებაში, თბილისი, 1943;

34.       . გაბაშვილი, საქართველოს სავაჭრო ურთიერთობანი XII საუკუნეში/თსუ შრომები 121, 1967.

35.       . გაბაშვილი, შუა საუკუნეების ქართული მემორიალური და საზეიმო

36.       მონეტები (XII .) ახლო აღმოსავლეთი და საქართველო,თბილისი, 2008, გვ.31-49.

 

 

 

მოამზადა მზია სურგულაძემ