დავით სოსლანი (გარდ. 1207 წ.)
თამარ მეფის მეუღლე, პოლიტიკური მოღვაწე, მხედართმთავარი
დავით სოსლანი იყო თამარ მეფის მეორე ქმარი. მასზე თამარმა 1187 წელს იქორწინა დიდუბის სასახლეში. სამეცნიერო ლიტერატურაში გავრცელებული აზრის თანახმად, დავით სოსლანი იყო ოსეთში დამკვიდრებული ბაგრატიონთა შტოს ერთ-ერთი წარმომადგენელი. ”ლაშა გიორგის დროინდელი მემატიანეც” მას ბაგრატიონად მიიჩნევს, ზეპირი გადმოცემით კი დავით სოსლანი ცარაზონთა ოსურ საგვარეულოს ეკუთვნოდა. ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, დემეტრე უფლისწულს, გიორგი I-ისა და ალანთა ტომის ასულის - ალდე დედოფლის ვაჟს, დარჩა ვაჟი დავითი, რომელიც მამის გარდაცვალების შემდეგ თავის ბებიასთან, ალდესთან ერთად გაიქცა ოსეთში, სადაც იქორწინა ოსთა მეფის ასულზე და ოსთა მეფედ იწოდა. მის შთამომავლად ითვლება დავით სოსლანი. ჩახრუხაძის “თამარიანში” დავით სოსლანი ეფრემისძედ იხსენიება. ფიქრობენ, რომ ეფრემისძეობა ოვსთა უფლისწულებისა ოვს მეფეთა დინასტიის წარმომავლობის იმგვარივე მითოლოგიზაციაზე მიანიშნებს, როგორიც ჩანს ქართველ ბაგრატიონთა დავითიანობში. ამავე დროს დავით სოსლანი იყო თამარის მამიდის, რუსუდანის ”გაზრდილი” და ”თვისი”. სოსლანი ოსური სახელია, დავითი მას საქართველოში შეარქვეს. წყაროში დავით სოსლანი ეფრემიანად არის მოხსენიებული.
მემატიანე მას ახასიათებს, როგორც რაინდული და ზნეობრივი თვისებებით შემკულ, ამავე დროს სასიამოვნო გარეგნობის ვაჟკაცს.
დავით სოსლანი ქართველთა ლაშქარს სარდლობდა თითქმის ყველა დიდ ბრძოლაში. საბრძოლო ცოდნა და გამოცდილება,შემუშავებული გეგმის შესაბამისი მოქმედება, წინდახედულება და შეუპოვრობა _ ამ თვისებათა წყალობით ქართველთა ლაშქარი დავით სოსლანის მეთაურობით პრაქტიკულად ყოველთვის იმარჯვებდა. თამარის მემკვიდრის - ლაშა გიორგის დაბადების აღსანიშნავად ქართველთა ლაშქარმა დავით სოსლანის სარდლობით 1192-1193 წლებში ილაშქრა ბარდავს, შემდეგ ზედიზედ მოეწყო ლაშქრობა არზრუმს, გელაქუნს, ხაჩენის გავლით ბაილაყანამდის ჩავიდნენ, დაარბიეს არეზისპირის თურქ-სელჩუკები, მიადგნენ განძას. დავიტ სოსლანის მეთაურობით განსაკუთრებული სიმამაცე გამოიჩინა ქართულმა მხედრობამ შამქორის (1195) და ბასიანი(1202) ბრძოლებში. შამქორის ომის დამთავრებისთანავე განძა ქართველთა მხედრობამ მოხარკეობის საფუძველზე ამირ-მირანს გადასცა. ამიერიდან განძის გამგებელი ამირ-მირანი საქართველოს მოხარკედ იქცა. შამქორთან გამარჯვებამ აშკარა გახადა ქართველთა სამხედრო ძლიერების უპირატესობა მთელ მახლობელ აღმოსავლეთში.
ქართველთა გამარჯვება აბუ-ბექრ ათაბაგს არ ასვენებდა. იგი ცდილობდა თავისი უფლებების აღდგენას განძაში. ამის გამო თავისი მეტოქე ძმა ამირ-მირანიც მოაკვლევინა და ქალაქს დაეპატრონა. განძის დაკარგვა საქართველოს სამეფო კარის დიდი მარცხი იყო. ამიტომ აბუბექრის დასასჯელად დავით სოსლანი საგანგებოდ მოემზადა _ საქართველოს მთავრობა ღრმად იჭრება სამხრეთ აღმოსავლეთით, ამარცხებს განძის ლაშქარს, იღებს ნახჩევნისა და ბაილაყანის მრავალ ციხე-ქალაქს.
როგორც ცნობილია, ჩახრუხაძის ”თამარიანში” შექებულია თამარ მეფე, დავით სოსლანი და მათი შვილი ლაშა გიორგი. ჩახრუხაძე მაღალფარდოვნად აქებს თამარის ქმარს დავით სოსლანს. ”მხნესა და ბრძენს”, ”ძმათა შვებისა მოუკლებარეს”, ”ეფრემის ძირთაგან აღმორჩებულსა” და ”ეფრემის ძირთა ისართა მთლელს” უწოდებს.
იოანე შავთელის ”აბდულმესიანში”, რომელიც დაწერილია დაახლოებით 1206-1207 წლებში, ასახულია თამარის მეფობის პერიოდი, დავით სოსლანის მხედართმთავრობით წარმოებული ბრძოლა რუქნადინთან, ”კიდე-ლიმონას” (შავი ზღვის სანაპირო, ტრაპიზონი) დაბყრობის ამბავი და ამ ისტორიული გამარჯვებებით შექმნილი საზეიმო განწყობილება. იოანე შავთელის ”აბდულმესიანში” შექებულია როგორც თამარი, ასევე დავით სოსლანი. დავით სოსლანი გარდაიცვალა დაახლოვებით 1203 ან 1204 წ.
წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა:
1. ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი. ქართლის ცხოვრება. II ტ. ს. ყაუხჩიშვილის გამოც. თბ. 1959.
2. ბასილი ეზოსმოძღვარი, ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი. ქართლის ცხოვრება. II ტ. ს. ყაუხჩიშვილის გამოც. თბ. 1959.
3. გიორგი კედრენე. “გეორგიკა” ტ. V. ს. ყაუხჩიშვილის გამოც. თბ. 1963.
4. სტეფანოს ორბელიანი. სისაკანის სახლის ისტორია. თბ. 1910 ( სომხურ ენაზე ).
5. სტეფანოს ორბელიანის ”ცხოვრება ორბელიანთა” -ს ძველი ქართული თარგმანები. ქართულ-სომხური ტექსტებიგამოსაცემად მოამზადა, შესავალი და საძიებლები დაურთო ე. ცაგარეიშვილმა. თბ. 1958
6. ვახუშტი ბატონიშვილი. აღწერა სამეფოსა საქართველოს. ტ. IV. ს ყაუხჩიშვილის გამოც. თბ. 1973.
7. ვარდან აღმოსავლელი. მსოფლიო ისტორია. ნ. შოშიაშვილისა და ეკ. კვაჭანტირაძის გამოცემა. თბ. 2002.
8. კირაკოს განძაკეცი. სომხეთის ისტორია. ერევანი. 1961 ( სომხურ ენაზე )
9. ივ. ჯავახიშვილი. ქართველი ერის ისტორია. ტ. III. თბ. 1983.
10. საქართველოს ისტორიის ნარკვევები. ტ. III. თბ. 1979.
11. ივ. ჯავახიშვილი. ქართული სამართლის ისტორია. ტ. II. თბ. 1929.
12. ივ. ლოლაშვილი. დავით სოსლანის აკლდამის საიდუმლოება. თბ. 1971.
13. ა. ბარამიძე. თამარიანი. ქართული ლიტერატურის ისტორია. ტ. II. (XII-XVIII სს.).თბ.
მოამზადა ელენე ცაგარეიშვილმა