მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

 

ზაქარია მხარგრძელი, XII-XIII საუკუნეთა მიჯნა

სარგის მხარგრძელის ძე, თამარის კარის წარჩინებული მოხელე, ამირსპასალარი, ძმა ივანე მხარგრძელისა

 

 

 

მხარგრძელთა საგვარეულომ რამდენიმე ნიჭიერი სახელმწიფო მოღვაწე მისცა ქვეყანას, რომელთა შორის გამოირჩეოდნენ ზაქარია და ივენე მხარგძელები. მათი წინაპრები ყოფილან ქურთები, რომლებსაც სომხური მონოფიზიტობა მიუღიათ. როგორც ვარაუდობენ, დაახლოებით, XI საუკუნის შუა ხანებში დაუტოვებიათ თავიანთი პირველსაცხოვრისი _ “ბაბილონის ქვეყანადა დასახლებულან ქვემო ქართლში, იმჟამად ტაშირ-ძორაგეტის სომხურ სამეფოში. მემატიანეები ერთხმად აღნიშნავენ მხარგრძელეთა განსაკუთრებულ სიმამაცეს, რის გამოცდღითი-დღე აღწევდნენ სიმაღლესა და პატივს” (ვარდანი).  მხარგრძელები თავდაპირველად ყოფილან ორბელთა ვასალები. ამით აიხსნება სარგის მხარგრძელის მონაწილეობა დემნა უფლისწულის აჯანყებაში, რომელსაც ივანე ორბელი მეთაურობდა. ლორეს ციხეში გამაგრებულ აჯანყებულებს თანდათან შემოეცალნენ მომხრეები და გიორგი მეფეს (გიორგი III) მიუვიდნენ.”... წამოუვიდა დემეტრეს სარგის მხარგრძელი, შვილითა და ძმისწულითა მისითა, ძმა და საყუარელი ორბელთაგიორგი მეფემ კარგად მიიღო ისინი დამისცა მისანდობლობა გუარისშვილობისა მისისა” (ისტორიანი და აზმანი). 

ყუთლუ-არსლანის დასის გამოსვლის შემდეგ თამარი იწყებს ხელისუფლების განმტკიცებას. ამ დროს იწყება მხარგძელთა აღზევება. დაახლოებით 1190/91 წელს გარდაიცვალა ამირსპასალარი გამრეკელ თორელი. ამ თანამდებობას და მასთან ერთად ლორეს თამარი უწყალობებს სარგის მხარგრძელს. სამეფო კარზე დიდად მირებულნი გახდნენ სარგისის ძეები, ზაქარია და ივანე, “მეფეთათვის ერთგულნი და დიდად გამოცდილნი ლაშქრობათა შინა, კაცნი სახელოვანნი, არამედ სჯულითა სომეხნი იყვნეს”. უფროს ძეს ზაქარიას თამარი დარბაზის ყმად ითაყვანებს. მხარგრძელებმა ერთხელ კიდევ დაამტკიცეს ტახტის ერთგულება გიორგი რუსის ამბოხების  დროს. ოთხი მხარგრძელი ერთად იბრძოდა  აჯანყებულთა წინააღმდეგ. გიორგი რუსის განდევნის შემდეგ თამარმა ივანე მხარგრძელს მსახურთუხუცესობა და ციხეები _ კაენი და კაეწონი გელაქუნით მიუბოძა, ხოლო  ზაქარიას _ ამირსპასალარობა და ქალაქი რუსთავი. ამიერიდან მხარგრძელები არიან  თამარის ყველა _ დიდი თუ მცირე ლაშქრობების ავანგარდში. ზაქარიამ და ივანემ გარდატეხა შეიტანეს შამქორის ბრძოლაში _ ისინი ქართველთა მეწინავე ჯარს იმ დროს მიეშველნენ, როდესაც მოწინააღმდეგემ წინამძღოლებს ცხენები დაუხოცა და საბრძოლო წყობა არივ-დარივა.

      როდესაც საქართველოს სამეფო კარზე რუმის სულთნის დესპანი გამოცხადდა და თამარის შეურაცხმყოფელი წერილი წაიკითხა, ზაქარია მხარგძელმა სილა გააწნა და უთხრა: “თუ მოციქული არ იყავ, პირველად ენისა აღმოკუეთა იყო შენი სამართალი და მერმეღა თავისა კადნიერად კადრებისათვის. აწ არა არს სიტყუა! ესე წიგნი მიართვი ნუქრადინს და არქვი: ჩუენ მზა ვართ წყობად და წინამოგებებად, სამართალი ღმრთისა იყავნ!” რუქნ ად-დინის წინააღმდეგ ბასიანთან გამართულ ბრძოლაში, რომელშიც ქართველებმა სახელოვანი გამარჯვება მოიპოვეს, ზაქარია მხარგრძელი შალვა და ივანე ახალციხელებთან ერთად წინამბრძოლთა რიგებში იდგნენ.

      1208/1209 წელს ხლათზე ლაშქრობის დროს ივანე მხარგრძელი დაატყვვეს. როდესაც ეს ამბავი ზაქარია მხარგრძელმა შეიტყო, ხლათელებს შეუთვალა, თუ გაბედავთ და ჩემს ძმას რამეს დაუშავებთ, ყველას გაგწყვეტთო. ხლათელებს შეშინებიათ და საზავო მოლაპარაკება გაუმართავთ.

ქართველებისა და მაჰმადიან მეზობლებს შორის შეურიგებელი დავის საგანი იყო ანისი. მთელი XII სუკუნის მანძილზე ქართველები ანისს ხან უშუალოდ იერთებდნენ, ხან კარგავდნენ, ხან ყმადნაფიცობის პირობით იმორჩილებდნენ. აქ ქართველთა მუდმივი დასაყრდენი ქალაქის სომხური მოსახლეობა იყო, რომელიც ყოველ ხელსაყრელ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლებას იწვევდა დასახმარებლად (ჯერ კიდევ 1162 წლს გიორგი III- სარგის მხარგრძელს უბოძა ანისის ამირობა, მაგრამ როგორც ჩანს, დიდხანს ვერ შეინარჩუნა. მომდევნო ხანებში ანისს კვლავ შედადიდთა დინასტია ეუფლება). 1191 წელს თამარმა ანისი საბოლოოდ შემოიერთა და იგი, მთლიანად შირაკის სომხურ პროვინციასთან ერთად სამართვად ზაქარია მხარგრძელს გადასცა. ამ გზით მიიღო ზაქარიამ შაჰინშაჰის ტიტული.

ანისის დაკარგვას მაჰმადიანი გამგებლები ადვილად ვერ ურიგდებოდნენ.

      ხლათის ზავიდან მოკლე ხანში, დიდმარხვის დროს, დიდი შაბათის მწუხრისას, როდესაც მხარგრძელები ანისში არ იმყოფებოდნენ, არდებილის სულთანი თავს დაესხა ქალაქს და 1200 კაცი გაჟლიტა. სამეფო კარმა გეგუთში შეიტყო ეს ამბავი. ამ დროს დავით სოსლანი გარდაცვლილი იყო. ზაქარია ამირსპასალარი და ივანე მხარგრძელები ანისში ჩავიდნენ და საბრძოლო სამზადისს შეუდგნენ. ლაშქარი ჩუმად იკრიბებოდა, რათა მტერს მისი მოძრაობა შეემჩნია. რამაზანის თვეში ქართულმა ჯარმა არდაველს შეუტია. ქალქი არ მოელოდა თავდასხმას და თითქმის  უომრად ჩაბარდა ქართველთა ჯარს. სულთანი და მისი ოჯახი დაატყვევეს. ხელთ იგდეს დიდი ნადავლი. მიზგითში შეკრებილი 12 ათასი მცხოვრები გაწყვიტეს, იმდენივე, რამდენიც ანისში. ასე იძიეს შური ანისისათვის.

არდებილის შემდეგ მხარგრძელთა ჩაგონებით თამარი იღებს უკიდურესად გაბედულ გადაწყვეტილებას _ სპარსეთის სიღრმეში გაგზავნოს ქართველთა მხედრობა, “ რათა ცნან ყოველთა სპათა აღმოსავლეთისათა ძალი და სიმხნე ჩუენი”. თამარის ეს ლაშქრობა მიზნად ისახავდა ლევანტის საერთაშორისო მაგისტრალის სამხრეთის მარშრუტზე (ბაღდდი, ალეპო) ცონტროლს. ამ მაგისტრალის ჩრდილოეთი მარშრუტის (თავრიზ-ტრაპოზონი) საკითხი  თამარმა  ტრაპიზონის იმპერიის დაარსების დროს გადაჭრა.

ზაქარია მხარგრძელის სარდლობით ქართველებმა ბრძოლით გაიარეს  ჩრდილოეთ ირანის ქალაქები, ერაყამდე ჩავიდნენ და დიდძალი ალაფითა და ტყვეებით დატვირთულნი, სამშობლოში დაბრუნდნენ. ამ ლაშქრობამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა  მთელ მახლობელ აღმოსავლეთში. ეს იყო ქართველთა პირველი შორეული ლაშქრობა, რომელსაც სიამაყით იხსენებდნენ შემდგომი დროის მემატიანეებიც. ქართველებმადალეწნეს სპარსეთისა ქალაქნი და მარანდი ამოსწყუიდეს, და ერანის ქვეყანა. ესდენად სიშორესა შინა მივიდენ, რომელ არცა თუ სახელი ქართველობისა ისმოდა” (ლაშას დროინდელი მემატიანე).

სპარსეთის ლაშქრობის შემდეგ ზაქარია მხარგრძელს რაღაც უკურნებელი სენი შეეყარა და მალე გარდაიცვალა. იგიიგლოვა მეფემან და ყოველმან კაცმან საქართველოს მყოფმან”. ზაქარიას გარდაცვალების შემდეგ თამარმა ივანეს უბოძა ამირსპასალარობა.

საქართველოს სამეფო კარზე მმხარგრძელთა აღზევებისათვის  ხელი არ შეუშლია მათ სომხურ აღმსარებლობას. ასეთი იყო იმ დროის ქართული სახელმწიფოს პოლიტიკა, მაგრამ, როგორც ჩანს, მაღალი სამღვდელოება მაინც ათვალწუნებით უყურებდა ძმებს. ერთ-ერთი ჟამისწირვის დროს, რომელსაც მთელი სამეფო კარი ესწრებოდა, ზაქარია მხარგრძელს სხვა დამსწრეთა მსგავსად სეფისკვერის აღება უცდია შესაჭმელად. კათალიკოსმა იოანემ იგი ამხილაცრუ სარწმუნოებისათვისდა აუკრძალა სეფისკვერის  შეხება. ამ შემთხვევის შემდეგ, ზაქარიას ინიციატივით, სამეფო კარზე გამართულა ქართველ-სომეხ  სამღვდელოთა კრება, რომელზედაც სარწმუნოებრივი პაექრობა გაიმართა. პაექრობა დასრულდა ქართველთა გამარჯვებით. ამის შემდეგ ივანე მხარგრძელი ქართველთა სარწმუნოებაზე მოინათლა და დიოფიზიტობა სავალდებულო გახადა ახპატის, ახტალის და სანაინის მონასტრებში. “ივანემ, შეცდენილმა თამარ დედოფლის მიერ, სარწმუნოება შეიცვალა, ამას მოჰყვა ივანეს შემდგომი წარუმატებლობაო” _ ასე აცხადებს სომეხი ისტორიკოსი ვარდანი (მას მხედველობაში აქვს ივანეს დატყვევება ხლათის ალყის დროს). ახტალის მონასტერი ივანეს ინიციატივით მოუხატავთ ქართველ წმინდანთა გამოსახულებებით.

      ზაქარია სომხურ რჯულზე დარჩა სიცოცხლის ბოლომდე, თუმცა ამას არ შეუშლია მისთვის ხელი დაეცვა  საქართველოს მეფის და ქართული სახელმწიფოს ღირსება

გიორგი III-ისა და თამარის დროს მხარგრძელები უდიდესი მემამულეები გახდნენ. მათ ხელში გადავიდა  საქართველოდან განდევნილ ორბელთა სამკვიდრო და სამოხელეო მამულები, გარდა ამისა, მათ ეპყრათ ქვემო ქართლი, სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოს და შემოერთებული სომხეთის ვრცელი მიწა-წყალი. დროთა განმავლობაში მხარგრძელთა სახლი რამდენიმე  შტოდ გაიყო. ზაქარიას სახლს ეკუთვნოდა: ქართლში ლორე-ტაშირი, რუსთავი, სომხეთში შირაკი, აირარატი, სივნიეთი, არცახი, უტიქი, გელაქუნი; ივანეს სახლს _ ქვემო ქართლის ნაწილი, სომხეთში ვასპურაკანის (დვინის მხარე); გაგელ-მხარგრძელებს ეპყრათ გაგი ქურდვაჭრით (განძამდე) და შამქორი მისი მიმდებარე მიწებით, თმოგველ მხარგრძელებს _ ჯავახეთში თმოგვის მხარე.

მხარგრძელების განკარგულებაში იყო მრავალი ქალაქი, სოფელი, ციხე-სიმაგრე, მონასტრები. ზაქარიას სახლში სამემკვიდრეოდ დარჩა მანდატურთუხუცესობა, ივანეს სახლში კი ამირსპასალარობა და ათაბგობა.

ზაქარია და ივანე, მხარგრძელთა საგვარეულოს ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლები, საუკეთესოდ განასახიერებდნენ შუა საუკუნეების სამხედრო მოღვაწის ტიპს. “კაცი გულუხვი, ომისმოყვარე და მლოცველი”_ ასე ახასიათებს სომეხი მემატიანე  ერთ-ერთ მხარგრძელს. ამ  დახასიათებაში ჩატეულია ეპოქის სულისკვეთება, გემოვნება და ღირებულებითი საზომები, რომელთა რეალიზაცია ადამიანისაგან უკიდურესი დაჭიმულობის ზღვარზე ცხოვრებას მოითხოვდაშუა საუკუნეების ქართული სახელმწიფოს ძლიერება ასეთი ტიპის ადამიანების მხრებზე იდგა. ქვეყნისათვის თავდადებისბრძოლებში გამოჩენილი სიმამაცის და სამხედრო გამჭრიახობის  წყალობით მხარგრძელებმა დიდი წვლილი შეიტანეს თამარის დროინდელი ქართული სახელმწიფოს ძლევამოსილებაში.

 

               წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა:

1.     ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი, ბასილი ეზოსმოძღვარი, ლაშა-გიორგის დროინდელი მემატიანე, ჟამთააღმწერელი/ ქართლის ცხოვრება, II. 1959. 

2.     გრიგოლ აკანელი, მოისართA ტომის ისტორია, . შოშიაშვილის გამოცემა, თბილისი, 1961;

3.     ვარდან არეველცი, მსოფლიო ისტორია, ძველი სომხურიდან თარგმნეს ნოდარ შოშიაშვილმა და ეკა კვაჭანტირაძემ, არტანუჯი, 2002.

4.     კირაკოს განძაკეცი, ისტორია, .1976. (რუსულ ენაზე).

5.     მიხეილ თამარაშვილი, ქართული ეკლესიის ისტორია, “კანდელი”, 1995;

6.     ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, . II, თბილისი, 1983.

7.     ლევან მუსხელიშვილი, ვაჰანის ქვაბთა განგება, ტფილისი, 1939.

8.     . მესხია, საშინაო პოლიტიკური ვითარება და სამოხელეო წყობა XII საუკუნის საქართველოში, თბილისი, 1979.

9.     .შოშიაშვილი, მხარგრძელები, ქსე, .7.თბილისი, 1984.

10.    . ლორთქიფანიძე, საქართველოს საგარეო და შინაპოლიტიკური ვითარება XII . მეორე მეოთხედიდან 80-იანი წლების დასაწყისამდე/ საქართველოს ისტორიის ნარკვევები, .3, თბილისი, 1979;

11.    . შენგელია, საქართველო XII-XIII საუკუნეთა მიჯნაზე/ საქართველოს ისტორიის ნარკვევები, .3, თბილისი, 1979.

12.    . გაბაშვილი, შუა საუკუნეების ქართული მემორიალური და საზეიმო

13.    მონეტები (XII .) ახლო აღმოსავლეთი და საქართველო,თბილისი, 2008, გვ.31-49.