ჩახრუხაძე
ქართული საერო მწერლობის ერთ-ერთი პირველი წარმომადგენელი, პოეტი, “თამარიანის” ავტორი
ქართული საერო მწერლობა ძველი ქართული მწერლობის II პერიოდში (კ. კეკელიძის პერიოდიზაციით Xს-ის 80-იანი წლებიდან XIII ს-ის I ნახევარი) წარმოიშვა. ამ პერიოდში მთავრდება საქართველოს გაერთიანება. ქვეყანა ძლიერ ფეოდალურ მონარქიად ყალიბდება. იქმნება სამეფო დინასტიის ღვთივრჩეულობის პოლიტიკური იდეოლოგიაზე დამყარებული პატრონყმობის იერარქიული სისტემა, რომლის ცხოვრებაში გატარებას ეკლესია უზრუნველყოფდა. ამ ეპოქის მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სოციალური ძვრები, ეკონომიკური აღმავლობა, აისახა კულტურაზე _ საზოგადოებრივ შეხედულებებზე, მხატვრულ აზროვნებასა და ლიტერატურულ პროცესებზე.
სამეცნიერო ლიტერატურაში (კ. კეკელიძე) საერო ლიტერატურის შექმნის შემდეგი მიზეზებია დასახელებული: ერთიანი სახელმწიფოს ჩამოყალიბება, საერო ხელისუფლების გაძლიერება, ბრწყინვალე სამეფო კარისა და “საკარო”/სახოტბო პოეზიის ნიმუშების შექმნა, სადევგმირო და სამიჯნურო-რომანტიკული მოტივების დამუშავება, რაც ასაზრდოებს საერო ლიტერატურას.
ქართულმა სახოტბო პოეზიამ ასახა საერო ტენდენციებისა და თეოლოგიის შერწყმა, მთელი კულტურული არეალის ლიტერატურული გავლენები.
მეხოტბეთა თხზულებები გვიანდელი ხელნაწერებითაა შემონახული, რაც ართულებს მათი პირვანდელი სახის დადგენას. ისინი, იშვიათი გამონაკლისის გარდა, როგორც XVIII, ისე უფრო გვიანდელი, XIXს-ის ხელნაწერებში მოთავსებულია ანთოლოგიის ტიპის კრებულებში, რომლებიც შედგენილია მხოლოდ XVII-XIX საუკუნეების ავტორთა თხზულებებით: ვახტანგ VI-ის, თეიმურაზ I-ის, არჩილის, ბესიკის, ონანას, სულხან-საბა ორბელიანის, დავით გურამიშვილის, დიმიტრი ბაგრატიონის, ალ. ჭავჭავაძის და სხვათა ნაწარმოებებთან ერთად.
ხელნაწერში A – 656 (XVIII ს.) მეხოტბეების თხზულებები: ჩახრუხაძის “თამარიანი” და იოანე შავთელის “აბდულმესია” “ვეფხისტყაოსანთან” ერთადაა მოთავსებული. რუსთაველის პოემის ამ ნუსხას ერთვის ვახტანგ VI-ის კომენტარები, აქვეა შესული თეიმურაზ I-ის “იოსებზილიხანიანი”, გიორგი თუმანიშვილის და სხვატა ლექსები.
“თამარიანისა” და “აბდულმესიას” შესწავლას, მათი ტექსტების დადგენას, ავტორთა ინაობის ვდა დათარიღების საკითხების კვლევას ქართველ მეცნიერთა არაერთი ნაშრომი მიეძღვნა. კვლევის ისტორია XIX ს-ის 30-იანი წლებიდან იწყება და უკავშირდება ისეთ მეცნიერთა სახელებს, როგორებიც იყვნენ პლატონ იოსელიანი, დავით ჩუბინაშვილი, ნიკო მარი, სარგის კაკაბაძე, ალექსანდრე ხახანაშვილი, მოსე ჯანაშვილი, პავლე ინგოროყვა, კორნელი კეკელიძე, ივანე ლოლაშვილი.
ძეგლი პირველად პ. იოსელიანმა გამოსცა. იგი ეყრდნობოდა ერთადერთი ხელნაწერის მონაცემებს, რომელიც დავით რექტორის მიერ უნდა ყოფილიყო გადაწერილი. შემდეგში იგი არაერთხელ გამოიცა, თუმცა ეს გამოცემები ვერ ჩაითვლება კრიტიკულ გამოცემებად. ქართველ მეხოტბეთა მეცნიერულ შესწავლას საფუძველი ჩაუყარა ნიკო მარმა. XX საუკუნის 20-იანი წლებიდან დაიწყო მათი გაღრმავებული შესწავლა, ხოლო 1957 წელს გამოქვეყნდა ივ. ლოლაშვილის ფუნდამენტური ნაშრომი: “ძველი ქართველი მეხოტბენი”, რომელშიც პირველადაა გათვალისწინებული XVIII საუკუნის ხელნაწერები. ტექსტები დადგენილია 14 ხელნაწერის მონაცემების საფუძველზე.
“თამარიანის” ავტორად, ძველ ავტორთა ჩვენების საფუძველზე, მიჩნეულია ჩახრუხაძე. არჩილი წერს მის შესახებ:
“მოხეველისამ, ჩახრუხელისამ
ლექსთა სიტკბომან ამიყოლია,
მისებრ მთიული, სიბრძნით ღვთიური
თამარის კიდე ვისმცა ჰყოლია?” (“არჩილიანი”)
ჩახრუხაძეს პოემის ავტორად მოიხსენიებენ ანტონ კათალიკოსი “წყობილსიტყვაობაში” და იოანე ბატონიშვილი “კალმასობაში”. მათი აზრით, პოეტი, “თამარ დიდის მმკობი შაირებით,” “მთქმელი მესტიხე”, “რიტორტ-მესტიხთ გვირგვინი”, “მჭევრმოუბარი”, “მეცნიერებით სრული”, “ფილასოფოსი”, “დიდი რიტორია”. ისინი მაღალ შეფასებას აძლევენ მის “ლექსთა სიტკბოს”, თუმცა მისი ბიოგრაფია აზრთა სხვადასხვაობას იწვევს და, ფაქტობრივად, არც მოიპოვება ზუსტი ცნობები ავტორის სადაურობის, მისი ბიოგრაფიის შესახებ.
არჩილი პოეტს მოხევედ მიიჩნევს, თამარ მეფის მდივნად, რომლის შემოქმედება წინ უნდა უსწრებდეს რუსთაველს. ნ. მარი, პ. ინგოროყვა, ზ. ჭიჭინაძე, ს. კაკაბაძე ავტორის სადაურობაზე, მთიულეთის ან მესხეთის მკვიდრობაზე მსჯელობისას ეყრდნობიან “თამარიანის” 75-ე (ივ. ლოლაშვილის გამოცემის მიხედვით 69-ე) სტროფს:
“მაშა, მეხელი, მაშა მეხელი,
მით ვამგებლობდე, და-ცა-ვსცე ნაილ!
ვინ აშენ ებრად, ვინ ა შენებრად
თვალთ შეუდგამი ნათლის მფენელი?”
მოტანილი სტროფი ითვლება ყველაზე ძველ ბიოგრაფიულ ცნობად ჩახრუხაძის შესახებ. ნ. მარი ავტორს ამის საფუძველზე მესხელად თვლიდა და რუსთაველისა და ჩახრუხაძის იგივეობას ამტკიცებდა; ინგოროყვას მიხედვით იგი მთიულია, ს. კაკაბაძე კი მას მესხელად მიიჩნევს. კ. კეკელიძის მიხედვით, ავტორი ახლოს უნდა იყოს საეკლესიო წრეებთან და იმოწმებს გელათის სჯულისკანონის ანდერძს, სადაც ლაპარაკია გრიგოლ ჩახრუხაიძეზე, რომელსაც ჰქონია განზრახვა აღკვეცილიყო ბერად პალესტინაში, ჯვრის მონასტერში. ივ ლოლაშვილი მას პერიპატეტიკოსად, არისტოტელიანად მიიჩნევს, რაც არ ეწინააღმდეგება თხზულების ფილოსოფიურ, იდოლოგიურ ფონს.
“თამარიანის” ავტორი უაღრესად განათლებული პიროვნებაა. იგი სრულყოფილად ფლობს საღვთისმეტყველო ლიტერატურას, იმ დროისათვის უკვე მყარ დეფინიციებად დამკვიდრებულ ტერმინულ ერთეულებს, მთელ ლექსიკურ არსენალს, რაც მოხმობილია ურჩეულესი ქმნილების, “ღვთისმიერი სახით” მოვლენილი მეფის შესაქებად. თხზულებაში წინა პლანზეა წამოწეული მესიანისტური იდეა, ერთმანეთს ერწყმის ანტიკური, ბიბლიური, აღმოსავლური პლანი თავისი სემანტიკით, მისტიკური გააზრებით, დეტალებით. მართალია, ტექსტი ერთგვარად ეკლექტურია, მსოფლმხედველობრივი თვალსაზრისით იგი ერთიანია და გამოხატავს ქრისტიანულ და ერონულ სახელმწიფოებრივ იდეალს.
wyaroebi da samecniero literatura
k. kekeliZe, qarTuli literaturis istoria, t. II, Tb. 1981
Zveli qarTveli mexotbeni, I; teqsti gamosca, gamokvleva da leqsikoni daurTo iv. lolaSvilma; Tb. 1957
П. Иоселиани, Описание города Душети, Тиф. 1860
“arCiliani”, al/ baramiZisa da n. berZeniSvilis redaqciiT, t. I, Tb. 1936
ioane batoniSvili, kalmasoba, t. I, Tb. 1990
anton I, wyobilsityvaoba, Tb. 1853
p. umikaSvili, qarTveli klasikebi, CaxruxaZe; gamoicemis z. WiWinaZisagan. “iveria”, 1883, # 7-8.
Н. Марр, Древнегрузинские одописцы; Теексты и разыскания по армяно-грузинской филологии, С-П., 1902
“kavkasioni”, Tb. 1924, #1-2, #3-4
al. baramiZe, narkvevebi qarTuli literaturis istoriidan, III, Tb. 1952
al. baramiZe, Tamariani, wignSi: qarTuli literaturis istoria, rusTavelis sax. qarTuli literaturis institutes gamocema, Tb. 1966
k. kekeliZe, etiudebi Zveli qarTuli literaturis istoriidan, III, Tb. 1955
Чахрухадзе, Тамариани, перевод с грузинского Ш. Нуцубидзе, Тб. 1942
moamzada Tamar abulaZem