ბესიკი (ბესარიონ გაბაშვილი)
პოეტი-ნოვატორი, დიპლომატი, XVIII საუკუნის მეორე ნახევარი
ბესარიონ გაბაშვილი სრულიად განსაკუთრებული მოვლენაა ქართული ლიტერატურის ისტორიაში. მისმა პოეზიამ, აღბეჭდილმა ღრმა ლირიზმითა და პოეტურობით, ახალი პოეტური ფორმების დამკვიდრებით, ვერსიფიკაციიული მრავალგვარობით და აშუღური ხმოვანებით მას თანამედროვეთა შორის “მელექსეთბაშის” სახელი დაუმკვიდრა.
პოეტი ვახტანგ ორბელიანი ასე ახასიათებს ბესიკს: “მეგობარო, ტკბილად მოუბარო და სახით მშვიდო, სიბრძნით სრულო, ბუნებითისა მეცნიერებითა გონება-კეთილოვანო, ... ქებითა აღმატებულო, უმშვენიერესად წარჩინებულო” (“ივერია”, 1902, №116)
პოეტის შესახებ ბიოგრაფიული ცნობები მწირია. იგი ეკუთვნოდა საგვარეულოს, რომელმაც ქართულ კულტურასა და ისტორიას რამდენიმე ღირსშესანიშნავი პიროვნება მისცა – ტიმოთე მიტროპოლიტი, ზაქარია დეკანოზი, მისი შვილები ოსე, ნიკოლოზი, ზაზა. პოეტის წინაპრები დმანისელები ყოფილან, ორბელიან-ყაფლანიანთა გვარიდან. ბესიკის მამა ზაქარია დეკანოზი იყო, თავისი დროის ერთ-ერთი განათლებული და პატივსაცემი პირი. (კ. კეკელიძე), “მშვენიერი რიტორი და უცხო მოქადაგე”, “მეფეთა მოძღვარი” (იოანე ბატონიშვილი, “კალმასობა”).
ცნობილია, რომ ზაქარია დაპირისპირებული იყო ანტონ კათალიკოსთან. ანტონის რუსეთიდან დაბრუნებისა და თავის უფლებებში აღდგენის შემდეგ იგი რუსეთში მიემგზავრება (1767 წ.), შემდეგ კი იმერეთში მკვიდრდება.
პოეტის ბიოგრაფიული ცნობები მისი ეპოტაფიისა და დღიურების მიხედვით დგინდება. იგი დაბადებულა 1759 წელს. ყრმა პოეტი მეფის კარზე იზრდებოდა, მიიღო შესანიშნავი განათლება, შეისწავლა ენები, მათ შორის სპარსულიც. 1777 წლიდან იგი იმერეთშია, განდევნილი და გაძევებული. ამის მიზეზად სამეცნიერო ლიტერატურაში ასახელებენ მის ტრფობას სამეფო კარის ქალბატონისადმი (თეიმურაზის ასულ ანა ბატონიშვილისადმი, რომელიც დიმიტრი ორბელიანზე იყო გათხოვილი (ს. გორგაძე), ან, მეორე მოსაზრებით, იმერეთის დედოფალ ანასადმი, რომელიც დავით მეორის მეუღლე იყო (ს. გორგაძე, კ. კეკელიძე), ან, მესამე მოსაზრებით, ანას დედა მაია, ერეკლე მეფის დისშვილის მამუკა ორბელიანის მეუღლე (გ. ლეონიძე); სხვა თვალსაზრისით, იმერეთში მისი გაძევების მიზეზი მისი ერეკლეს საწინააღმდეგო პოლიტიკურ დაჯგუფებაში მონაწილეობაა. კ. კეკელიძე ბატონიშვილების დავითისა და ბაგრატის “ისტორიაზე” დაყრდნობით ბესიკის “ექსორია ქმნილობა “ ანტონ I-ის მიზეზით მოხდა, რომელიც მტრულ დამოკიდებულებაში იმყოფებოდა ბესიკის მამასთან.
იმერეთში ბესიკი სოლომონის კარზე მოღვაწეობს და დიპლომატიურ სამსახურს იწყებს. 1778 წელს იგი საიდუმლო მისიით მიემგზავრება სპარსეთში, ხოლო სოლომონ I-ის გარდაცვალების შემდეგ დავით იმერთა მეფე ბესიკის ხელმძღვანელობით ახალ ელჩობას აგზავნის რუსეთში. 1787 წლის ივლისში ბესიკის ელჩობას შეუერთდა კათალიკოსი მაქსიმე აბაშიძეც, რომელიც ამ დროს მოზდოკში იმყოფებოდა. მაქსიმე კათალიკოსი დაეხმარა ბესიკს პავლე პოტიომკინთან შეხვედრაში. 1787-1791 წლებში ბესიკი პოტიომკინის ბანაკს თან დაჰყვება გენერალ პოტიომკინის ბანაკს კრემენჩუგში, კიშინიოვში, შემდეგ იასაში, სადაც 1791 წელს იგი მოულოდნელად გარდაიცვალა.
ბესიკის პოეზიის უმთავრესი მოტივი სატრფიალო-სამიჯნურო თემატიკაა - სატრფოს მშვენიერების ემოციური აღწერა, შეზავებუილი სევდა-კაეშნით მასთან განშორების გამო. პოეტი ხან ბულბულია, ვარდის ეშხით მყეფარი, ხანაც ფარვანა, სატროს ცეცხლით დამწვარი. პოეტური საშუალებები, რომლებსაც იყენებს ბესიკი, ძირითადად ქართული კლასიკური არსენალიდან და აღმოსავლური პოეტურ-მეტაფორული სისტემიდანაა აღებული. ბესიკის ლირიკაში ისინი ძლიერ, გრძნობისმიერ ნაზავს ქმნის, რომელიც ორიგინალურია, ემოციური და მაღალმხატვრული., ეს მრუდი სოფლის გაუტანლობით განწირული სევდიანი სიყვარულის ისტორიაა:
“ჰოი, სოფელო, პირდამყოფელო!
ჰოი დრკუო, ცრუო! ჰოი მრუდო ცუდო!
ჰოი შენსა პირსა ვინ ეტრფის, ტირსა!
ჰაი, ჰაი, გიცან ჰოი, ეშმაკო ზღუდო!”
“ვარ უცხო ვინმე ყარიბი, ამა მუხთლისა სოფლისა მაგინებელი, მგმობელი” –წერს ტკივილით პოეტი.
ძალუმად ისმის ბესიკის პოეზიაში პატრიოტული ჰანგები. მისი “რუხის ბრძოლა” და “ასპინძისათვის” ქართლ-კახელთა და იმერ-მეგრელთა გმირულ ბრძოლებს ასახავს მთავარი გმირებით. პოეტის ხოტბის საგანი ერეკლე მეფის სარდალი და სიძე დავით ორბელიანია, “ყარამანიანის” მთარგმნელი. ამ უკანასკნელს პოეტმა სამი ოდაც უძღვნა.
ბესიკი ცნობილი იყო თავის მახვილი და გესლიანი ენით. მისი სატირული ლექსების ობიექტი მეშჩანურ-ფეოდალური ყოფაა, ის ადამიანები, რომლებიც საზოგადოებაში ცნობილი იყვნენ “მესტიხეებად” და “მსაჯულებად”, მაგრამ შინაგანად და ფიზიკურადაც კი მახინჯნი არიან. ასეთია მისი სატირა მზეჭაბუკ ორბელიანზე, ხოლო პოემა “რძალ-დედამთილიანი” ქართულ ტიპიურ ყოფით ამბავს ასახავს.
ბესიკის პოეზიაში მრავალგვარი სალექსო ზომაა გამოყენებული: ოცამარცვლიანი ჩახრუხაული ლექსი, ცხრამეტმარცვლიანი, თექვსმეტმარცვლიანი რუსთველური, თხუთმეტმარცვლიანი, თოთხმეტმარცვლიანი, თორმეტმარცვლიანი... მას პირველს შემოუღია ცხრამეტმარცვლიანი ლექსი. თითოეული ამ ზომისათვის ავტორს აღმოსავლური – სპარსულ-არაბულ თურქული სახელწოდებები მიუცია: ბაიათი, ყაფია, მუსტაზადი, თახმისი, მუხამბაზი, თეჯლისი. ამ სახელწოდებებს ჩამოთვლის ახსნა-განმარტებებით დავით რექტორი (კ. კეკელიძე). მას უწერია ზმებითაც, დაუწერია იამბიკოები.
პოეტს ეკუთვნის “ანბანთქებანი” რომლის ტრადიცია დამკვიდრდა აღორძინების ხანის ქართულ პოეზიაში.
“ათინად ბრძენთა გაზრდილი, აზიად ვმგზავრობ არესა,
ამირბარს ვეყმე ავტანდილ, ამო და ლმობიარესა,
ალვისა მსვილდი შემშვენდა, ისრად არყისა მხმარესა,
არწივს აფსკასა სევაგენ, ჰაი-მოფრინვ – მკმარესა”.
ბესიკის ენაც უაღრესად საინტერესო და მრავალფეროვანია. იგი წერდა “მაღალი შტილითაც” და ბარბარიზმებითაც, ხალხური ენითაც და ზვიადი რიტორიკითაც. ამოუწურავია მისი ენობრივი და პოეტური შესაძლებლობანი. ბესიკს ხშირად ბაძავდნენ შემდგომი დროის პოეტები, მის ჰანგს “ციურ მღერას” უწოდებდნენ. მან, როგორც ქართული ლიტერატურის ერთი უაღრესად საყურადღებო პერიოდის ბოლო წარმომადგენელმა, ასახა თანადროული გავლენები და სამწიგნობრო ტრადიცია და მოგვცა ქართული ლირიკის შესანიშნავი, თვითმყოფადი ნიმუშები.
წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა:
1. იოანე ბატონიშვილი, ხუმარსწავლა, II; ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს ციალა კახაბრიშვილმა და ცოტნე კიკვიძემ, თბილისი, 1991
2. ბესიკი, თხზულებანი, თბილისი, 1962
3. კ. კეკელიძე, ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. II თბილისი, 1958
4. გ. ლეონიძე, გამოკვლევები და წერილები, თბილისი, 1989
5. გ. ლეონიძე, ძიებანი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, I, თბ. 1949
6. ს. ცაიშვილი, ბესარიონ გაბაშვილი, წიგნში: ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. II თბილისი, 1968.
7. ვ. მაჭარაძე, ბესიკი დიპლომატიურ სარბიელზე, თბილისი, 1968
მოამზადა თამარ აბულაძემ