მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

წმ. აბო თბილელი

 

 

 

ანტონ II კათალიკოსი (1762-1828)

აღმოსავლეთ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი 1788-1811 წლებში

 

 

 

 

ანტონ II კათალიკოსი, ერისკაცობაში თეიმურაზ ბაგრატიონი, იყო ერეკლე II-ისა და დარეჯან დედოფლის ძე.

      პირველდაწყებითი განათლება ანტონმა სამეფო კარზე მიიღო, შემდეგ სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში გააგრძელა ანტონ I კათალიკოსის უშუალო ზედამხედველობით. იოანე ბატონიშვილის გადმოცემით, მან თავისი დიდი წინამორბედისაგან შეისწავლათეორეტიკისა და პრაქტიკის ხელოვნება” (ლიტურგია და მღვდელთმსახურება), ფილოსოფია, ღვთისმეტყველება, ისტორია

      1783 წელს რუსეთთან ტრაქტატის გაფორმებასთან დაკავშირებით  ერეკლემ პეტერბურგში გააგზავნა ქართული დელეგაცია გარსევან ჭავჭავაძის მეთაურობით. დელეგაციაში შედიოდნენ მირიან ბატონიშვილი და 20 წლის ანტონი. პეტერბურგში იგი დიდი პატივით მიიღეს. ცარსკოე სელოს ეკლესიაში იმპერატორის ოჯახის თანდასწრებით ანტონი საზეიმოდ აკურთხეს ნინოწმინდელად, ცოტა ხნის შემდეგ კი, მისგან დაუსწრებლად _ ალავერდელად. ეკატერინემ, ნიშნად ქართლ-კახეთის მეფისადმი გულმოწყალებისა, ანტონს აჩუქა 183 ბრილიანტის თვლით შემკული პანაგია (ეს პანაგია ანტონის გარდაცვალების შემდეგ რუსეთის სინოდმა დაიბრუნა). ანტონი რუსეთში დარჩა სწავლის გასაგრძელებლად. 1789 წელს, ანტონ I-ის გარდაცვალების შემდეგ, იგი საქართველოში ჩამოიყვანეს და კათალიკოსად აკურთხეს.

      კათალიკოსი ანტონ II სრულიად ახალგაზრდა, 27 წლისა, ჩაუდგა ეკლესიას სათავეში, მაგრამ დიდი გულმოდგინებით შეუდგა ეკლესიის ორგანიზაციულ  განმტკიცებას. ანტონს აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში გაუგზავნია მისიონერთა ჯგუფი მოსახლეობაში შერყეული ქრისტიანობის განსამტკიცებლადკათალიკოსი  დიდ ყურადღებას იჩენდა სასკოლო განათლებისადმი, ხანდახან თავადაც სტუმრობდა სასწავლებლებს (მაგ., კალოუბნის სასწავლებელი) და ქებას არ იშურებდა კარგი მოსწავლეების მიმართ. ანტონი მუდმივად ადევნებდა თვალყურს  სტამბის გამართულად მუშაობას

      1792 წელს ერეკლეს დავალებით ანტონი იმერეთში ჩავიდა და შეარიგა დავით გიორგის ძე და დავით არჩილის ძე, ეს უკანასკნელი იმერეთის სამღვდელოებასთან ერთად აკურთხა იმერეთის ტახტზე სოლომონ II-ის სახელით.

      აღამაჰმად-ხანის შემოსევის შემდეგ ანტონი სათავეში ჩაუდგა თბილისისის ეკლესიების აღდგენას.

      ანტონ კათალიკოსი თავისი მეფური წარმომავლობის, ფართო განათლების, მრევლისადმი განსაკუთრებული ყურადღებისა და  გულმოწყალების გამო უდიდესი სიყვარულით და პატივისცემით სარგებლობდა იმდროინდელ ქართულ საზოგადოებაში.     თვით მთავარმართებელი ტორმასოვი, რომელიც ძალიან ჩქარობდა საქართველოს ეკლესიის გაუქმებას, აღიარებდა: ”სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, ომ კათალიკოსი ანტონ მეორე  იშვიათი თვისების ადამიანია და წესრიგის მოყვარული პიროვნებაა, რომელსაც საყოველთაო პატივისცემა აქვს მოპოვებული”.

      ანტონ კათალიკოსი საერთოდ რუსული ორიენტაციის მომხრე იყო, მაგრამ 1783 წლის ტრაქტატის ფარგლებში. ხოლო ის, რაც 1801 წელს მოხდა და რაც რეალურად რუსული იმპერიული რეჟიმის დამყარებას მოჰყვა, ანტონს ისევე აგდებდა საგონებელში, როგორც დანარჩენ იმედგაცრუებულ ქართველებს. ანტონს წილად ხვდა   მძიმე ხვედრი _ 1801 წლის მანიფესტის ეკლესიაში წაკითხვის შემდეგ პირველს გადაეხადა პარაკლისი და დაეფიცებინა მრევლი რუსეთის ერთგულებაზე.

      გიორგი XII-ის გარდაცვალების შემდეგ ანტონი, მართალია, არა ღიად, მაგრამ ფარულად მხარს უჭერდა იულონ ბატონიშვილის  გამეფებას და არ უკრძალავდა სამღვდელოებას წირვის დროს იულონის, როგორც მეფის დალოცვას. ამან, ერთი მხრივ, დავით ბატონიშვილის მომხრეთა ბანაკი გაანაწყენა, მეორე მხრივ, მთავარმართებელი კნორინგი, რომელსაც დავალებული ჰქონდა ქართლ-კახეთში მეფობის საერთოდ გაუქმება. ამასთანავე, რუსული ხელისუფლება ამზადებდა საქართველოს ავტოკეფალური ეკლესიის გაუქმებსაც და მის მოქცევას რუსეთის სინოდის განკარგულებაში. ამ გეგმის განხოეციელებას ხელს უშლიდა ანტონ კათალიკოსის მაღალი ავტორიტეტი. როგორც კნორინგი, ისე მისი მომდევნო მთავარმართებლები (ციციანოვი, გუდოვიჩი, ტორმასოვი) ეკლესიის საშინაო საქმეებში ერეოდნენ, კათალიკოსისაგან მოიხოვდნენ თანამდებობებზე მათთან შეთანხმებით დაენიშნა სამღვდელო პირები, ცდილობდნენ კონტროლი დაეწესებინათ საკათალიკოსო შემოსავლებზე. ყოველივე ამას, რასაკვირველია, კათალიკოსი ღიად თუ ფარულად ეწინააღმდგებოდა. რუსული მმართველობა მიზანმიმართულად შეუდგა ანტონის დისკრედიტაციას, ამისთვის იყენებდნენ მოქრთამვას, დაპირებებს და სხვ. 1808 წელს საართველოში ჩამოვიდა რუსეთში განსწავლული ეპისკოპოსი, სინოდის წევრი, ქსნის ერითავთა შთამომავალი ვარლამი. იგი კარგად ერკვეოდა რუსეთის ეკლესიის სტრუქტურაში, რისგამოც რუსეთის მთავრობა მას ამზადებდა ქართული ეკლესიის წინამძღოლად.

ანტონს, მას შემდეგ, რაც ბატონიშვილები რუსეთში გადაასახლეს, მათ შორის ანტონის დედა დედოფალი დარეჯანი, ახლობელთა და მეტისმეტად დაუვიწროვდა თანამზრახველთა წრე. დედის გარდაცვალება (1808 .) მან იონა ხელშვილის სამძიმრის წერილით შეიტყო.

   ანტონის გავლენის შესამცირებლად გუდოვიჩმა (1806-1809წწ.) სოფლის დაბალის სამღვდელოება თავადაზნაურთა ყმობისაგან გაათავისუფლა და სახაზინო უწყებაში გადაიყვანა. ეს თავითავად პროგრესული მოვლენა იმ ვითარებაში კათალიკოსის უფლებების შემცირებას ისახავდა მიზნად. 1809 წელს ტორმასოვი შეეცადა ანტონი  “იმპერატორის მიწვევითპეტერბურგში გაეგზავნა. ანტონმა ავადმყოფობის მომიზეზებით ეს მოწვევა თავიდან აიცილა.

      ამ პერიოში ანტონის თანხმობით ქაშვეთის ეკლესიაში კვირაობით და საზეიმო დღეებში წირვა-ლოცვა რუსულად მიმდინარეობდა. მთავარმართებელმა ტორმასოვმა ანტონს  მოსთხოვა საერთოდ გაეუქმებინა ქაშვეთში ქართული წირვა-ლოცვა და მღვდლები დაეთხოვა. კათალიკოსმა ამაზე უარი შეუთვალა. ეს კიდევ ერთი დამატებითი საბაბი გახდა ანტონის თავიდან მოცილებისა. ამავე დროს ანტონს ბრალად წაუყენეს მიწისმფლობელობის წესის თვითნებურად დარღვევა, საეკლესიო მიწების უკანონოდ დარიგება. ეკლესიაში დაუპირისპირეს ყოვლად უღირსი სამღვდელო მიტროპოლიტი არსენი, რომელმაც ანტონზე შეთითხნილი ცილისწამებებით სავსე წერილი რუსეთის იმპერატორთან გაგზავნაიმპერატორმა კვლავმიიწვიაანტონი პეტერბურგშიამჯერად კათალიკოსს აღარ შეეძლო უარის თქმა. 1810 წლის 3 ნოემბერს ანტონმა უკანასკნელი წირვა გადაიხადა სვეტიცხოველში და სამუდამოდ გამოეთხოვა თავის სამშობლოს.

      ანტონის წასვლისთანავე რუსეთის ხელისუფლებამ საქართველოს ავტოკეფალური ეკლესია რუსეთის სინოდის საეგზარქოსოდ აქცია, ჩაატარა შიდა ადმინისტრაციული ცვლილებები _ საეპისკოპოსები გაამსხვილა, ქართული ეკლესიის  ქონება რუსეთის ხაზინას გადასცა და წირვა-ლოცვა რუსულ ენაზე დააწესა.

      კათალიკოსი ანტონ II-ის დასახვედრად (მას 22 კაციანი ამალა ახლდა), პეტერბურგში საგანგებოდ მოემზადნენ: დაუქირავეს კეთილმოწყობილი დიდი ბინა, მოუწყვეს ხაზგასმულად საზეიმო მიღება.

უხვადდაასაჩუქრეს. უბოძეს ხავერდის მანტია, წმ. ანდრია პირველწოდებულის ორდენი, იმპერატორ ელისაბედის ნაქონი ექვსცხენიანი ეტლი, რუსეთის სინოდის წევრობა და 54 ათასი მანეთი ყოველწლიური პენსია

      კათალიკოსი თავდაპირველად იმედოვნებდა, რომ მას საქაღთველოში დააბრუნებდნენ, რაზედაც 1811 წლის 21 მაისს თხოვნით მიმართა კიდეც იმპერატორს, რომელშიც შეახსენებდა საქართველოს ავტოკეფალური ეკლესიის ისტორიას.1 811 წლის 10 ივნისს გამოქვეყნდა იმპერატორის რესკრიპტი, რომელშიც გარკვევით იყო ჩამოყალიბებული აზრი, რომ რადგან საქართველო შეუერთდა რუსეთის იმპერიას, საქართველოს ეკლესიაც უნდა შეერთებოდა რუსეთის უწმინდეს სინოდსანტონს საკომპენსაციოდ შესთავაზეს  უწმინდესი სინოდის წევრობა, ბერძნულ-რუსულ საეკლესიო იერარქიაშიუნეტარესისეპიტეტით მოხსენიება მეხუთე ადგილზე. ამავე დროს ანტონი დააჯილდოვეს ანდრია პირველწოდებულის ორდენით, იმპერატორ ანას ნაქონი ოქროს ეტლით, ძვირფასი მანტიით და სხვ. ანტონ კათალიკოსოი 1811 წლის ზაფხულში მისივე თხოვნის საფუძველზე მოსკოვში გადაიყვანეს, მაგრამ აქ მას დიდხანს არ მოუწია ყოფნამ, რადგან ნაპოლეონის რუსეთში შემოჭრის დროს მოსკოვი დაიცალა. ამ დროს ანტონი ტამბოვში გადაიყვანეს, სადაც მძიმე პირობებში ხუთ წელიწადს მოუწია დარჩენა. 1819-20 წელს კვლავ პეტრებურგშია, მაგრამ უკვე ჯანმრთელობაშერყეული. ანტონი ხელისუფლებისაგან ამაოდ ითხოვდა საქართველოში დაბრუნების უფლებას, მაგრამ, რასაკვირველია, ასეთი ნებართვა არ მიუციათ. საბოლოოდ  ანტონმა ნიჟნი-ნოვგოროდში ცხოვრება აირჩია, სადაც ვახტანგ VI-ის შთამომავლები ცხოვრობდნენ. აქ იგი ახლობელთა გარემოცვაში აღმოჩნდა და თავს  უკეთ გრძნობდა. ქანტონი ქართულად წირავდა პოკროვის საყდარში, რომლის ძირითადი მრევლი ადგილობრივი ქართველობა იყო, მაგრამ მისი მაღალი სულიერებით შთაგონებულ წირვა-ლოცვას, როგორც წყაროები იუწყებია, რუსეიც სიამოვნებით ესწრებოდნენ. 1825 წელს დასნეულებულმა ანტონმა შეადგინა ანდერძი, რომლითაც მთელი თავისი ქონება თავის ერთგულ თანამგზავრს და დისწულს, ესტატე ციციშვილს დაუტოვა. კათალიკოს-პატრიარქი ანტონ II, ძე სახელოვანი ერეკლე II-ისა, უცხოობაში გარდაიცვალა 1827 წელს. დაკრძალეს ნიჟნი-ნოვგოროდის ხარების ტაძარში, იქიდან კი 1841 წელს ფერისცვალების მონასტერში გადაასვენეს.

     

     wyaroebi da samecniero literatura:

  1. Frns7II, gv.68; IV, gv. 152, 147, 159.

  2. anderZi anton II saqarTvelos kaTalikosisa, d. furcelaZis gamoc. tfilisi, 1890.

  3. p. karbelaSvili, ierarqia saqarTvelos eklesiisa, Tbilisi, 1900.

  4. m. berZniSvili, masalebi XIX saukunis pirveli naxevris qarTuli sazogadoebriobis istoriisaTvis, mTbilisi, 1980.

  5. q. nadiraZe, anton II/ saqarTvelos kaTAlikos-patriarqebi, Tbilisi, 2000.

  6. e. bubulaSvili, saqarTvelos kaTalikos-patriarqi anton meore, Tbilisi, 2002.

 

 

მოამზადა ნათია ფსუტურმა