მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

 

იონა ხელაშვილი (1775-1837 წწ.)

XVIII-XIX საუკუნეების სასულიერო მოღვაწე და მწერალი.

 

 

      იონა (ერისკაცობაში იოანე) წარმოშობით ქიზიყის (კახეთი) სოფელ ვაქირიდან იყო. 10-15 წლის იონა მშობლებმა ვაქირის ეკლესიის მღვდელს მიაბარეს მოჯამაგირედ. იონას დიდი სურვილი ჰქონდა სასულიერო მოღვაწეობისა, რის გამოც იგი გამოეპარა მშობლებს, ჩამოვიდა თბილისში, სადაც ბედის წყალობით ერეკლე II-ის სასახლეში აღმოჩნდა. აქ იგი  მზარეულთუხუცესის მსახურად მუშაობდა. გარკვეული ხნის შემდეგ იონას შესაძლებლობა მიეცა ერეკლესათვის გაემხილა თავისი  სურვილი მღვდელმსახურად გახდომის შესახებ. მეფის სურვილით იონა მიაბარეს მეტეხის დეკანოზს, იესეს. იონამ საკვირველი სისწრაფით აითვისა ანბანი და წერა-კითხვა. 1795 წელს იონას მამა მოუკვდა, რის შემდეგაც იგი იძულებული გახდა სახლში დაბრუნებულიყო. ერთხლ, როდესაც ერეკლე მეფე თელავში იმყოფებოდა, იონა ეახლა მეფეს, რომელმაც იგი თავისი კარის მოძღვარს, მღვდელ იოანეს ჩააბარა.

      ერეკლე მეფის გარდაცვალების შემდეგ იონამ დახმარებისათვის მიმართა ერეკლეს მემკვიდრეს, მეფე გიორგი XII-. გიორგიმ იგი დავით რექტორთან გააგზავნა სასწავლებლად. 1800 წელს იონა თბილიში ჩამოვიდა, შემდეგ მოინახულა დავითგარეჯისა და შიომღვიმის მონასტრები და დამკვიდრდა ქვათახევის მონასტერში, სადაც ბერად აღიკვეცა. აქ იონა 1801-1804 წლებში ცხოვრობდა, შემდეგ იგი რუსეთში გადასახლებულ ფარნაოზ ბატონიშვილს გაჰყვა და 1805 წელს ფარნაოზთან ერთად დამკვიდრდა . ვორონეჟში (რუსეთი). ვორონეჟიდან იონა ფარნაოზ ბატონიშვილს გაჰყვა მოსკოვში, შემდეგ კი, 1806 წელს პეტერბურგში გადავიდა საცხოვრებლად. იქ იონა ძალზე დაუახლოვდა პეტერბურგში მცხოვრებ ქართულ არისტოკრატიას, ახლო ურთიერთობა ჰქონდა მას აგრეთვე ქართველ ბატონიშვილებთან. 1809-1812 წლებში იონამ მოისმინა  ფილოსოფიისა და ღვთისმეტყველების კურსი ალექსანდრე ნეველის აკადემიაში. ამავე წელს იგი იერომონახად - ხუცესმონაზვნად აკურთხეს. ამის შემდეგ იონა, როგორც იერომონახი და შესანიშნავი მქადაგებელი, ქართული კოლონიისბატონიშვილების, დედოფლების სხვა წარჩინებულთა მოძღვარი ხდება.

      დავით ბატონიშვილს სურდა, იონა მისი კარის ეკლესიის მოძღვარი ყოფილიყო, მაგრამ ეკლესიის უქონლობის გამო დავითმა იონა დაუთმო იმერეთის დედოფალ ანას. ანა დედოფალთან იონა სამ წელიწადს დარჩა, შემდეგ გადავიდა თეიმურაზ ბატონიშვილის კარის ეკლესიაში, სადაც 1824 წლამდე მოღვაწეობდა. ამ დროიდან მოყოლებული სიკვდილამდე, იონა მსახურობდა კაცია დადიანის ასულთან, მარიამთანიმერეთის მეორე დედოფალთან.

      პეტერბურგში მცხოვრები იონა მფარველობდა პეტერბურგში ჩასულ ქართველებას. ცნობილია, რომ იგი ეხმარებოდა პეტერბურგში მყოფ სოლომონ დოდაშვილსამავე პერიოდში იგი აქტიურად ეწეოდა ლიტერატურულ საქმიანობას, დაწერილი აქვს 44 ნაწარმოები. გარდა ამ ნაწარმოებებისა, შემორჩენილია იონას წერილები იმდროინდელი ქართული საზოგადოებრიობის სხვადასხვა წარმომადგენელთან. მის პირად წერილებში ბევრ საინტერესო ცნობას ვხვდებით ეპოქის რეალიებისა და რუსეთში მცხოვრებ ქართველთა შესახებ. აქტიური, მრავალმხრივი ინეტერსების მქონე იონა ხელაშვილი ლიტერატურულ პერსონაჟად აქცია იოანე ბატონიშვილმა თავის ნაწარმოებში `კალმასობა~. იონასადმი აქვთ მიძღვნილი იამბიკოები ბატონიშვილებს: თეიმურაზს, მირიანსა და იოანეს; აგრეთვე პეტრე ლარაძესა და სოლომონ რაზმაძეს.

იონას თხზულებების სია დაცულია ხელნაწერში 279 (ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, თბილისი), რომელშიც 44 დასახელებაა წარმოდგენილი. მათ შორისაა: `ღვთისმეტყველება სამნაწილედი~, `კვირიაკეთდა და დღესასწაულთა ქდაგებანი~, `კატეხიზმო დიდი, ვრცელი და შემოკლებული~, `წიგნი მართლმადიდებელთა ქორწინებისა~, ბიბლიური წიგნებისმოსეს ხუთწიგნეულისა და სხვათა განმარტებანი, სხვ. განსაკუთრებით საინტერესოა იონას მიერ დაწერილი ქართული ლექსიკონი, რომელზეც მას 10 წელი უმუშავია. ეს ლექსიკონი იონას სოლომონ დოდაშვილისათვის გაუტანებია თბილისში დასაბეჭდად, თუმცა მისი გამოქვეყნება დოდაშვილმა ვერ მოახერხა, რის გამოც იონა ძალზე გულნატკენი დარჩა. პეტერბირგში მცხოვრებ იონას ძალზე ახლო ურთიერთობა ჰქონდა აგრეთვე სვიმონ ტაბიძესთან (რომელსაც თავის სულიერ შვილად მიიჩნევდა) – ქართველ მწიგნობართან და მესტამბესთან, რომელსაც დააწერინა, სხვათა შორის, თავისი `მოსახსენებელი წიგნი~.

გარდაიცვალა იონა 1837 წელს, იმ დროს, როდესაც იგი თავის შედგენილ ლექსიკონზე აგრძელებდა მუშაობას.

 

წყაროები და  სამეცნიერო ლიტერატურა:

1.     ბერძნიშვილი, . მასალები XIX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული საზოგადოებრიობის ისტორიისათვის, I-II, თბ., 1980-1983.

2.     დონდუა, . პეტერბურგის ქართული კოლონიის საისტორიო-სამწიგნობრო მემკვიდრეობა. იონა ხელაშვილის მოსახსენებელი წიგნი, კრებულში: ქართული წყაროთმცოდნეობა, . I, თბილისი, 1965, 211-219.  (ტექსტის პუბლიკაცია, იხ. იქვე, 220-229).

3.     კეკელიძე, ., ძველი ქართული მწერლობის ისტორია, I, თბ., 1980, 403-407.

4.     ჭიჭინაძე, ., ფარული საზოგადოება, გაზ. `ტრიბუნა~, 1922., 194.

 

 

მოამზადა თინა ცერაძემ