დავით ბატონიშვილი (1767-1819)
ქართლ-კახეთის ტახტის მემკვიდრე, პოლიტიკური მოღვაწე, მწერალი
დავით ბატონიშვილი, ერეკლე II-ის შვილიშვილი – საქართველოს უკანასკნელი მეფის გიორგი XII-ის უფროსი ძე და ქართლ-კახეთის სამეფო ტახტის კანონიერი მემკვიდრე, გენერალ-ლეიტენანტი.
დავითი აღიზარდა თავისი პაპის, ერეკლეს კარზე. ერეკლეს გამორჩევით უყვარდა თავისი შვილიშვილი, რის გამოც მის აღმზრდელად მოიწვია იმ დროის გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწენი და მეცნიერნი: დავით აბაშიძე, გოგია ბარათაშვილი, სვიმონ მაყაშვილი, დავით ალექსიშვილი, შემდგომში დავით რექტორი, ავსტრიელი სწავლული გეტინგი, გერმანელი მოგზაური რეინეგსი და სხვები.
1787-89 და 1795-978 წლებში (წყვეტილებით) დავით ბატონიშვილი სწავლობდა და მსახურობდა რუსეთში. 1795 წლის ბოლოს იგი პრეობრაჟენსკის პოლკში ჩარიცხეს პოლკოვნიკად, სულ მალე გენერალ-მაიორის ჩინი დაიმსახურა. ამ პოლკში 8 თვის სამსახურის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა. 1797 წელს ისევ პეტერბურგშია და ერთ წელიწადში სამშობლოში ბრუნდება. რუსეთში ყოფნისას იგი გაეცნო ფრანგ განმანათლებელთა მოძღვრებებს, რომლებმაც დიდი ზეგავლენა მოახდინა მის აზროვნებაზე. ის იყო პირველი ქართველი ვოლტერიანელი, საფრანგეთის რევოლუციის მხურვალე მხარდამჭერი და ნაპოლეონის თაყვანისმცემელი. საკუთარ ოთახში ბატონიშვილს ვოლტერის სურათი ეკიდა, რის გამოც აღშფოთებას ვერ მალავდა მისი მამა, გიორგი XII.
დავით ბატონიშვილს მისი თანამედროვენი ახასიათებენ, როგორც იშვიათი გაბედულების მეომარს და კარგ სტრატეგოსს. დავით ბატონიშვილს ერეკლეს არაერთ ბრძოლაში უსახელებია თავი. 1789 წელს ყარსთან ბრძოლაში უშიშარი მებრძოლის სახელი მოიხვეწა. კრწანისის ბრძოლაში დავით ბატონიშვილი სეიდ-აბადის ბოლოს თბილისში შემომავალ გზებს ყარაულობდა მებრძოლთა რაზმით და 6 ზარბაზნით. ამ რაზმმა დიდი ზარალი მიაყენა მტერს ბრძოლის პირველ და მეორე დღეს (10-11 სექტემბერი). “აღამაჰმად-ხანმან მიგზავნა მას ზედა მხედრობა ცხენოსანი სამი ათასი რჩეულნი მებრძოლნი. არამედ ჰსძლო მათ მეფის ძემან დავით და იოტნა იგინი ვიდრე მხედრობამდე სპარსთA, და თვით ეგრევთვე სცვიდა მითვალულსა მისსა მხარესა” (თეიმურაზ ბატონიშვილი).
კრწანისის შემდეგ, 1796 წელს, ერეკლემ დავით და ერეკლე ბატონიშვილები განჯის მმართველის ჯავად-ხანის წინააღმდეგ გაგზავნა, რომელმაც დიდი სამსახური გაუწია აღა მაჰმად-ხანს საქართველოში ლაშქრობის დროს. ქართულმა ჯარმა ბატონიშვილების მეთაურობით განჯა აიღო, რის შედეგად განჯა ისევ საქართველოს მოხარკე გახდა. ამავე დროს სამშობლოში დააბრუნეს 1000 დატყვევებული ქართველი და სომეხი.
ამ წლებში იგი ემზადებოდა ფართო მასშტაბის სახელმწიფო მოღვაწეობისთვის. იგი ეკუთვნოდა ქართველ პოლიტიკოსთა იმ დასს, რომელსაც აუცილებლად მიაჩნდა ქვეყნის ევროპულ ყაიდაზე გარდაქმნა. 1798 წელს მან თავის ძმასთან, იოანე ბატონიშვილთან ერთად აღწერა კახეთი და სომხეთი.
გიორგი XII-ს გამეფებიდან ახლო ხანებშივე იმპერატორმა პავლემ გიოგრგის თხოვნის თანახმად, “უბოძა ტახტი, გვირგვინი, სკიპტრა, ხმალი, დროშა...ხოლო პირმშოსა ძესა მეფის გიორგისასა დავიტს უბოძა მემკვიდრეობა საქართველოისა მამის შემდგომად...”(ბაგრატ ბატონიშვილი). გიორგი XII-ის გარდაცვალების (1800 წ.) შემდეგ ქართლ-კახეთის სამეფოს ტახტს ერთმანეთს ეცილებოდნენ ერეკლეს შვილები და შვილიშვილები. ამ არეულობის შექმნაში არამცირედი როლი შეასრულა ერეკლე II-ის ანდერძმა, რომლის თანხმადაც გიორგი XII-ის შემდგომ მეფობა უნდა გადაცემოდა გიორგის ძმებს, მაშინ, როდესაც დავით ბატონიშვილი უკვე დამტკიცებული იყო ტახტის მემკვიდრედ. მამის გარდაცვალების შემდეგ დავით ბატონიშვილმა თავად გამოაცხადა თავი ტახტის მემკვიდრედ, მაგრამ ტახტის პრეტენდენტები არ აღიარებდნენ დავითის მმართველობას და თავიანთ მომხრეებს ქვეყნისათვის უკიდურესად საზიანო პოლიტიკურ დაპირისპირებაში ითრევდნენ.
დავით ბატონიშვილის მოწინააღმდეგე ბანაკს დარეჯან დედოფალი მეთაურობდა. 1801 წლის მაიში იმპერატორის დავალებით საქართველოში ჩამოვიდა გენერალი კნორინგი, რომელსაც ნაბრძანები ჰქონდა შექმნილი მდგომარეობის ადგილზე შესწავლა და ბატონიშვილების რუსეთში გაწვევისათვის ნიადაგის შემზადება. დავით ბტონიშვილმა წერილობით მიმართა კნორინგს და შეახსენა გიორგი მეფის სურვილი, რომ ტახტის მემკვიდრეობა მას გადასცემოდა. კნორინგმა უყურადღებოდ დატოვა დავითის თხოვნა, შემდეგ კი დავითის მიერ გამოცემული დადგენილებები უკანონოდ ცნო და გააუქმა. იმავე წელს რუსეთის მთავრობამ დავითი საქართველოს რეგენტად დაამტკიცა, მაგრამ ფაქტობრივად მას ყველა უფლება ჩამოართვა.
დავით ბატონიშვილს სამეფოს უფლებების აღდგენაში ხელს უშლიდა როგორც შიდა დინასტიური ბრძოლა, ისე რუსეთის ხელისუფლება. მისი გატაცება საფრანგეთთის რევოლუციით და რეფორმისტული განწყობილებები რუსი მოხელეების თვალში დავითს არასაიმედო პირის რეპუტაციას უქმნიდა. 1803 წლის 23 თებერვალს დავითი, ბაგრატიონთა ოჯახის სხვა წევრებთან ერთად პეტერბურგში გადაასახლეს.
საკუთარი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებას ჩამოშორებული დავით ბატონიშვილი რუსეთში სამეცნიერო და ლიტერატურულ საქმიანობას აგრძელებდა. ქართულად უთარგმნია მას მონტესკიეს “კანონთა სული”, რომელსაც დაურთო საკუთარი კომენტარები. ჱდიდად მნიშვნელოვანია მისი მოღვაწეობა სამართლის დარგში. ჯერ კიდევ საქართველოში ყოფნისას, 1800 წელს, დავითმა ჩაატარა ქართული სამართლის კოდიფიკაცია _ შეადგინა კრებული, სახელწოდებით ,,სამართალი ბატონიშვილისა დავითისა”, რომელსაც ფრანგი ენციკლოპედისტების გავლენა ემჩნევა. ბაგრატ ბატონიშვილთან ერთად დავით ბატონიშვილმა დაწერა ისტოორიული ნაშრომი _ “ნამდვილი ისტორია, ანუ მოთხრობა ახალი”, რომელშიც XVIII საუკუნის მეორე ნახევრის ქართლ-კახეთის პოლიტიკური მოვლენებია ასახული (გამოიცა 1814 წელს).
დავით ბატონიშვილის კალამს ეკუთვნის მხატვრული ნაწარმოები ,,ახალი შიხი”, _ ეს არის ვოლტერისა და რუსოს “ბუნებითი სჯულის” ზეგავლენით შექმნილი ქალ-ვაჟის სასიყვარულო მიმოწერა. დავით ბატონიშვილი ლექსებსაც წერდა _ მისი ლირიკის მთავრი თემა სოფლის სამდურავი და სიყვარულია. ამავე დროს წერდა სატირულ ლექსებსაც, რომლებშიც კიცხავდა მეფის მოხეელებს. ბატონიშვილის სამეციერო ინტერესების სფეროში შედიოდა ლექსიკოგრაფია. სულხან საბა ორბელიანის ,,სიტყვის კონა“ მან შეავსო ახალი მასალით _ დაუმატა სიტყვები რუსული, სომხური და თურქული შესატყვისებით და განმარტებებით. ბატონიშვილს საბუნებისმეტყველო მეცნიერებანიც შეუსწავლია. 1818 წელს მან დაასრულა “შემოკლებული ფისიკა” და საქართველოში გამოგზავნა გასამრავლებლად.
რუსეთში გადასახლების შემდეგ დავითი დაინიშნა რუსეთის მმართებელი სენატის წევრად, უბოძეს გენერალ-ლეიტენანტობა.
დავით ბატონიშვილი თავმჯდომარეობდა კომიტეტს, რომელსაც ვახტანგ VI-ის სამართლის რუსული თარგმანის განხილვა და რედაქცია ევალებოდა. მასვე ეკუთვნის რუსულ ენაზე დაწერელი ,,საქართველოს სამართლისა და კანონთმცოდნეობის მიმოხილვა” (1811-1816წწ.)
დავით ბატონიშვილი 1819 წლის 13 მაისს გარდაიცვალა პეტერბურგში.
წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა:
1. კ. კეკელიძე, ქართული ლიტერატურის ისტორია. ტII, (XII-XVIIIს), თბ. 1966
2. ალ. ბარამიძე, ,,ნარკვევი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან”, ტ II, თბ. 1952
3. ,სამართალი ბატონიშვილისა დავითისა, გამოსცა დ. ფურცრლაძემ, 1964.
4. დავით ბატონიშვილის ახალი ისტორია, ბაგრატ ბატონიშვილის ახალი მოთხრობა, თ. ლომაური, თბ.1941
5. თეიმურაზ ბაგრატიონი, დავით ბაგრატიონის ისტორია, თბ. 1972.
6. სამართალი ბატონიშვილისა დავითისა, დ. ფურცელაძე თბ. 1964.
7. პლატონ იოსელიანი, ცხოვრება გიორგი მეცამეტისა, ა. გაწერელიას რედაქციით, თბ. 1936.
8. Lლ.ქუთათელაძე, დავით და იოანე ბატონიშვილიების ლექსიკროგრაფიული ნაშრომები, 1967.
9. დავით ბაგრატიონი, საქართველოს სამართლისა და კანონმცოდნეობის მიმოხილვა, ა. როგავას რედაქციით და გამოკვლევით. თბ 1959.
10. მ. გონიკაშვილი, ბაგრატიონთა დასახლება და მოღვაწეობა რუსეთში, თბილისი,1986.
მოამზადა ანა ბაქრაძემ