შოთა რუსთაველი, XII ს.
თამარის ეპოქის მოღვაწე, პოეტი, “ვეფხისტყაოსნის” ავტორი
“ვეფხისტყაოსანი” შუასაუკუნეების საქართველოს ეროვნული და კულტურული მონაპოვარია, რომელშიც დიდი მხატვრული ოსტატობითაა ასახული კლასიკური ხანისათვის დამახასიათებელი ჰუმანიზმი, აზრისა და გრძნობათა სილაღე, სამყაროს ფართო ხედვა, თავისუფალი და ღირსებებით შემკული ადამიანების საზოგადოება. ეს ზოგადკულტურული ფენომენია, რომელიც შეიქმნა ეროვნული კულტურის აღმავლობის პერიოდში, “სხვადასხვა ეპოქებიდან და სხვადასხვა მხრიდან მომდინარე კულტურულ მიმდინარეობასთან ... ჭიდილში” (გ. წერეთელი). რუსთაველის პოემა ეფუძნება ქრისტიანულ მწერლობას, მდიდარ ლიტერატურულ-ფოლკლორულ ტრადიციებს, ბიზანტიურ და მუსლიმურ ცივილიზაციათა მონაპოვარს..
პოემის პრობლემატიკა უაღრესად რთული და მრავალმხრივია. იგი მოიცავს ავტორის, სიუჟეტის, ტექსტის, მსოფლმხედველობის, პოეტიკის და სხვა საკითხებს. არსებობს მდიდარი სამეცნიერო ლიტერატურა თითოეული ამ საკითხის ირგვლივ ქართულ და უცხო ენებზე.
“ვეფხისტყაოსნის” ავტორის შესახებ ინფორმაცია ძალზე მწირია. ეს არის პოემაში მოტანილი ცნობები და XVII-XVIII სს.-ის ქართული მწერლობის ტრადიცია.
პოემის პროლოგსა და ეპილოგში ავტორად რუსთაველია მოხსენიებული:
“დავჯე, რუსთველმან გავლექსე . . .”, “მე, რუსთველი, ხელობითა . . .”, “ვწერ ვინმე მესხი მელექსე მე რუსთველისად ამისა.”
“ვეფხისტყაოსნის” ავტორად რუსთაველი დასახელებულია სერაპიონ სოგრატის ძე საბაშვილის (“როსტომიანი”, XVIს.), დავით კახთა მეფის (“ქილილა და დამანა”, XVII ს.-ის დასაწყისი) ნაწარმოებებში, “იოსებზილიხანიანის” უცნობ ავტორთან (XVIIს.). რუსთაველი შოთად პირველად თეიმურაზ I-ის მიერ გადმოკეთებულ “იოსებზილიხანიანშია” მოხსენიებული. “ვეფხისტყაოსნის” ავტორად ხალხური ტრადიციაც შოთა რუსთაველს/რუსთველს მიიჩნევს., რომელიც მესხეთიდან იყო წარმოშობით.
შოთა რუსთაველის პორტრეტი გამოსახულია იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ერთ-ერთ სვეტზე მაქსიმე აღმსარებელთან და იოანე დამასკელთან ერთად. გამოსახულებას აქვს წარწერაც: “ამის დამხატავსა შოთაÁ[ს] შეუნდოს ღმერთმა, ამინ. რუსთველი”. ფრესკა უნდა შესრულებულიყო შოთას სიცოცხლეში. განაახლეს იგი XIV ს.-ში, მონასტრის “მეორედ შენებისას”. ცნობილი მოგზაური და საეკლესიო მოღვაწე ტიმოთე გაბაშვილი, რომელმაც მოინახულა ჯვრის მონასტერი 1757-1758წწ.-ში, წერს: “გუმბათის ქვეით სვეტი გაუახლებია და დაუხატვინებია შოთას რუსთველს, მეჭურჭლეთუხუცესს, თვითონაც შიგ ხატია მოხუცებული”. დამკვიდრებული ტრადიციით შოთა მეჭურჭლეთუხუცესი, რომლის სახელიც შეტანილია მონასტრის სააღაპე წიგნში (XIIს-ის დამლევი-XIIIს.-ის დამდეგი), თამარის კარის ვეზირი შოთა რუსთაველია. იგი ხანდაზმულობისას დამკვიდრებულა ჯვრის მონასტერში და მონაწილეობა მიუღია მონასტრის მხატვრობის განახლებაში (ე. მეტრეველი).
პოემის დაწერის თარიღად XII საუკუნე, თამარის ზეობის ხანაა მიჩნეული. ამ პერიოდის ადრეული ხელნაწერები არ მოგვეპოვება. “ვეფხისტყაოსნის” ასზე მეტი ხელნაწერიდან (XVI –XIX სს.) უმეტესობა XVII საუკუნისაა. მათგან ზოგიერთი გამორჩეულია თავისი შემკულობითა და მხატვრობით (იხ. შენიშვნა)
“ვეფხისტყაოსნის” პროლოგში რუსთაველი წერს:
“ესე ამბავი სპარსული, ქართულად ნათარგმანები,
ვით მარგალიტი ობოლი, ხელის-ხელ საგოგმანები,
ვპოვე და ლექსად გარდავთქვი, საქმე ვქმენ საჭოჭმანები”.
მითითებული სტროფის საფუძველზე მეცნიერთა ნაწილი პოემის ფაბულურ ამბავს უშუალოდ სპარსულ წყაროებს უკავშირებდა, თუმცა ასეთი წყარო ვერ მოიძებნა. ნაწარმოების სიუჟეტური ქარგა, ვეფხის ტყავით შემოსილი მოყმის გახელებული სიყვარული, ინდო-არაბთა ამბავი, ჯადოსნობისა და ქაჯთა ზღაპარი მსოფლიო ფოლკლორსა და ლიტერატურაში ცნობილ მოარულ სიუჟეტებს უკავშირდება; ამასთან, მათ სიმბოლურ-ალეგორიული დატვირთვა აქვს, რასი გახსნაც, ძირითადად, ისტორიულ-ნაციონალური ინტერპრეტაციის საფუძველზეა შესაძლებელი.
რუსთაველის მსოფლმხედველობის კვლევა უკავშირდება როგორც თავად ავტორის ფართო ხედვისა და ერუდიციის საკითხებს, მისი საკუთარი ფილოსოფიის რაობასა და ხასიათს, ასევე პოეტის თანამედროვე ეპოქის ზოგადმსოფლმხედველობრივი სისტემების კვალის ძიებას. როგორც აღნიშნულია სამეცნიერო ლიტერატურაში, რუსთაველი თავისი თხზულების მთელ ფსიქოლოგიურ, ეთიკურ პრობლემატიკას, პოემის ძირითად შინაარსსაც ფილოსოფიური პრობლემატიკის კონტექსტში ხედავს. მის წყაროთა შორის უპირველესად ქრისტიანული ნეოპლატონიზმის ფსევდო-დიონისე არეოპაგელისეულ ნააზრევს ასახელებენ (ნ. ნათაძე)
განსაკუთრებული სიღრმით, ლირიზმითა და ემოციური დატვირთვით გამოირჩევა “ვეფხისტყაოსნის” გმირების (ნესტანის, ავტანდილის) წერილები, სადაც მაღალი პოეტური სიტყვითაა ფადმოცემულია ფაქიზი და ამაღლებული განცდები, სამყაროს ფართო ხედვა და ფილოსოფიური განსჯა, ჰუმანისტური და პატრიოტული სენტენციები.
საერთოდ, პოემა სიყვარულისა და მეგობრობის იდეურ-სიუჟეტურ მოტივებზეა აგებული. ნაწარმოების გმირები თავდადებული მეგობრები და უზადო მიჯნურები არიან. ისინი თავის თავში ატარებენ სიყვარულისა და ერთგულების, რაინდული მეგობრობისა და თავგანწირვის უნარს. მძაფრი დრამატიზმით აღსავსე ეპიზოდები ავლენს გმირთა დიდ სულიერ ძალას, გამძლეობასა და “ჭირთა შიგან გამაგრებას”.
პოემაში ორგანულად ერწყმის ერთმანეთს სადევგმირო ეპოსისა და სარაინდო-სამიჯნური რომანის, რომანტიკული პოემის ელემენტები. ველად გაჭრილი გახელებული ტარიელის ამბავი დიდ მსგავსებას იჩენს ნიზამის პოემით ცნობილ მაჯნუნის თავგადასავალთან. საერთოდ, აღმოსავლური პოეზიის, სპარსული პოეტიკის გარკვეული გავლენა პოემაში საგრძნობია როგორც მხატვრულ-სახეობრივი, ისე ჟანრობრივი თვალსაზრისით, თუმცა მისი შინაგანი სტრუქტურა ქართულ ტრადიციებს და მსოფლშეგრძნებას ეფუძნება.
პოემის მსოფლმხედველობის ქვაკუთხედი მაღალი ჰუმანიზმია. მისი რენესანსული სულისკვეთებით გამსჭვალული გმირები თავისუფალი, სრულყოფილი ადამიანები არიან. საერთოდ, ნაწარმოების მთავარი თემა ადამიანი, მისი ბედი, მისი ცხოვრებაა (შ. ნუცუბიძე).
როგორ საზოგადოებაში ცხოვრობენ რუსთაველის გმირები?
პოემის სიუჟეტი აღმოსავლურ გარემოში, დიდ სივრცეებზე - ინდოეთში, არაბეთში, სპარსეთსა (ხვარაზმი) და ჩინეთში (ხატაეთი) იშლება, თუმცა ნაწარმოებში ქართული ცხოვრების სახეობრივი აღწერაა მოცემული, რომელსაც არაფერი აქვს საერთო აღმოსავლურ-მუსლიმურ სტილთან. იგი აგებულია პატრონყმობის სოციალური ინსტიტუტის სქემაზე. პოემაში დამოწმებულია ასეთი ურთიერთობის რამდენიმე რგოლი – მეფე როსტევანი და მისი ყმა ავთანდილი, ავთანდილის ყმა შერმადინი და ა.შ. პოემის რაინდები თავისი ყმა-მამულის შეუვალი ბატონ-პატრონები და ამავე დროს მეფის, სიუზერენის უერთგულესი ქვეშევრდომები არიან. ნაწარმოებში განვითარებულია ერთმეფობის, გაერთიანებული მმართველობის პრინციპი. ეს ცენტრალურ-მონარქიული, ვასალური სამეფოებისაგან შედგენილი, მაღალზნეობრივი და კულტურულად მოწინავე ქვეყანაა.
“ვეფხისტყაოსნის” ავტორი ფლობს შუასაუკუნეების “კომპლექსურ”, ენციკლოპედიურ ცოდნას “უთვალავი ფერით მოსილი” ქვეყნისა და “ზეშთა სოფელის” შესახებ. მზისა და მნათობთა ასტროლოგიური გააზრება პოემაში, მათი წრებრუნვა და ადამიანთა ცხოვრებასთან უშუალო მიმართება, რომელიც ეფუძნება აღმოსავლური და დასავლური ცივილიზაციების უძველეს წარმოდგენებს, ნაწარმოებში მრავალპლანიან სიმბოლურ-ალეგორიულ სახეებს ქმნის. ამასთანავე, ავტორი წარმოგვიდგენს სამყაროს აგებულების იმ დროისათვის უაღრესად პროგრესულ გეო - ჰელიოცენტრულ მოდელს, რომელიც შექმნა ტიხო დე ბრაჰემ XVII ს.-ში პტოლომეს გეოცენტრული და კოპერნიკის ჰელიოცენტრული სისტემების გაერთიანების საფუძველზე (გ. თევზაძე).
რუსთაველის მხატვრული ენა კლასიკური ეპოქის მდიდარ არსენალს – ორიგინალურ და ქართულ მწერლობაში დამკვიდრებულ ტროპულ სახეებს (ნათლის ტროპიკა, ასტრალური შედარებები, ვარდ-ყვავილებისა და ძვირფასი ქვების მშვენებაზე აგებული მეტაფორები, ფართო ჰიპერბოლიზაცია) ეყრდნობა. ეს სრულყოფილი ფორმებია, როგორც ის ჰარმონიული სამყარო, რომელსაც პოეტი გვიხატავს (ს. ცაიშვილი).
“ვეფხისტყაოსნის” პოეტური მეტყველება დიდწილად ფერით ხატვა, ფერით მეტყველებაა. რუსთაველის ფერითი სიმბოლიზმი მრავალგვარია – რელიგიურ ფერთა, სახელმწიფოებრივ და პოლიტიკურ-სოციალურ ფერთა, ეროვნულ ფერთა ესთეტიკა. ტექსტში ვხვდებით ნაირფერ დროშებს, მაღალი წოდების თეთრ-წითელ-შავ ფერებს, სხვადასხვა წოდების სამოსელის ფერებს... პოემში სილამაზე ხშირად ფერითაა წარმოსახული, გმირების სულის მოძრაობასაც ფერი ახლავს (ვ. ნოზაძე). მაგალითად, ლურჯი და მწვანე ფერების პალიტრა ასე წარმოგვიდგენს ავთანდილის განწყობას:
“ მუნ შიგან მყოფსა ემოსა ტანსა ლურჯი და მწვანები,
ავთანდილისთვის ყველაი ცრემლითა არს ნაბანები”.
რუსთაველის სიტყვათშემოქმედების ტალანტი განსაკუთრებით ძლიერად მის ბგერწერასა და ალიტერაციაში ვლინდება. მხატვრულ ეფექტს აძლიერებს რიტმისა და რითმის ცვალებადობა, დაბალი და მაღალი 16-მარცვლოვანი შაირის მონაცვლეობა.
აღორძინების ხანაში “სიბრძნითა სავსე რუსთველი” იქცა იმ უცილობელ ავტორიტეტად, რომლის მიბაძვა ითვლებოდა არა მარტო მაღალი რანგის მწერლობად, არამედ ეროვნული თვითმყოფადობისა და პატრიოტიზმის გამოვლინებადაც. XV-XVIII სს.-ებში შეიქმნა პოემის გაგრძელებათა მთელი ციკლი, რომელთა შორის აღსანიშნავია “ომანიანი” და “მიჯნურთა ბადე”. XVI ს-ში წარმოიშვა სპეციალური ჟანრი ”რუსთველთან გაბაასებისა”, სადაც შემდგომი დროის პოეტები ფასდებოდნენ რუსთაველთან, პოეტური ნიჭისა და შემძლეობის მიუღწეველ საფეხურთან, შედარების საფუძველზე. “ვეფხისტყაოსნის” შემდეგ ეპიკურ-გმირული და ეპიკურ-რომანტიკული ჟანრისათვის ქართულ ლიტერატურაში დაკანონდა რუსთველური შაირის ფორმა.
“ვეფხისტყაოსნის” პირველ კრიტიკულ გამოცემად მიჩნეულია ვახტანგისეული ბეჭდური გამოცემა (1712წ), რომელმაც სათავე დაუდო ტექსტის მოკლე რედაქციას. ვახტანგს შეუსწავლია XVIIს.-ის ხელნაწერები, ნაწილობრივ გაუწმენდია ტექსტი შემდეგი დროის ჩანართებისაგან, დაურთავს კომენტარები.
ვახტანგის შემდეგ, სამი საუკუნის მანძილზე, შეიქმნა მდიდარი რუსთველოლოგიური სამეცნიერო ლიტერატურა ქართულ და ევროპულ ენებზე. ერთ-ერთი პირველი რუსთველოლოგი იყო თეიმურაზ ბაგრატიონი, რომელმაც 1843 წ.-ს სანკტ-პეტერბურგში გამოაქვეყნა ნაშრომი “განმარტება პოემა ვეფხისტყაოსნისა”, სადაც განავითარა აზრი პოემის ორიგინალობის შესახებ, დააყენა ავტორის ჰერეთის რუსთავიდან წარმოშობის საკითხი, განიხილა რუსთველური ლექსის ვერსიფიკაციის პრობლემა. ნაშრომში მოცემულია აგრეთვე არქაული და იშვიათი სიტყვების განმარტებები, პოეტური სახეებისა და მეტაფორების ვრცელი დოკუმენტური ლექსიკონი.
მას შემდეგ შეიქმნა არაერთი სამეცნიერო ნაშრომი პოემისა და მისი ავტორის, იდერ-მხატვრული და სხვა საკითხების შესახებ.
ქართულ ენაზე მოგვეპოვება “ვეფხისტყაოსნის” რამდენიმე ათეული გამოცემა. განსაკუთრებული წვლილი პოემის ტექსტის მეცნიერული შესწავლისა და გამართვის საქმეში მიუძღვის “ვეფხისტყაოსნის” ტექსტის დამდგენ კომისიას, რომლმაც გამოაქვეყნა პოემის ტექსტის არაერთი შენიშვნა-შესწორება, გამოსცა კრიტიკულად დადგენილი ტექსტი.
“ვეფხისტყაოსანი” მსოფლიო კულტურის აღიარებული შედევრია. იგი ბევრ ენაზე ითარგმნა – ინგლისურ, რუსულ, ფრანგულ, უნგრულ, იაპონურ და სხვა ენებზე.
შენიშვნები:
“ვეფხისტყაოსნის” ნუსხა HH-54 1680 წელსაა გადაწერილი. იგი გიორგი XI-ის დაკვეთითაა შესრულებული. ®გადამწერია მდივანი ბეგთაბეგი. ხელნაწერი გამოირჩევა თავისი შემკულობით – ტექსტი თითოეულ გვერდზე ჩასმულია ჩარჩოში, ხოლო კიდეები ორნამენტითაა მოხატული.
“ვეფხისტყაოსანის” ცნობილი “წერეთლისეული” ნუსხა შ-5006 წარმოადგენს ვახტანგ VI-ის გამოცემისა და XVIIს.-ის რომელიღაც ხელნაწერის პირს. იგი ორი ოსტატის მიერაა დასურათებული; ერთი რიგის მინიატურები მთლიანად ირანული გავლენითაა შესრულებული და ისფაჰანური სამინიატურო მხატვრობის სფეროშია მოქცეული; მეორე ტიპის მინიატურებსი ჩანს ეროვნული ტენდენცია.
ქართული ეროვნული შემოქმედების ნიმუშადაა მიჩნეული “ვეფხისტყაოსნის” თავაქარაშვილისეული ნუსხის (HH-599) მოხატულობა. ხელნაწერი გადაწერილია და მოხატული სამეგრელოში, ლევან II დადიანის კარზე მისი მდივნის, მამუკა თავაქარაშვილის მიერ 1646 წ.-ს.
წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა:
1. შოთა რუსთაველი, “ვეფხისტყაოსანი”, ქართული ლიტერატურის ინსტიტუტისა და “ვეფხისტყაოსნის” ტექსტის დამდგენი კომისიის გამოცემა, თბილისი, 1988
2. ვეფხის ტყაოსანი, პირველი ბეჭდური გამოცემა, აღდგენილი ა. შანიძის მიერ, თბილისი, 1975
3. ტიმოთე გაბაშვილი, “მიმოსლვა”, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, ლექსიკონი და საძიებლები დაურთო ე. მეტრეველმა, თბილისი, 1956
4. თეიმურაზ ბაგრატიონი, “განმარტება პოემა “ვეფხისტყაოსნისა”, თბილისი, 1960
5. ე. მეტრეველი,
6. გაიოზ იმედაშვილი, რუსთველოლოგიური ლიტერატურა, თბილისი, 1957
7. შალვა ნუცუბიძე, რუსთაველის შემოქმედება, თბილისი, 1958 (რუს. ენაზე)
8. გიორგი თევზაძე, რუსთაველის კოსმოლოგია, თბილისი, 1984
9. მ. ჩიქოვანი, ხალხური “ვეფხისტყაოსანი”, თბილისი, 1937
10. ნ. მარი, წერილი “ვეფხისტყაოსნის გამო, გაზ. თეატრი, 1890, №12”
11. ნ. ნათაძე, “ვეფხისტყაოსნის” ფილოსოფიური მოტივები, თბილისი, 1985
12. მ. გოგიბერიძე, რუსთაველი, პეტრიწი, პრელუდიები, 1961
13. ი. ხუსკივაძე, ქართული საერო მონიატურა, თბილისი, 1976
14. კ. კეკელიძე, ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. II, თბილისი, 1981
15. ალ. ბარამიძე, “ვეფხისტყაოსანი”, ქართული ლიტერატურის ისტორია, რუსთაველის სახ. ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის გამოცემა, II, თბილისი, 1966
16. ვიკტორ ნოზაძე, “ვეფხისტყაოსნის” ვარსკვლავთმეტყველება, შანტიაგო დე ჩილე, 1957
17. ვიკტორ ნოზაძე, “ვეფხისტყაოსნის” ფერთა მეტყველება, Bბუენოს აირესი, 1953
18. ს. ცაიშვილი, შოთა რუსთაველი და მისი პოემა, ქართული მწერლობა, ტ. IV, თბილისი, 1988
19. რუსთველოლოგია (ეძღვნება ს. ცაიშვილის 75-ე წლისთავს), თბილისი, 2004
მოამზადა თამარ აბულაძემ