დავით კვინიხაძე
პოლიტიკური მოღვაწე, დიპლომატი, მდივანბეგი იმერეთის მეფეების: სოლომონ I-ისა და დავით გიორგის ძის კარზე.
1768-1774 წლებში რუსეთ-თურქეთის მორიგი ომის დასწყისში სოლომონ პირველმა რუსეთში ელჩობა გაგზავნა მაქსიმე ქუთათელის ხელმძღვანელობით. 1769 წელს რუსეთის ხელისუფლების რჩევით სოლომონ I და ერეკლე II თბილისსში ერთმანეთს ხვდებიან და ოსმალთა წინააღმდეგ მოქმედების საერთო გეგმას ათანხმებენ. ამ დროს გადაწყდა რუსეთში ახალი წარმომადგენლების გაგზავნა. კანდიდატად შერჩეულ იქნა იმერელი თავადი, დავით კვინიხაძე. სოლომონმა მას გაატანა წერილები იმპერატორ ეკატერინე II-სთან და გრაფ პანინთან.
იმპერატორისადმი გაგზავნილ წერილში სოლომონი ითხოვდა, რომ ოდიში, აფხაზეთი და საათაბაგო რუსეთს იმერთა მეფის სამფლობელოდ ჩაეთვალა და მისთვის (სოლომონისათვის) დაემორჩილებინა; გამოეგზავნათ იმერეთში სამთამადნო საქმის სპეციალისტები; გამოეგზავნათ აგრეთვე ექიმი სოლომონის სამკურნალოდ. გარდა წერილებისა, სამეფო კარისათვის ელჩს უნდა მოეხსენებინა გენერალ ტოტლებენის თვითნებობების შესახებაც.
დავით კვინიხაძე რუსეთში გაემგზავრა 1769 წლის მიწურულს. 1770 წელს კვინიხაძე ყიზლარშია და ყიზლარის კომენდანტს დაწვრილებით აცნობს თავისი ელჩობის მიზანს, უამბობს სოლომონის წარმატებულ ბრძოლაზე მის მოწინააღმდეგებთან _ თურქების მოკავშირე დადიანთან და რაჭის ერისთავთან, ლეკ-ოსმალთა გაერთიანებულ ლაშქართან.
ამავე დროს კვინხაძემ, რათა დაერწმუნებინა რუსეთის მთავრობა, რომ თვით ოსმალებს სოლომონი ანაგარიშგასაწევ ძალად მიჩნდათ, ყიზლარის კომენდატს გადასცა სულთნის მიერ სოლომონისადმი გამოგზავნილი ფირმანები და ქუთაისის თურქი ციხისთავის წერილი ახალციხის ფაშისადმი, მაგრამ კომენდანტთან სიტყვა არ დაუძრავს ტოტლებენზე.
ყიზლარიდან კვინიხაძე დაბრკოლებების გარეშე გაამგზავრეს პეტერბურგში. 1771 წელს რუსეთის მთავრობამ იმერეთის ელჩს გადასცა ბრძანება, რომელშიც ეწერა, რომ გენერალ ტოტლებენს რუსეთის უზენაესი ხელისუფლება უკან იწვევდა, მის ნაცვლად კი გენერალ-მაიორ სუხოტინს გზავნიდა. კვინიხაძეს დაევალა მოეხსენებინა სოლომონ მეფისათვის, რომ რუსეთსა და თურქეთს შორის მომავალი ზავის დროს იმერეთის საკითხის დაყენება დამოკიდებული იქნებოდა იმერეთის მეფის აქტიურ მოქმედებებზე. ოდიშის საკითხში რუსეთი სოლომონს მხარს არ უჭერდა, მაგრამ დათანხმდა სოლომონისათვის მკურნალი ექიმის გამოგზავნაზე.
პეტერბურგიდან დავით კვინიხაძე 1771 წლის იანვრის ბოლოს გამოემგზავრა. მისი ელჩობის მთავარი დადებითი შედეგი მაინც ტოტლებენის გაწვევა და მისი შემცვლელის გამოგზავნა იყო. სუხოტინის კორპუსი საქართველოში 1772 წლის მაისამდე დარჩა. 1774 წელს დასრულდა რუსეთ-თურქეთის ომი. ამავე წლის 10 ივლისს მხარეებმა ქუჩუკ-კაინარჯში გააფორმეს საზავო ხელშეკრულება, რომლის 23-ე პუნქტი შეეხებოდა იმერეთს. ეს ქვეყანა კვლავ თურქეთის ქვეშევრდომად ცხადდებოდა, მაგრამ თურქეთს ევალებოდა უარი ეთქვა იმერეთიდან ტყვეების მოთხოვნაზე.
სანამ სოლომონისათვის ქუჩუკ-კაინარჯის ზავის შედეგები ცნობილი გახდებოდა, 1774 წლის ნოემბერში მან საგანგებო დავალებით იმპერატორის კარზე კვლავ გაგზავნა დავით კვინიხაძე. სოლომონი მოითხოვდა, რომ რუსეთ-თურქეთის ზავს იმერეთისათვის რეალური შედეგი მოეტანა – ოსმალთა ბატონობა იმერეთში უნდა დასრულებულიყო. სამაგიეროდ სოლომონი მზად იყო მიეღო რუსეთის ქვეშევრდომობა; სოლომონი გამოთქვამდა სურვილს, პირადად შეხვედროდა იმპერატორს და ასაბუთებდა იმერეთის სამეფო კარზე რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის გამოგზავნის აუცილებლობას.
დავით კვინიხაძე ამალის თანხლებით ასტრახანში ჩავიდა და ასტრახანის კომენდანტს გადასცა სოლომონ მეფის წერილები. ასტრახანის კომენდანტმა, რომელსაც კარგად ახსოვდა, როგორ ცხოველ ინტერესს იჩენდა რუსეთის მთავრობა რუსეთ-თურქეთის ომის დასწყისში იმერეთის ელჩებისადმი, დავით კვინიხაძე ამჯერადაც დაუბრკოლებლივ გაისტუმრა პეტერბურგისკენ. მოგვიანებით კომენდანტი საყვედურს იღებს უმაღლესი ხელისუფლებისაგან იმერეთის ელჩის პეტერბურგში გაგზავნის გამო. ამით რუსეთმა უჩვენა, რომ თურქეთთან ომის დასრულების შემდეგ იმერეთის სამეფომ რუსეთისათვის მნიშვნელობა დაკარგა.
მაგრამ კვინიხაძის ელჩობა უკვე გზას ადგა და 1775 წლის მარტში მოსკოვში ჩავიდა, სადაც იმ დროს რუსეთის უმაღლესი ხელისუფლება იმყოფებოდა. აქ გადასცა დავით კვინიხაძემ ეკატერინე II-ს და გრაფ პანინს სოლომონის წერილები. იმავე წლის ოქტომბერში დავით კვინიხაძემ მიიღო იმპერატორის პასუხი სოლომონისადმი. იმპერატორი აცნობებდა სოლომონ მეფეს, რომ მას, როგორც ჩანს, პეტერბურგში ელჩის გამოგზავნის დროისათვის ჯერ არ ჰქონდა მიღებული იმპერატორის 1774 წლის 5 სექტემბრის სიგელი, რომელშიც მას (სოლომონს) ატყობინებდა რუსეთ-თურქეთის ზავის შედეგებს. გრაფი პანინიც თავის წერილში დიპლომატიურ ენაზე გამოხატავდა მადლიერებას იმპერატორისადმი სოლომონის ერთგულების გამო და ამავე დროს ურჩევდა იმერეთის მეფეს ხელი შეეწყო ოსმალეთთან მიღწეული საზავო პირობების დაცვისათვის. რაც შეეხება სოლომონის თხოვნას იმერეთის მიღების თაობაზე რუსეთის ქვეშევრდომობაში, ამაზე, როგორც სრულიად უსარგებლო იდეაზე, სოლომონს უარი ეთქვა.
დავით კვინიხაძის მეორე ელჩობა (1774-1775) უშედეგოდ დასრულდა. ამის მიუხადავად, სოლომონმა რუსეთის დახმარების გარეშე მოახერხა თურქების გარეკვა იმერეთიდან.
სოლომონ I-ის გარდაცვალების (1784 წ.) შემდეგ დავით კვინიხაძეს კათალიკოს მაქსიმე აბაშიძესთან და ზურაბ წერეთელთან ერთად რუსეთში ელჩად აგზავნის უკვე ახლად გამეფებული დავით გიორგის ძე. იმერეთის მეფე რუსეთის ხელისუფლებას ელჩების პირით სთხოვდა: დაემტკიცებინათ იგი (დავითი) იმერეთის მეფედ; მიეღოთ იმერეთი მიღებას რუსეთის მფარველობაში იმავე პირობებით, როგორც ეს იყო ჩამოყალიბებული ქართლ-კახეთთან გაფორმებული ტრაქტატით; გამოეგზავნათ იმერეთში 4 ათასიანი რუსული ნაწილი.
იმერეთიდან წარგზავნილებს აუდიენცია ჰქონდათ ჯერ ვიცე-კანცლერ ოსტერმანთან, შემდეგ ეკატერინე მეორესთან. ელჩებმა იმპერატორს გადსცეს მეფის წერილები და სიტყვიერი დანაბარები. პასუხი ელჩებმა 10 თვის შემდეგ მიიღეს. რუსეთის მთავრობა იმედს გამოთქვამდა, რომ დავი გიორგის ძე ისეთივე ერთგული იქნებოდა რუსეთისა, როგორც მისი წინამორბედი მეფე სოლომონი. რაც შეეხებოდა იმერეთის საქმეებს, მათ მოგვარებას იმპერატორი გენერალ-ფელდმარშალ გრიგოლ პოტიომკინს აბარებდა, რომელიც კავკასიის ხაზზე იმყოფებოდა.
გაწბილებული ელჩები ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ კავკასიის ხაზზე ჩავიდნენ და პოტიომკინს განცხადებით მიმართეს _ წერილობითი პასუხი გაეტანებინა იმერეის მეფესთან, მაგრამ პოტიომკინმა მათ თხოვნას არ უპასუხა. 1786 წლის ბოლოს იმედგაცრუებული ზურაბ წერეთელი და დავით კვინიხაძე სამშობლოში დაბრუნდნენ, ხოლო მაქსიმე ქუთათელი რუსეთში დარჩა. ასე დამთავრდა დავით კვინიხაძის მესამე ელჩობა. ამის შემდეგ მას დიდხანს აღარ უცოცხლია, 1787 წელს ლეკებმა მოკლეს.
წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა:
1. საქართველოს ისტორიის ნარკვევები, IV, თბილისი, 1979.
2. ზ. ცქიტიშვილი, საქართველოს სახელმწიფო მოღვაწენი XVIII ს. II ნახევარი _ XIX ს. დამდეგი, მეცნიერება, 1980.
მოამზადა მზია სურგულაძემ