მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

დავით X

ქართლის მეფე 1505-15025 წლებში, კონსტანტინე II-ის ძე

 

            კონსტანტინე II-ის გარდაცვალების შემდეგ ქართლის ტახტზე ადის მისი უფროსი ვაჟი, დავით X. ამ დროისათვის არათუ ოდესღაც ერთიანი საქართველო იყო დაშლილი სამ სამეფოდ და რამდენიმე სამთავროდ, არამედ ქართლშიც უკვე დასრულებული იყო ქვეყნის საფეოდალო მამულებად (სათავადო) დანაწილების პოლიტიკური პროცესი:  “არღარა იცვალებოდა ერისთავნი, არცა თავადნი, ყოველივე ხევსა და სანახებსა და თემთა და ადგილთა მკვიდრ ქმნილიყვნენ და ვისცა (მეფე) მამულსა მისცემდა, მკვიდრად მიეცემოდა. და ყოველივე ძლიერ იყვნენ: მთავარნი, ერისთავნი და თავადნი” (ბერი ეგნატაშვილი). ძალთა ასეთი გადანაწილება, რა თქმა უნდა, ასუსტებდა ცენტრალურ ხელისუფლებას. მეფის ძალაუფლება მთლიანად თავის ქვეშევრდომ თავადთა კეთილგანწყობაზე აღმოჩნდა დამოკიდებული. ასეთ დროს დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა ნათესაურ კავშირებზე აღმოცენებულ პირად ურთიერთობებს.

            საქართველოს ერთიანობის იდეა კვლავაც ცოცხლობდა ამ ეპოქის პოლიტიკურ მოღვაწეთა ხსოვნაში და არაერთგზის ცდილან  მის აღდგენას, მაგრამ არც საგარეო ვითარება, არც ქვეყნის შიდა პოლიტიკური ტენდენციები ასეთ მცდელობათა გამყარების საშუალებას არ იძლეოდა და ქართულ სამეფოთა შორის ურთიერთქიშპის ატმოსფეროს აღვივებდა

            ერთ-ერთ ასეთ მცდელობას წარმოადგენდა 1509 წელს იმერეთის მეფის ალექსანდრე II-ის ლაშქრობა ქართლში და მისი ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილის, ქალაქ გორის ჩათვლითდაჭერა. ამ დროს იმერეთს ოსმალები შემოესივნენ, ალექსანდრე დასავლეთში გაბრუნდა. დავითმა ეს ტერიტორია უკან დაიბრუნა. ამასობაში ქართლის რბევა წამოიწყო კახეთის უფლისწულმა გიორგიმ. კახეთის მეფე ალექსანდრე I სასტიკად გაუწყრა თავნება შვილს და ქართლზე თავდასხმების შეწყვეყტა მოსთხოვა. მამის მხარეზე იყო მისი უმცროსი ძე დიმიტრიც. გიორგიმ მამა-მეფე ღალატით მოკლა, ძმას თვალები დათხარა და ცოლშვილიანად კახეთიდან გააძევა. (დიმიტრი ქართლს შეეხიზნა, აქ მისმა შთამომავლებმა დასაბამი მისცეს დავითიშვილთა ფეოდალურ საგავრეულოს). მამისმკვლელი გიორგი კახეთში გამეფდა, ხალხმა მას ავ-გიორგი უწოდა. 1511-1513 წლებში ავ-გიორგი ქართლზე განუწყვეტლად აწყობდა ყაჩაღურ თავდასხმებს. ამრიგად, ქართლის სამეფოს დავითის მეფობის დასაწყისში დასავლეთიდან იმერთა მეფე, აღმოსავლეთიდან კახეთი უტევდა. როგორც ჩანს, ასეთი ვითარების შექმნას ხელს უწყობდა დავით მეფის სირბილეც, რაზედაც იუწყება ვახუშტი ბაგრატიონი: “ესე დავით მეფე იყო ლმობიერი, ბრძოლა-შლილობათა და შფოთთა მოძულე და მოყუარე მშვიდობისა”. ავ-გიორგის ალაგმვა თავის თავზე აიღო დავითის ძმამ ბაგრატმა, რის სამაგიეროდ მეფისაგან საუფლისწულოდ მუხრანი და შიდა ქართლის სადროშოს სარდლობა მოითხოვა. დავითი დათანხმდა. ასე შეემატა ქართლს სამუხრანბატონო სათავადობაგრატმა მართლაც დაამარცხა ავ-გიორგი და დაატყვევა. იგი საპატიმროში მოკლეს. ავ-გიორგის პოლიტიკური ასპარეზიდან ჩამოშორებამ თითქოს რეალური გახადა კახეთის შემოერთება. 1513 წელს  დავითმა მართლაც შემოიერთა კახეთიმაგრამ მხოლოდ 1518 წლამდე  მოახერხა მისი შენარჩუნება, რადგან გართულებულმა საგარეო მდგომარეობამ აიძულა დავითი ირანელთა თავდასხმის შეჩერებაზე ეზრუნა.

            1514 წელს დაიწყო ირან-ოსმალეთის ომი, რომელიც მხარეთა ცვალებადი უპირატესობებით და წყვეტილებით 1555 წლამდე გაგრძელდა. საქართველო ირან-ოსმალეთის დაპირისპირების ერთ-ერთი ასპარეზი გახდა. 1518 წელს შაჰ-ისმაილი (1501-1524) ქართლზე წამოვიდა. ქვეყნის აოხრებისაგან გადასარჩენად დავითმა შაჰს თავისი შვილი რამაზი მიუგზავნა და დაზავება სთხოვა. ქართლმა იკისრა ყოველწლიური ხარკი (300 საპალნე აბრეშუმი). ქართლის მეფის ამ გართულებული მდგომარეობით ისარგებლეს კახეთის თავადებმა და ტახტზე ავ-გიორგის ძე, მცირეწლოვანი ლევანი დასვეს. ასევე დაეზავნენ შაჰს ახაკგაზრდა  ლევან კახთა მეფე და სამცხის ათაბაგი ყვარყვარე III.

            1520 წელს დავითი ისევ შეეცადა კახეთის დამორჩილებას და ჯარით შევიდა კახეთში. ლევანი მაღრანის ციხეში ჩაიკეტა. დავითმა მეციხოვნენი  ხანგრძლივი ალყით უკიდურეს გასაჭირში ჩააგდო. ის-ის იყო დანებებას აპირებდნენ, რომ დავითს ცნობა მოუვიდა ამჯერად უკვე ოსმალების შემოსევის შესახებ. მეფე იძულებული გახდა ქართლში გაბრუნებულიყო. დავითის ჯარმა ოსმალები დაამარცხა და ქართლის საზღვრებიდან გადარეკა. დავითი კვლავ შეეცადა კახეთის შემოერთებას, მაგრამ საბოლოოდ, მამია გურიელის (1512-1534) და სამღვდელოების რჩევით, საქმე დაზავებამდე მოვიდა. დავითმა და ლევანმა ერთმანეთს კეთილმეზობლობისა და ურთიერთდახმარების  პირობა მისცეს და საზღვრები დაადგინეს. ამგვარად ქართლ-კახეთის გაერთიანების საქმე ჩაიშალა.

            ქართლიცა და კახეთიც ცდილობდნენ ირანის ვასალობისაგან თავის დაღწევას. 1522 წელს შაჰ-ისმაილი კვლავ წამოვიდა ქართლისაკენ. აღჯაყალაში დაბანაკებულმა შაჰმა დავითს მოციქულები მიუგზავნა და გამაჰმადიანება მოსთხოვა. ამაზე დავითმა მტკიცე უარი შეუთვალა და თან საომრად მოემზადა - გაამაგრა ციხეები, დაიქირავა ჩრდილო კავკასიელი მეომრები.   ლევანმა სიტყვა შეასრულა და ქართლის მეფეს მაშველი ჯარი გამოუგზავნა. სამცხის ათაბაგმაც გაუგზავნა დავითს დამხმარე ძალა.

            შაჰ-ისმაილი უზარმაზარი ჯარით შემოვიდა შუაგულ ქართლში. ბრძოლა გაიმართა თელეთთან. ქართველებმა თავდაპირველად სძლიეს მტერს და გააქციეს, მაგრამ დევნისას მტრის ახალი ნაწილები გამოვიდნენ ჩასაფრებიდან და ზურგიდან დაარტყეს ქართველებს. ეს ბრძოლა ქართველთა დამარცხებით დამთავრდა. შაჰის ჯარი თბილისსში შეიჭრა, ეკლესიები გაძარცვა და ქალაქი გადაწვა. თბილისის ციხეში შაჰმა ყიზილბაშები ჩააყენა და ავლაბრის ხიდთან მეჩეთი ააშენა.

            დავით მეფეს ფარხმალი არ დაუყრია და შიდა ქართლში ჯარის შეგროვებას შეუდგა. 1524 წელს შაჰ-ისმაილი გარდაიცვალა. დავითმა ისარგებლა ირანში დაწყებული არეულობით, წარმატებულად გაილაშქრა თბილისზე და დედაქალაქი დაიბრუნა. ამავე დროს დავითმა აიღო და სამხედრო მოსაზრებებით დაანგრია ქვემო ქართლში შაჰის მიერ აშენებული აღჯაყალის ციხე. ქართლი გათავისუფლდა ირანის ვასალოვისაგან.

            1524 წელს ქართლის სამეფო ოჯახში განხეთქილება მოხდა. დავითს ტახტი ჩამოართვა მისმა ძმამ გიორგიმ (გიორგი IX). დავითი ბერად აღიკვეცა დამიანეს სახელით და თბილისის მონასტერში დაიდო ბინა, სადაც 1526 წელს აღესრულა.

 

 

 

            წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა:

1.         ახალი ქართლის ცხოვრება/ ქართლის ცხოვრება, . ყაუხჩიშვილის გამოცემა, . II, 1959. გვ.348.

2.         ვახუშტი ბაგრატიონი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა/ქართლის ცხოვრება IV, . ყაუხჩიშვილის გამოცემა, თბილისი, 1973.159-160.

3.         ჰასან რუმლუს ცნობები საქართველოს შესახებ, სპარსული ტექსტი ქართული თარგმანითა და შესავლით გამოსცა ვლადიმერ ფუთურიძემ, შენიშვნები დაურთო რევაზ კიკნაძემ, თბილისი, 1966.

4.         ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორის IV, გვ. 218-221,

5.         . გუჩუა, საქართველოს პოლიტიკური ვითარება XV-XVI სს. მიჯნაზე/ საქართველოს ისტორიის ნარკვევები, .IV, 1973, გვ. 94-102.

 

მოამზადა მზია სურგულაძემ