ბაქარ ვახტანგის ძე
ქართლის მეფე 1716-1719 წლებში
ბაქარ ბატონიშვილი, ვახტანგ VI-ის უფროსი ძე, დაიბადა 1699/1700წლის 7 აპრილს. სამეფო ოჯახის წევრთა შორის ბაქარი გამოირჩეოდა თავისი ფხიზელი გონებით და აქტიური საქმიანობით. იგი მამასთან ერთად უშუალოდ მონაწილეობდა ქართლის პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტაში.
1716-1719 წლებში ბაქარი ქართლის ფაქტობრივი მმართველი ხდება. მას ამ დროს რჯული აქვს შეცვლილი და შაჰნავაზ-ხანად იწოდება. მან დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადა ვახტანგ VI-ის მოღალატეებს, განსაკუთრებით რენეგატ იესე მეფეს, რომელმაც ქართლიდან ვახტანგის გაწვევის შემდეგ უკიდურესად პროირანული პოზიცია დაიკავა. მამის ქართლში დაბრუნების შემდეგ, ბატონიშვილი 1722 წელს შაჰის გვარდიის უფროსად ინიშნება.
ვახტანგისა და პეტრეს დიდის საიდუმლო პოლიტიკურ კავშირს ქართლის თავადთა წრეში ბევრი სახიფათოდ თვლიდა. აღსანიშნავია, რომ ბაქარიც მათ შორის ყოფილა. 1723 წლიდან საქართველოში ოსმალობა იწყება. იესე ამჯერად ოსმალებს უცხადებს მხარდაჭერას და ამ მხარდაჭერისთვის ქართლის ტახტს იღჲბს. ხოლო ვახტანგი თავისი ოჯახით და 1200 კაციანი ამალით რუსეთს მიემგზავრება, მასთან ერთად ბაქარ ბატონიშვილიც. ცნობილია, რომ ქართლის თავადობა, რომელთა შორის შანშე ერისთავიც იყო, საშინელი წინააღმდეგი ყოფილა ამ ნაბიჯისა. ისინი მოუწოდებდნენ ვახტანგს, ქართლში მეფის დარჩენა აუცილებელია და შენ თუ არა ბაქარი მაინც დატოვეო. ვახტანგ VI და მისი შვილიც დარწმუნებულები იყვნენ, რომ საქართველო-რუსეთის კავშირი შედეგს გამოიღებდა და ისინი დაბრუნდებოდნენ, მაგრამ სინამდვილეში მოვლენათა განვითარება ბევრად უფრო რთულად წარიმართა _ რუსეთში გადახვეწილებს სამშობლოში დაბრუნება არ ეწერათ.
ვახტანგმა შემდგომი წლები მამის გვერდით, სამშობლოში დაბრუნების მოლოდინში გაატარა. 1729 წლის 17 დეკემბერს ბაქარი გენერლის ჩინით მოსკოვის ოლქში საარტელიო კანტორის უფროსად ინიშნება. 1737 წელს, ვახტანგის გარდაცვალების შემდეგ რუსეთში ისმება საკითხი, ვახტანგის ამალის წევრებს ან უნდა მიეღოთ რუსეთის ქვეშევრდომობა და შესულიყვნენ მის სამსახურში ან დაბრუნებულიყვნენ სამშობლოში. 1738 წელს 87 ქართველი თხოვნას წერს იმპერატორ ანას სახელზე, რომ მიეღოთ რუსეთის სამსახურში, და ემსახურათ ერთად ქართველ ჰუსართა პოლკში. ამავე წელს სენატი ბაქარს სთხოვს წარადგინოს ასეულში ჩარიცხული ქართველების სია.
XVIII საუკუნის 40-იანი წლების დასაწყისში, როდესაც საქართველოში ქართლ-კახეთის გაერთიანების საკითხი დადგა, მოსკოვში მყოფი ქართველები ამ ამბავს აღფრთოვანებით არ შეგებებიან. ისინი თვლიდნენ, რომ ვახტანგის შთამომავალთა ლეგიტიმური უფლებები ირღვეოდა. ამ ერთობის წინააღმდეგი ყოფილა თვით ბაქარ ბატონიშვილიც.
1742-1743 წლებში, ყიზილბობის წინააღმდეგ ქართლში აჯანყება მიმდინარეობდა გივი ამილახვრის მეთაურობით. თეიმურაზ II-მ თავისი მოქნილი დიპლომატიის წყალობით მოახერხა ნადირ-შაჰის ნდობის მოპოვება, რამაც ქართლ-კახეთის მის ხელქვეშ გაერთიანების პერსპექტივა გააჩინა. ამ დროს რუსეთის მთავრობისაგან გამოგზავნილი ბაქარ ბატონიშვილი ყაბარდოში იმყოფებოდა. როცა ქართლში ეს შეიტყვეს, გივი ამილახვარმა და მისმა თანამებრძოლებმა ჩათვალეს, რომ ბაქარი ქართლის ტახტის დაბრუნებას აპირებდა და ამისთვის სამზადისს შეუდგნენ. ბაქარის გასამეფებლად გივი ამილახვარი რუსეთიდანაც ელოდა შემწეობას. აჯანყებულებმა თეიმურაზ II-ს მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს. ამ დროს დიდი წინდახედულება გამოიჩინა ბაქარის დამ _ თეიმურაზის მეუღლემ, თამარ ბაგრატიონმა. მან თავი ქართლის მმართველად გამოაცხადა. მიუხედავად იმისა, რომ მისი მმართველობის დროს თავად მას ქართლის პოლიტიკურ ცხოვრებაზე არანაირი ფაქტობრივი გავლენა არ ჰქონია და გამგეობა ამილახვრების ხელთ იყო, ამ ფაქტს მაინც დიდი ზნეობრივი და იურიდიული მნიშვნელობა ჰქონდა. თამარი ქართლის კანონიერ მეფეთა შთამომავლად ითვლებოდა და მისი ქორწინება კახეთის ტახტის მემკვიდრესთან ნიადაგს ამზადებდა ქართლში თეიმურაზის ლეგიტიმურად ცნობისათვისაც. გივი ამილახვარი ბაქარ ბატონიშვილს ქართლში იწვევდა. ბატონიშვილი, მართალია, ყაბარდოში იმყოფებოდა, მაგრამ ქართლში აღარ გადმოვიდა. საფიქრალია, რომ მან, ჭკვიანმა და გონიერმა კაცმა, შეიგნო მდგომარეობის სირთულე, დარწმუნდა, რომ მისი ქართლში ჩამოსვლით ქვეყანას უფრო მეტ სიავეს მოუტანდა, ვიდრე კეთილდღეობას. ამიტომ იგი მოსკოვში დაბრუნდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ბაქარის საქართველოში დაბრუნების წინააღმდეგი იყო რუსეთის მტავრობა. თავად ბაქარი არ იყო სამხედრო ავანტურების მოყვარული, მას უფრო შემოქმედებითი შრომა და ლიტერატურულ-საგანმანათლებლო საქმიანობა იზიდავდა. ცნობილია ბაქარ ბატონიშვილის დაინტერესაბა ქართული სტამბითა და ქართული წიგნების ბეჭვდით.
ქართული სტამბის დაარსებისათვის ზრუნვა წამოიწყო ჯერ კიდევ მეფე არჩილმა. მოსკოვში ყოფნისას ამსტერდამიდან მან მიიღო ქართული შრიფტი, რომლითაც დაიბეჭდა ქართული დავითნი. ამასობაში თავად საქართველოში სტამბის მოწყობის საქმეს ენერგიულად შეუდგა მაშინ ჯერ კიდებ 28 წლის ვახტანგ ბატონიშვილი. მან ეს საქმე ბოლომდე მიიყვანა, 1709 წელს ქართული სტამბა გაიხსნა. 1714-1716 წლებსი, იესეს მმართველობის დროს, ამ სტამბამ არსებობა შეწყვიტა. 1717 წელს კი იგი ბაქარ ბატონიშვილის თაოსნობით აღდგა და 1724 წლამდე იარსება.
1725 წლის მიწურულს პეტერბურგში რუსეთის მეცნიერებათა აკადემია შეიქმნა, ხოლო 2 წლის შემდეგ მასთან ჩამოყალიბდა გამომცემლობა იმ დროის კვალობაზე მაღალ ტექნიკურ დონეზე აღჭურვული სტამბითურთ. 1737 წელს, ვახტანგის გარდაცვალების შემდეგ, ბაქარ ბატონიშვილი ცდილობს გამოიყენოს რუსეთის ბსტამბა ქართული წიგნების დასაბეჭდად. იგი თხოვნით მიმართავს სინოდს, რათა ნებართვა მიეცათ მეცნიერებათა აკადემიის სტამბაში უსასყიდლოდ დაებეჭდათ ქართული საეკლესიო წიგნები, რომლებსაც ქართული კოლონია ვერ ბეჭდავდა ხელმოკლეობის გამო. თხოვნა შეეხებოდა: დაბადებას, სახარებას, სამოციქულოს, დავითნს, ჟამნს, ლოცვანს, კონდაკს, კუთხევანს, ტიპიკონს, სვინანქსარს, თთვენს, სადღესასწაულოს, პერაკლიტონს, მარხვანს და ზატიკს. (აღსანიშნავია, რომ სინოდთან გაგზავნილ ჩამონათვალში დაბადება არ იყო ნახსენები.) მრავალჯერადი განხილვის შემდეგ სინოდმა ბაქარის თხოვნა გადასცა მინისტრთა კაბინეტს განსახილველად და ნების დასართავად. მინისტრთა კაბინეტმა 1737 წლის 7 ნოემბერს დააკმაყოფილა ბაქარის თხოვნა რამდენიმე შესწორებით (წიგნები დაიბეჭდებოდა არა პეტერბუგში, არამედ მოსკოვში, რადგან 1727 წლის 4 ოქტომბრის ბრძანებულებით საეკლესიო წიგნების ბეჭვდა მარტო მოსკოვში შეიძლებოდა) _ ბაქარს უარი ეთქვა წიგნების უსასყიდლოდ გამოცემაზე. ბატონიშვილი მაინც ფიქრობდა, რომ რუსეთის მთავრობა შეეწეოდა წიგნების ბეჭვდაში და ორი წლის განმავლობაში კიდევ ითხოვდა მისგან დახმარებას. ბოლოს მიხვდა, რომ დახმარების იმედი არ უნდა ჰქონოდა და საკუთარი სტამბის შექმნაზე უნდა ეფიქრათ.
ბაქარი პეტერბურგედან მოსკოვს გადმოვიდა და ქართველთა დიდი მცდელობით, არჩილის სასახლეში, ვსეხსვიატსკოეში, აღადგინა ადრე არსებული სტამბა. მან 1740 წელს შეჰყარა სამღვდელოება და მათთან ერთად გადაწყვიტა, წიგნების ბეჭვდის საქმე ჩაებარებინათ იოსებ სამებელისათვის. ბატონიშვილმა კრების გადაწყვეტილება აცნობა სინოდს და სამებელის მოსკოვს გადმოყვანა ითხოვა. მართლაც სინოდის ბრძანებით სამებელი 1740 წელს ზნამენის მონასტერში არქიმანდრიტად გადმოიყვანეს.
ვსხესვიატსკოეს სტამბაზე სინოდის მიერ საკმაოდ მკაცრი კონტროლი იყო დაწესებული. იგი კატეგორიულად მოითხოვდა, რომ ქართული გამოცემის ტექსტები იმ დროისათვის რუსეთში მოქმედი საეკლესიო წიგნების ზუსტი შესატყვისი ყოფილიყო. ამაზე უშუალო პასუხისმგებლობა სამებელს ჰქონდა დაკისრებული. იგი ვალდებული იყო გამოცემული წიგნების ეგზემპლიარი სინოდისთვის წარედგინა გასაკონტროლებლად. როგორც ჩანს, სამებელი ყოველთვის პირნათლად არ ასრულებდა ამ მოთხოვნებს, თანაც იგი იშვიათად და არაზუსტ ცნობებს აძლევდა სინოდს. ამგვარი საქციელმა 1749 წელს სტამბის დახურვა განაპირობა. მანამადე, 1743 წელს ამ სტამბაში მოესწრო ბიბლიის დაბეჭდვა, რომელიც ბაქარის ბიბლიის სახელით არის ცნობილი. ეს ის ბიბლიაა, რომლის ტექსტის გამართვაზე, თავის დროზე, უზარმაზარი რედაქტორული სამუშაო ჩაატარა არჩილმა.
ბაქარ ბატონიშვილს ურთიერთობა ჰქონდა რუს მეცნიერებთან (ვ. ტატიშჩევი, ჟ. დე-ლილი), აწვდიდა მათ ცნობებს საქართველოს წარსულზე. ასრულებდა რუსეთის მთავრობის დიპლომატიურ დავალებებს. ასევე მონაწილეობდა ფილოსოფიური ნაშრომების ქართულად თარგმნაში და ამ გვარ ნაშრომთაგან კრებულების შექმნაში.
აღსანიშნავია, რომ ბაქარია მიჩნეული გრუზინსკების გვარის ფუძემდებლად. იგი გარდაიცვალა 1750 წლის 1 თებერვალს, მოსკოვში.
wyaroebi da samecniero literatura:
moamzada ana baqraZem