გივი ამილახორი
XVIII საუკუნის I ნახევარი
პოლიტიკური მოღვაწე, ირანის წინააღმდეგ აჯანყებული ქართველობის წინამძღოლი, შეურიგებელი მებრძოლი.
გივი ამილახორის ცხოვრება საოცარი სიზუსტით გამოხატავს ფეოდალური საქართველოს შინაგან წინააღმდეგობებს და პოლიტიკური არჩევანის უკიდურეს შეზღუდულობას.
XVIII საუკუნის 20-ანი წლებიდან საერთაშორისო ვითარება მახლობელ აღმოსავლეთსა და კავკასიაში საგრძნობლად იძაბება. რუსეთის იმპერია კასპიასა და შავ ზღვაზე გაბატონებას ცდილობს. ამ მისწრაფებას წინ ეღობება ოსმალეთი. ირანს ამ დროისათვის ავღანელები არბევენ და მოწინაანდეგეს ვეღარ წარმოადგენს. ოსმალეთიცა და რუსეთიც თავიანთი მიზნების განსახორციელებლად ამიერკავკასიის მმართველ წრეებში მოკავშირეებს ეძეენ. რუსეთის მთავრობა ეფექტურად იყენებდა სარწმუნოებრივ პროპაგანდას და კავკასიის ქრისტიან ხალხებს მაჰმადიანთა შემოტევისაგან დაცვას ჰპირდებოდა. ვახტანგ VI-მ ირან-ოსმალეთისაგან ფარულად პეტრე I-თან გააბა სამხედრო-პოლიტიკური კავშირი, რაზედაც დიდ იმედებს ამყარებდა. მაგრამ მოულოდნელ გარემოებათა გამო ამ კავშირს სასურველი შედეგები არ მოჰყოლია. ვახტანგის პოლიტიკური ზრახვები გმომჟღავნდა. 1723 წელს რუსეთის ჯარებმა დაიკავეს ბაქო, დარუბანდი და თერგის მახლობლად ციხე ააგეს. შაჰმა ვახტანგს ქართლი ჩამოართვა და კონსტანტინე კახთა მეფეს უბოძა, ხოლო ოსმალეთის მთავრობამ ქართლის წინააღმდეგ ჯარები დაძრა. 1723 წელს ოსმალები ქართლში შემოვიდნენ. მათ დაიკავეს თბილისის, გორის და სურამის ციხეები. კონსტანტინემ უომრად დათმო თბილისი. 1724 წელს ვახტანგი ოჯახითა და თანამოაზრეთა ძლიერი დასით რუსეთში წავიდა. ვახტანგი დარწმუნებული იყო, რომ უმოკლეს ხანში რუსეთის დახმარებით იგი ქართლში დაბრუნდებოდა.
1723 წელს აღმოსავლეთ საქართველოში ოსმალთა ბატონობა დამყარდა. ვახტანგის უმცროსი ძმა იესე ოსმალებს მიუვიდა და ერთგული სამსახური შეჰფიცა. ოსმალებმა ქართლის სამოსახლოები დაბეგრეს ოსმალური გადასახდით მირით. იგი ეხებოდა მოსახლეობის ყველა კატეგორიას, მათ შორის საეკლესიო ყმებსაც, რომლებიც ქართულ სინამდვილეში საგადასახადო შეღავათებით სარგებლობდნენ. მირის შემოღებით ოსმალები ქართულ სამამულო სისტემას შეეხნენ, რაც ქართული საზოგადოებისათვის ძირის გამოთხრას ნიშნავდა. თავადი, აზნაური, გლეხი, ეკლესია _ ყოველი ფენა მამულზე იყო მიჯაჭვული. მათი სულიერი და მატერიალური ცხოვრება, ღირსების გრძნობა, საზოგადოებრივი იერარქია და ზნეობრივი ღირებულებები, მთლიანად ცხოვრების წესი, წარსული და აწმყო, მომავლის პერსპექტივა მთლიანად მამულთან იყო დაკავშირებული. ოსმალთა ბატონობა სწორედ საზოგადოების არსებობის ამ საფუძველს არყევდა. ქართლის თავადების მცირე ნაწილი დიდი ქრთამისა და ძღვენის გაღებით ახერხებდა ოსმალთაგან საკუთარ მამულებზე მფლობელობის უფლებების შენარჩუნებას. ცხადია, ამას დიდი ნაწილი ვერ ახერხებდა _ კარგავდა ყმა-მამულს და მასთან ერთად შთამომავლობით გამკვიდრებულ მდგომარეობას.
ოსმალები სისასტიკით ამყარებდნენ თავიანთ ძალაუფლებას _ წვავდნენ სოფლებს, ანგრევდნენ ციხე-სიმაგრეებს, ატყვევებდნენ ადამიანებს და ჰყიდნენ ყირიმისა და ახლციხის ბაზრებზე. განსაკუთრებული რისხვა დაატყდა თავს ოსმალთაგან ქსნისა და არაგვის საერისთავოებს. ოსმალთა ბატონობას ლეკთა თავდასხმებიც ემატებოდა. კახეთიდან გადმოსული ლეკები ქართლის სოფლებს აჩანაგებდნენ. მოსახლეობა გარბოდა და შედარებით დაცულ ადგილებს აფარებდა თავს. ამ დროს გაჩნდა ქართული დასახლებები ჩრდილო კავკასიაში.
ქართლში ლეკების მოძალება იმდენად შემაშფოთებელი იყო, რომ მას თვით ოსმალებიც აღუდგნენ წინ, რადგან მათი თარეში მოსახლეობას გადამხდელუნარიანობას აკარგვინებდა. ამიტომ იყო, რომ ოსმალთა ხელისუფლებამ ლეკების შემოსასვლელ გზებზე დამცავი ციხე-კოშკების აგება დაიწყო.
ვახტანგVI-ის რუსეთში გამგზავრების შემდეგ ქართლს აღარ ჰყავდა ლეგიტიმური მეფე, რომელსაც მაორგანიზებელი როლი მიენიჭებოდა მტერთან ბრძოლაში. მშვიდობიანობის დროს დიდგვარიანი ფეოდალები, მართალია, ხშირად ეურჩებოდნენ მეფეების ცენტრალისტურ პოლიტიკას, მაგრამ ქვეყნისათვის ასეთ მძიმე ვითარებაში მეფის არყოლა ერთიორად ართულებდა მათ ბრძოლას უცხო დამპყრობთა წინააღმდეგ. ამიტომ იყო, რომ ქართლის მესვეურებს (საერო ფეოდალები, სამღვდელოება), არასოდეს გაუწყვეტიათ კავშირი ვახტანგთან, განუწყვეტლივ უგზავნიდნენ ინფორმაციას შექმნილი მდგომარეობის შესახებ და სამშობლოში იწვევდნენ.
ასეთ რთულ პოლიტიკურ ვითარებაში ქართლისა და კახეთის წარჩინებული თავადები მაინც ახერხებენ თვითორგანიზებას და იბრძვიან ქვეყნის გადარჩენისათვის, თუმცა პოლიტიკური სივრცის დაჩიხულობა, არათანაბარი ძალები და ფეოდალური ცნობიერების შეზღუდულობა ბრძოლას არათანმიმდევრულს ხდიდა. ამ მღელვარე ეპოქამ თავისი ლიდერები წარმოშვა, რომელთაგან უსათუოდ გამორჩეული ადგილი ეკუთვნის გივი ამილახვარს.
გივი ამილახვარი, როგორც ჩანს, ვახტანგის რუსულ ორიენტაციას იმთავითვე ეჭვის თვალით უყურებდა, მაგრამ როდესაც შაჰმა ვახტანგს ტახტი ჩამოართვა და კონსტანტინეს გადასცა, ქართლის სხვა დიდი თავადებისაგან განსხვავებით, ამილახორი ისევ ვახტანგის ერთგული დარჩენილა. ვახტანგის წასვლის შემდეგ ამილახვარი ერთხანს შეებრძოლა ოსმალებს. გუფთასთან ამილახორმა დაამარცხა კიდეც ოსმალთა რაზმი, მაგრამ რენეგატი იესეს დახმარებით ბრძოლის ბედი ისევ ოსმალთა სასარგებლოდ გადაიხარა. (ვახუშტი).
1727 წელს, როდესაც ქართლის ნომინალური მმართველი იესე გარდაიცვალა, ოსმალთა მოხელემ, ისაყ-ფაშამ, ქართლი ექვს ახალ ადმინისტრაციულ ერთეულად დაყო და სამართავად ქართლის დიდ თავადებს ჩააბარა: სომხით-საბარათიანო _ ერასტი ყაფლანიშვილს, მტკვრის მარჯვენა სანაპირო მცხეთის ზემოთ _ ბაგრატ ციციშვილს, მუხრანი _ მუხრანბატონს, ქსნისა და არაგვის საერისთავოები მათ მფლობელ ერისთავებს დაუტოვა. გივი ამილახვარს ზემო ქართლი ერგო.
ეს იყო იძულებითი ზავი ოსმალებთან _ ქართველი თავადები ფაქტობრივად მტრის სამსახურში ჩადგნენ, მათ ევალებოდათ მირის აკრეფა და ხელისუფლებისათვის დროულად ჩაბარება, თუმცა შეძლებისდაგვარად ისინი ოსმალთა სისასტიკის შერბილებასაც ახერხებდნენ.
1727 წელს ისაყ-ფაშას დავალებული ჰქონდა სიონი მიზგითად გადაექცია. გივი ამილახვარმა გადააფიქრებინა ფაშას ეს განზრახვა. ამ ფაქტთან დაკავშირებით თბილელმა მიტროპოლიტმა დომენტიმ გივის სახელზე სიონის ტაძარში ყოველწლიური მოსახსემებელი დააწესა (დოკ. Aდ-733).
XVIII საუკუნის 30-იანი წლებიდან ირანის ჯარების ნიჭიერმა სარდალმა ნადირმა (1736 წლიდან შაჰი) მოახერხა ირანის საქმეების გამოსწორება. 1734 წელს ირანელებმა შირვანის ქალაქი შემახია აიღეს და კასპიისპირეთიდან ოსმალები განდევნეს. მომდევნო წელს რუსები აიძულეს დაეტოვებინათ ბაქო-დარუბანდი (1735 წლის განჯის ტრაქტატი).
ოსმალეთის პოზიციები აღმოსავლეთ კავკასიაში შესუსტდა. შემახიიდან ნადირი კახეთის მეფე თეიმურაზს მოუწოდებს ოსმალთა წინააღმდეგ ბრძოლისაკენ. “მოუვიდათ ქართველთ ბრძანება და აშლა ურუმთა” (სეხნია ჩხეიძე, 45). თეიმურაზი მართლაც აქტიურად ჩაება ბრძოლაში და კახეთის მიწა-წყლიდან ოსმალები განდევნა. იმავდროულად აჯანყდა ქართლი. აჯანყებას სათავეში გივი ამილახვარი ჩაუდგა. ამილახვარი თავდაპირველად გორის ციხეს მიადგა, ამოწყვიტა იქ ჩამდგარი ოსმალთა ჯარი და ციხე დაიკავა. ქაიხოსრო ორბელიანმა ქვემო ქართლში “ხმალი ჰკრა ურუმთ, ძლიერი საქმე ჰქნა, სახელიანი”. სამცხეში ავალიშვილებმა შეუტიეს ოსმალებს. ცხარე ბრძოლები გაიმართა წავკისთან, კოჯორთან და ავჭალასთან. ანტიოსმალური აჯანყება მოედო სომხეთსა და აზერბაიჯანსაც. ნადირმა ერევანი აიღო, ამის შემდეგ ოსმალები თითქმის უბრძოლველად ტოვებენ თბილისს.
1735 წელს ქართლში ოსმალთა ბატონობა დასრულდა, მაგრამ დაიწყო კიდევ უფრო სასტიკი ყიზილბაშობა.
ქართლ-კახეთიდან ოსმალთა განდევნისთანავე ერევანში მდგომმა ნადირმა ქართლ-კახეთის თავკაცები თავისთან იხმო და ყველა დააპატიმრა. მათ შორის იყვნენ: თეიმურაზ მეფე, მისი ძმისწული ალექსანდრე (ალი მირზა), აბელ ენდრონიკაშვილი, გივი ამილახვარი, ვახუშტი აბაშიძე, შანშე ერისთავი, მუხრანისბატონი. თეიმურაზს თამაზ-ხანმა გამაჰმადიანება მოსთხოვა, ხოლო გივი ამილახვარს _ უფროსი ასული, რომელიც თეიმურაზ იესეს ძის (მომავალი ანტონ I კათალიკოსი) დანიშნული იყო. ორთავე მოთხოვნაზე ნადირმა უარი მიიღო. ამის გამო მან ქართველები ერთიანად დააპატიმრა. რასაკვირველია, დაპატიმრების ნამდვილი მიზეზი ის იყო, რომ თამაზი ქართველებს არ ენდობოდა, მისთვის კარგად იყო ცნობილი მათი ფარული კავშირი მოსკოვის ქართულ კოლონიასთან და რუსეთის სამეფო კართან, რაც ირანის საფუძვლიან შეშფოთებას იწვევდა. ერევნიდან ნადირი აიყარა და თბილისისკენ წამოვიდა. პატიმრები გზიდან გაიპარნენ. ქართლსა და კახეთს ყიზილბაშთა რაზმები მოედვნენ, ქვეყანა ააწიოკეს, ციხეები დაანგრიეს, ხალხი აყარეს და ხორასანში გადაასახლეს. ქართლ-კახეთის გამგებლად შაჰმა სეფი-ხანი დატოვა, რომელმაც მოსახლეობას უზარმაზარი ფულადი გადასახადი, მებრძოლთა გამოყვანა და სამხედრო აღჭურვილობა შეაწერა. ასე დაიწყო აღმოსავლეთ საქართველოში ყიზილბაშთა ბატონობა.
ქართველებს ორი საშუალება ჰქონდათ ახალი მტრის წინააღმდეგ: ერთი _დიპლომატიური და მეორე _ შეიარაღებული ბრძოლა. დიპლომატიურ გზას ისინი ისევ რუსეთისაკენ მიჰყავდა. აქ დიდ იმედად ესახებოდათ მოსკოვში მყოფი ვახტანგ VI და “ქრისტიანობის ქომაგი” საიმპერატორო კარი. 1735 წელს თეიმურაზი აგზავნის ელჩობას რუსეთში როსებ გიორგის ძე ბაგრატიონის მეთაურობით. ელჩს თეიმურაზის წერილთან ერთად კახეთის წარჩინებულების და სამღვდელოების თხოვნა მიჰქონდათ საქრისტიანოს მფარველობის თხოვნით. 1736-1738 წლებში მოსკოვის ქართულ კოლონიასთან მიწერ-მოწერა ჰქონდათ გივი ამილახვარს და შანშე ერისთავს, ვახუშტი აბაშიძეს. მათ გულუბრყვილოდ სწამდათ, რომ რუსეთი თავისთვის საზიანოდ დაარღვევდა ირანთან დადებულ შეთანხმებას და დაეხმარებოდა ერთმორწმუნე ქვეყანას.
მანამადე კი ადგილზე არ ქრებოდა აჯანყებების ცეცხლი. კახეთის აჯანყებას თეიმურაზი ხელმძღვანელობდა, ქართლისას _ გივი ამილახვარი, შანშე ერისთავი, ვახუშტი აბაშიძე, თარხანი ლუარსაბი. ყიზილბაშებმა ცალ-ცალკე ააოხრეს ქსნის საერისთავო, საამილახვრო, აბაშიძეთა და ფალავანდიშვილთა მამულები, მაგრამ ყველგან დიდი ზარალი ნახეს და ქართველთა წინააღმდეგობა ვერ გატეხეს. სეფი-ხანმა ხერხს მიმართა: ქართველი თავადებს ფიცით აღუთქვა უვნებლობა და ვითომცდა მოსალაპარაკებლად დაიბარა, ყველანი დააპატიმრა და ისპაჰანში გაგზავნა. დაპატიმრებას მხოლოდ შანშე ერისთავი და ვახუშტი აბაშიძე გადაურჩნენ. ნადირ-შაჰმა აჯანყებული ქართველები ყანდაარის ლაშქრობაში თან გაიყოლა და მხოლოდ ინდოეთის ლაშქრობის წინ გამოუშვა უკან.
ქართლში კი ყიზილბაშთა წინააღმდეგ აჯანყება გრძელდებოდა შანშე ერისთავის მეთაურობით.
XVIII საუკუნის 40-იანი წლებისათვის ახალი კონფლიქტი მომწიფდა რუსეთ-ირანსა და რუსეთ-ოსმალეთს შორის. ამ დროისათვის ირანმა მოასწრო ინდოეთისა და შუა აზიის დაპყრობა. ამის შემდეგ ჩრდილოეთ კასპიისპირეთში გაჭრას და ასტრახანოს ხელში ჩაგდება ჰქონდა განზრახული. ამიტომ ნადირმა ომი წამოიწყო დაღესტანთან (1741-1743).
დაღესტნის ომის წინ შაჰმა ქართლის თავადები თავისთან დაიბარა და უხვი წყალობით მათი გულის მონადირებას შეეცადა. ამ დროს უბოძა ამილახვარს მეორე ვექილობა, 100 თუმანი ჯამაგირი და ქსნის საერისთავო, რაც იმას ნიშნავდა, რომ ამილახვარს აჯანყებული შანშეს წინააღმდეგ უნდა ემოქმედა.
ამ ომის მთელი სიმძიმე ადგილობრივ ხალხებს დააწვა. შაჰის ბრძანებით ქართლი აღწერეს. გადასახადი შეაწერეს ყველაფერს, მიწას, ნარგავს, ნაგებობას, ყოველ ძირ ხეხილს, ვაზს, ბოსტანს, 10 წლის ზემოთ ყოველ მამაკაცს, პირუტყვს. ამ ამბავმა მოსახლოებას თავზარი დასცა _ გლეხები თავიანთი ხელით ჩეხავდნენ ვენახს, ბაღებს და გარბოდნენ. ამ დროს მრავალი სოფელი გაუკაცრიელებულა. ნადირი უზომო რაოდენობით მოითხოვდა პურს და მის გადასაზიდად გამწევ პირუტყვს. ამას ზედ დაერთო მოუსავლიანი წლები. ქართლი შიმშილობდა.
რუსეთისათვის ირანი უკვე სახიფათო შეიქმნა. ამიტომ გააძლიერა კონტროლი ჩრდილო კავკასიაზე _ აქ მდებარე რუსული ციხე-სიმაგრეების შემოწმების და ჩერქეზებთან პოლიტიკური კავშირის დამყარების მიზნით რუსეთის მთავრობამ გენერალ-ლეიტენანტი ბაქარ ბაგრატიონი ასტრახანში გააგზავნა, ყიზლარში ჯარი ჩააყენა, საქართველოში კი აქაური პოლიტიკური სიტუაციის შესასწავლად ქართული ესკადრონის პორუჩიკი ერემეი დავიდოვი (დავითიშვილი) მოავლინა. კასპიისპირეთში ბაქარის გამოჩენამ შაჰი დააფრთხო, ქართველებს კი ცრუ იმედი ჩაუსახა. მათ არ ესმოდათ რუსული დიპლომატიის არსი და მცდარად შეაფასეს ბაქარის ასტრახანში ყოფნა. 123.
ქართველებისათვის ეს იყო აჯანყებისაკენ ბიძგი. ამასობაში შაჰმა კიდევ გაზარდა გადასახადები. ქართლს უკვე უკან დასახევი გზა აღარ ჰქონდა. 1742 წლის 11 ივლისს ქართლში დიდმა აჯანყებამ იფეთქა გივი ამილახორის ტაოსნობით, რომელიც სამ წლამდე გაგრძელდა. რუსეთის პორუჩიკი გივი ამილახვართან ცხოვრობდა და უშუალო მოსწრე გახდა ქართლში დაწყებული ახალი აჯანყებისა. გივი ამილახორი უთვლიდა ბაქარს ეხელმძღვანელა აჯანყებისათვის, ამავე დროს ის და ბეჟან ერისთავი სთხოვენ იმპერატორ ელისაბედს ბაქარის გამოგზავნას, მომენტის მნიშვნელობას განუმარტავენ გენერალ ანსეფ ტარაკანოვს და ასტრახანის გუბერნატორს ტატიშჩევს.
თავიდან აჯანყებულების ხელში იყო ქსნისა არგვის, ბორჯომის ხეობები, მთლიანად შიდა ქართლი, სურამი, შიდა კომუნიკაციები, ახალციხის გზები. დაღესტანთან ომში ჩაბმულმა ნადირ შაჰმა ერევნისა და განჯის ჯარები შემოიყვანა აჯანყების ჩასახშობად. მტერი დიდ ზარალს ნახულობდა, თუმცა ციხეებში გამაგრებულ მემბოხეებს დიდს ვერაფერს აკლებდნენ, მაგრამ რაც უფრო დიდხანს გრძელდებოდა აჯანყება, მით უფრო ჩანაგდებოდა ქართლი. ყიზილბაშები გზად ყველაფერს არბევდნენ, წვვდნენ სოფლებს, ანადგურებდნენ მოსავალს. დაქცეული, გაპარტახებული მამულებიდან ყიზილბაშები მალუჯათს (გადასახდი) ითხოვდნენ. მოსახლეობა კვლავ გარბოდა.
დაღესტნის ექსპედიციის დროს შაჰს ძალზე გაუჭირდა, ამ დროს აჯანყებული ზურგი მის გეგმებს დიდ ზიანს აყენებდა, ამიტომ აჯანყების შესაჩერებლად ყველა ღონეს ხმარობდა _ რეპრესიებს, დაპატიმრებებს, მოსყიდვას, დეზინფორმაციას. ამის შედეგად აჯანყებულებმა თანდათან დაკარგეს პოზიციები: პეტრეს ციხე (საავალიშვილო), ბაზალეთი (არაგვის საერისთავო).
1743-1746 წლებში ნადირი ახალ ომში ებმება ოსმალეთთან და უაღრესად დაინტერესებულია ქართლის აჯანყების შეწყვეტით. ამიტომ შაჰმა გადახედა თავის საგადასახადო პოლიტიკას _ ქართლს გადასახადები _ ფულადიც და ნატურალურიც _ შეუმცირა, ეკლესია გაათავისუფლა. შაჰის ყველაზე კომპრომისული, ამასთანავე ეფექტური ღონისძიება იყო კახეთის გათავისუფლება ყიზილბაშური გადასახადებისაგან. ამით მან კახეთში ცხოვრება უფრო მიმზიდველი გახადა და კახეთის მეპატრონეს, თეიმურაზს, ქართლში ბევრი მომხრე გაუჩინა.
გივი ამილახვარი ერთხანს ირან-ოსმალეთის ახალი ომის მიმდინარეობას შეჰყურებდა და რუსეთში წერილებს გზავნიდა, რომლებშიც ამიერკავკასიაში პოლიტიკური სიტუაციის შეცვლას რუსეთისათვის სასარგებლო პოზიციდან აშუქებდა. მას ჯერ კიდევ ჰქონდა სუსტი იმედი, რომ რუსეთი ომში ჩაებმებოდა. შაჰი ამილახვართან მშვიდობიან მოლაპარაკებებსაც ცდილობდა და მოციქულთა პირით უვნებლობის გარანტიებს აძლევდა. რასაკვირველია, ამილახვარი შაჰს არ ნებდებოდა და აღარც შაჰის შუამავალს, თეიმურაზ კახთა მეფეს ენდობოდა.
ამ დროს თეიმურაზმა განჭვრიტა, რომ რეალური მოთამაშე ქართლ-კახეთისათვის ისევ ირანი იყო და მკაფიოდ აირჩია ირანული ორიენტაცია. გაჩნდა კახეთთან ერთად ქართლის მიღების შესაძლებლობა და თეიმურაზმა ეს შესაძლებლობა გამოიყენა. 1743 წელს, როგორც ირკვევა, თეიმურაზის დავალებით, არაგვის საერისთავოში შეთქმულებმა მოკლეს გივი ამილახვარის სიძე და მისი ერთგული თანამებრძოლები: ბეჟან ერისთავი და მისი ძმა ოტია. ამის შემდეგ არაგვის საერისთავო თეიმურაზმა დაიჭირა. მოკლე ხანში თეიმურაზმა და ერეკლემ ქსნის საერისთავო დაიმორჩილეს. გივი ამილახვრის სამოქმედო სივრცე ძლიერ შეიზღუდა. აჯანყება კრიზისში შედიოდა.
1743 წელს ოსმალებმა ძლიერი დარტყმა მიაყენეს ნადირ შაჰს. აჯანყდა შირვანი და შემახია. ასეთ ვითარებაში აჯანყებული ამილახვარი ოსმალეთის მხრიდან დიდ მხარდაჭერას იღებს და ისიც უნებლიედ ექცევა იმ ჯადოსნურ რკალში, საიდანაც საქართველო საუკუნეების განმავლობაში ვერ გამოდიოდა. სულ რამდენი წლის წინ ოსმალთა წინააღმდეგ ბრძოლის წინამძღოლი ახლა იმავე ოსმალების დახმარებაზე თანხმდება საერთო მტრის წინააღმდეგ, თუმცა გამოცდილება კარნახობდა, რა ფასი ღირდა ეს დახმარება.
1744 წელს ქართლში, ვითომცდა გივი ამილახვრის დასახმარებლად, ოსმალთა დიდი ჯარი შემოდის. ამილახვარს თავის მხრივ, დაქირავებულ ლეკთა 7 ათასიანი ჯარი ედგა. ნადირ შაჰი მიხვდა, რომ ქართლში ოსმალთა შესაჩერებლად მისი დანიშნული ხანებით შეუძლებელი იყო ადგილობრივი ძალების მობილიზება და თეიმურაზსა და და ერეკლეს მიანდო ოსმალთა წინააღმდეგ ბრძოლის წინამძღოლობა. თეიმურაზმა და ერეკლემ ყიზილბაშთა და კახეთის გაერთიანებული ძალებით მოახერხეს ოსმალებისა და ლეკების განდევნა ქართლიდან. ამ გამარჯვების სანაცვლოდ 1744 წლის ივლისში თეიმურაზმა ქართლის, ხოლო ერეკლემ კახეთის მეფობა მიიღო. “ქართველობა შეიქნა”, _ ასე აფასებს ამ მოვლენას იმდროინდელი მემატიანე ისე ოსეს ძე.
გივი ამილახვრის აჯანყებას საფუძვლები ეცლებოდა, მრავალი უბედურების მომსწრე და ომებგადილი ქართლი ბრძოლის უნარსა და ესაძლებლობას კარგავდა (მ. ქიქოძე).
1745 წლისათვის გივი ამილახვრისა და მისი მომხრეების ხელში სამი ციხეღა იყო დარჩენილი: სურამის, ახალდაბის და კეხვის. სულ მალე თეიმურაზმა ახალდაბა და კეხვი აიღო, ხოლო კარგად დაცულ სურამის ციხეში თავად ამილახვარი ხუთი თვის მანძილზე გამაგრებული რჩებოდა. თეიმურაზმა გამართა მოლაპარაკებები ამილახვართან _ შაჰის წინაშე შუამდგომლობას ჰპირდებოდა, მაგრამ ამილახორი არ ენდობოდა თეიმურაზს, ამის გამო მოლაპარაკებაც ჩაიშალა. ბოლოს თეიმურაზმა შაჰის ბრძანებით სურამის ციხე ააფეთქა. ამილახორმა დედოფლის შუამდგომლობა მოითხოვა. დედოფალი თამარი, თეიმურაზის მეუღლე, ივახტანგ VI-ის ასული იყო. სწორედ მას, ქართლის ბაგრატიონთა შთამომავალ ქალს მიანდო თავი ქართლის დამარცხებულმა მეამბოხემ, თავადმა ამილახორმა.
მართლაც, დედოფალ თამარის შუამავლობით გივი ამილახვარი თეიმურაზს ჩაბარდა. თეიმურაზმა შაჰისაგან ამილახორის სიცოცხლეზე გარანტია მიიღო, მაგრამ შაჰმა ამილახორის ირანში გაგზავნა მაინც მოითხოვა. მეფე და დედოფალი ძლიერ შეწუხდნენ, მაგრამ იძულებულნი გახდნენ მოთხოვნა შეესრულებინათ. თეიმურაზმა სულხან ეშიკაღასბაში გააყოლა ამილახვარს და შენდობის თხოვნით შაჰთან წერილი გაატანა. ხუნდებით ხელ-ფეხშეკრულ ამილახორს ირანის გზაზე მეორე მეამბოხე თავადი, თვალდამწვარი შანშე ერისთავი შემოეყარა, რომელიც თეიმურაზის შუამდგომლობით სამშობლოში დააბრუნეს.
შაჰმა ამილახორი ქართული წარმომავლობის მეითარბაშს, გვარად არღუთაშვილს ჩააბარა და ხორასანში გაგზავნა.
1747 წელს ნადირ შაჰი შეთქმულებმა მოკლეს. მისი სიკვდილის შემდეგ ირანის ტახტზე ერთმანეთს ორი პრეტენდენტი ეცილებოდა. გაიმარჯვა ნადირის დისწულმა ადილ შაჰმა, რომელიც ამავე დროს თეიმურაზის სიძეც იყო. მისი შუამდგომლობით, ახალმა შაჰმა გივი ამილახვარი პატიმრობიდან გაათავისუფლა, თან ყულარაღასობა უბოძა და მაზანდარანის ციხის მშენებლობა დაავალა. მაზანდარანში გივი ამილახვარი ხვდება თავის ძველ მეტოქეს, თეიმურაზს, რომელიც ამჯერად მასზე განრისხებულ ნადირ შაჰს დაებარებინა ირანში, მაგრამ ნადირი თეიმურაზს ცოცხალი აღარ დახვედრია. თეიმურაზს და მის ამალას საქონელი დაკარგოდათ, თითო ცხენისა და თითო იარაღის მეტი არა შერჩენოდათ-რა (პაპუნა ორბელიანი). გივი ამილახორმა დიდი სამსახური გაუწია გასაჭირში ჩავარდნილ თეიმურაზს _ კეთილად უმასპინძლა და სამშობლოში გამოისტუმრა. ამილახვარს არც ქართლში დარჩენილი თავისი ერთგული მსახურ-აზნაურიშვილები დავიწყნია, მათ მრავალი ოქრო და ვერცხლი გაუგზავნა, თავისთან დაიბარა და წყალობით აავსო.
ასეთივე ძვირფასი საჩურები უძღვნა გივი ამილახვარმა მეფეს და დედოფალს, ქართლის თავადებს, იმერეთისა და ახალციხის მკვიდრთ _ ყველას, ვისგანაც ერთგულება და თავდადება ახსოვდა; 200 თუმანი უძღვნა კათალიკოს ანტონს უდაბნოებისათვის, ასევე უხვად დაასაჩუქრა კათოლიკური ეკლესიები.
ირანში კვლავ დიდი არეულობა დაიწყო. შაჰ იბრეიმს შეთქმულება მოუწყვეს და მან გაქცევით უშველა თავს. ირანში მყოფმა ქართველებმა ბატონიშვილ ასან-მირზას გარშემო მოიყარეს თავი და საქართველოში დაბრუნება დააპირეს, მაგრამ ფრიად გაუჭირდათ, რადგან ერთობ ღარიბად იყვნენ და არც ყიზილბაშები აძლევდნენ გზას. ამილახვარი ყველას დაეხმარა, ყველას მისცა საზრდელი, გამოუძღვა წინ და ბრძოლა-ბრძოლით წამოვიდნენ. ასე ჩამოაღწიეს საქართველომდე.
საქართველოში დაბრუნებული ამილახორი თავის მამულში აღარ დარჩენილა, თბილისში დასახლებულა და სიცოცხლის ბოლომდე აქ ცხოვრობდა. დიდება და პატივისცემა მას არც თანამოქალაქეთაგან დაკლებია.
გივი ამილახვარი გარდაიცვალა 1764 წელს, აპრილის თვეში.
გივი ამილახვრის აჯანყებამ უდიდესი როლი შეასრულა XVIII საუკუნის საქართველოს ცხოვრებაში. მიუხედავად დიდი მსხვერპლისა, ამ აჯანყებამ ხელი ააღებინა ნადირ შაჰს ქართველი ხალხის ირანში გასახლების მზაკვრულ გეგმაზე და ობიექტური პირობები შეამზადა ქართლ-კახეთის მომავალი გაერთიანებისათვის.
წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა:
1. სეხნია ჩხეიძე, საქართველოს ცხოვრება, თფილისი, 1913.
2. ვახუშტი ბაგრატიონი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, /ქართლის ცხოვრება თბილისი, 1973, ტ. IV,
3. დავით გურამიშვილი, დავითიანი, წინასიტყვაობა ა. ბარამიძისა, თბილისი, 1980.
4. გურჯიზადე, თბილისის დაპყრობის წიგნი, თურქულიტექსტი ქართული თარგმანითა და შენიშვნებით გამოსცა ც. აბულაძემ, თბილისი, 1975.
5. პაპუნა ორბელიანი, ამბავნი ქართლისანი, ტექსტი დაადგინა, შესავალი, ლექსიკონი და კომენტარები დაურთო ელ. ცაგარეიშვილმა, თბილისი, 1981.
6. მ.ქიქოძე, გივი ამილახვარის პოლიტიკური მოღვაწეობა, თბილისის უნივერსიტეტის ასპირანტთა სანეცნიერო შრომების კრებული, I, 1950.
7. დ. გვრიტიშვილი,ქართველი ხალხის ბრძოლის ისტორიიდან თურქ და სპარს დამპყრობლების წინააღმდეგ XVIII ს. პირველ ნახევარში. მიმომხილველი, 1953, ნაკვ. 30, 109-131.
8. აღმოსავლეთ საქართველო XVIII საუკუნის პირველ ნახევარში /საქართველოს ისტორიის ნარკვევეი, IV, 1973.
9. ნ. ბერძენიშვილი, ირან-ოსმალეთის ომი და საქართველო XVIII საუკუნის პირველ ნახევარში / საქართველოს ისტორიის საკითხები, წ. VI, 1973.
10. დ. ლომიძე, მასალები რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიისათვის XVIII ს. მეორე მეოთხედში, მაცნე,ისტორიის სერია, 1,თბილისი,1978.
11. დ. ლომიძე, გივი ამილახორის პოლიტიკური მოღვაწეობის დოკუმენტები/ საისტორიო მოამბე, 49-50, თბილისი, 1984.
12. დ. ლომიძე, ყიზილბაშობა 1735-1749 წლების აღმოსავლეთ საქართველოში, არტანუჯი, 2007.
მოამზადა მზია სურგულაძემ