ზებედე ზებედეს ძე, XVIII ს. პირველი ნახევარი
მოსკოვის ქართული კოლონიის წარმომადგენელი, სასულიერო პირი
საქართველოს ისტორია არც თუ ისე მდიდარია იმ ადამიანთა სახელებით, რომელთაც მოკრძალებული, მაგრამ სრულიად აუცილებელი როლი ჰქონდათ მიკუთვნებული “ძლიერთა ამა ქვეყნისათა” ცხოვრებაში და, რომელთა მიერ განვლილი გზა თავისთავად მრავლისმეტყველად მიანიშნებს თანადროული ქართული საზოგადოების არასტაბილურობაზე, პოლიტიკური და კულტურული ორიენტირების ძიებებზე.
პეტრე I-ის ცნობილი ისტორიკოსის ნ.უსტრიალოვის ნაშრომში არსებული ცნობის თანახმად, 1703 წ. 20 იანვარს ავსტრიის ელჩი პლეიერი თავის მთავრობას წერილობით აცნობებს, რომ იმერეთის ერთ-ერთი თავადი სტოკჰოლმს წასულა იმ მიზნით, რომ მოეგვარებინა ტყვე შვედ ოფიცრებზე ალექსანდრე არჩილის ძის (ალექსანდრე ბატონიშვილი) გაცვლის საკითხი, მაგრამ იქიდან დაბრუნებულს ჩამოუტანია ცნობა, რომ უფლისწულის გათავისუფლებაში შვედები მოითხოვდნენ 10 ტონა (კასრ) ოქროს. ჩვეულებრივი წესით პრინცის გათავისუფლებაზე ისინი არ თანხმდებიანო. იგივე თავადი, რუსეთის სინოდის დოკუმენტებში დაცული ერთ-ერთ ცნობის თანახმად, ალექსანდრე ბატონიშვილსაც გამოუგზავნია რუსეთში, რათა რუსეთის მეფისათვის ეცნობებინა ალექსანდრეს მდგომარეობა და მოლაპარაკება გაემართა რუსებსა და შვედებს შორის. ამ “თავადში” იგულისხმება ზებედე ზებედეს ძე, შემდგომში ცნობილი სასულიერო პირი. ზებედეს, როგორც მასალებიდან ჩანს, ერისკაცობაში რქმევია ზაალი და რუსეთში მოხვედრილა, როგორც არჩილის ამალის წევრი. მას, როგორც ჩანს, უკვე საქართველოდანვე, ალექსანდრე ბატონიშვილის პატრონობა მზრუნველობა ჰქონდა ჩაბარებული, ამის გამო ჩანს იგი ალეგსანდრეს თანმხლებ პირად შვედეთშიც.
ზებედეს “დიპლომატიას” სტოკჰოლმსა და რუსეთს შუა შედეგი არ მოჰყოლია, ამიტომ თავადი რუსეთში დარჩენილა. აქედან, სავარაუდოდ, XVIII ს. 10-იან წლებში, ალექსანდრესა და არჩილის გარდაცვალების შემდეგ, ზებედე საქართველოში ჩამოსულა, სადაც მძიმე ავადმყოფობა შეყრია. მომაკვდავი ბერად აღკვეცილა და ზებედე შეურქმევია, მაგრამ როგორღაც სიკვდილს გადარჩენია და გამოჯანსაღებულა.
1724 წელს, ქართლში ოსმალთა ბატონობის დამყარების შემდეგ, ზებედე რუსეთში ბრუნდება. კონსტანტინე მაჰმადყული-ხანმა, მას, როგორც დიპლომატიურ საქმეებში გამოცდილს, რუსეთის ხელისუფლებასთან გაატანა წერილი კახეთისათვის დახმარების თხოვნით. კონსტანტინეს ელჩთა შორის ზებედე იხსენიება მის ძმისწულ ქრისტეფორესთან და თავად დავით ბეჟანის ძესთან ერთად. ამ ელჩობას, ისევე როგორც კონსტანტინეს დანარჩენ ორ ელჩობას, შედეგი არ მოჰყოლია. 1725 წ. ივნისში ზებედემ ეკატერინე I-ს რუსეთში დარჩენის ნებართვა სთხოვა. თანხმობის მიღების შემდეგ იგი ქრისტეფორესთან ერთად მოსკოვში დარჩენილა. მათთვის საცხოვრებლად დონის მონასტერი შეუთავაზებიათ, სადაც თავშეფარებულნი იყვნენ მოსკოვის ქართული კოლონიის სასულიერო პირები.
მოსკოვში იწყება ზებედეს ლიტერტურული საქმიანობა. 1730 წ. მას მოსკოვში გადაუწერია საბას “სამოთხის კარი”. ამ დროისათვის მისი საცხოვრებელი ადგილი, როგორც ჩანს, მოსკოვის ბოგოიავლენსკის მონასტერი იყო. ამ მონასტრის ერთ-ერთი მოღვაწე კირილე ზებედეს უძღვნის თავის გადაწერილ კონდაკს. 1730 წ. ზებედესაც გადაუწერია კონდაკი, რომელიც ამჟამად დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. ხელნაწერს ახლავს რუსულ-ქართული მინაწერი, შესრულებული ქართული ასოებით: “ახ, ბოჟე მოი, ჟალ უნოსიტ სვოი, ა ნინე ტაკოი სტაროსტ, ღმერთო, ღირს მყავ მე ჩემი ქვეყნის ნახვას”.
1737 წ. ზებედეს ოცნება აუხდენია და საქართველოში დაბრუნებულა. მას მარტვილის მონასტერში “გულანი” გადაუწერია და ხოტევის მონასტრისათვის შეუწირავს. მისი ცხოვრების შემდგომ წლებს ნათელს ჰფენს სანკტ-პეტერბურგის ისტორიულ არქივში დაცული ანტონ კათალიკოსის წერილი წმ. სინოდისადმი: ლოცვა-კურთხევით წარმოვგზავნეთ იოანე ღვთისმეტყველის მონასტრის იღუმენი ზებედე. გთხოვთ, ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს დახმარების ხელი გაუწოდოით მას და მიეშველოთ თურქთაგან აკლებულ და გაღატაკებულ ჩვენს მონასტრებს”. ანტონის ამ თხოვნის საფუძველზე სენატი ზებდეს ნებას აძლევს პეტერბურგის მართლმადიდებლურ მრევლში შეეგროვებინა მოწყალება დასახელებული ეკლესია-მონასტრების აღსადგენად. საეკლესიო ღვთისმსახურების ჩატარების ნებართვა ზებედესათვის სენატს არ მიუცია, მაგრამ აღუთქვამს შუამდგომლობა სანკტ-პეტერბურგის არქიმანდრიტ თეოდოსისთან. ზებედეს ცხოვრების უკანასკნელი წლების შესახებ არაფერია ცნობილი.
wyaroebi da samecniero literatura:
ЦГИАЛ, ф.796, Опись документов и дел Синода,т.6, 1726, №5.232.
saq.saxelmwifo muzeumis xelnawerTa aRweriloba,hf.VI.
v.tatiSvili, qarTvelebi moskovSi,1959.
g.paiWaZe, konstantine kaxTa mefis elCebi ruseTSi, dsamecniero-sainformacio biuleteni,#1,1963.
n. maxaTaZe, qarTuli kulturis kera peterburgSi (XVII-XVIIIss.), 1967.
moamzada ana baqraZem