მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

წმ. აბო თბილელი

 

 

 

ალექსანდრე არჩილის ძე (1672/1674-1711)
არჩილ II-ისა და ქეთევან ბაგრატიონის ძე

 

1683 წელს არჩილ II-მ რუსეთისაგან სამხედრო დახმარების მიღების იმედით  თავისი ორი ვაჟი ალექსანდრე (დაახლ. 10-12 წლის ასაკში) და მამუკა მოსკოვში გააგზავნა 69 კაციანი ამალის თანხლებით. 1984 წლის 16 აგვისტოს ქართველი ბატონიშვილები და მათი თანმხლები პირები რუსეთის სამეფო კარზე შესაფერისი პატივით მიიღეს.  აქ   ტრადიციულ ქართულ ფეოდალურ სისტემაზე აღზრდილი ბატონიშვილები 29 აგვისტოს მიიღეს დედოფალმა ნატალიამ და მმართველმა სოფიომ (სიხარულიძე 36). ქართველ ბატონიშვილებს რუსეთის ხელისუფლებამ საცხოვრებლად მისცა დიდვაჭრის დავით ნიკოლაევის ყოფილი სასახლე. დაუნიშნეს თარჯიმანი და დაცვა 15 მეთოფით. მას ემსახურებოდა რამდენიმე მოსამსახურე. მეურვედ ბატონიშვილებს დაუნიშნეს თავადი ვასილი ვასილის ძე გოლიცინი. იგი იყო განათლებული, რუსეთის სამეფო კარზე მაღალი თანამდებობების მქონე და გავლენიანი კაცი. მას ებარა საელჩო და სარეესტრო სამოსამართლო, საარტილერიო პრიკაზების მართვა, მცირე რუსეთის (უკრაინა), სმოლენსკის, ნოვგოროდის მხარეთა სამმართველოები). გოლიცინის სასახლეში ხშირად იკრიბებოდნენ საინტერესო ადამიანები, იმართებოდა საუბრები მეცნიერებაზე, მწერლობაზე, სასტამბო საქმეზე, სკოლაზე და სხვ.

ბუნებისაგან უხვად დაჯილდოვებულმა ალექსანდრე ბატონიშვილმა იმთავითვე მიიპყრო ახალგაზრდა პეტრე ალექსის ძის ყურადღება. ასაკით თითქმის ტოლები ბუნებით ცნობისმოყვარე ახალგაზრდები მალე განუყრელი მეგობრები გახდნენ. ისინი ერთად ესწრებოდნენ კარზე გამართულ დიპლომატიურ შეხვედრებს, მონაწილეობდნენ სადღესასწაულო ნადიმებსა და სამხედრო თამაშობებში. ამიტომაც პეტრესთან ერთად მანაც დაიმსახურა ცარევნა სოფიასაგან შფოთისთავის სახელი (ვ. ტატიშვილი, 184).

ალექსანდრე ბატონიშვილი

.მშობლიურ ქვეყანაში ჩამოსვლამდე  არჩილ მეფემ გადაწყვიტა ალექსანდრე დაექორწინებინა. მის საცოლედ შეარჩიეს რუსეთის სამეფო კართან დაახლოებული ბოიარის, ივანე მილოსლავსკის ასული ფეოდოსია. 1687 წ. ნოემბერში გადაიხადეს ქორწილი. ქორწინებიდან მოკლე ხანში ალექსანდრე ბატონიშვილი მამასთან ერთად სამშობლოში ბრუნდება. არჩილი საქართველოში ძმამ, ქართლის მეფე გიორგი XI-მ მიიწვია, მას სპარსელეთა ბატონობის წინააღმდეგ საერთო ქართული კოალიციის შექმნის იმედი ჰქონდა, მაგრამ საქართველოში ჩამოსულ არჩილს შეცვლილი ვითარება დახვდა, 1688 წელს ირანის შაჰმა გიორგი XI-ს ტახტი ჩამოართვა და მის ნაცვლად ქართლი ერეკლე I-ს  (ნაზარალი-ხანი) უბოძა.

ერეკლე I-მა სამშობლოში დაბრუნებული სიძისა და დისწულების შესაპყრობად  ბარძიმ მდივანბეგის მეთაურობით ჯარი გაგზავნა. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, ერეკლეს ეს საქმე ყაენის შიშით ჩაუდენია. (ვახუშტი,465). აღჩილმა დროულად შეიტყო ერეკლეს განზრახვა და შვილები ოსეთში დატოვა (ზრამაგადან დიგორში გადავიდნენ), თვითონ კი რაჭას შეაფარა თავი. ოსეთიდან ალექსანდრე და მამუკა ბატონიშვილები ისევ მოსკოვში დაბრუნების ნებართვას ითხოვენ, რაზედაც მალე იღებენ თანხმობას. 1690 წლის 20 სექტემბერს ისინი ჩავიდნენ მოსკოვში.

 1691 წ. 21 მარტის ბრძანებით პეტრე I-მა ალექსანდრე და მამუკა ბატონიშვილებს საკუთრების უფლებით უბოძა ვ. გოლიცინის ზამთრის სასახლე და ამავე დიდმოხელის კუთვნილი კარის ეკლესია (ფ.სიხარულიძე, 41). იმავე წელს (გ.პაიჭაძის ცნობით 1695 წ.) უბოძეს სოფელი ვსეხსვიატსკოე. ეს იყო ქართველების პირველი მამული რუსეთში.

ამავე პერიოდში სულ უფრო ღრმავდებოდა პეტრე I-ისა და ალექსანდრე ბატონიშვილის მეგობრობა. 1697წ. ალექსანდრე ბატონიშვილი მონაწილებდა რუსეთის “დიდ ელჩობაში”, რომლის წევრიც ფარულად იყო თვით პეტრე I.  პეტრემ კენიგსბერგში საარტილერიო საქმის შესწავლა დაიწყო. მისი მასწავლებელი იყო პრუსიის ციხე-სიმაგრის მთავარი ინჟინერი პოდპოლკოვნიკი შტეიტნერ-ფონშტერნფელდი. გაკვეთილებს ესწრებოდა ალექსანდრე ბატონიშვილიც. სწავლის დასაწყისშივე მიიპყრო ალექსანდრე ბატონიშვილმა პეტრეს ყურადღება. შემდგომში პეტრემ  ალექსანდრე საარტილერიო კურსებზე ჰააგაში გაგზავნა (გონიკაშვილი, 21).

პეტრე დიდმა და ალექსანდრე ბატონიშვილმა რიგისაკენ აიღეს გეზი. შემდეგ კენიგსბერგი, ჰააგა, ლონდონი. _ ასეთი იყო მათი მარშრუტი. მუშაობდნენ ლინსთა როგეს ნავსადგურში და თეორიული ცოდნა პრაქტიკული საქმიანობით განამტკიცეს. პეტრე დიდი აღფრთოვანებული იყო იმით, რომ ალექსანდრემ შეისწავლა კატარღის მართვა და დაეუფლა საფლოტო ტერმინოლოგიას. მოკლე ხანში ბატონიშვილი ჰააგას გაემგზავრა. ის გულმოდგინედ შეუდგა საარტილერიო საქმის შესწავლას და კარგ შედეგსაც მიაღწია. პეტრე გაოცებული დარჩა იმ ცოდნით, რომელიც ქართველმა ბატონიშვილმა მეილდენბერგში საარტილერიო ცდების დროს გამოავლინა (ტატიშვილი, 202).

ალექსანდრე, სადაც არ უნდა ყოფილიყო, თავის ქართულ წარმომავლობას ხაზს უსვამდა. მეცადინეობისა და მძიმე ფიზიკური შრომისაგან თავისუფალ საათებში უფლისწული დადიოდა ქართულ ტანსაცმელში, რომელსაც იგი, როგორც ამას ჰოლანდიელები აღნიშნავდნენ, “აღმოსავლური ბრწყინვალებით ატარებდა” (ტატიშვილი, 204). ალექსანდრე ბატონიშვილმა ჰოლანდიაში ყოფნის დროს  გაიცნო ცნობილი ჰოლანდიელი მეცნიერი, ამსტერდამის ბურგომისტრი  ნიკოლოზ კორნელი ვიტცენი. მან შემდგომში დიდი დახმარება გაუწია ქართული წიგნის ბეჭდვით დაინტერესებულ არჩილ მეფეს. 1699 წელს ალექსანდრე მოსკოვში დაბრუნდა. 1700 წელს პეტრე I-მა ქართველი ბატონიშვილი რუსეთის არტილერიის გენერალ-ფელდცეიხმეისტერად დანიშნა. (გონიკაშვილი, 23). ალექსანდრე ბატონიშვილი დიდი ენთუზიაზმით შეუდგა მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებას. მისი თაოსნობით დაიწყო მოსკოვის საარტილერიო ბანაკის ახალი იარღით აღჭურვა, მაგრამ დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანის საშუალება მას არ მიეცა. ამ თანამდებობაზე  ალექსანდრე ბატონიშვილს 6 თვეს მოუწია ყოფნა. იმ ხანად რუსეთის საიმპერატორო კარის საგარეო პოლიტიკის უპირველესი ამოცანა  ბალტიის ზღვის დაუფლება  იყო. ამით იმპერიას ევროპისაკენ ეხსნებოდა გზა. ამდენად, შვედებთან ომი გარდუვალი ჩანდა. 1700 წლის 10 აგვისტოს პეტრე I-მა კარლოს XII-ს ომი გამოუცხადა. შვედებთან ომში რუსეთის მოკავშირეები უნდა ყოფილიყვნენ: პრუსია, დანია, ჰოლანდია. გადამწყვეტ მომენტში პეტრე I-ს მოკავშირეები შემოეცალნენ. რუსეთი ფაქტობრივად მარტო აღმოჩნდა მასზე ძლიერი მტრის წინააღმდეგ. რუსეთი ამ ომს მოუმზადებელი _ ცუდი გზებით და მოძველებული ტექნიკით შეხვდა. 19 ნოემბერს გადამწყვეტი ბრძოლა გაიმართა ნარვასთან. რუსეთის არმია დამარცხდა. სარდლობამ, რომელიც მეტწილად უცხოელებისაგან შედგებოდა, პეტრეს უღალატა. მთავარსარდალი გრაფი დე კრუი ტყვედ ჩაუვარდა მოწინააღმდეგეს. დამარცხებულმა გენერლებმა კარლოს XII-ს სთხოვეს, რუსეთის ჯარის გადარჩენილი ნაწილებისათვის უკანდახევის საშუალება მიეცათ. კარლოსი ამაზე დათანხმდა, მაგრამ სიტყვა გატეხა. 20 ნოემბერს რუსეთის ჯარმა უკანდახევა დაიწყო. გზაზე შვედებმა ისინი გაძარცვეს. იმავე დღეს კარლოსმა ნარვის კომენდატთან მიაყვანინა  მოწინააღმდეგის გენერლები და ოფიცრები. აქ ისინი სამხედრო ტყვეებად გამოაცხადეს. დატყვევბულთა შორის აღმოჩნდნენ ალექსანდრე ბაგრატიონი, დოლგორუკოვი, გოლოვინი და სხვები.  შვედებთან ომი რუსეთის კაპიტულაციით დასრულდა. ალექსანდრე ბატონიშვილისათვის დაიწყო ტყვეობის მტანჯველი პერიოდი. “ტყვეობის პირველი დღე ალექსანდრე ბატონიშვილმა გაუთბობელ, ცივ ოთახში შიმშილში გაატარა. როცა ყველას დროებითიი ადგილსამყოფელი მიუჩინეს, ალექსანდრეს, როგორც გენერალს, საყარაულოდ ოფიცერი დაუნიშნეს ორი შვედი ჯარისკაცით, ჩამოართვეს ყველაფერი, რაც თან ჰქონდა. მკაცრად უთვალთვალებდნენ, რომ არაფერი დაეწერა. (გონიკაშვილი 300).

ალექსანდრეს მდგომარეობა არც სტოკჰოლმში გადაყვანის შემდეგ გაუმჯობესებულა. კარლოს XII რუსი ტყვეებისა და პეტრეს დასამცირებლად ძალღონეს არ იშურებდა. გამარჯვების აღსანიშნავად სტოკჰოლმში ტრიუმფალური მსვლეობა მოაწყო. ტყვეთა მწკრივის თავში, პოლონელი ელჩის, გენერალ-მაიორ დანგეს გვერდით, ალექსანდრე ბატონიშვილი მიაბიჯებდა  (ტატიშვილი, 213).

კარლოს XII-ის საქციელით აღშფოთებულმა პეტრე I-მა გამოაყვანინა ტყვე შვედები და შვედეთის ელჩის მეთაურობით მოსკოვის ქუჩები შემოაერბენინა.

რუსეთის იმპერატორი არაერთხელ შეეცადა ტყვეთა და პირველ რიგში ალექსანდრე ბატონიშვილის დახსნას. შვედები ყოველნაირად აფერხებდნენ ტყვეთა გაცვლას. კარლოს XII-მ პეტრე დიდის მეგობრის გამოსასყიდად 10 კასრი ოქრო მოითხოვა. ეს იყო თანხა, რომლის გაღება რუსეთის ხაზინას იმჟამად არ შეეძლო. პეტრემ ალექსანდრესთან მოლაპარაკების გარეშე არ ისურვა ამ საქმის გადაწყვეტა. ალექსანდრემ ასე უპასუხა: “არა თუ სათქმელად, ფიქრადაც არ მომსვლია  რაიმე ზარალი მიიღოს სახელმწიფომ არა თუ ჩემი განთავისუფლებისათვის, არამედ იმათი თავისუფლებისათვისაც, რომლებიც ჩემზე ათასკეცად მეტი ღირან. ჩვენ ამისათვის ვართ მოწოდებულნი: ვითმინოთ და მოვკვდეთ სახელმწიფოსა და მამულის ინტერესებისათვის (ტატიშვილი, 215). შვედები ბატონიშვილს ცუდ პირობებში ამყოფებდნენ, რაც კარგად ჩანს  მშობლებისა და დისადმი მის მიერ გაგზავნილ წერილებში. 1704, ნოემბერი: ” მე ხომ ახალა კიდევ უფრო მომიჭირეს და ყარაულები შიგ საცა მე ვგდივარ, დღივ და ღამ დამაყენეს და მე რომ ამათთან ვერა გავაწყევ რა, ბევრჯერ მოვინდომე და ვერ შევეძლივე პირობის მიცემას, რომ არსად წავიდე, ოღონდ ცოტა მოსვენება მომეცით-მეთქი, მაგრამ არ იქნა, ასე არც პირველ მოგვპყრობიან, რომე ახლა გვეპყრობიან... ერთს-ორს თვეს რომ ცოტა შვება მოგვცენ, ექვსს და შვიდს თვეს ძაღლებსავით დაგვამწყვდევენ ხოლმე (ვათეიშვილი,65).

უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ბატონისვილი მაინც ცდილობდა სასარგებლო საქმე გაეკეთებინა ტყვეობაში და მამას ეკითხებოდა სტამბის საქმე როგორ მიდის, ან როგორი მათრიცებია, მიბრძანეთო (ვათეიშვილი 63).

1705 წ. მოსკოვში გამოცემული დავითნის თავფურცლის წარწერაში აღბეჭდილია არჩილ და ალექსანდრე ბაგრატიონების ღვაწლი ქართული წიგნის ბეჭდვის საქმეში. “...მეფისა არჩილისა და ძისსა ჩემისა ალექსანდრესი .დაიბეჭდა  წიგნი ესე “დავითი” სამეფოსა ქალაქსა მოსკოვს, წელთა დასაბამითგან შვიდ ათას ორას იგ და განხორციელებითგან ღთისა სიტყვისა ათას შვიდას, ”.

მძიმე ყოფითმა პირობებმა და მორალურმა ზეწოლამ შეარყია ალექსანდრე ბატონიშვილის ჯანმრთელობა. 10 წელი გაატარა საპატომროში. 1711 წელს, როგორც იქნა, შვედები დათანხმდნენ ალექსანდრე ბატონიშვილის და თავად ტრუბეცკოის გაცვლაზე გრაფ პიპერზე. ალექსანდრე ბატონიშვილი სტოკჰოლმიდან წამოიყვანეს, მაგრამ დასნეულებული ბატონიშვილი გზაში, რიგაში გარდაიცვალა. მოგვიანებით გადმოასვენეს მოსკოვში, დონის მონასტერში.

 ლიტერატურული მოღვაწეობა: ალექსანდრე ბატონიშვილიც თავისი განათლებული ოჯახის ტრადიციების კვალად, დიდ დროს უთმობდა მთარგმნელობით საქმიანობას. იგი თარგმნიდა ქართულად რუსული და ფრანგული ენებიდან. მისი თარგმანებია: 1. სადიდებელნი გალობანი უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესნი (ხელნაწ.ინსტ. AA-347, 29-33). 2. სიტყუაი დღესა ყოვლად წმიდისა ტაძრად მიყვანებისა (H-417, 46-55); 3. სიტყუაი მიცვალებისათვის ღვთისმშობელისა (A-112, 721-729); 4. მეფის კურთხევის წესი (H-417, 1-9); 5. ტესტამენტი-ანდერძი, რომელიც ბასილი მაკედონელმა დაუწერა თავის ვაჟს ლეონს; 6. საარტილერიო წიგნი (ფარნგულიდან) (H1069, S-1040).

 

 

 

      წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა:

xelnawerebi: ხელნაწერთა ინსტიტუტი: Hd-4808, Sd-515, Ad-719. A-347,f.29-33, H-417,46v-55v,H-2165 2r-82v,H-1669.

saqarTvelos Eerovnuli arqivi: 1448-102, 1448-613,1449-1236,1449-1850.

  1. ვახუშტი ბატონიშვილი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, -ქართლის ცხოვრება ტ.მე-4, ს. ყაუხჩისვილის გამოცემა. 1973.

  2. წერილი ალექსანდრე და მამუკა ბატონიშვილებისა იოანე და პეტრე ალექსის ძეებთან/ მოსკოვი, ძაცსა, #52 ა.  ძსცა,ფ.11, წ.10,ფ.335.

  3. М.Броссе, О грузинском письме царя Арчила к шведскому королю Карлу XII,от 2-го февраля 1706 г.Ученые Записки Имп. Академии наук. т. 2, вып.1, СПб,1854.с.547-549.

  4. ტატიშვილი, ქართველები მოსკოვში, Tbilisi, 1959.

  5. ფრ. სიხარულიძე, მოსკოვის ქართული ახალშენების ისტორიიდან, თბილისი, 1991.

  6. m.gonikaSvili, bagrationTa dasaxleba da moRvaweoba ruseTSi, Tbilisi,  1986.

  7. l.menabde, qarTuli kulturul-saganmanaTleblo kerebis istoriidan, (arCilis kolonia moskovSi)/ Tsu Sromebi,t.96, 1963;

 

 

 

 

moamzada naTia fsuturma