ზაქარია გაბაშვილი (დაახლ. 1705 -1780 წწ.)
XVIII ს.-ის ცნობილი საეკლესიო მოღვაწე, თეიმურაზ II-ის კარის მოძღვარი, ანტონ I კათალიკოსის მოწინააღმდეგე, მწერალი, კალიგრაფი, განმანათლებელი
XVIII ს.-ის 40-იან წლებში, ქართლ-კახეთის გაერთიანებისა და ერკლე II-ის მოღვაწეობის შედეგად ქვეყანაში დაიწყო კულტურული აღორძინება. ამ დროს თეიმურაზ II-ის სამეფო კარზე მოღვაწეობდა მოძღვარი ზაქარია გაბაშვილი, ცნობილი ქართველი პოეტის ბესიკის მამა, ავტორიტეტული საეკლესიო პირი, რომელიც ქართული ეკლესიის ორთოდოქსულ ფრთას წარმოადგენდა.
ზაქარიას განსწავლულობასა და დაუღალავ ღვაწლზე მიუთითებენ იოანე ბატონიშვილი თავის “კალმასობაში” –“ძველთა ფილოსოფიისა სწავლათა შინა გამოცდილი და ღვთისმეტყველებისაცა მიწევნილი, მშვენიერი რიტორი და უცხო მოქადაგე”, აგრეთვე ზაქარიას მოწაფე და შემდგომში მისი მოწინააღმდეგე ანტონ I, თვით ერეკლე II. იგი უაღრესად დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა სამეფო კარზე, აქტიურად მონაწილეობდა პოლიტიკურ და მეფის საოჯახო საქმეებშიც კი. როგორც ცნობილია, იგი უშუალოდ იყო ჩართული თეიმურაზის მეორედ დაოჯახებაში პირველი მეუღლის, დედოფალ თამარის გარდაცვალების შემდეგ.
ცხოვრების დასაწყისში ზაქარია და მისი მამა სამხრეთ საქართველოში მოღვაწეობდნენ. კ. კეკელიძე მიუთითებს ორ სიგელზე, სადაც ზაქარია მოხსენიებულია როგორც “დმანისის დეკანოზის შვილი, მღვდელი” და “ზაქარია დეკანოზი”. როდესაც კახეთში ლეკიანობამ იმძლავრა, ზაქარია გადასულა ქიზიყში და იქ ძალით გამაჰმადიანებული ქართველები ქრისტიანობაზე მოუქცევია. იგი დაუცხრომელი სასულიერო მოღვაწე იყო. თავისი კონსერვატული მრწამსის მიუხედავად, ზაქარია დიდი გულმოდგინებით მესვეურობდა კულტურულ და საგანმანათლებლო წამოწყებებს, კერძოდ, საქართველოში სკოლებისა და სემინარიების გახსნას.
1750 წ.-ს ზაქარია მიიწვიეს ერეკლე II-ის სტამბაში, სადაც მან ლიტერტურულად გამართა “კონდაკის” ტექსტი. იგი ცნიბილი კალიგრაფიც იყო, მის მიერაა გადაწერლი ზუგდიდის მუზეუმში დაცული “კავშირნი ღვთისმეტყველებითნის” ნუსხა.
ზაქარია გაბაშვილი ანტონ I კათალიკოსის შეურიგებელი მოწინააღმდეგე იყო. მას მიაჩნდა, რომ ანტონის დაახლოება კათოლიკე მისიონერებთან, რაც, ანტონის აზრით, ქვეყნაში ევროპული კულტურის შემოსვლასა და გავრცელებას შეუწყობდა ხელს, მართლმადიდებლური მრწამსის ღალატი იყო. ზაქარიამ ბევრი რამ გააკეთა ანტონის დასამხობად. იგი გადააყენეს მღვდელმთავრობიდან და დააპატიმრეს. კათალიკოსი სოფ კავთისხევში იყო პატიმრად. 1756 წელს ანტონი აიძულეს მოენანიებინა საეკლესიო კრების წინაშე თავისი შეცოდებანი და რუსეთშიც გააძევეს. იმდენად დიდი იყო ზაქარიას ავტორიტეტი, რომ ამას ანტონის უპირველესი მფარველი ერეკლე მეფეც კი ვერ აღუდგა წინ.
1760 წელს თეიმურაზ II გაემგზავრა მოსკოვს და იქ გარდაიცვალა 1762 წელს ერეკლე II გაერთიანებული ქართლ-კახეთის სამეფოს მეთაური გახდა. მან დაუყოვნებლივ დააბრუნა საქართველოში ანტონ I (1764 წ) და მას დაუბრუნა კათალიკოსის პატივი. ზაქარია ისევ თავგამოდებით ებრძოდა მეფესა და კათალიკოსს. საეკლესიო კრებამ იგი განკვეთა. 1767 წ.-ს ზაქარია გაემგზავრა რუსეთს. ცნობილია მისი შესხმა-მიმართვა ვახტანგ VI-ის ძის გიორგისადმი, რომელიც 16-მარცვლოვანი ჩახრუხაული საზომითაა დაწერილი, სადაც იგი ბატონიშვილს თავისი გასაჭირის შესახებაც უამბობს – “მე მტირალს ქართლი გამომაარეს, ყვედრება, გმობა ზედ დამაყარესო” - და დახმარებას სთხოვს. აქვე წერს, რომ მას რვა შვილი ჰყოლია – “შვილნიცა რვანი ერთჟამ წამგვარესო”.
1768 წელს ზაქარიამ მოსკოვსა და პეტერბურგს ჩააღწია და იქ ვახტანგ VI-ის შთამომავლობას შეაფარა თავი. იგი უმაღლეს სინოდსაც არწმუნებდა ანტონ I-ის სარწმუნოებრივ ღალატში, თუმცა რუსეთში მის მცდელობას არ შედეგი არ მოჰყოლია, პირიქით, ზაქარია აიძულეს მოენანიებინა დანაშაული ანტონის წინაშე.
1771 წლიდან ზაქარია იმერეთშია, სადაც მას ეგულებოდა ერეკლესა და ანტონის მოწინააღმდეგეები. იგი 1780 წელს გარდაიცვალა ისე, რომ აღარც დაბრუნებულა თბილისში. ტანჯული მეამბოხე გელათშია დაკრძალული.
გიორგის შესხმის გარდა ზაქარიას დაუწერია სატირული პოემა “თაგვებისა და კატის ომი”, სადაც ალეგორიული სახით გადმოცემულია ანტონ I-ის დამხობის ამბავი. ეს პოემაც თექვსმეტმარცვლოვანი შაირითაა დაწერილი.
იოანე შავთელის “აბდულმესიანის” ხელნაწერების შესწავლისას გამოვლინდა ერთი ეპიგონური სტროფი – “მსთავრე გონება”, რომელიც ხელნაწერის შ-1516-ის ცნობით, ზაქარია გაბაშვილს ეკუთვნის. ამავე ხელნწერში მოთავსებულია ორი თითო სტროფიანი ლექსი, რომელთაც უძღვის ზედწერილი” “ზაქარია მოძღვრის თქმული”.
წყაროები და სამეცნიერრო ლიტერატურა:
1. იოანე ბატონიშვილი, “ხუმარსწავლა” (“კალმასობა”), ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს ციალა კახაბრიშვილმა და ცოტნე კიკვიძემ, II, თბილისი, 1991
2. ალ. ბარამიძე, ბესარიონ გაბაშვილი, წიგნიდა: ბესიკი, თხზულებანი, თბილისი, 1962
3. გ. ლეონიძე, გამოკვლევები და წერილები, თბილისი, 1959
4. გ. ლეონიძე, ძიებანი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, თბილისი, 1949
5. კ. კეკელიძე, ძველი ქრთული ლიტერატურის ისტორია, II, თბილისი, 1981.
6. ს. ცაიშვილი, ბესარიონ გაბაშვილი, წიგნში: ქართული ლიტერატურის ისტორია, ექვსტომეული, რუსთაველის სახ. ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის გამოცემა, II, თბილისი, 1966
7. ძველი ქართველი მეხოტბენი, II, გამომცემელი ივანე ლოლაშვილი, თბილისი, 1964
მოამზადა თამარ აბულაძემ