მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

 

ზაალ არაგვის ერისთავი (1635-1660 წწ.)

 პოლიტიკური მოღვაწე, 1659 წლის კახეთის აჯანყების ორგანიზატორი

 

 

ზაალ არაგვის ერისთავი იყო ძე ნუგზარ არაგვის ერისთავისა. 1635 წელს როსტომ მეფის (1632—1658 წწ.) მიერ ზაალის ძმის, დათუნას მოკვლის შემდეგ არაგვის საერისთაოს სათავეში ზაალი ჩაუდგა. მის პოლიტიკურ მოწინააღმდეგესთან ფიზიკური ანგარიშსწორებისთანავე ქართლის მეფე არაგვის საერისთაოში შეიჭრა. ზაალმა მას მედგარი წინააღმდეგობა გაუწია და უკუაქცია. ამ ჟამიდან მოყოლებული წლების განმავლობაში არაგვის ერისთავს როსტომ მეფისადმი ოპოზიციურად განწყობილ ქართველ წარჩინებულთა შორის ვხედავთ. გაერისთავებიდან მოკლე ხანში ზაალმა კავშირი დაამყარა თეიმურაზ I-თან. ის ქართლის იმჟამინდელი მეფის წინააღმდეგ მებრძოლ ფეოდალთა თავკაცი გახდა.

ისტორიკოს ბერი ეგნატაშვილის გადმოცემით: `მაშინ გაუგზავნა ზაალ კაცი ბატონს თეიმურაზს და შესთვალა ფიცი საშინელი და გაუგზავნა მძევალი და საფიცარი: `მოდი და გაგაბატონებო~. თეიმურაზ მეფე იმერეთიდან დუშეთში ჩავიდა. მოკავშირეებმა კახელ თავადთა დახმარებით როსტომზე გაილაშქრეს, მაგრამ ყიზილბაშთა ჯარით ზურგგამაგრებულ ქართლის მეფესთან ბრძოლაში დამარცხდნენ. ისინი იძულებულნი გახდნენ დროებით ხელი აეღოთ ქართლის ტახტისათვის ბრძოლაზე და კახეთის ტახტის დაპყრობა განიზრახეს. თეიმურაზ I-მა და ზაალ ერისთავმა იესე ქსნის ერისთავიც გადაიბირეს. აჯანყებულები თავს დაესხნენ სელიმ-ხანს. გაიმარჯვეს და კახეთის მაჰმადიანი მმართველი გააძევეს. 1634 წელს თეიმურაზმა კახეთი დაიჭირა. ირანის შაჰმა როსტომ მეფეს თეიმურაზის წინააღმდეგ საბრძოლველად ლაშქარი გამოუგზავნა. ქართლის მეფემ კახეთზე გაილაშქრა. ორივე მხარე თავგადადებით იბრძოდა. გამარჯვება როსტომს დარჩა. კახეთის მეფე იძულებული გახდა როსტომ მეფისათვის შერიგება ეთხოვა. ერთხანს ქართლისა და კახეთის მეფეებს შორის მშვიდობა დამყარდა. როსტომს მეამბოხე თავადებიც შეურიგდნენ, მათ შორის ზაალ ერისთავიც `დაუზავდა~.

მაგრამ როსტომ და თეიმურაზ მეფეთა შერიგება ხანმოკლე აღმოჩნდა. კახთბატონი დიდი მონდომებით ცდილობდა როსტომ მეფის გაძევებას და ქართლის ტახტის დაკავებას. მას ამ ბრძოლაში მხარში ედგნენ: არაგვისა და ქსნის ერისთავები, იოთამ ამილახვარი და სხვები. თეიმურაზ I-ის მომხრეებმა როსტომ მეფის წინააღმდეგ აჯანყების ორგანიზება განიზრახეს. აღნიშნული საქმის საორგანიზაციო საკითხების მოსაგვარებლად მათ ახალგორში მოიყარეს თავი. გეგმის თანახმად, საბოლოო პაემანის ადგილი მცხეთა იყო. ეს აჯანყებაც მარცხისათვის განწირული აღმოჩნდა. როსტომ მეფემ სასწრაფოდ შეყარა ჯარი და ვახტანგ მუხრანბატობის მეთაურობით ახალგორში გაგზავნა. ისინი `ლოცვაზედ მდგომ~ შეთქმულებს მოულოდნელად დაესხნენ თავს. თეიმურაზ I-ის მომხრეები გაიქცნენ. აჯანყებამ დასახულ მიზანს ვერ მიაღწია. მრავალგზის განცდილი მარცხის მიუხედავად, თეიმურაზ მეფე და მისი მოკავშირე ქართველი თავადები ფარ-ხმალს არ ყრიდნენ. 1642 წელს მათ როსტომის წინააღმდეგ კვლავ დიდი შეთქმულება მოაწყვეს. ამ შეიარაღებული გამოსვლის ორგანიზატორი კვლავ ზაალ არაგვის ერისთავი იყო. მასში მონაწილეობდნენ იოთამ ამილახვარი, ქართლის კათალიკოსი ევდემონ დიასამიძე, ნოდარ ციციშვილი, გიორგი გოჩაშვილი, ივანე სააკაძე და სხვები.

მათ მარტივი სამოქმედო გეგმა ჰქონდათ. ისინი მოულოდნელად უნდა უნდა დასხმოდნენ თავს ცხირეთში მცირე რაზმით მყოფ როსტომს და მოეკლათეს შთქმულება მისმა ერთ-ერთმა მონაწილემ სომხითის მელიქმა გასცა. როსტომ მეფემ შეთქმულები შეიპყრო და სასტიკად დასაჯა. ქართლის კათალიკოსი ევდემონ დიასამიძე ჯერ თბილისის ციხეში გამოამწყვდია, შემდეგ კი ციხიდან გადმოაგდებინა, გიორგი გოჩაშვილსათვის თვალები დაათხრევინა, ზურაბ სააკაძესაც ეს ბედი ეწია. მისი ძმა ივანე სააკაძე კი გარდაიხვეწა.

თეიმურაზ მეფის მომხრე ქართლის თავადები იძულებულები გახდნენ როსტომ მეფეს შერიგებოდნენ. ზაალ ერისთავმა და ნოდარ ციციშვილმა `ბატონი ანახანუმ~ (ის ნოდარ ციციშვილის და, ხოლო ზაალ ერისთავის სიდედრი იყო) მიუგზავნეს ქართლის მეფეს და `უვნებელობის საფიცარი~ სთხოვეს. მან ზაალს უვნებლობის გარანტიის მიღების სანაცვლოდ ყაენთან წასვლა მოსთხოვა.

როსტომ მეფეს შეურიგდა იოთამ ამილახვარიც. შაჰ-აბას II-ის ისტორიკოსის, მოქმედ თაჰერის ცნობით, ზაალ ერისთავი და იოთამ ამილახვარი ერთად წასულან ისპაანში. ისინი შაჰს შესაბამისი პატივით მიუღია, საბოძვარი უბოძებია და სამშობლოში მშვიდობით გამოუსტუმრებია.

1648 წელს როსტომის მიერ თეიმურაზ I-ზე განხორციელებული თავდასხმისას ზაალ ერისთავს ქართლის მეფის მხარეს მებრძოლთა რიგებში ვხედავთ. ის ვახტანგ მუხრანბატონთან ერთად სარდლობდა როსტომ მეფის ლაშქარს (ბერი ეგნატაშვილი).

1658 წელს როსტომ მეფე გარდაიცვალა, ქართლში ვახტანგ V (შაჰნაგაზ I) გამეფდა. ვახტანგს ზაალ ერისთავი ჯერ კიდევ გამეფებამდე დაუპირისპირდა. ზაალ არაგვის ერისთავი და ელიზბარ ქსნის ერისთავი ვახტანგ ბატონიშვილთან ერთად იმერეთში აპირებდნენ გალაშქრებას, რათა ალექსანდრე იმერთა მეფის წინააღმდეგ ბრძოლაში ლევან დადიანს მიშველებოდნენ, მაგარმ ბოლოს ორივე  ერისთავმა უარი თქვა ლაშქრობაზე. როგორც მალე გამოირკვა, მათ არ სურდათ ვახტანგის დახმარება, რადგან მასში მომავალ ძლიერ მმართველს ხედავდნენისინი თბილისში მობრუნდნენ, ავლაბარში დადგნენ და მძიმედ ავადმყოფ როსტომ მეფეს შეუთვალეს: `რა თქვენ ცოცხალი ბრძანდებითო შენი მეტი პატრონი არ გვინდაო ,და თქვენს უკან სხვას საქართველოს ბატონს ჩვენ ყმობას არ უზამთო, ჩვენი ბატონი ყაენი არისო”. ასე გამოხატეს ერისთავებმა ფარული მტრობა ვახტანგ მუხრანბატონისადმი, რომლის საწინააღმდეგოდ ქართლში მეფობის გაუქმებაზეც კი ყოფილან თანახმა. ამ ფეოდალების სურვილია სრული ხელმწიფური უფლებებით სარგებლობდნენ თავიანთ მამულებში და პირდაპირ ირანის შაჰს ემორჩილებოდნენ (. ჯამბურია).

ზაალ ერისთავი დიდი უფლებებითა და ავტორიტეტით სარგებლობდა კახეთში. ბერი ეგნატაშვილის ცნობით: `მას ჟამსა ეპყრა კახეთი მურთუზალ ყულიხანს და ზაალ ერისთავსა და მურთუზალ ყულიხან იმისის ზურგით იდგა: ზაალ ერისთავის შეუკითხავი არა იქნებოდა-რა კახეთში, რამეთუ როსტომ მეფეს დაედგინა იგი კახეთს გამგებლად და ეპყრა ზაალ ერისთავსა ერწო-თიანეთი.~ იმ დროისათვის კახეთის სამეფოში ქართლთან შედარებით უფრო მძიმე  პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარება იყო.

თეიმურაზ მეფის დაუღალავმა გარჯამ რუსეთთან კავშირის გასაძლიერებლად ირანის სამეფო კარზე კვლავ გააცოცხლა შაჰ-აბას I-ის გეგმა, რომელიც კახეთის მოთხრას და იქ თურქმანების ჩასახლებას ისახავდა მიზნად. გადაწყვეტილი იყო კახეთში ჩაესახლებინათ თურქმანთა 15000 ოჯახი. შიდა და  გარე კახეთის საუკეთესო მიწები მათთვის უნდა გაენაწილებინათ, რათა ეს მომთაბარე-მეჯოგე მოსახლეობა მიწაზე დაემაგრებინათ.

შაჰ აბას II ყველა ღონეს ხმარობდა კახეთში ჩასახლებულ თურქმანთა დაცვისა და დასახლების ორგანიზებისათვის. შაჰმა საქართველოში გამოგზავნა ირანის ყულარაღასი და სარდალი ალავერდი-ხან უნდილაძე (წარმოშობით ქართველი). მას კახეთში სამი ციხის აგება ჰქონდა დავალებული. ირანელებმა ციხე-სიმაგრედ გადააკეთეს ალავერდის მონასტრის გალავანი და შიგ ყიზილბაშთა ჯარი ჩააყენეს. მათვე ააშენეს ბახტრიონის ციხე ალაზნის ნაპირზე მდებარე სოფელ ბახტრიონში. მესამე ციხის სახელი ცნობილი არ არის, იგი უნდა ყოფილიყო ყარაღაჯი, რომელიც XVII საუკუნის კახეთში ყიზილბაში ხანების რეზიდენციას წარმოადგენდა.

ამ ციხეების დანიშნულება ქართველი მოსახლეობის თავდასხმისაგან თურქმანების დაცვა იყო. მათი აგებიდან მოკლე ხანში კახეთი ჩამოართვეს განჯის მმართველს სელიმ-ხანს, გაყვეს ორად და სამართავად ყარაბაღის ბეგლარბეგს მურთაზ ყული-ხანს და ნახჭევნის მმართველს ალი ყული-ხანს გადსცეს. მათ დაავალა შაჰმა კახეთში ელების ჩასახლებაზე ზრუნვაც.

მომთაბარე ელები ძირითადად მესაქონლეობას მისდევდნენ. კახეთის კულტურულ მეურნეობას საფრთხე დაემუქრა. თურქმანები მთელ კახეთს თავიანთ ყიშლაღ-იალაღებად გადაქცევას უპირებდნენ. ამასთანავე ლეკი აბრაგები სასტიკად არბევდნენ კახეთის მშვიდობიან მოსახლეობას და ტყვეებად გაყიდვით ემუქრებოდნენ. კახეთი გადაშენება-მოსპობის აშკარა საფრთხის წინაშე დადგა ასეთივე საფრთხის წინაშე იყო მთიანეთის მოსახლეობაც, რომელიც ორგანულად იყო დაკავშირებული ბართან. ყოველივე ამას ემატებოდა ყიზილბაშ მეციხოვნეთა სიმკაცრე და თავხედობა. ეს ფაქტი არც ყიზილბაშებს დარჩენიათ შეუნიშნავი.

შაჰ-აბას II-ის ისტორიკოსის მოჰამედ თაჰერის გადმოცემით: `რადგან ელებს იმის მისწრაფება ჰქონდათ, რომ ქართველებზე ებატონათ, ამ ორ ხალხს შორის დავა და ჩხუბი გაჩნდა~. აჯანყებისათვის საფუძველი მზად იყო. მისი მიზეზი კი უდანაშაულო მღვდლის თავს დატრიალებული უბედურება გახდა. ისტორიკოსს ბერი ეგნატაშვილის გადმოცემით: `...ხოლო წარვიდა ხუცესი იგი და მივიდა დუშეთს. ზოგად ისხდენ ზაალ ერისთავი და ცოლი მისი, დაუჩოქა ხუცესმან და შესჩივლა: `შენ ზაალ ერისთავი ხარო და კახეთის გამგებელიო, გააოხრეს სრულიად კახეთი უსჯულოთა აგარიანთა და მე გზაზედ შემიპყრეს და ჰყვეს ჩემ ზედა საქმე უშვერი და ხელშეკრული განმხრწნეს და ჰყვეს ჩემ ზედა საქმე სათქმელად უშვერი. და აწ ამისი მაგიერი პასუხი ღმერთს შენ მიეც და შენ უნდა გასცე, ვინათგან შენდა რწმუნებულ არის კახეთი~ (ბერი ეგნატაშვილი).

აჯანყების საერთო ხელმძღვანელობა ზაალ არაგვის ერისთავმა ითავა. ბრძოლაში აშკარა მონაწილეობა მას არ მიუღია. აჯანყების უშუალო ხელმძღვანელები იყვნენ ბიძინა ჩოლოყაშვილი, შალვა ქსნის ერისთავი და მისი ძმა ბიძინა, ზაალ ერისთავის ვაჟი ზურაბი (ბერი ეგნატაშვილი), თუში ზეზვა გაფრინდაული, ხევსური ნოდარა ხოშარაული და სხვები.

არაგვის ლაშქარს ზაალ ერისთავის ვაჟი ზურაბი სარდლობდა. ქსნის ერისთავის ლაშქარს შალვა და ელიზბარი მეთაურობდნენ. არაგვისა და ქსნის საერისთაოების მებრძოლები ბახტრიონის სანახებში დაბანაკდნენ. თუშ-ფშავ-ხევსურთა ლაშქარი და კახეთის ბარის ლაშქარი ალავერდს მიუახლოვდნენ. აჯანყებულებმა ბახტრიონის და ალავერდის ციხეებს ერთდროულად შეუტიეს. ქართველებმა მტერს მუსრი გაავლეს. შემდეგ კი მათ კახეთის სხვა ადგილებში მცხოვრებ თურქმანებზე მიიტანეს იერიში. მრავალი მათგანი დახოცეს. ელების მხოლოდ მცირე ნაწილი გადარჩა ცოცხალი. მათ გაქცევით უშველეს თავს.

აღსანიშნავია, რომ აჯანყებულები შეგნებულად არ დასხმიან თავს აღჯაყალის ციხეს, სადაც იჯდა კახეთის ერთი ნაწილის მმართველი მურთაზ ყული-ხანი. ეს საშუალებას აძლევდა ზაალ ერისთავს დაეფარა აჯანყებაში საკუთარი მონაწილეობა და შაჰის კარზე გაგზავნილ არზებში აჯანყების მიზეზად კახეთის მეორე ნაწილის მმართველის ალიყული-ხან ქენგერლუს `ცუდ ქცევა~ გამოეცხადებინა.

ირანის სამეფო კარმა საქართველოში მომხდარი აჯანყების შესახებ გამოძიება ჩაატარა და შემდეგ დასკვნამდე მივიდა: `თუშებმა, რომელთაც მაღალი მთები და ხშირი ტყეები და უგზოობა ფარავდა, ბოროტმოქმედება და მზაკვრობა იწყეს. ალიყული-ხანიც არ იჩენდა ელების მიმართ ისეთ მზრუნველობას, როგორიც საჭირო იყო. ზაალ ერისთავსაც იმის განზრახვა ჰქონდა, რომ კახეთის `ოლქის~ დამოუკიდებელი მმართველი გამხდარიყო. მისი სურვილი არ განხორციელდა და დაფარული ბრაზის გამო ეს იმ ხალხს აქეზებდა. და იმის შემდეგ, როცა მან შაჰის მაღალი სასახლიდან წასვლის ნებართვა მიიღო... საქართველოში ჩავიდა და შფოთის გაძლიერების მიზეზად, არეულობის წყაროდ და ურჩობის არსად გადაიქცა~ (მოჰამედ თაჰერი).

ზაალ ერისთავის დასჯა გადაწყვეტილი იყო. შაჰმა ვახტანგ V- (შაჰნავაზი) მისი მოკვლა უბრძანა. ვახტანგი იძულებული იყო ეს ბრძანება შეესრულებინა. 1660 წელს ზაალ ერისთავი მოკლეს. ამის შემდეგ აჯანყების სხვა მონაწილეებიც გატყნენ. ბიძინა ჩოლოყაშვილი, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავები შაჰს ეახლნენ და პატიება სთხოვეს. შაჰმა ისინი თურქმანთა იმ ტომებს გადასცა, რომელთა მეტომეები კახელებმა გაჟლიტეს. მათ ქართველი გმირები საშინელი წამებით დახოცეს.

გადმოცემის თანახმად, ბიძინა ჩოლოყაშვილის ცხედარი ევროპელ კათოლიკეებს ფარულად დაუკრძალავთ, შალვასა და ელიზბარის ნეშთები კი რამდენიმე ხნის შემდეგ მათ მეუღლეებს სამშობლოში გადმოუსვენებიათ და ერისთავების საგვარეულო მონასტერში, იკორთაში, დაუკრძალავთ.

1959 წელს ქართველთა მიერ მოპოვებულმა გამარჯვებამ კახეთი გადაშენებისაგან იხსნა. ამ ბრძოლაში მონაწილე ქართველი ვაჟკაცების სახელები კი უკვდავყო.

 

 

           წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა:

1.     ვახუშტი ბატონიშვილი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, ქართლის ცხოვრება, . IV. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით . ყაუხჩიშვილის მიერ, თბილისი, 1973.

2.     ბერი ეგნატაშვილი, ახალი ქართლის ცხოვრება, ქართლის ცხოვრება, . II, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით . ყაუხჩიშვილის მიერ, თბილისი, 1959.

3.     . კაკაბაძე, ფარსადან გიორგიჯანიშვილის ისტორია, საისტორიო მოამბე, . II., ტფ. 1926, გვ. 36).

4.     . ფუთურიძე, მოჰამედ თაჰერის ცნობები საქართველოს შესახებ, მასალები საქართველოს და კავკასიის ისტორიისათვის, ნაკვ. 30, თბ. 1954.

5.     . ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები, . VI. თბ. 1973.

6.     . ჯამბურია, სახალხო აჯანყება კახეთში 1659 ./საქართველოს ისტორიის ნარკვევები, . IV, 1973, გვ. 329-334.

 

 

 

მოამზადა ნათია ფსუტურმა