მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

 

ყაფლან ბარათაშვილი, XVII .

ქართველი დიდგვაროვანისახელმწიფო მოხელე, მეურნე, სოფელთა და ეკლესიათა მაშენებელი

 

 

ყაფლან ორბელის ძე ბარათაშვილი (გარდაიცვალა 1671 წელს, დაკრძალულია ფიტარეთის მონასტერში) საყაფლანიშვილოს სათავადოს დამაარსებელი, ყაფლანისშვილ-ორბელისშვილთა გვარის ფუძემდებელი. გავლენიანი პოლიტიკური ფიგურა XVII - შუა ხანების ქართლის სამეფო კარზე, მდივანბეგი, სახლთუხუცესი, ფიტარეთის მონასტრის ხელმეორედ აღმდგენელი, 61 სოფლის აღმაშენებელი.

      ყაფლან ბარათაშვილი იყო თავისი დროის ცნობილი პოლიტიკური ფიგურა და დიდი გავლენის მქონე ქართლის სამეფო კარზე. იყო მდივანბეგი 1633-36 წწ.-ში, სახლთუხუცესი 1646 წლიდან ახლო ურთიერთობა ჰქონდა როსტომ მეფესთან (1633-58 წწ.) და შაჰნავაზთან (ვახტანგ V) (1658-75 წწ.). ერთგული სამსახურის სანაცვლოდ მეფეები მას მუდამ მფარველობდნენ.      ყაფლანის მეუღლე მარიამ ამილახვარი იყო, მათ შვიდი შვილი ჰყავდათ. ხუთი ვაჟი: პაპუნა, ვახტანგ-ორბელი, ასლანი, თამაზი, გიორგი და ორი ასული. ამათგან ერთი იყო როდამი, ვახტანგ V-ის მეუღლე და მეორე ასული, რომლის სახელი უცნობია _ ნოდარ ციციშვილის მეუღლე და ციცი ციციშვილის დედა.

      ყაფლანს დიდი და სახელოვანი ოჯახი ჰქომდა. მის ვაჟებს მაღალი თანამდებობები ეჭირათ ქართლის სამეფო კარზე და დიდი გავლენაც ჰქონდათ. უფროსი ძე პაპუნა მოლარეთუხუცესი და ქვემო ქართლის (სომხითის) მოურავი იყო. მეორე ვაჟი ასლანი მოლარეთუხუცესი იყო 1677-97 წლებში, ვახტანგ-ორბელი (სულხან-საბა ორბელიანის მამა) მდივანბეგი იყო 1678-84 წლებში, მეოთხე ვაჟი თამაზი _ საბარათიანოს სარდალი.ყაფლანი მაშინ ჩაუდგა სათავეში თავის მამულს, როდესაც            ოდესღაც გაშენებული და აყვავებული საბარათიანო გაოხრებული და გაპარტახებული იყო შინაური და გარეშე მტრისგან. დანგრეული იყო სოფლები, ბევრი იყო ნასოფლარები, განადგურებული იყო ზვრები და ხოდაბუნები. დიდი ზიანი მიაყენა საბარათიანოს თვით ბარათაშვილთა საგვარეულოს შიდა დაპირისპირებამაც. 1625 წელს ყაფლანს საკუთარმა ბიძაშვილმა ბარათა ბარათაშვილმა დაუხოცა მამა და ბიძები და ყმა-მამული წაართვა. ყაფლანმა ჯერ სასტიკად იძია შური ბიძაშვილზე, შემდეგ კი დიდი ენერგია და ძალა მოახმარა ახალი სათავადოს აშენებას. ყაფლანმა მართლაც, დიდი სამუშაო ჩაატარა, დანგრეული სოფლები ხელახლა ააშენა, ნასოფლარები დაასახლა და საყაფლანისშვილოს სათავადო ერთ-ერთ ძლიერ სათავადოდ აქცია არამარტო საბარათიანოში, არამედ მთელ ქვემო ქართლში.

      ფიტარეთის მონასტერი ყაფლანისშვილთა საგვარეულო საძვალედ სწორედ ყაფლანის დროს იქცა _ მონასტერი მას ერგო გუგუნა და ვარაზა ბარათაშვილებთან მოგებული სასამართლო დავის შედეგად, რის შემდეგ ფიტარეთი ყაფლანისშვილ-ორბელისშვილთა საგავრეულო სამარხი გახდა. ფიტარეთის დანგრეული მონასტერი დიდმა ყაფლანმა ხელახლა ააშენა და შეამკო. მისი საფლავის ქვაზე აღნუსხულია მთელი მისი დამსახურება საყაფლანისშვილოს სათავადოს წინაშე. სწორედ ამ წარწერიდან ხდება ცნობილი, რომ ყაფლანს რგებია 17 “შენი” (აშენებული) სოფელი, ხოლო  61 დანგრეული, რომლებიც მას დაუსახლებია და მოუშენებია. მასვე აუგია სულუხის ციხე. თავის შთამომავლებს 78 სოფელი დაუტოვა. ამიტომ უწოდებდნენ მას თანამედროვენიდიდ ყაფლანს”.

      ყაფლანის შვილებმა და შვილიშვილებმა გააფართოვეს საყაფლანისშვილოს ტერიტორია. 1771 წლის სტატისტიკური აღწერილობის მიხედვით, ყაფლანის გარდაცვალებიდან ზუსტად 100 წლის თავზე, ამ სათავადოში 164 სოფელი შედიოდა. ყაფლანის დანატოვარ 78 სოფელს მათ 83 სოფელი მიუმატეს.

      ყაფლანისშვილებს სასახლეები ედგათ თბილისში, ტანძიასა და დმანისში; საგვარეულო მონასტრები კი ჰქონდათ დმანისსა და ფიტარეთში; ციხეები _ დმანისში, ფიტარეთში, ქვეშსა და სულუხში.

ყაფლანის წყალობით, საყაფლანისშვილოს სათავადო მრავალდარგოვანი, დაწინაურებული მეურნეობის მხარე გახდა. ამავე დროს საყაფლანისშვილოს დიდი შემოსავალი ჰქონდა სამხრეთიდან შემომავალი სავაჭრო გზების წყალობითაც.

      დიდი ყაფლანის სახელი მრავალ ისტორიულ დოკუმენტშია შემორჩენილი. იგი ჩანს უაღრესად აქტიური, ძლიერი ფეოდალი, თანამედროული ქართლის საზოგადოებისათვის უაღრესად ანგარიშგასაწევი ფიგურა. ყაფლან ბარათაშვილი გარდაიცვალა 1671 წელს, დაკრძალულია ფიტარეთის მარიამ ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში, რომლისმეორედ შემამკობელითვითონ იყო.

     

წყაროები:

პირთა ანოტირებული ლექსიკონი, I, თბილისი, 1991, გვ.451-452, იქვე მითითებული დოკუმენტური წყაროები.

 

 

 

მოამზადა გულნარა მჭედლიძემ