მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

 

კონსტანტინე II

ერთიანი საქართველოს მეფე 1466-1478 წლებშში, ქართლის მეფე 1478-1505 წლებში. შვილიშვილი ალექსანდრე დიდისა. ჰყავდა თანამეცხედრე დედოფალი თამარი, შვილები: დავით, გიორგი და ბაგრატი.

     

      კონსტანტინეს მეფობის დასაწყისი დაემთხვა სახელმწიფოს რღვევის პროცესს: იმერეთის ტახტის პრეტენდენტმა ბაგრატმა ყვარყვარე ათაბაგის დახმარებით 1466 წელს საბოლოოდ წაართვა ტახტი ერთიანი საქართველოს მეფეს გიორგი VIII-. გიორგი გადაიხვეწა კახეთში, თავის საუფლისწულო მამულში და სათავე დაუდო კახეთის ბაგრატიონთა სამეფო შტოს. ბაგრატ VI- იმერეთი და ქართლი დაიჭირა. ზოგიერთი დოკუმენტის მიხედვით მასთან ერთად თანამეფედ იხსენიება კონსტანტინეც, ძე დიმიტრისა და შვილიშვილი ალექსანდრე დიდისა. ქართლ-იმერეთის მეფე ბაგრატი გარდაიცვალა 1478 წელს. კონსტანტინე  ქართლის სამეფო ტახტზე ავიდა. ბუნებრივია, როგორც ბაგრატის პოლიტიკურ მემკვიდრეს, იმერეთიც თავის სამეფოდ მიაჩნდა, მაგრამ კონსტანტინეს ქართლში გამეფებისთანავე ქუთისის ტახტი დაიჭირა ალექსანდრე ბაგრატის ძემ.

      ალექსანდრე არ მიიღეს ადგილობრივმა მთავრებმა _ დადიან-გურიელი, შერვაშიძე და გელოვანი მას არ სცნობდნენ. კონსტანტინემ ისარგებლა ამ გარემოებით, ჯარით გადავიდალიხთ-იმერეთით”, მოიმხრო დადიანი, იმერეთის წარჩინებულ თავადობა  და მოახერხა დასავლეთ საქართველოში გაბატონება. ასე გახდა კონსტანტინელიხთ-ამერის და ლიხთ-იმერისმეფე.

      ქართლ-იმერეთის გაერთიანების ამ წარმატებულ მცდელობას ხელი შეუშალა კვლავ სამცხის ათაბაგმა. 1483 წელს ყვარყვარე ათაბაგი არადეთთან შებმია ქართლის ლაშქარს და გაუმარჯვნია. ამით ისარგებლა ალექსანდრე ბაგრატის ძემ, მიიმხრო რაჭა-ლეჩხუმი, მათი დახმარებით 1484 წელს აიღო ქუთაისი და ეკურთხა მეფედკონსტანტინე მეფემ ამჯერად ვერა გააწყო-რა, მაგრამ სამი წლის შემდეგ ლიპარიტ დადიანთან შეთანხმებით კვლავ გადასულა იმერეთში. ალექსანდრე გასცლია უფრო ძლიერ მოიწინააღმდეგეს და მთებში შეხიზნულა. კონსტანტინემ ქუთაისი ჩაიბარა  და ის-ის იყო დანარჩენი ციხეებიც უნდა შემოემტკიცებინა, რომ ქართლიდანთათრებისშემოსევის ამბავი (იაყუბ ყაენი) მიუვიდა. კონსტანტინე იძულებული გახდა ქართლში გამობრუნებულიყო.

      1487 წლს იაყუბ-ყაენის ჯარი საქართველოში შემოვიდა და ქვემო ქართლში, დაახლოებით მაშავერასა და ქციის შესართავის სიახლოვეს გასამაგრებლად ქაოზიანის (არქევანი)A და აღჯაყალის ციხეების ააგეს. ჭანდართან დაბანაკებულ მტერს ქართველთა ჯარი ციციშვილების, ჯავახიშვილების და ბარათაშვილების წინამძღოლობით თავს დასხმიან და საგრძნობი ზარალი მიუყენებიათ. უკანდახეულ მტერს იაყუბ-ყაენმა მაშველი ჯარი გამოუგზავნა, რომელმაც საბარათიანო (ისტორიული სომხითი, იგივე ტაშირი) გამოიარა და შემდეგ კოჯრის ციხეს მიადგნენ. ჯარის სიმცირის გამო ქართველებს ღამით ციხე მიუტოვებიათ. მტერი მრავალრიცხოვანი იყო ტალღა-ტალღად შემოდიოდა. მათთან ბრძოლის მთავარი სიმძიმე ქვემო ქართლის მოსახლეობას აწვა ადგილობრივი ფეოდალური სახლების (ბარათაშვილების, ჯავახიშვილების და სოლაღაშვილების) მეთაურობით. მიუხედავად Aვგანწირული წინააღმდეგობისა, თურქმანებმა წინ წაიწიეს და 1489 წელს თბილისიც აიღესკონსტანტინე მეფე პირისპირ შებმას თავს არიდებდა, მაგრამ მოულოდნელი ჩასაფრებებით და თავდასხმებით მოსვენებას არ აძლევდა. 1489 წელს თურქმანთა სარდალს საქართველო დაუტოვებია. როგორც ჩანს, ქართველებმა თბილისი მალე დაიბრუნეს.

როცა კონსტანტინე მეფე ქართლში მტერს ებრძოდა, ალექსანდრე ბაგრატის ძემ ისევ დაიპყრა იმერეთის ტახტი. ეს შემთხვევა ცხადად უჩვენებდა, რომ საქართველოს შინაგან ერთობას აუცილებლად ესაჭიროებოდა საქართველოს საზღვრების მტკიცე დაცვა გარეშე მტრისაგან და შიდა პოლიტიკური სისტემის შეცვლა. ეს კი იმჟამინდელი საქართველოს პირობებში შეუძლებელი იყო.

ვახუშტის ცნობით, 1490 წელსთათრებისწასვლის შემდეგ მეფემ მოიწვია სამეფო დარბაზი: “კათალიკოზი, ეპისკოპოსნი და წარჩინებულნი თვისნი და განიზრახვიდა, თუ რაი ჰყონ განდგომილებისათვის ქვეყანათა და ვითარ მოაგონ კვალად მეფობასავე თვისსა. მაშინ დიდებულნი იტყოდნენ: “ვინადგან მტკიცედ სდგან ერთგულებასა თვისთა რჩეულთა მეფეთა იმერნი და კახნი, და კვალად ათაბაგისა სამცხელნი, ამისთვის არ განგიზრახავთ ბრძოლასა, რამეთუ მერე მძლე ვექმნეთ ერთსა, არღარა მოგუცემს მეორე ნებასა, არამედ ვაცადოთ ჟამი, უკეთუ კვალად აგოს მეფობასავე შენსა”.

საქართველოს დაშლის ფაქტი სამეფო დარბაზმა ფაქტობრივად აღიარაუკეთეს ჟამადე”. კონსტანტინე მეფე დაეზავა კახთა და იმერთა მეფეებს, სამცხის ათაბაგს და მშვიდობიანად გამიჯნეს ერთმანეთში საზღვრები. რასაკვირველია, საქართველოს ერთიანობის მომხრე პოლიტიკური ძალები მაშინ საქართველოში ცოტანი არ იქნებოდნენ, მაგრამ საკმარისი ძალა, მატერიალური ან პოლიტიკური რესურსები მათ არ გააჩნდათ.

      საშინაო მშვიდობის დამყარების შემდეგ კონსტანტინე მეფე მოკავშირეების ძებნას შესდგომია ქვეყნის გარეთ. დაახლოებით 1492-1496 წლებს შორის თავისი კარის მოძღვრის, ნილოსის ხელმძღვანელობით მას გაუგზავნია ელჩობა ეგვიპტის მამლუქ სულთანთან _ ხალიფა აშრაფ სეიფ ად-დინ კაიტბეისთან (1468-1496). კაიროში საქართველოს მეფის წარმომადგენელი კარგად მიუღუათ, თუმცა არ არის ცნობილი, კონკრეტულად რა საკითხებზე წარმოებდა მოლაპარაკება. კაიროდან ნილოსი იერუსალიმში ჩასულა, სადაც ესპანეთის დედოფლის ელჩებს შეხვედრია. აქ მას შეუტყვია ესპანეთიდან არაბების განდევნის ამბავი (1492 .), რამაც იმდროინდელ ქრისტიანულ სამყაროს ახალი იმპულსები შესძინა მაჰმადიანურ გარემოცვასთან საბრძოლველად.

      ქართველ ელჩს ესპანეთის დედოფლის ელჩები საქართველოში ჩამოუყვანია კონსტანტინე მეფესთან. ამ საქციელით, რასაკვირველია, ნილოსმა გადადგა დიპლომატიური ნაბიჯი, რომლის უკან სერიოზული პოლიტიკური გეგმა ჩანდა, რომლის განხორციელებას გულმოდგინედ შეუდგა კონსტანტინე მეფე.

      კონსტანტინე მეფეს და, უეჭველია, მასთან ერთად მის ერთგულ დასს, დრო შესაფერად მიუჩნევიათ დასავლეთის ქრისტიანობასთან კავშირის დასამყარებლად. ამჯერად კონსტანტინემ თავისი ელჩი რომის პაპ ალექსანდრე VI-თან და ესპანეთის დედოფალ იზაბელასთან გააგზავნა. შემორჩენილია პაპის პასუხი, რომლითაცAშესაძლებელი ხდება კონსტანტინეს წერილზე წარმოდგენის შექმნა. ამასთან ერთად, მართალია, დამახინჯებით, შემორჩენილია კონსტანტინეს იზაბელასადმი გაგზავნილი წერილის ძველი სლავური თარგმანი. ამ წერილების საშუალებით კარგად ჩანს კონსტანტინე მეფისა და ქართველი პოლიტიკოსების მცდელობა გამოეყენებინათ საერთაშორისო ძალები მაჰმადიანური რკალის გასარღვევად და ქრისტიანულ სამყაროსთან კვლავ დასაბრუნებლად.

      კონსტანტინე მეფის წერილში ამ იმედთან ერთად ჩანს ქართველი პოლიტიკური მოღვაწეების სრულიად ჩამოყალიბებული თვალსაზრისი საქართველოს კულტურულ-პოლიტიკურ ორიენტაციაზე, რაც თითქმის არ შეცვლილა მრავალი საუკუნის განმავლობაში. აი, რას სწერს იგი ესპანეთის დედოფალს: “... ახალმა ამბავმა  თქვენი გამარჯვების შესახებ დიდი სიხარულით აგვავსო. და იგივე ჩვენი დესპანი ეპისტოლითურთ გამოვისტუმრეთ თქვენთან, მაგრამ იმის გარდა, რაც ამ ეპისტოლეშია დაწერილიჩვენი დესპანი ბევრს სხვასაც რასმე პირადად სიტყვიერად მოგახსენებთ იმიტომ, რომ გზაზე მრავალი მტერია. უსჯულო სპარსელები ხომ, როგორც იცით, უწყალოდ გვტანჯავენ. ამ ჩვენს მტრებს ბევრი უბედურება მოუყენებიათ ჩვენთვის და სამს რამესა გვთხოვენ ხოლმე: გადაიხადეთ დიდი ხარკი, იბრძოლეთ მუდამ ჩვენთან ერთად და გამაჰმადიანდითო. ისინი მრავალრიცხოვანი არიან, ჩვენ კი ტრაპიზონის, კონსტანტინეპოლის და სხვა ქრისტიანთაAდაცემის შემდგომ მარტოდ-მარტონი  და სრულიად დამდაბლებულნი დავრჩით.   მაგრამ აწ, ურიცხვნი ერნი აგარიანთა, სპარსთა, თურქთა და არაბთაშერცხვენილ-აღშფოთებულნი არიან.

      დროც მოახლოებულია, სახელითა ღვთისათა გევედრებით, დაუყონებლივ პირდაპირ კონსტანტინეპოლზე გამოილაშქროთ. აიღეთ ფარად უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ჯვარი; და მაცხოვარი ჩვენი თქვენს  სურვილს ხელს შეუწყობს. მეც, პირადად, შვილებითურთ და მთელი ლაშქრით, რომლის შეყრასაც კი შევძლებ, დაბრუნდება თუ არა ჩემთან შენი დესპანი, არ დავაყოვნებ და შენთან ერთად საბრძოლველად წამოსასვლელად მზად ვიქნები…...”

      დედოფალ იზაბელას დესპანები საქართველოში  ჩამოვიდნენ. მაჰმადიანთა განუწყვეტელი შემოტევებით შეწუხებული საქართველოს პოლიტიკურ მესვეურებს ამ ამბავმა დიდი იმედი ჩაუსახა.

      მაგრამ ამ ელჩობას არავითარი შედეგი არ მოჰყოლია. ევროპის სახელმწიფოებს, რასაკვირველია, ოსმალეთთან და ირანთან ბევრად  უფრო ანგარიშგასაწევი ურთიერთობები აკავშირებდათ, ვიდრე ეს შეიძლებოდა პატარა ქრისტიანულ ქვეყანასთან დაემყარებინათ.

 

 

           წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა:

1.     ბერი ეგნატაშვილი, ქართლის ცხოვრენა . ყაუხჩიშვილის გამოც. II, გვ.343-344.

2.     . ოდიშელი, მცირე ქრონიკები, თბილისი, 1968, გვ. 67.

3.     . თამარაშვილი, ისტორია კათალიკოსობისა ქართველთა შორის, თბილისი, 1902, გვ.598.

4.     ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია IV, თბილისი, 1948, გვ. 153-162.

5.     . ლომინაძე, საქართველო XV . მეორე ნახევარში. ერთიანი საქართველოს საბოლოო დაშლა სამეფოებად და სამთავროებად/ საქართველოს ისტორიის ნარკვევები, III, 1979, გვ. 733-753.

 

 

 

მოამზადა მზია სურგულაძემ