მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

გიორგი VIII

ერთიანი საქართველოს უკანასკნელი მეფე 1466-1466 წლებში. კახეთის მეფე 1466-1476 წლებში. ალექსანდრე I-ის და დედოფალ თამარის ძე.

 

საქართველოს დაშლის პროცესი, რომელიც ალექსანდრე დიდის მეფობის დასასრულს გაძლიერდა, გიორგის მეფობის დროს უკვე მეტის-მეტად გაღრმავდა. სამცხე-საათაბაგო, დასავლეთ საქართველოში საბედიანო (ოდიში-აფხაზეთი) და გურია აშკარად უპირისპირდებოდნენ ერთიანობის მოსურნე ძალებს. ამ სამთავროებს საკუთარი ჯარი ჰყავდათ და საგარეო პოლიტიკასაც დამოუკიდებლად აწარმოებდნენგიორგის ფაქტობრივად ემორჩილებოდა იმერეთი, ქართლი და კახეთი.

გიორგი VIII ამაოდ ცდილობდა შეეჩერებინა სეპარატისტული ძალები. 1447 წელს სამცხის ათაბაგ აღბუღას მისმა ძმამ, ყვარყვარემ მისტაცა ათაბაგობა. გიორგი მეფე აღბურას დაეხმარა და სამთავრო დაუბრუნა, მაგრამ 1451 წელს, აღბუღას გარდაცვალების შემდეგ ყვარყვარე კლავ გამთავრდა და გამიზნულად დაადგა ერთიანი საქართველოდან სამთავროს ჩამოცილების გზას. მან მიიმხრო, ერთი  მხრივ, სამცხე-ჯავახეთის გავლენიანი თავადები და, მეორე მხრივ, ადგილობრივი ეპარქიების მესაჭენი. იგი უკვე მცხეთის ტახტის გვერდის ავლით თვითონ ნიშნავდა ეპისკოპოსებს. (ქრონიკები II,268, 269), წირვა-ლოცვის დროს საათაბაგოს ეკლესიებში საქართველოს მეფესა და კათალიკოსს აღარ იხსენიებდნენ, ადგილობრივ ეპისკოპოსებს მაწყვერელი აკურთხებდაამ მხარეში საეკლესიო სეპარატიზმის გაღრმავებას ხელს უწყობდნენ იერუსალიმისა და ანტიოქიის პატრიარქები და მიტროპოლიტები, რომლებიც, მაჰმადინთაგან შევიწროებულნი, მოსარეწად (ფულის შესაგროვებლადჩამოდიოდნენ საქართველოში (ასევე სხვა ქრისტიანულ ქვეყნებში) და ადგილობრივ მთავართა გულის მოსაგებად სთავაზობდნენ  ქართველ სამღვდელოებას მათგან მიეღოთ ხელდასხმა.

      ამ ტენდენციის აღმოსაფხვრელად საქართველოს მეფეებს მხარში ედგნენ  საქართველოს კათალიკოსები _ ისინი მტკიცედ ილაშქრებდნენ განდგომილი სამღვდელოების წინააღმდეგ და ერთხანს წარმატებასაც აღწევდნენ. მაგ., გიორგი მეფის თანამედროვე დავით კათალიკოსი (1447-1459) თავად ჩასულა სამცხეში, საფარის ეკლესიაში შეუჩვენებია საეკლესიო სეპარატიზმის სულისჩამდგმელი აწყურის ეპისკოპოსი და სამცხის მისი მომხრე ეპისკოპოსები. ასეთ სამღვდელოებას ქართლის კათალიკოსები ართმევდნენ .. ფიცის წიგნებს, რომლებშიც საგანგებოდ შეჰქონდათ შეჩვენებების და განკვეთის მუქარების შემცველი მუხლები, რათა სამცხის სამღვდელოებას ქართლის კათალიკოსისაგან უკურთხევლად  ვერ მიეღო ხელდასხმა.

საქართველოს სამხრეთით ამ დროს თურქმანთა ძლიერი სახელმწიფოები გაჩნდა. 1451/1452 წლებში ირანის ტერიტორია გაინაწილეს შავბატკნიანმა (ყარა-ყოინლუ) და თეთრბატკნიანმა (აყ-ყოინლუ) თურქმანულმა ტომებმა. საქართველოს სამხრეთ-დასავლეთით ამ დროს ოსმალები ბატონობდნენ, რომლებიც კონსტანტინოპოლსაც ემუქრებოდნენ. ბიზანტიის უკანასკნელმა იმპერატორმა კონსტანტინე IX- ოსმალთა წინააღმდეგ აღმოსავლეთში მოკავშირეთა ძებნა დაიწყო. ამ მიზნით მან თავისი კარისკაცი ფრანძესი გამოგზავნა ტრაპიზონსა და საქართველოში თავისთვის საცოლის შესარჩევად. 1451 წელს ფრანძესი გიორგი VIII- ეწვია და იმპერატორის განზრახვა აცნობა. ფრანძესს პირადად უნახავს გიორგის ასული და სამშობლოში დაბრუნებულს ურჩევია იმპერატორისათვის მასზე დაქორწინება. საქმე უკვე ქორწინებამდე მისულა _ კონსტანტინეს საქორწინო ხელშეკრულება გამოუტანებია ქართველი ელჩისათვის, მაგრამ ეს ქორწინება ვერ მოესწრო _ 1453 წელს ოსმალებმა კონსტანტინიპოლი აიღეს, იმპერატორი კონსტანტინე ბრძოლაში დაეცა.

1461 წელს ოსმალთა ხელში აღმოჩნდა ტრაპეზუნის საკეისროც. ბიზანტიის ოდესღაც ძლევამოსილმა იმპერიამ, რომელიც საქართველოსათვის დასავლურ სამყაროსთან  დამაკავშირებელი ხიდი იყო, შეწყვიტა არსებობაშავი ზღვაოსმალეთის ტბადიქცა. საქართველოს ირგვლივ შეიკრა მაჰმადიანური, ძირითადად მომთაბარე ტომებით დასახლებული სახელმწიფოების რკალი.

კონსტანტინოპოლის დაცემამ უმძიმესი შტაბეჭდილება მოახდინა ევროპის მონარქებზე. რომის პაპი, ბურგუნდია, უნგრეთი, ნეაპოლი, ვენეცია, პოლონეთი, მზად იყვნენ ოსმალთა წინააღმდეგ ომში ჩაბმულიყვნენ, მაგრამ შექმნილ პირობებში ისინი კარგად გრძნობდნენ აღმოსავლეთის ქრისტიანულ ქვეყნებთან სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობის აუცილებლობას. ასეთ საერთაშორისო ვითარებაში რომის პაპმა პიუს II- წამოაყენა ანტიოსმალური კოალიციის იდეა, რომლის განხორციელებაში საქართველოსაც უნდა მიეღო  მონაწილეობა. 1459 წელს საქართველოს ეწვია პაპის ელჩი ლუდოვიკო ბოლონიელი. იგი, როგორც ჩანს, საქართველოს ყველა სამთავროში ჩასულა და დაურწმუნებია მეფე-მთავრები, რომ აუცილებელი იყო ურთიერთშეთანხმებული მოქმედება (. თამარაშვილი), რათა დაეხსნათ კონსტანტინოპოლი და იერუსალიმი (იერუსალიმი ამ დროს ეგვიპტის მამლუქებს ეპყრათ).

      მართლაც, საერთაშორისო მოვლენებზე დაფიქრებამ, როგორც ჩანს, მცირე ხნით დააცხრო შინაური აშლილობა.  1459-1460 წლებში  გიორგი VIII და სხვა ქართველი მთავრები აქტიურად ჩანან ჩაბმულნი კოალიციის ორგანიზების საქმეში. გიორგი მეფის 1459 წელს ბურგუნდიის მთავრისადმი გაგზავნილ წერილში  ნათქვამია: “ჩვენ, ყველა ქრისტიანმა მთავარმა, რომელნიც ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ურთიერთშორის ზავი, კავშირი და ერთობა დავდეთ და ერთმანეთს შევფიცეთ მთელი ჩვენი ცოდნითა და ძალღონით თურქებს ვეომოთ. განსაკუთრებით იმათ, რომელნიც კონსტანრინოპოლში არიან, რადგან ისინი ქრისტიანთა ყველაზე უფრო მოძულენი არიანოდაახლოებით ასეთივე შინაარსის წერილს სწერდა ბურუნდიის მთავარს ყვარყვარე ათაბაგიც.

გიორგისა და ყვარყვარე ათაბაგის წერლებიდან ბურგუნდიის ჰერცოგისადმი ჩანს, რომ მათ განზრახული ჰქონდათ ოსმალთა წინააღმდეგ ლაშქრობა ტრაპიზონის სამეფოსთან, მცირე სომხეთთან და ზოგიერთ მაჰმადიანურ (მაგ. აყ-ყოინლუს ხელმწიფე უზუნ ჰასანი) ქვეყანასთან ერთად. საერთო გაანგარიშებით, აღმოსავლეთის ფრონტზე მოკავშირეებს 120 ათასი მეომარი უნდა გამოეყვანათ. აქედან გიორგის ლაშქარში 40 ათასი მებრძოლი იყო ნაგულისხმევი.

საქართველო მზად იყო საერთო ლაშქრობაში მონაწილეობის მისაღებად. ამ განზრახვით სამეფო კარს კარგად მომზადებული სამხედრო გეგმით ელჩები გაუგზავნია რომში პიუს II-თან, მაგრამ აქ შეუტყვიათ, რომ ევროპის მონარქები უარს ამბობდნენ მათ მიერვე წამოწყებული საქმის გაგრძელებაზე.

ანტიოსმალური კოალიციის ჩაშლის შემდგომ ქართული სამეფო-სამთავროები კვლავ ლოკალურ კონფლიქტებში ჩაიძირნენ. სამცხის ათაბაგი ყვერყვარე გიორგი მეფეს განუდგა და დამხმარედ ირანის თურქმანი მბრძანებელი უზუნ ჰასანი მოიწვია. 1462 წელს მათ სძლიეს გიორგის. ამავე დროს გიორგის წინააღმდეგ აჯანყდა ქუთაისის ერისთავი ბაგრატი (შემდგომში ქართლ-იმერეთის მეფე ბაგრატ VI), 1463 წელს ჩიხორთან ბრძოლაში გიორგი დამარცხდა. 1465 წელს  ყვარყვარეს დასამორჩილებლად სამცხეში ჩასული გიორგი თავფარავანზე ყვარყვარემ დაატყვევა. ამით ისარგებლა ბაგრატმა, გადმოვიდა ქართლში  და თავი მეფედ გამოაცხადა. შემდგომ, მართალია, ყვარყვარემ გიორგი მეფე გაათავისუფლა, მაგრამ ამ უკანასკნელმა ქართლი ვეღარ დაიბრუნა და კახეთში გადავიდა. ასე ჩაეყარა საფუძველი კახეთის სამეფოს ბაგრატიონთა დინასტიით სათავეში. როგორც ვახუშტი ბაგრატიონი იუწყება, მეფე გიორგიიყო მეტად მწუხარე განხეთქილებისათვის სამეფოთა ესევითარითა, არამედ კუალადცა მცდელობდა შეერთებასა და ეგრეთვე გებასა გიორგიისასა”.

 

           წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა:

1.     ვახუშტი ბაგრატიონი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, თბილისი, 1975.

2.     . თამარაშვილი, ისტორია კათოლიკობისა საქართველოში, თბილისი, 1902.

3.     ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია IV, 1948.

4.     . ლომინაძე, საქართველო XV . II ნახევარში, საქართველოს ისტორიის ნარკვევები, III, თბილისი, 1979.

 

 

მოამზადა მზია სურგულაძემ