გუბაზ II
ეგრისის მეფე VI საუკუნის 40-იან წლებში.
წათეს მიერ ბიზანტიელების მოწვევას ეგრისისათვის სიმშვიდე არ მოუტანია. ბიზანტიელებმა ფაქტობრივად ხელში ცაიგდეს ქვეყნის მართვა-გამგეობა. ეგრისის მთავარ ციხეებში _ სკანდასა და შორაპანში ბიზანტიელთაAგარნიზონები ჩადგა. მოსახლეობას კისერზე დააწვა მათი სენახვის ხარჯები. ამას ემატებოდა ვერცხლისმოყვარე პეტრე სტრატეგოსის თვითნებობა, რის გამოც იმპერატორმა იუსტინიანემ იგი გაიწვია და იოანე ციბე გამოგზავნა. ეს ციბე უარესი აღმოჩნდა. მან განსაკუთრებულად უარყოფითი როლი შეასრულა ლაზებსა და ბიზანტიელებს შორის ურთიერთობის გაუარესებაში. ციბეს სიხარბეს და უსამრთლობას საზღვარი არ ჰქონდა. ამან კიდევ უფრო დიდი პროტესტი გამოიწვია. მეფე გუბაზმა გადაწყვიტა ირანელების გამოყენება ბიზანტიელების წინააღმდეგ და ამ მიზნით საიდუმლო ელჩობა გაგზავნა ხოსრო ანუშირვანთან (531-579). ეს აღმოჩნდა საბედისწერო ნაბიჯი, რომელსაც შემდგომ ეგრისის მიწა-წყალი ირანისა და ბიზანტიის საომარ ველად აქცია.
ელჩებმა გაანდვეს საჰს გუბაზის განზრახვა და დაუსახეს ყველა ის პერსპეაქტივა, რომელიც ირანს მოელოდა ეგრისის მფარველობის შემთხვევაში: “სპარსელთA ძალას თქვენ შემატებთ უძველეს სამეფოს და მისი საშუალებით თქვენი ჰეგემონიის ღირსება გადიდებული იქნება, ხოლო ჩვენი ქვეყნის გზით რომაელთა ზღვას დაუკავშირდებით: აქ თუ ხომალდებს ააგებ, მეფევ, არავითAრ სიძნელეს არ წარმოადგენს, რომ ბიზანტიის პალატს მიაღწიო... თქვენზე იქნება დამოკიდებული, რომ მოსაზღვრე ბარბაროსებმა ყოველ წელიწადს არბიონ რომაელთა მიწა-წყალი. თქვენ ალბათ იცით, რომ ლაზთა ქვეყანა დღემდე კავკასიის მთების წინააღმდეგ საფარს წარმოადგენდა.მაშ, როდესაც სამართლიანობა გვიკარნახებს, ხოლო სარგებლობა თვალსაჩინოა, ვფიქრობთ, მოკლებული იქნება ყოველგვარ გონიერებას, თუ ეს სიტყვები არ იქნება მიღებული” (პროკოპი კესარიელი).
ხოსრო საგანგებოდ მოემზადა ომისათვის და ქართლიდან ეგრისში გადავიდა. საზღვარზე ირანის ჯარს ეგრისელი მეგზურები დახვდნენ და ძნელად სავალი გზებით ბიზანტიელთა შეუმჩნევლად ეგრისის სამეფოს შუაგულში ჩაიყვანეს. აქ შეეგება მათ მეფე გუბაზი და დაპირებისამებრ სამეფო ხოსროს გადასცა. ეგრისელთა და ირანელთა შეერთებულმა ჯარმა პეტრას ციხეზე მიიტანა იერიში. ბიზანტიელებმა შემოტევას ვერ გაუძლეს და ციხე ჩააბარეს. იოანე ციბე ამ ბრძოლას შეეწირა. პეტრას აღების შემდეგ ხოსრო სასწრაფოდ დაბრუნდა ირანში. ირანელთა მოსვლით ეგრისი კიდევ უფრო უარეს დღეში ჩავარდა. ბიზანტიასთან სავაჭრო მიმოსვლა საერთოდ შეწყდა, ქრისტიანობა დევნას განიცდიდა. ხალხი უკიდურესად შეწუხებული იყო. ხოსრო, რასაკვირველია, ეგრისელებს არ ენდობოდა და სანამ მათი მღელვარება აჯანყებაში გადაიზრდებოდა, გადაწყვიტა გუბაზ მეფის მოკვლა, ეგრისელების აყრა და მათ ადგილას თავისი ხალხის ჩასახლება. ამ განზრახვის პირველი ნაწილის შესასრულებლად _ გუბაზ მეფის მოსაკლავად _ ხოსრომ ეგრისში სამასკაციანი რაზმი გამოგზავნა ფაბრიზის მეთაურობით. ეს ფაბრიზმა თავისი გეგმა გაანდო ადგილობრივ წარჩინებულს, ვინმე ფარსმანს, რომელიც ცნობილი იყო გუბაზ მეფის მტრობით. ფარსმანმა ირანელებს თავი სანდო კაცად მოაჩვენა, ფარულად კი გუბაზ მეფეს შეატყობინა ირანელთა გეგმა.
ამჯერად გუბაზი ისევ ბიზანტიელებს სთხოვს შეწევნას. იუსტინიანემ ეგრისში 7 ათასი ბიზანტიელი და ჭანების ათასეული გამოაგზავნა. ბიზანტიელები და ეგრისელები პეტრას გარსშემოეწყვნენ, სადაც ირანელთა მთავარი ჯარი იყო გამაგრებული. ალყა დიდხანს გაგრძელდა, ამასობაში ხოსრომ ეგრისისაკენ დიდი ჯარი გამოაგზავნა. ასე დაიწყო (549 წელს) სისხლისმღვრელი ომი, რომელმაც რამდენიმე წელიწადს გასტანა და თითქმის მთელი დასავლეთ საქართველოს ტერიტორია მოიცვა. ვერც ერთმა მეომარმა მხარემ ვერ მოიპოვა გადამწყვეტი უპირატესობა. გუბაზ მეფე, რომელიც თავისი ჯარით საკუთარ სამშობლოს იცავდა, უკმაყოფილო იყო ბიზანტიელი სარდლების უნიათობით და წინდაუხედაობით, რის გამოც ომი ჭიანურდებოდა. გუბაზ მეფე ამის შესახებ იუსტინიანე კეისარს ატყობინებდა, რასაც საბოლოოდ იგი შეეწირა კიდეც. ბიზანტიელმა სარდლებმა, რათა იუსტინიანესთან თავის მართლების საშუალება ჰქონოდათ, გუბაზის თავიდან მოშორება განიზრახეს. მათ იუსტინიანეს აცნობეს, ვითომ გუბაზი კვლავ ირანელებისაკენ გადაიხარა, შემდეგ კი ვითომ სათათბიროდ მოიწვიეს და ვერაგულად მოკლეს. ეს მოხდა 554 წელს. ეგრისელები ისე ააღელვა ამ ამბავმა, რომ გადაწყვიტეს რომაელებთან აღარაფერი ჰქონოდათ საერთო და უარი თქვეს ნათთან ერთად ბრძოლებში მონაწილეობაზე. გუბაზის მკლვლელობის შემდეგ ბიზანტიელებმა ონოგურის ციხესთან ირანელთაგან სამარცხვინო დამარცხება იწვნიეს _ 3 ათასმა ირანელმა 50 ათას ბიზანტიელს სძლია და მთელი მათი ქონება ხელთ იგდო.
ომს ბოლო არ უჩანდა. ეგრისელები ერთ ხეობაში შეიყარნენ და სახალხო კრება მოაწყვეს. კრებაზე მსჯელობდნენ იმაზე, თუ რა გზას დადგომოდნენ, ბიზანტიელებთან დარჩენილიყვნენ თუ ირანის მხარეს გადასულიყვნენ. ორსავე პოზიციას თავისი მომხრენი ჰყავდა. ირანელთა მომხრეების სახელით სიტყვით გამოსულა აეტი, ხოლო ბიზანტიური ორიენტაციის სასარგებლოდ _ ფარტაძი. ორივე გამომსვლელის სიტყვა, დაცული აგათია სკოლასტიკოსთან, აზრის სიღრმით, რიტორიკული ოსტატობით და მაღალი სახელმწიფოებრივი შეგნებით არის გამსჭვალული. კრებაზე ფარტაძის აზრს გაუმარჯვნია. საერთო გადაწყვეტილების თანახმად, კეისარს შეატყობინეს მომხდარის შესახებ _ ითხოვდნენ დამნაშავეთა დასჯას და გუბაზის უმცროსი ძმის, წათეს გამოგზავნას, “რათა დაცული იქნას მამაპაპური წესი და ძველი სამეფო გვარი შეურყვნელი დარჩეს” (აგათია). იუსტინიანემ ეგრისელთა ყველა თხოვნა დააკმაყოფილა. გუბაზის მკვლელების გასასამართლებლად სენატორი ანასტასი გამოგზავნა, ეგრისის ტახტი კი წათეს ცააბარა. გუბაზის სასამართლო საომარი მოქმედებების გამო გადაიდო. 555 წელს, როცა ირანელებმა დიდი მარცხი იწვნიეს ბიზანტიელთაგან, მეფე გუბაზის მკვლელების საჯარო სასამართლო შედგა. “ეს იყო ატიკური სასამრთლო კავკასიონის ძირში” (აგათია). სასამართლომ სარდალი რუსტიკე და მისი ძმა იოანე დამნაშავეებად ცნო და სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა.
წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა:
1. პროკოპი კესარიელი, გეორგიკა, ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტექტები ქართული თარგმანებითურთ გამოსცა და კომენტარები დაურთო ს. ყაუხჩიშვილმა, ტ. II, თბილისი, 1965;
2. აგათია სქოლასტიკოსი, გეორგიკა, ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტექტები ქართული თარგმანებითურთ გამოსცა და კომენტარები დაურთო ს. ყაუხჩიშვილმა, ტ. III, თბილისი, 1936;
3. იხ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, თხზულებანი 12 ტომად ტ.I, თბილისი, 1979;
4. ნ. ლომოური, ეგრისის სამეფოს ისტორია, თსუ გამომცემლობა,თბილისი, 1968;
5. ა. ბოგვერაძე, ადრეფეოდალური ქართული სახელმწიფოები VI-VIII საუკუნეებში/ საქართველოს ისტორიის ნარკვევები, II, 1973;
6. დ. მუსხელიშვილი, საქართველო IV-VIII საუკუნეებში,თბილისი, 2003;
მოამზადა მზია სურგულაძემ