ფილიპე ყაითმაზაშვილი
XVIII საუკუნის მეორე ნახევრის სასულიერო მოღვაწე, მწიგნობარი, მთარგმნელი და განმანათლებელი.
ფილიპე ყაითმაზაშვილი, დოსითეოზ ნეკრესელის ცნობით, იყო საქართველოში მცხოვრები “ჰარმანთა” (სომეხი ეროვნების) მღდელი, “ძე აზნაურთა”. მას მდივანბეგი იოანე ორბელიანი “ჩუენთაგან აზნაურს” (ე.ი. ორბელიანების აზნაურს) უწოდებს. იგი ფილიპეს “თანამესხოლედ” (თანასკოლელად) მოიხსენიებს – ისინი ერთად სწვლობდნენ სომხეთიდან მოსულ ეპისკოპოს ავეტიკთან. სწორედ მისი ხელმძღვანელობით გაიღრმავა მან ცოდნა ფილოსოფიასა და თეოლოგიაში. იგი დიდად იყო დაფასებული სომხურ-ქართულ განათლებულ წრეებში, მას “ზედმიწევნილ ფილოსოფოსად მოიხსენიებდნენ.
ქართული მწერლობის აღორძინების ხანაში (XVII-XVIII სს.), კულტურული რენესანსის პერიოდში, საქართველოში საგანგებო ყურადღება დაეთმო პირველდაწყებითი და საშუალო საფეხურის განათლებას. XVIII საკუნის მეორე ნახევარში გაიხსნა სპეციალური სასწავლებლები თბილისსა და თელავში. კათალიკოს ანტონ I-ის თაოსნობით 1755 წელს თბილისში დაიწყო მუშაობა საღვთისმეტყველო-საფილოსოფოსო სემინარიამ, რომლის რექტორად კათალიკოსმა ფილიპე ყაითმაზაშვილი მოიწვია. ამ სკოლაში სრულწლოვანებიც სწვლობდნენ. აქ ეუფლებოდნენ გრამატიკას, პოეტიკას, რიტორიკას, ლოგიკას, ფიზიკას და სხვ. შემდგომში ერეკლე II-მ ფილიპე გადაიყვანა თელავის ახლადდაარსებული (1758 წ.) სემინარიის რექტორად. თანამედროვეთა თქმით, იგი “ღირს იყო ესევითარსა მოძღურებისა პატივსა”(კ. კეკელიძე).
XVIII საუკუნეში ევროპიდან სომხეთში და საქართველოს სომხურ მოსახლეობაში იწყო დენა მხითარისტების შრომებმა, რამაც ხელი შეუწყო სომეხ სამღვდელოებაში საღვთისმეტყველო განათლების დონის ამაღლებას. მხითარისტების მიერ თარგმნილი ევროპელ ავტორთა სქოლასტიკური შრომების საშუალებით მკითხველი ეცნობოდა სქოლასტიკურ მეთოდს _ მსჯელობის ახალ სტილს, ადამიანური ლოგიკის ამოუწურავ შესაძლებლობებს. ამ თარგმანთა წყალობით სომხურმა სამღვდელოებამ შესამჩნევად გაასწრო ქართველებს. ამიტომაც XVIII საუკუნის შუა ხანებში, როცა შედარებითი მშვიდობა დამყარდა, სწავლასმოწყურებული ქართველი სამღვდელოება სწავლობდა სომხურ ენას, რათა ახალ საღვთისმეტყველო ცოდნას და სქოლასტიკურ მეთოდს დაუფლებოდა. ამასთან ერთად ინტენსიურად ითარგმნებოდა სომხურენოვანი საღვთისმეტყველო ლიტერატურა. ეს საშუალებას აძლევდა ქართველ სამღვდელოებას დაპირისპირებოდა სომხური სარწმუნოების გაძლიერებულ პროპაგანდას, რაც თან ახლდა ჩვენში სომხური სავაჭრო კაპიტალის ზრდას. გარკვეულ რეგიონებში სარწმუნოებრივ საკითხებში გაუწაფავი მრევლი ამ პროპაგანდას ადვილად ექვემდებარებოდა. ამ პროცესის შესაჩერებლად ქართული ეკლესიის მესვეურნი ძირითადად იყენებდნენ გაქართველებულ სომხებს, რომელთა თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო ფილიპე ყაითმაზაშვილიც. იგი იყო ცნობილი და მაღალი ავტორიტეტის პედაგოგი. მის მოსწავლეთა შორის იყვნენ: დოსითეოზ ნეკრესელი, ანტონ ჭყონდიდელ-ცაგარელი და სხვები.
ფილიპემ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქართულ-სომხური ლიტერატურული ურთიერთობების გაღრმავების საქმეში. იგი თარგმნიდა ფილოსოფიურ და თეოლოგიურ ლიტერატურას. მიუხედავად იმისა, რომ მან ზედმიწევნით კარგად იცოდა ქართული ენა, მის თარგმანებს ხვეწდნენ ისეთი ცნობილი ქართველი მწიგნობრები, როგორებოც იყვნენ ანტონ კათალიკკოსი, იოანე ორბელიანი, დოსითეოზ ნეკრესელი, ანტონ ცაგარელი-ჭყონდიდელი (კ.კეკელიძე).
პირველი თარგმანი ფილიპეს 1750 წელს შეუსრულებია, როდესაც იგი ეხმარებოდა ანტონ პირველს “მზამეტყველების” შედგენაში. 1750-1752 წლებში მან სომხურიდან თარგმნა “მცირე დიალექტიკა სვიმეონ ჯულფელისა”, აგრეთვე “ხუთნი ხმანი... პორფირიოს ფინიკიელისაი” და მხითარ სევასტიელის “ღრამატიკა”. იგი შემდგომშიც აგრძელებდა ანტონ პირველთან ნაყოფიერ ლიტერატურულ ურთიერთობას. იგი დაეხმარა ანტონს მისი “ღრამატიკა სიმეტნეს” შედგენაში, ხოლო 1764 წელს მისთვის თარგმნა მხიტარ სებასტიელის “რიტორიკა” (შემოკლებით), ასევე კირილე ალექსანდრიელის “საუნჯე” და “დავით სიბრძნისმოყუარისა ახსნა პორფირის შეყუვანილებისადმი რვათა თავთა შერთვითა”.
ფილიპეს იოანე მდივანბეგის თხოვნით უთარგმნია სვიმეონ ჯულფელის რედაქციის “კავშირნი ღვთისმეტყველებითნი”,, კახთა მეფის კარის მღვდელ ნიკოლაოსთან ერთად - “პერიერმენია”. იგი დოსითეოზ ნეკრესელთანაც ნაყოფიერად თანამშრომლობდა. ფილიპემ მასთან ერთად სომხურიდან თარგმნა დავით უძლეველის “წიგნი საზღვართა’, “ახსნა პორფირის შეყვანილებისა”, 1764 წელს კი “მცირე ლოღიკა “ანტონ კოვიდისა. დოსითეოზი მას “ფრიად გონება ვრცელ-მაღალსა და კეთილმეცნიერ პლატონურთა, არისტოტელ და პითაღორებრთა სიბრძნისმეტყველებათა ჰარმანულითა ენითა”.
ანტონ ჭყონდიდელ-ცაგარელისთავის უთარგმნია ფილიპე ყაითმაზაშვილმა “წიგნი ჭეშმარიტებითისა ღმრთისმეტყელებითისა” (“ყოვლად ბრძნისა ალფრედისი”) და “ლოღიკა დიდი ანტონი კოვიდისა”. მისი ფრაზა ამ თარგმანის შესახებ ზოგადად ახასიათებს ამ საინტერესო მოღვაწის ღრმა განსწვლულობასა და ნაყოფიერ შემოქმედებას: “ბრძანებათაებრ საღმრთოისა უშურველად მისცემდა ყოველთა სიბრძნესა წერილთასა; ამას მეთქუეობასა მიმტკიცებს ხილვაი მისთა გარდამონაცემთა წიგნთაი, რომელი გარდმოიცა ამის ფილიპპეს მიერ...“
wyaroebi da samecniero literatura:
filipe yaiTmazaSvilis TxzulebaTa Semcveli xelnawerebi:
S-2564, S-43, A-785, A-415, A-266, A-618, A-3, S-203, S-1137, S-250.
T. Jordania, anton I, kaTalikozi saqarTveloisa, wignSi: anton pirveli bagrationi, saRvTismetyvelo krebuli, 1, Tbilisi, 1996, gv. 30-100.
k.kekeliZe, qarTuli literaturis istoria, I. Tbilisi, 1980.
swavla-aRzrdis istoria saqarTveloSi, masalebis krebuli, I, tfilisi, 1937
moamzada Tamar abulaZem