მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

 

ბორენა, XIII-XIV სს.

პოეტი ქალი, ცნობილია მისი ერთადერთი ლექსი იამბიკოს სახით.

 

            ბორენას სახელით ცნობილი ერთადერთი იამბიკური ლექსი შესრულებულია 11 სტრიქონად ვერცხლის ჭედურ ფირფიტაზე, რომელიც დაკრულია მცირე ზომის (13,5X11 სმ.)  ღმრთისმშობლის ხატის ზურგზე. ხატი ინახებოდა მესტიის რაიონის სოფელ ლენჯერში, ნესგუნის მაცხოვრის ეკლესიაში. 1948 წელს გიორგი ჩუბინაშვილმა შესანახად გადაიტანა სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში (მესტია), სადაც ინახება ამჟამადაც.

            ხატის წინა მხარეს წარმოდგენილი ყოფილა ღმრთისმშობლის წელზევითი ფერწერული გამოსახულება, ჩასმული მოოქროვილი ვერცხლის ჭედურ ჩარჩოში.  ხატის ჩარჩო და ღმრთისმშობლის ნიმბი შემკულია სევადით შესრულებული ფოთლოვანი ორნამენტით. ცენტრალური ნაწილის ზედა კიდეებში, ნიმბის ორთავე მხარეს,  მოთავსებულია სევადით შესრულებული ასომთავრული განმარტებითი წაწერა, რომლის ასოები შვეულადაა ჩამოწერილი სამ სტრიქონად: დედ || ღმმრთისა”. ხატის ზურგზე დაკრული მთლიანი ვერცხლის ფირფიტის  შემოკეცილი კიდეები გადადის გვერდებზე და აქ წინა მხარის ფირფიტასთან ერთად  საერთო ვრცხლის ლურსმნებითაა დამაგრებული. ფირფიტა ქვედა ნაწილში მოგლეჯილია და ამის გამო ამ ნაწილში წარწერის  ბოლო სტრიქონის ასოები შუაზეა გადაჭრილი. ხატის ზურგზე,  ვერცხლის ჭედური ფირფიტის მთელ სიმაღლეზე წარმოდგენილია რთული მოყვანილობის კვარცხლბეკზე აღმართული ჯვრის გამოსახულება (გოლგოთის ჯვარი). ჯვრის გარშემო დარჩენილი ფართობი და კვარცხლბეკის ზედაპირი  შევსებულია ასომთავრული რელიეფური წარწერით. ასოები კიდურწერტილოვანია, განკვეთილობის ნიშნებად დასმულია რელიეფური ორწერტილები. ქარაგმის ნიშნები არაა. მართალია, წაწერა 11 სტრიქონიანია, მაგრამ გარკვეული წეით სტრიქონთა გადანაწილებს შემდეგ, იგი დალაგდება ხუთსტრიქონიან იამბიკოდ.

            ლექსის  აღმოჩენის დროიდან (XIX ს. ბოლო)  დღემდე მეცნიერთა შორის აზრთა სხვადასხვაობაა მისი წაკითხვის, დათარიღების და ბორენას ვინაობის შესახებ.

მკლევართა უმრავლესობა ( ა. ხახანაშვილი, კ. კეკელიძე, ს. ყუბანეიშვილი, ს. ცაიშვილი, ი. ქაფიაშვილი) წარწერაში დასახელებულ ბორენას მიიჩნევს მეფე ბაგრატ IV-ის  (1027-1072) მეუღლედ _ ბორენა დედოფლად. ე. თაყაიშვილი  ხატს XI-XII სს. “კლასიკურ ხანას” მიაკუთვნებდა, ხოლო ტექსტს XVI-XVII სს-ში გადაწერილად მიიჩნევდა და ასკვნიდა, ომ ლექსის ბორენა  სხვა პირია და არა  ბაგრატ IV-ის მეუღლე. პ. ინგოროყვას მოსაზრებით, წარწერა XIII საუკუნისაა, ხოლო ლექსის ავტორია ცოტნე დადიანის მეუღლე ბორენა დედოფალი, ასული შოთა რუსთაველის ძმის, ტბელისა. მაგრამ, ეს მოსაზრება  ნაკლებად არის გაზიარებული _ ძნელად დასაჯერებელ ვარაუდის სფეროს განეკუთვნება (ა. ბარამიძე). პ. ინგოროყვას ეკუთვნის ლექსის ბუნდოვანი პოეტური სახეების გახსნაც: შენ, დედაო მარიამ, რომელმან ევას, პირველ დედას მიუზღე ვალი, რომელმან არქვი გაბრიელ მახარებელს, რომ მე ვარო მხევალი უფლისა,  რომელმან ისტუმრე მაშინ ის, ვინც არ მოსულიყო ქვეყნად ქრისტე, რომლისა მიერ დაემხო ძალი ბოროტისა, რომელიც პირველითგანვე სისხლით იყო დამთვრალი მას შემდეგ, რაც ქვეყნად პირველად დაინთხა უმანკო სისხლი კაენის მიერ; შენ, ქალწულო მარიამ, მიხსენ მე, ჭირმრავალი ბორენა”.

            ლექსის შინაარსის ასეთი გაგება ძირითადად მისაღებია, თუმცა ზოგიერთი დეტალის დაზუსტებაც შესაძლებელია. მაგრამ მთავარი მაინც სხვაა. სვანეთში დაცული ან სვანეთთან დაკავშირებული წერილობითი ძეგლების კომპლექსური შესწავლა საშუალებას იძლევა  როგორც ზოგიერთი კატეგორიული დასკვნისათვს, ისე ზოგიერთ საკუთხზე ვარაუდის მეტი დამაჯერებლობით გამოთქმისათვის.

            უეჭველია, რომ ნესგუნის ხატის წარწერა  ბორენას ლექსის პალეოგრაფიული ნიშნების მიხედვთ, XIII ს. II ნახევრით  ან XIV ს. I ნახევრით თარიღდება. უეჭველია ისიც, რომ XI-XIV საუკუნეებში სვანეთის მოსახლეობა  მასობრივად წერა-კითხვის მცოდნე იყო. ამასთანავე, სვანეთის საზოგადოებას ჰყავდა თავისი ადგილობრივი ხუროთმოძღვრები, მხატვრები, ფერმწერები, ოქრომჭედლები, პოეტები. რაც შეეხება კონკრეტულად პოეზიას, შუა საუკუნეებს სვანეთის ხალხური პოეზიის რამდენიმე ნიმუშმა  ნაქარგი წარწერის სახით ჩვენს დრომდეც მოაღწია. ცნობილია, მაგ. XIII ს. II ნახევრით დათარიღებული ლექსები, რომლებიც ამოქარგულია სვანეთს სოფელ უშგულის მაცხოვრის ეკლესიაში დაცულ ტილოს ქისებზე. მათი რაოდენობა 80-ს აღემატება. სამ მათგანზე შაირით, რუსთველური 16-მარცვლოვანი საზომით შესრულებული ლექსებია ამოქარული. ქისების ადგილობრივი წარმომავლობა ეჭვს არ იწვევს და მათზე ამოქარგული ლექსებიც მათი ავტორი ქალების მიერაა შესრულებული. ამდენად, ნესგუნის ხატზე რომ ადგილობივი ავტორის ჩვენთვის სხვა წყაროებით უცნობი ვინმე ბორენას ლექსი იყოს მოთავსებული, ამაში უჩვეულო არაფერია. რაც შეეხება ქალის საკუთარ სახელს _ ბორენა, იგი შუა საუკუნეების სვანეთში ისევე როგორც მთლიანად საქართველოში, საკმაოდ გავრცელებული ჩანს. შვიდჯერ დასტურდება იგი XIII ს. II ნახევრის წეილობით ძეგლში “მატიანე სუანეთისა კრებისაი”. გარდა ამისა, ცალკეა დასახელებული ბორენა რატიანი, ბორენა უშუხიანი, ბორენა წიფიანი და სხვ. სავსებით შესაძლებელია, რომ ნესგუნის ხატის წარწერა-ლექსის ავტორი ერთ-ერთი მათგანი იყოს. 

 

 

     wyaro da samecniero literatura:

  1. leqsi, Sesrulebuli 11 striqonad vercxlis Wedur firfitaze, romelic dakrulia nesgunis xatis zurgze, inaxeba mestiis mxareTmcodneobis muzeumSi.

  2. e.TayaiSvili, arqeologiuri eqspedicia leCxum-svaneTSi 1910wels, parizi, 1937.

  3. p. ingoroyva, SoTa rustaveli (1166-1250) wignSi: SoTa rustaveli, vefxistyaosani, teqsti, w.I, Tbilisi, 1970;

  4. qarTuli poezia, wigni I,

  5. Zveli qarTuli poezia V-XII ss., Seadgina s. caiSvilma, Tbilisi, 1979; k.kekeliZe, qarTuli literaturis istoria, Tbilisi, 1962;

 i. qafiaSvili, Zveli qarTveli mwignobari qalebi, Tbilisi, 1994; v.silogava, borenas warwera-leqsisi garSemo/literaturuli saqarTvelo, 1999,3;

  1. Материалы по истории по археологии Кавказа, вып. 10б Тифлис, 1904.

 

 

მოამზადა ვალერი სილოგავამ