ბაგრატ IV
საქართველოს მეფე 1027-1072 წლებში
ბაგრატ IV ( 1018 _ 1072 ), გიორგი I-ისა და სომეხთა მეფის სენექერიმ არწრუნის ასულის, მარიამის უფროსი ვაჟი, საქართველოს ფეოდალურ სამეფოს 1027-1072 წლებში განაგებდა. მან მთელი თავისი ცხოვრება-მოღვაწეობა საქართველოს გარეშე მტრების წინააღმდეგ ბრძოლასა და სამეფო ხელისუფლების მოწინააღმდეგე ფეოდალთა დაძლევაში გაატარა. 1022-1025 წლებში იგი მძევლად იმყოფებოდა კონსტანტინეპოლში. მცირეწლოვანი ბაგრატის გამეფებისთანავე ბიზანტიის იმპერატორმა კონსტანტინე VIII-მ 1022 წლის ზავი დაარღვია და 1028 წ. საქართველოში დიდძალი ჯარი გამოგზავნა, რომელმაც ააოხრა სამხრეთ საქართველო. ტაოს მსხვილ ფეოდალთა ერთი ჯგუფი ვაჩე კარიჭისძისა და ეპისკოპოს იოანე ბანელის მეთაურობით მტერს მოემხრო. ბიზანტიელებმა ვერ მოახერხეს კლდეკარის ციხესიმაგრის დაპყრობა. ბიზანტიელთა სამხედრო ძალას ასევე დიდი წინააღმდეგობა გაუწია შავშეთ-კლარჯეთის მოსახლეობამ ეპისკოპოსების საბა მტბევარისა და ეზრა ანჩელის მეთაურობით.
ამიერიდან ბიზანტიელებმა გადაწყვიტეს საქართველოსთან დამოკიდებულების ტაქტიკის შეცვლა: მათ თავისი ჯარით საქართველოში გამოგზავნეს ბაგრატ III-ის დროს ბიზანტიაში გაქცეული დემეტრე, გურგენ არტანუჯელის ძე. ამით ბიზანტიას უნდოდა დაემტკიცებინა, რომ თითქოს საქართველოში ქვეყნის დასაპყრობად კი არ მოდიოდა, არამედ ბაგრატ III-ის მიერ უკანონოდ უფლებააყრილი დემეტრე უფლისწულის დასაცავად. ბიზანტიელ ხელისუფალთა ამ ტაქტიკამ გარკვეული შედეგი გამოიღო: საზოგადოების ერთი ნაწილი, რომელიც უკმაყოფილო იყო თავისი მდგომარეობით, აჯანყდა და დემეტრე უფლისწულსა და ბიზანტიელებს დაუჭირა მხარი. გარეშე მტრის წინააღმდეგ ბრძოლას შინაური უთანხმოებაც დაერთო. შექმნილი დაძაბულობა განიმუხტა, როდესაც 1028 წელს კონსტანტინე VIII გარდაიცვალა და ბიზანტიელებმა საქართველოდან ჯარები გაიყვანეს.
1030-1031 წლებში შედარებით შერბილდა ურთიერთობა საქართველო-ბიზანტიას შორის. მარიამ დედოფლის ინიციატივით 1029/30 წელს ბიზანტიასთან ზავი დაიდო. ახალმა იმპერატორმა რომანოზ III-მ ბაგრატ IV-ს ცოლად მიათხოვა თავისი ძმის ბასილის ასული ელენე და კურაპალატობაც მიანიჭა. დედოფალი ელენე მალე გარდაიცვალა, ბაგრატ IV დაქორწინდა ოსთა მეფის ასულ ბორენაზე. ამ დროს ახალი შინა ომი დაიწყო. რეაქციონერმა ფეოდალებმა ბაგრატ IV-ს მისი ნახევარძმა, ანაკოფიაში მცხოვრები დემეტრე ( გიორგი I-ისა და ალდე ოსთა დედოფლის ძე ) აუმხედრეს, მაგრამ დემეტრე უფლისწულის გამეფების ცდა მარცხით დამთავრდა. დემეტრემ 1032 წელს ანაკოფიის ციხე ბიზანტიელებს გადასცა და დედასთან ერთად კონსტანტინოპოლში გადასახლდა.
XI საუკუნის 30-იან წლებში გაჩაღდა დიდი ბრძოლა თბილისის საამიროს შემოერთებისათვის, რომელშიც ჩართული აღმოჩნდნენ საქართველოს სამეფო ხელისუფლების გარდა ბაღვაშთა საგვარეულოს წარმომადგენლებიც. 1032 წელს კლდეკარის ერისთავმა ლიპარიტ ლიპარიტის ძე ბაღვაშმა და ქართლის ერისთავმა ივანე აბაზასძემ შეიპყრეს თბილისის ამირა ჯაფარი და გადასცეს მეფეს, რომელმაც ლიპარიტის მოწინააღმდეგე დიდაზნაურთა მოთხოვნით და იმის შიშით, რომ ლიპარიტი დაეუფლებოდა თბილისს, ამირა ჯაფარი გაათავისუფლა. 1038 წელს, ლიპარიტ ბაღვაშის რჩევით კახთა მეფის ჯართან ერთად ბაგრატ IV-მ ალყა შემოარტყა თბილისს, ხოლო ორი წლის შემდეგ, სომხეთსა და აზერბაიჯანში თურქ-სელჩუკების შემოსევის გამო, აგრეთვე ლიპარიტის მოწინააღმდეგე დიდგვარიანთა რჩევით, ლიპარიტის დაუკითხავად მან მოულოდნელად ზავი დადო ამირასთან. ამ ფაქტმა ძლიერ დაძაბა ურთიერთობა ლიპარიტ ბაღვაშსა და ბაგრატ IV შორის, რაც ორი ათეული წლის განმავლობაში ბრძოლაში გადაიზარდა.
ბაგრატ IV-ის მეფობისას 40-იან წლებში კვლავ დაიძაბა ურთიერთობა საქართველოსა და ბიზანტიას შორის. ბიზანტიელ ხელისუფალთა აგრესიით შევიწროებულმა ქალაქ ანისის თავკაცებმა 1045 წელს თავიანთი ქალაქი ბაგრატ IV-ს გადასცეს. როგორც ცნობილია, ბაგრატის დედა მარიამ დედოფალი ვასპურაკანის უკანასკნელი მეფის სენექერიმ არწრუნის ასული იყო. ბაგრატმა და მარიამმა ანისის გამგებლად არტანუჯის ერისთავი აბუსერ აბუსერისძე დანიშნეს. იმავე წელს ბაგრატ IV-მ ბრძოლა დაიწყო ბიზანტიასთან ანაკოფიისა და ხუფათის შემოსაერთებლად. სწორედ ამ დროს თბილელმა ბერებმა ბაგრატ IV-ს ქალაქის გადაცემის წინადადებით მიმართეს. ბაგრატმა ანაკოფიისა და ხუფათისათვის ბრძოლის გაგრძელება თავის სარდლებს გადააბარა, თვითონ კი სასწრაფოდ თბილისში შევიდა და ქალაქში თავისი მოხელეები განაწესა. თბილისის გარეუბნის ისნის აღება შეუძლებელი გახდა.
ამასობაში ლიპარიტ IV ბაღვაშის დახმარებით ანისს დაეუფლნენ ბიზანტიელები. 1046 წელს ლიპარიტმა მოიშვეილა ბიზანტიელთა ლაშქარი, დაუკავშირდა კახეთის სამეფოს, ტაშირ-ძორაგეტის სომეხთა მეფეს და ქართლში შეიჭრა. მას თან დემეტრე გიორგის ძე ახლდა. ბაგრატ IV-მ თბილისი ვერ შეინარჩუნა. იგი მოწინააღმდეგეს ჯავახეთში შეხვდა. ბრძოლის წინ დემეტრე გარდაიცვალა. 1046-1047 წწ. ბაგრატ IV-სა და ლიპარიტს შორის მიმდინარეობდა ბრძოლა, რომელშიც წარმატებას ლიპარიტმა მიაღწია, ბაგრატ მეფე კი იძულებული გახდა დასავლეთ საქართველოში გადასულიყო. 1048 წ. თურქ-სელჩუკების მიერ ლიპარიტის დატყვევების შემდეგ ბაგრატ IV კვლავ მოიკრიბა ძალა, აიღო უფლისციხე, დაატყვევა ლიპარიტის შვილები ივანე და ნიანია, რომელთაგან პირველი გაათავისუფლა, ხოლო მეორე დაიტოვა მძევლად. თბილელმა ბერებმა თბილისი ისევ გაძლიერებულ ბაგრატ IV-ს გადასცეს.
1051 წელს კი, როდესაც ლიპარიტი ტყვეობიდან დაბრუნდა და ბიზანტიელთა დახმარებით კვლავ განაახლა ბრძოლა ბაგრატ IV-ის წინააღმდეგ, ბაგრატმა თავისი მცირეწლოვანი ვაჟი გიორგი ქუთაისში დატოვა დასავლეთ საქართველოს მეფედ, ლიპარიტი კი თითქმის მთელ აღმოსავლეთ საქართველოში გაბატონდა. 1052 წელს ბაგრატ IV კონსტანტინოპოლში გამეგზავრა, სადაც სამი წელი დაჰყო. ლიპარიტმა მეფის საქართველოში არყოფნით ისარგებლა, ბაგრატის მცირეწლოვანი ძე გიორგი იმერეთიდან ქართლში გადაიყვანა, რუისში მეფედ აკურთხა, თავისი თავი კი მის მზრუნველად გამოაცხადა.
საბოლოოდ, ბიზანტიის იმპერატორის შუამდგომლობით ბაგრატ IV და ლიპარიტი დაზავდნენ. ბაგრატ IV-მ ლიპარიტი ბიზანტიაში გააძევა და მის სამფლობელოს დაეუფლა. ლიპარიტი ათონის ქართველთა მონასტერში, ანტონის სახელით ბერად აღიკვეცა.
ლიპარიტ ბაღვაშის ჩამოშორების შემდეგ ბაგრატ IV-მ განაგრძო თავისი ხელისუფლების განმტკიცება. 1060 წელს ბაგრატ IV-მ კვლავ ხელთ იგდო კახეთ-ჰერეთის დიდი ნაწილი, 1062 წელს კი თბილისი აღსართან გაგიკის ძისაგან დიდი თანხის ფასად იყიდა. ბაგრატ IV-მ ტავისი მოწინაარმდეგე დიდგვარიანი აბაზასძენიც დაამარცხა.
XI ს. 60-იანი წლების დასაწყისსი საქართველოს ახალი უბედურება დაატყდა თავს. 1064 წელს მას ალფ-არსლან სულთანის მეთაურობით თურქ-სელჩუკები შემოესივნენ, სამხრეთ საქართველოს ზოგიერთი ოლქი დაარბიეს და ახალქალაქი აიღეს. ბაგრატ IV მტერს დაეზავა და თავისი დისწული სულთანს მიათხოვა, თავისი ასული მართა (მარიამი) კი 1065 წელს იმპერატორ კონსტანტინე X დუკას შვილზე, მიხეილზე დააქორწინა.
ამის შემდეგ ბაგრატ IV-მ სომხეთის მეფეს სამშვილდე წაართვა, 1068 წელს თურქ-სელჩუკების საქართველოში მეორედ შემოსევამ ხელი შეუშალა ბაგრატ IV-ს კახეთის შემოერთებაში. სულთანმა მაინც ვერ მიაღწია მიზანს. ბაგრატ IV-მ უარი განაცხადა სულთნისათვის ხარკის გადახდაზე. სულთანი გაეცალა საქართველოს ზამთრის ყინვების გამო, მაგრამ თბილისი და რუსთავი განძის ამირა ფადლონს გადასცა. ბაგრატ IV-მ გაილაშქრა მის წინააღმდეგ, დაამარცხა იგი და თბილისის საამირო ვასალად გაიხადა ყოველწლიური ხარკის -44 ათასი დრაჰკანის გადახდით. სულთნის შუამდგომლობით ტყვეობიდან გათავისუფლებული ფადლონი საქართველოს კვლავ შემოესია, ბაგრატ IV-მ თავისი ცოლისძმა ოსთა მეფე დორღოლელი დაიხმარა. ქართველ-ოსთა ლაშქარმა უფლისწულ გიორგის მეთაურობით განძა დაარბია.
ამრიგად, გარეშე მტრებთან ხანგრძლივი ბრძოლებისა და საქართველოს დიდგვარიან ფეოდალთა წინააღმდეგობების დაძლევით ბაგრატ IV შეძლო საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვა.
პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივ მოღვაწეობის გარდა ბაგრატ IV დიდ ყურადღებას აქცევდა საქართველოში კულტურისა და სწავლა-აღზრდის საქმეს. მისი მოწვევით 1060-1065 წ. საქართველოში ჩამოვიდა გიორგი მთაწმინდელი, რომელმაც ნაყოფიერი მოღვაწეობა გაშალა. ქართულ ისტორიოგრაფიაში გამოთქმულია მოსაზრება, რომ ბაგრატ IV-ს ეკუთვნის კანონები, რომლებიც ბაგრატ კურაპალატის სამართლის სახელწოდებითაა ცნობილი.
ბაგრატ IV გარდაიცვალა 1072 წელს, დაკრძალულია ჭყონდიდში.
წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა:
1. ქართლის ცხოვრება 1,ტექსტი, დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, თბილისი, 1955.
2. ლაპიდარული წარწერები, შეადგინა და გამოსაცემად მოამზადა ნ. შოშიაშვილმა, თბილისი, 1980.
3. ივ.ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, ტ.II, თბ. 1966;
4. ნ. ბერძენიშვილი,საქართველოს ისტტორიის საკითხები, ტ.VI,1973.
5. მ. ლორთქიფანიძე, საქართველოს შინაპოლიტიკური და საგარეო ვითარება X ს.8—იან წლებამდე. სინ, III, 1979.
6. ნ.შენგელია, სელჩუკები და საქართღველო XI საუკუნეში.თბილისი, 1968.
მოამზადა ელენე ცაგარეიშვილმა