მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
                  

 

 

 

 

ბასილ  ჭყონდიდელ

სახელმწიფო მოხელე დავით ულუს დროს, გარდ.  1264 .

 

            მონღოლთა წინააღმდეგ აჯანყებული დავით ულუ 1262 წელს დასავლეთ საქართველოში აფარებდა თავს. ერთ წელიწადში ულუ მონღოლთა ყაენმა შემოირიგა, მაგრამ თითქმის იმავდროულად სიბაზე დაიბარა. მთელი ამ ხნის განმავლობაში საქართველოს მთავრობის მუშაობას მწიგნიბართუხუცესი და ვაზირთა უპირველესი ბასილი ჭყონდიდელ-უჯარმელი ხელმძღვანელობდა. დაახლოებით ნახევარი საუკუნის შემდეგ ამდროინდელი მმარველობის შესახებ ჟამთააღმწერელი იტყვის: “დიადი ეწყინა სეფეთა ქვეყანათა”, ანუ სამეფო მამული დიდად დაზარალდაო. მემატიანის ეს სიტყვები იმ დროისათვის საეკლესიო წრეებში გაბატონებულ განწყობილებას გამოხატავს, რომლის  ნამდვილ მიზეზს ფარადს ხდის 1263 წლის საეკლესიო კრების საეკლესიო კრების შინაარსი.

            მონღოლთა ბატონობა ქვეყანას მძიმე ტვირთი დააწვა. ხალხი ვერ აუდიოდა მონღოლურ გადასახადებს და სამხედრო ბეგარას. გადასახადების გადასახდელად მამულის პატრონები მიწას მონღოლთა ორტაღებთან (ბანკირებთან) აგირავებდნენ, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, გამოხსნას ვერ ახერხებდნენ  და კარგავდნენ. ამავე დროს დაგირავებული მიწა დაუმუშავებული რჩებოდაქვეყანა შიმშილობის ზღვარზე იდგა. მიწის დაკარგვას ბევრი ისევ გაყიდვას ამჯობინებდა, მაგრამ რადგან ფულის მასა ქვეყნიდან  გაედინებოდა, მიწებზე ფასი დაეცა. “ოქროი ძვირად იყვის და მიწაი იეფად”, _ იუწყება ერთი იმდროინდელი დოკუმენტი. ფეოდალური საზოგადოებას ხელიდან ეცლებოდა მისი სიმდიდრის ძირითადი წყარო, მიწა.

            ბევრად უკეთეს მდგომარეობაში იმყოფებოდა ეკლესია, საეკლსიო მიწები თავისუფალნი იყვნენ გადასახადებისაგან, რადგან მონღოლები დაპყრობილ ქვეყნებში შემწყნარებლობას იჩენდნენ რელიგიის მსახურთადმი. ასეთი ეკონომიკური განსაცდელის ჟამს ქვეყნის მმართველი ძალა ვალდებული იყო გამოსავალზე უნდა ეფიქრა. შერყეული ეკონომიკური მდგომარეობის შესამსუბუქებლად ვაზირთა უპირველესს, ბასილი უჯარმელ-ჭყონდიდელს გადაუწყვეტია ქვეყნის ერთადერთი რეზერვის, საეკლესიო მიწების ამოქმედება. ეს იყო მეტად გაბედული და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანის გეგმა, რომელიც წინასწარ იყო განწირული უმკაცრესი შეფასებისათვის.  

            ბასილი ჭყონდიდელ-უჯარმელი მთავრობამ ეკლესიისათვის სახელმწიფოს მიერ შეწირული მიწები ეკლესიას გამოსწირა და უმიწოდ დარჩენილ აზნაურობას დაურიგა. მთავრობის ამ ღონისძიებას მოჰყვა ეკლესიის პროტესტი, რომელიც 1263 წელს გამართულმა საეკლესიო კრებამ გამოხატა.

            შეშფოთებული საეკლესიო პირები მიწების ჩამორთმევას ყველა დადგენილი წესის ხელყოფად მიიჩნევდნენ და ხელისუფლებისაგან დადგენილების შეჩერებას მოითხოვდნენეკლესია შეჩვენებით, უზიარებლობით, გვიგვინის უკურთხევლობით ემუქრებოდა ყველა იმას, ვინც საეკლესიო მიწას დაეპატრონებოდა. ეკლესიისაგან შეჩვენება მძიმე სასჯელი იყო, რასაც, ჩვეულებრივ, მეფისაგან შერისხვაც უნდა მოჰყოლოდა, რაც შერისხულს მოლაშქრეობის უფლებას უკრძალავდა. სამეფო ხელისუფლება დათმობაზე არ წავიდა. ეკლესიამაც აღარ შეასრულა თავისი მუქარა, მაგრამ თავისი რისხვა გეგმის ავტორზე გადაიტანა. ივ. ჯავახიშვილის აზრით, ამ ამბებთან უნდა იყოს დაკავშირებული ბასილი ჭყონდიდლის მიმართ წაყენებული ბრალდებები, რომელიც შემორჩა გვიანდელ მატიანეს.მას დაუყარეს ხმები, რომ მეფის მამულების შემოსავლებს პირადად ითვისებდა. ესეც არ აკმარეს, და   მეფის საწოლის შეურაცხყოფაც დააბრალეს. მალემრწმენმა მეფემ ბასილი გამოუძიებლად და გაუსამართლებლად დასაჯა, “დამოჰკიდეს ძელსა შუა ქალაქსა” (ჟამთააღმწერელი).

 

          წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა:

1.         ჟამთააღმწერელი/ქართლის ცხოვრება, II, . ყაუხჩიშვილის გამოც. II, 1959.

2.         ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, თხზიულებანი 12 ტომად, III, 1982.

 

 

 

მოამზადა ვალერი სილოგავამ