გიორგი I
საქართველოს მეფე 1014-1027 წლებში
ბაგრატ III-ის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ავიდა მისი ვაჟი, 12 წლის გიორგი. ახალგაზრდა მეფეს მაშინვე განუდგა ჰერეთ-კახეთი _ განდევნეს მეფის ერისთავები და კვლავ აღიდგინეს ძველი უფლებები.
საგარეო ვითარება. XI საუკუნის დასაწყისიდან ბიზანტიის დამოკიდებულება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისადმი არსებითად შეიცვალა. თუ კი არაბთა ბატონობის ხანაში ბიზანტიისათვის საქართველოსა და სომხეთის გაძლიერება სასურველიც კი იყო და მათ მფარველობას უწევდა, არაბთა დასუსტების შემდეგ ბიზანტია ყოველნაირად ხელს უშლის მათ გაერთიანებას. მას აღარ აკმაყოფილებს ქართველ მეფეთა ფორმალური მორჩილება და ცდილობს ფაქტობრივ განიმტკიცოს პოზიციები. ამ მიზნით ხელს უწყობს ადგილობრივ ფეოდალთა სეპარატიზმს.
XIს. დასაწყისში, დავიტ კურაპალატის გარდაცვალების შემდეგ, ბასილი II –მ დაიკავა იმიერ (სამხრეთი) ტაო, ის მიწა-წყალი, რომელიც დავით კურაპალატისათვის პირობით ჰქონდა ნაბოძები და იქ იბერიის თემი შექმნა, რომელსაც განაგებდა ბიზანტიის მოხელე კატაბანი. ამ ტერიტორიას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოსა და სომხეთის უსაფრთხოებისათვის. მისი გადასვლა მტრულად განწყობილი ბიზანტიის ხელში საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ჭიშკარს ურღვევდა.
1014-1018 წლებში ბასილი კეისარი ბულგარეთის დაპყრობით იყო დაკავებული. სწორედ ამ პერიოდში საქართველოს მეფე გიორგი I ლაშქრობს იმიერ ტაოში და იკავებს ბიზანტიელთაგან დაჭერილ ციხე-სიმაგრეებს.
იაჰია ანტიოქელის ცნობით, საქართველო საგულდაგულოდ ემზადებოდა ბიზანტიასთან მოსალოდნელი ომისათვის. მას მოლაპარაკებები დაუწყია ეგვიპტის ხალიფა ალ-ჰაქიმთან. მათი ერთობლივი გეგმის ტანახმად, მოკავშირეებს ერთდროულად უნდა შეეტიათ ბიზანტიისათვის ორი სხვადასხვა მხრიდან.
დაასრულა თუ არა ბასილი კეისარმა ბულგარეთის ომი, საქართველოსთვის მოიცალა. მან გიორგის ტაოს ციხე-სიმაგრეების დაცლა მოსთხოვა, რაზედაც გიორგის უარი განუცხადებია. ბიზანტიელებს საქართველო-ეგვიპტის ფარული კავშირიც შეუტყვიათ და მათი გეგმის ჩაშლა განუზრახავთ _ ბასილი II ვითომ ანტიოქიაში საომრად გაემზადა, სინამდვილეში კი საქართველოსკენ გამოემართა. ეს მომხდარა გიორგის მეფობიდან მეშვიდე წელს (1021 წელს). თვით კეისარი ბასილი უძღოდა ბიზანტიელტა ლაშქარს. საქართველო ამ ომისათვის არ იყო სათანადოდ მომზადებული. “მატიანე ქართლისას” ცნობით, ბასიანთან დაბანაკებული მოწინააღმდეგენი რამდენიმე დღე ზვერავდნენ ერთმანეთს. ბიზანტიელთა ჯარის მრავალრიცხოვნებამ გიორგი აიძულა უკან დაეხია, იგი გაბრუნდა და მტრისათვის ხელის შეშლის მიზნით დაწვა ოლთისი, შემდეგ ჩავიდა კოლას. ბიზანტიელები უკან მიჰყვნენ. სოფელ შირიმნთან მოწინააღმდეგეები შეებნენ ერთმანეთს. ქართველებმა აქ, პირისპირ ბრძოლაში, გაიმარჯვება მოიპოვეს, მაგრამ გაუფრთხილებლობით უკან დაბრუნდნენ იმ დროს, როცა ბიზანტიელთა დამარცხებული ჯარი სამცხის სიღრმეში შევიდა, გზადაგზა კოლა-არტაანი და ჯავახეთი ააოხრეს. ამასობაში გიორგი მეფეს ჰერ-კახნი მიეშველნენ (მატიანე ქართლისა), მაგრამ ამჯერად ბასილი კეისარი ბრძოლას მოერიდა, გაცლა ამჯობინა და ნგრევა-რბევით გაბრუნდა და ქალდეაში (ტრაპიზონის მახლობლად) დაიბანაკა.
ბასილიმ საზავო მოლაპარაკება დაიწყო, მაგრამ გიორგი მოლაპარაკებას აჭიანურებდა, რადგან ბრძოლის განახლება ჰქონდა გუმანში. ამ დროს ბასილის აუჯანყდნენ სარდლები _ ქსიფე და ფოკა. ბიზანტიელი ისტორიკოსის მოწმობით (გიორგი კედრენე), ამ შეთქმულებაში ფარულად გიორგი მეფეც მონაწილეობდა. იმპერატორმა საქართველოს საქმეებს თავი ანება და აჯანყების ჩახშობას შეუდგა. ამასობაში გიორგი ისევ შეუდგა საომარ სამზადისს, მაგრამ იმპერატორმა სძლია აჯანყებულებს და ფოკას მოკვეთილი თავი გიოგის გამოუგზავნა, რითაც მიანიშნა, რომ იცოდა მისი განზრახვის შესახებ. ამჯერად ბასილი კეისარმა უფრო ძლიერ შემოუტია საქართველოს. ბასიანთან ბრძოლაში ქართელები სასტიკად დამარცხდნენ. მხარეებს შორის ზავი 1023 წელს დაიდო. ამჯერად გიორგი იძულებული იყო დაეთმო არა თუ სადაო მიწები, არამედ ბიზანტიელთაგან ახლად დაპყრობილი ციხეები ბასიანში, კოლა-არტაანსა და ჯავახეთში. გარდა ამისა, ბასილიმ გიოგის მძევლად მოსთხოვა 3 წლის ბაგრატი (მომავალი ბაგრატ IV), რომელიც დათქმული პირობით, 2 წლის შემდეგ უკან უნდა გამოეშვათ. 1025 წელს ბასილი II გარდაიცვალა. ტახტზე ავიდა მისი ძმა კონსტანტინე (102501028). კონსტანტინეს ტახტზე ასვლისთანავე ერთ-ერთი სომხური ოლქის ბიზანტიელ მმართველს, ნიკიფორე კომნენოსს მოუწყვია შეთქმულება, რომელშიც ჩაბმული ყოფილა გიორგი მეფეც (არისტაკეს ლასტივერტეცი). ამ შეთქმულების გამჟღავნების გამო კონსტანტინემ გაამკაცრა საქართველოს მიმართ პოლიტიკა. ბაგრატ უფლისწულის საქართველოში დაბრუნებისთანავე მან ჯარი გამოაგზავნა, რომელმაც ხელახლა ააოხრა ტაო.
წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა:
1. მატიანე ქართლისა / ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, თბილისი, 1955.
2. სუმბატ დავითის ძე, ცხორება და უწყება ბაგრატონიანთა, /ქართლის ცხოვრება ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. I, თბილისი, 1955.
3. კედრენე, გეორგიკა, ტ. V.
4. არისტაკეს ლასტივერტეცი, ისტორია, ქართული თარგმანი გამოკვლევით, კომენტარებითა და საძიებლებით გამოსცა ე. ცაგარეიშვილმა. თბილისი, 1974.
5. ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, ტ.II.
6. ვ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, ტ. II. თბილისი, 1983.
7. ვ. გაბაშვილი, საქართველო-ეგვიპტის ურთიერთობის ისტორიიდან (XI-XIII სს.)/ კრებ. საქართველოს ისტორიის საკითხები, თბილისი, 1968.
8. რ. მეტრეველი, დავით აღმაშენებელი, თბილისი, 1968.
9. ვ. კოპალიანი, საქართველოს და ბიზანტიის პოლიტიკური ურთირთობა 970-1070-იან წლებში თბილისი,1969;
10. მ.ლორთქიფანიძე, ზ. პაპასქირი, საქართველოს სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია XI საუკუნეში/ქართული დიპლომატიის ისტორიის ნარკვევები, I, თბილისი, 1998;
11. მ. ლორთქიფანიძე, მონარქიის საგარეო პოლიტიკა (X ს. დას. _ XI ს. 60-იან წლებში)/ საქართველოს ისტორიის ნარკვევები, III, თბილისი, 1979;
მოამზადა მზია სურგულაძემ