მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

 გუარამ კურაპალატი

580-იანი წლების დასასრული, ქართლის ერისმთავარი

 

       523 წელს ირანელებმა ქართლში მეფობა გააუქმეს. 532 წელს ბიზანტისა და ირანს შორის დადებული ზავით ბიზანტიამ ცნო ირანის უფლება ქართლზე (პროკოპი კესარიელი). ქართლი, ირანის ადმინისტრაციული დაყოფით, კავკასიის დანარჩენ ქვეყნებთან ერთად ჩრდილოეთის კუსტაკში მოექცა. ადგილზე ირანის ხელისუფლებას მარზპანი წარმოადგენდა. სრულიად ბუნებრივია, ძველი სახელმწიფოებრივი ტრადიციების მქონე ქვეყანაში  საკუთარი ეროვნული ხელისუფლების აღდგენისAიდეა მუდამ იარსებებდა, მაგრამ თუ რამდენ ხანს გაგრძელდა ეს მდგომარეობა, ქართულ წყაროებში მკაფიოდ არ ჩანს. ქართული საისტორიო ტრადიციით, პირველი ერისმთავარი იყო გუარამი: “ნელად-რე შეკრბა ქართლი და განაჩინეს ერისთავად გუარამ დიდი...” (მოქცევა ქართლისა). ეს მოხდა იმ დროს როდესაცუცალო იყვნეს სპარსნი”. ამ ცნობაში ივარაუდება VI საუკუნის 80-იანი წლების დასასრული, როდესაც ირანს უხდება  მომთაბარე თურქთა დიდი შემოსევების მოგერიება და, რის დროსაც მართლაც არ ეცალა მას კავკასიის საქმეებისათვის. ამავე დროს არსებობს ბიზანტიელი ავტორების ცნობა, რომ 571 წელს ქართლს უკვე ჰყავს ერისმთავარი გურგენი, რომელიც სომხეთთან ერთად მონაწილეობს ანტიირანულ აჯანყებაში. ამრიგად, არსებობს მითითება, რომ ქართლის პირველ ერისმთავარს ერქვა გუარამი, მეორე მხრივ, გამოდის, რომ გუარამზე ადრე ერისმთავრობდა გურგენი.

       ამ წინააღმდეგობრივი ცნობების მორიგება თანამედროვე ქართულმა ისტორიოგრაფიამ ორგვარი ვარაუდით  სცადა: 1. ქართლის ერისმთავრის ინსტიტუტი მართლაც აღდგენილია 571 წლისათვის, როდესაც ქართლი შეუერთდა ირანის წინააღმდეგ აჯანყებულ სომხეთს (ჯანშია, ბოგვერაძე, სანაძე), მაგრამ ამ შეხედულების მომხრეები, იმისათვის რომ დაიძლიოს წინააღმდეგობა ქართულ და ბიზანტიურ წყაროთა (თეოფანე ბიზანტიელი, იოანე ეფესელი) ჩვენებებს შორის იძულებულნი არიან ტოლობის ნიშანი დასვან ორ განსხვავებულ სახელს _ გურგენსა და გუარამს შორის; 2. მეორე შეხედულება ემყარება სირიელი ავტორის ზაქარია მიტილინელის და ბიზანტიელი ისტორიკოსის პროკოპი კესარიელის ცნობებს, რომელთა მიხედვით, ეს დიდმნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა უნდა მომხდარიყო 550-555 წლებს შორის (მუსხელიშვლი). ამ უკანასკნელი შეხედულების ავტორი უშვებს შესაძლებლობას, რომ VI საუკუნეში ერისმთავრობდა ორი გუარამი (გუარამ I და გუარამ II), რომლებიც გვიანდელმა ქართველმა მემატიანეებმა სახელბის იგივეობის გამო შეცდომით გააიგივეს. ასეა თუ ისე, ქართლში ერისმთავრის ინსტიტუტის გაჩენა დაკავშირებულია ქვეყნის შიგნით მიმდინარე კულტურული და ეკონომიკური ხასიათის ძვრებთან, რასაც VI საუკუნის მეორე ნახევრისათვის, გარდა  წერილობითი წყაროებისა, ადასტურებს არქეოლოგიური და, განსაკუთრებით ნუმიზმატიკური მასალა (მუსხელიშვილი). 

       გუარამ კურაპალატის (სავარაუდოდ, გუარამ II), შესახებქართლის ცხოვრებაში არსებული ცნობებით, იგი ბიზანტიის ქვეშევრმდომია, “მორწმუნე და მაშენებელი ეკლესიათა”. მას მიეწერება მცხეთის ჯვრის მცირე ეკლესიის შენება და თბილისის სიონის განახლება: “ამან იწყო ეკლესია ჯუარისა პატიოსნისა... ამანვე გუარამ კურაპალატმან განაახლა საფუძველი ტფილისისა სიონისა, რომელი, შემდგომად ამისა გუარამისა, განასრულეს ნახევარი ერთმან ვინმე ქურივმან დედაკაცმან, და ნახევარი ყოველმან ერმან, ჟამსა პირველის ადარნასე მთავრისასა, და იგი ადარნასეცა შეეწია აღშენებასა მისსა” (ქართლის ცხოვრება, I, გვ. 222-223).

       ბიზანტიის მითითებით და ბიზანტიისავე ფულით გუარამ კურაპალატი მონაწილებას იღებს დიდ სამხედრო კამპანიაში ირანის წინააღმდეგ: “მაშინ კეისარმან წარმოსცა განძი დიდი გურამ კურაპალატისა თანა, და უბრძანა, რათა მით განძითა გამოიყვანნეს ჩრდილოს ლაშქარნი, და შეერთნეს თანა სპანი ქართველთანი, და შეგზავნეს სპარსეთს. ხოლო გუარამ ყო ეგრე: გამოიყვანნა ოვსნი, დურძუკნი და დიდონი, და წარუძღუანნა წინა ერისთავნი ქართლისანი”.

ეს საბრძოლო ეპიზოდი იდენტიფიცირებულია ბიზანტიისა და თურქთა კაგანატის (მდებარეობდა ცენტრალურ აზიაში) შეკავშირებაზე ირანის წინააღმდეგ, რომლის მიზანი იყო დიდი აბრეშუმის გზის ამიერკავკასიის განშტოებაზე კონტროლის დამყარება ირანის გვერდის ავლით. ეს საომარი ოპერაცია ირანის წინააღმდეგ 589 წელს დაიწყო და რამდენიმე მიმართულებით განვითარდა, მაგრამ ირანმა მოახერხა მოწინააღმდეგეთა დაძლევა. ირანელთა მიერ თურქების იერიშის მოგერიების გამო ბიზანტიელებმა და მისმა მოკავშირეებმა შეწყვიტეს ბრძოლა და თავ-თავიანთ ქვეყნებში დაბრუნდნენ (მუსხელიშვილი). ამის შემდეგ გუარამ კურაპალატმა, ირანელთა შურისძიების მოლოდინში, “იწყო ციხეთა და ქალაქთა მაგრებად”, მაგრამ ამჯერად სპარსეთის სამეფო კარზე გადატრიალება მოხდა _ბარამ ჩუბინმა ჰორმიზდ IV- ტახტი წაართავა, ირანი არეულობამ მოიცვა, ქართლი გადაურჩა მოსალოდნელ შემოსევას.

       გუარამ კურაპალატის დროინდელი ქართლი _ ეს არის გამთავრებულ ერისთავთა ქვეყანა, რომლებიცვერ სცვალნა  საერისთვოთაგან მათთა, რამეთუ სოარსთა მეფისაგან და ბერძენთა მეფისაგან ჰქონდეს სიგელნი მკვიდრობისათვის საერისთვოთა მათთა” (ქართლის ცხოვრება, გვ. 221). ანუ, გუარამ კურაპალატის მმართველობა შორს არის მტკიცე ცენტრალიზმისაგან. ამიტომაც არის იგი ერისმთავარი და არა მეფე, მაგრამ იგი, როგორც ლეგიტიმური მმართველი, თუნდაც შეზღუდული უფლებებით საგარეო და საშინაო პოლიტიკაში, ასახიერებს სახელმწიფოს და წარმოადგენს მაკონსოლიდირებელ ძალას.

       დინასტიურად გუარამ კურაპალატი ეკუთვნოდა ბაგრატიონთა საგვარეულო სახლს, რომელსაც უმჭიდროესი დინასტიური ნათესაობა აკავშირებდა ვახტანგ გორგასლის სახლთან (დედით ხოსროიანი და მამით ბაგრატიონი). ამ დინასტიური ქორწინების წყალობით მიიჩნიეს იგი ქართლის ერისთავებმა ერისმთავრობისათვის შესაფერ კანდიდადტად. გუარამ კურაპალატის შვილია ქართლის ერისმთავარი სტეფანოზ I და შვილიშვილი _ ერისმთავარი ადარნასე I

       შემდგომში ქართლის ერისმთავრობას ბაგრატიონებს ეცილებიან ფარნავაზიანთა უფროსი შტოს წარმომადგენლები, ხოლო ბაგრატიონები ბრუნდებიან კლარჯეთში, თავიანთ მკვიდრ მამულში. ამ საგვარეულოს პრეტენზიები სამეფო ხელისუფლებაზე და მათი შესაბამისი დასაბუთება ასახულია  ბაგრატიონთაბიბლიური წარმომავლობის ლეგენდაში, რომელშიც მათი შორეული წინაპარი ბიბლიური მეფის, დავითის შვილია. აქედან წარმოიშვა მცდარი აზრი, რომ ბაგარტიონები თავს მიიჩნევდნენ ებრაელებად, სინამდვილეშიეთნიკური იდენტობის საკითხი ლეგენდაში არ დგას. მისი მიზანია დაამტკიცოს ბაგრატიონთა მეფური წარმომავლობა  და ამ საფუძველზე დაამყაროს მათი უფლებების ლეგიტიმურობა.

 

 

                 წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა:

1.      ჯუანშერი, ქართლის ცხოვრება, . ყაუხჩიშვილის გამოც. I, თბილისი, 1955.გვ.218-222.

2.      სუმბატ დავითის ძე, ქართლის ცხოვრება, . ყაუხჩიშვილის გამოც. I, თბილისი, 1955. გვ. 372-374.

3.      მოქცევა ქართლისა, ძველი ქართული აგოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, . აბულაძის გამოც. I, თბილისი, 1963.

4.      პროკოპი კესარიელი, გეორგიკა, . ყაუხჩიშვილის გამოც. II, თბილისი, 1965.

5.      თეოფანე ბიზანტიელი, გეორგიკა, . ყაუხჩიშვილის გამოც. III,თბილისი, 1936.

6.      მენანდრე პროტიქტორი, გეორგიკა, . ყაუხჩიშვილის გამოც. III,თბილისი, 1936.

7.      . დუნდუა, ქართულ-სასანუი მონეტების პრობლემა და ადრეფეოდალური ხანის საქართველოს ისტორიის საკითხები,მაცნე, ისტორიის სერია, 1, 1976.

8.      . გოილაძე, VI საუკუნეში ქართლის ადგილობრივი სახელმწიფოებრიობის აღდგენის დათარიღებისათვის, მაცნე, ისტორიის სერია, 1, 1979.

9.      . ლომოური, კონსტანტინე პორფიროგენეტის ერთი ცნობის გარკვევისათვის, თბილისის ნივერსიტეტის შრომები, 59, 1955.

10.     . ბოგვერაძე, ქართლის ფეოდალური სახელმწიფოს აღდგენა, საქართველოს ისტორიის ნარკვევები, II, თბილისი,1973, გვ. 268-283.

11.     . ასათიანი, საქართველოს ისტორია, თბილისი, 1999.

12.     . სანაძე, “ქართლის ცხოვრება და საქართველოს ისტორიის უძველესი პერიოდი, 2001, გვ. 149-178.

13.     . ბახტაძე, ერისთავობის ინსტიტუტი საქართველოში,თბილისი, 2003.

14.     . მუსხელიშვილი, საქართველო IV-VIII საუკუნეებში,თბილისი, 2003. გვ. 231-254.

15.     . ალექსიძე, ქართლში ბაგრატიონთაA დინასტიის პირველი გამოჩენა, კრ. ბაგრატიონები, თბილისი, 2003.

16.     . სურგულაძე, ბაგრატიონთაA წარმოშობის ბიბლიური ლეგენდა, კლიო 22, საისტორიო ალმანახი, თბილისი, 2004.