ზაქარია ქვარიანი, კათალიკოსი
დასავლეთ საქართველის (აფხაზეთის) კათალიკოს-პატრიარქი 1657-1660 წლებში, გელათის ეპისკოპოსი-მიტროპოლიტი (1639 წლიდან).
ზაქარია ქვარიანი იმერეთის მეფის, ალექსანდრე III-ის (1639-1660), სულიერი მოძღვარი და მისი მრჩეველი იყო პოლიტიკურ საკითხებშიც კი. 1650-1652 წლებში თეიმურაზ I-ის ელჩობის საპასუხოდ იმერეთში ჩამოვიდნენ რუსი ელჩები, ალექსი იევლევი და ნიკიფორე ტოლოჩანოვი. ზაქარია გენათელი უწევდა მათ მასპინძლობას და მეგზურობას. მასთან ერთად დაუთვალიერებიათ ელჩებს გელათის მონასტერი, რომლის დაწვრილებითი აღწერილობა შეუტანიათ თავიანთ “აღწერაში”.
ზაქარია ალექსანდრე მფესთან ერთად მონაწილეობას იღებდა ელჩებთან მოლაპარაკებებში. იევლევის მონათხრობის მიხედვით, მეფე ალექსანდრეს მაინცა და მაინც არ ამჟღავნებდა რუსეთის მეფის ერთგულებაზე დაფიცების სურვილს. ალექსანდრე ელჩებს გულუხვად მასპინძლობდა, მაგრამ ამასთანავე დრო გაჰყავდა, საქმეს აჭიანურებდა. “ამის გამო, ჩვენ, ელჩებმა ვიხმეთ მეფის სულიერი მოძღვარი ზაქარია მიტროპოლიტი, დარბაზის კაცი ფეშანგ მდივანი, ბიძინა თარჯიმანი და ამათ საიდუმლოდ მოველაპარაკეთ, რომ მეფეს ურჩიონ, რათა ამ უკანასკნელმა ხელმწიფეს თავისი პირობის ჭეშმარიტება საქმით დაანახოს, ის საქმე დააბოლოოს, ჯვარზე მთხვევით დაიფიცოს და ელჩებს ნუ გვაყოვნებს, ისე გაგვიშვას. ამის გამო მას მივეცით: მიტროპოლიტს 20 სიასამური, 4 არშინი საუკეთესო ხარისხის მაუდი და ქაშანური აბრეშუმის ქსოვილის ნაჭერი, სულ მას მიეცა 20 მანეთად, 26 ალტინათ და 4 დენგად ღირებული საქონელი”.
მიტროპოლიტმა ზაქარიამ ეს ძღვენი მიიღო, როგორც “დიპლომატიური საჩუქრები”, მაგრამ რამდენად მოახდინა ზეგავლენა ალექსანდრეს პოლიტიკურ განწყობილებებზე, უცნობია. რუსი ელჩების ვარაუდი, რომ ალექსანდრე იმერთა მეფე ზაქარიას ჩაგონებით დაიფიცებდა, რა თქმა უნდა, ნაკლებ სარწმუნოა. ალექსანდრე მეფეს რუსეთის მფარველობის მიღებას ჩააგონებდა მასთან მყოფი მისი სიმამრი, თეიმურაზ I, და აგრეთვე ის გამოუვალი მდგომარეობა, რომელშაც უქმნიდა ალექსანდრეს ლევან III დადიანი.
1652 წლის სექტემბერში, ჯვართამაღლების დღესასწაულზე, ზაქარია მიტროპოლიტმა წირვა ჩაატარა, რომელსაც ესწრებოდნენ მეფე, წარჩინებული თავადობა და რუსი ელჩები. წირვის შემდეგ გაიმართა რუსეთის ხელმწიფის ერთგულებაზე დაფიცების ცერემონიალი. მოგვიანებით მეფემ, თAვადებმა და მღვდელმთავრებმა, მათ შორის ზაქარია მიტროპოლიტმაც, ხელი მოაწერეს “ფიცის წიგნს”.
ზაქარია ქვარიანმა ჯერ კიდევ გენათლობის პერიოდში მწვანეყვავილაზე, სადაც მას საგვარეულო მამულები ჰქონდა, ააშენა მთავარანგელოზის ეკლესია და ციხე. მისი მოთხოვნით ოდიშის მთავარმა ვამეყ III დადიანმა (1658-1660/1662) სენაკში, გურიის მთავარმა სვიმონმა კი აკეთში, საკათალიკოსო საყდარს შესწირეს ეკლესიები მათი მამულებითურთ, რათა ამ სამთავროებში კათალიკოსს საკუთარი სადგომი ჰქონოდა (ქართული სამართლის ძგლები, III). ამიერიდან, ოდიშსა და გირიაში ჩასვლისას ამ ეკლესიებში შეეძლო კათალიკოსს წირვის ჩატარება. კათალიკოსმა ზაქარიამ თავისი საფასით შეძენილი მამულები შესწირა ხახულის (გელათის) ღვთისმშობელს.
ზაქარია ქვარიანის დაკვეთითაა გადაწერილი გელათის გულანი (A-186), რომელიც შემდეგ, 1705 წელს გიორგი აბაშიძეს გარეჯისათვის შეუწირავთ. რუნავდა ხელნაწერთA დამზადება-გამრავლებაზე. 1652-1655 წლებში მისი დაკვეთით გადაუწერიათ გულანი, რომელიც 1705 წელს გარეჯშისათვის შეუწირავთ. ზაქარიას სახელთანაა დაკავშირებული გელათისათვის ძვირფასი ნაქარგობებით შემკული გარდამოხსნის დამზადება.
ზაქარიას მონდომებით მოუხატვთ გელათის ღმრთისმშობლის ტაძრის ზოგიერთი ნაწილი. აქვე ორგან შეუსრულებიათ მისი ფრესკული გამოახულებები _ ერთი გენათლობის, მეორე კათალიკოსობის პერიოდისა. გარდაიცვალა ზაქარია ქვარიანი 1660 წელს. დაკრძალულია გელათის ღმრთისმშობლის ტაძარის ჩრდილოეთ კარიბჭესთან.
წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა:
1. თ. ჟორდანია, ქრონიკები, II, თფილისი, 1898.
2. პირთა ანოტირებული ლექსიკონი, ტომის შემდგენლები: დ. კლდიაშვილი, მ. სურგულაძე, II, თბილისი, 1993,
3. ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც. თბილისი, III,გვ.883-85.
4. ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ფონდი, სიგელების კატალოგი, I, №139.
5. დასავლეთ საქართველოს საეკლესიო საბუთები, I, ს. კაკაბაძის გამოც. ტფილისი, 1921.
6. ალექსი იევლევის 1650-1652 წლების იმერეთის სამეფოში ელჩობის საანგარიშო აღწერილობა, რუსული ტექსტი ქართული თარგმანითურთ გამოსაცემად მოამზადა იასე ცინცაძემ, თბილისი, 1969.
7. ბ. ლომინაძე, მასალები დასავლეთ საქართველოს XVII-XVIII საუკუნეთა ისტორიის ქრონოლოგიისათვის, მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, 1954, ნაკვ.31.
8. ლ. მენაბდე, ძველი ქართული კულტურის კერები, I, ნაკვ.II. თბილისი, 19962.
9. მ. ნიკოლეიშვილი, ისტორიული მასალები, ქუთაისის მუზეუმის მასალები, III, თბილისი, 1978.
10. თ. ქორიძე, ზაქარია ქვარიანი, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქები, ნეკერი,2000.
მოამზადა გულნარა მჭედლიძემ
ზაქარია ქვარიანი
XVII ს. კრისტოფორო დე კასტელი