ნოდარ ციციშვილი
XVII საუკუნის პირველი ნახ. მწერალი, “ბარამგურიანის” ავტორი
XVI-XVIII საუკუნეებში საქართველოში თავს იყრის ძლიერ სახელმწიფოთა ინტერესები, რომელთა გავლენა მნიშვნელოვნად განაპირობებს ქვეყნის პოლიტიკურ და კულტურულ ორიენტირებს, ცხოვრების სტილსა და კულტურულ ტენდენციებს. ამ ეპოქის ქართული მწერლობა, რომელიც ორიგინალური შემოქმედების განვითარებით და გამოცოცხლებით, თემატური და ჟანრობრივი მრავალფეროვნებით ხასიათდება, ნათლად ასახავს იმდროინდელი აღმოსავლეთისა და დასავლეთის კულტურული ტრადიციების ზეგავლენას.
ქართულ კულტურას უძველესი დროიდან ჰქონდა შეხება სპარსულენოვან ფოლკლორთან და ლიტერატურასთან, რომლის მაღალმხატვრულ ძეგლებს დიდი გულმოდგინებით თარგმნიდნენ ჩვენი მწიგნობრები. ეს ძეგლები ორგანულად ერწყმოდა ქართულ ლიტერატურას, რასაც განაპირობებდა, ერთი მხრივ, ამ თარგმანებისა და გადამუშავებების მაღალი დონე და, მეორე მხრივ, მონათესავე მოტივთა არსებობა ქართულ მხატვრულ აზროვნებაში. ერთ-ერთი ასეთი ძეგლია ქართული “ბარამგურიანი” – ირანის სასანელი მეფის, იეზდიგერდ I-ის ვაჟის, ბაჰრამგურის (421-438წწ.) პოეტური თავგადასავალი, რომელიც ახლო აღმოსავლეთსა და შუააზიაში ნიზამი განჯელის (მისი ხუთი პოემის “ხამსას” ერთ-ერთი პოემა “ჰაფთ ფეიქარ” – “შვიდი მზეთუნახავი”) და მისი მიმბაძველების: ხოსრო დეჰლევის, ნავოის, ჰათიფის პოემებით გახდა ცნობილი.
პოემის მთარგმნელ-გარდამთქმელი და ქართული რედაქციის შემქმნელი არის ნოდარ ციციშვილი, რასაც ადასტურებს “არჩილიანში” დაცული ცნობა და პოემის ხელნაწერები. არჩილი წერს: “ფარსადანის ძემ ნოდარ თქვა ქება ბარამ-გურის, შვიდთა იყლიმთა ხელმწიფეთა ხოტბა სრული ... “ (“არჩილიანი”).
“ბარამგურიანის” ერთ-ერთ ხელნაწერში ( H-932) ნოდარ ციციშვილი დასახელებულია ძეგლის მთარგმნელად და გამლექსავად: “დასრულდა წიგნი ესე ბარამიანი ბრძანებითა ნოდარ ციციშვილისაÁთა, მისგანვე სპარსული ქართულად ნათარგმანები”.
თხზულების ავტორი ქართლის დიდი ფეოდალის ფარსადანის შვილია. იგი ერთადერთი იყო ქართველ თავადთაგან, რომელმაც არ გამოუცხადა მორჩილება ქართლის მეფედ დანიშნულ როსტომ მეფეს. წყაროების ცნობით, ამის მიზეზი ფარსადანისა და სარდალ როსტომ-ხან სააკაძის მტრობა ყოფილა. მას დაურბევია განდგომილი ციციშვილის მამული, რის გამოც უთანხმოება ჩამოვარდნილა მეფესა და სარდალს შორის. ფარსადან გორგიჯანიძის სიტყვებით, როსტომს შეუთვლია სარდლისათვის: “თავად საქართველო აოხრებული არის, რაც დარჩომილა, იმასაც თქვენ ამიოხრებთ, მაშ მე რისღა ბატონი ვიქნებიო”. ამის შემდეგ როსტომის თხოვნით სააკაძე გაიწვიეს სქართველოდან და ფარსადან ციციშვილიც მიეახლა მეფეს ერთგულების გამოსაცხადებლად.
ფარსადანის ვაჟი ნოდარიც აქტიურად მონაწილეობდა როსტომის წინააღმდეგ ბრძოლაში. იგი 1642 წელს იყო იმ შეთქმულთა შორის, რომლებიც როსტომის მოკვლასა და თეიმურაზ I-ის ქართლში გამეფებას გეგმავდნენ. შეთქმულება სომხითის მელიქმა გასცა. როსტომმა სასტიკად დასაჯა მოღალატენი. ნოდარი მან სამცხეში გააძევა.
თეიმურაზის “გასაგდებად” შაჰ-აბას II-მ საქართველოში დიდძალი ჯარი გამოაგზავნა როსტომის დისწულის ადამ სულთან ანდრონიკაშვილის მეთაურობით. ამის შემდეგ შეთქმულმა თავადებმა, ზაალ ერისთავმა და ნოდარ ციცშვილმა როსტომთან შერიგების მიზნით მას ანახანუმი, ნოდარის და ზაალის სიდედრი, გაუგზავნეს. როსტომის მოთხოვნით ზაალი ირანში წავიდა; ნოდარს კი შემორიგებულმა მეფემ საციციანო დაუბრუნა.
“ქართლის ცხოვრების” მიხედვით, ნოდარ ციციშვილს 1653 წელს ვახტანგ მუხრანბატონმა (შაჰნავაზმა) თავისი ვაჟისათვის ქალი სთხოვა.. 1658 წლისათვის იგი გარდაცვლილი უნდა იყოს. ამავე წყაროში ნათქვამია, რომ როდესაც როსტომ მეფე მომაკვდავი იყო, ზაალ ერისთავმა შეუთვალა ვახტანგს: “ჩუენს შუა დამხდომი ნოდარი მომკვდარაო” (კ. კეკელიძე).
მ. ბროსე მიუთითებს სოფელ მძოვრეთის (გორის რაიონი) საფლავის ქვაზე, რომლის წარწერა ადასტურებს, რომ ნოდარი იქაა დასაფლავებული.
“ბარამგურიანში” დასახელებული ლიტერატურული ნაწარმოებების (“ვისრამიანი”, “ვეფხისტყაოსანი”, “როსტომიანი”, “ლეილმაჯნუნიანი”, თეუმურაზის რედაქციის “იოსებზილიხანიანი”, მის მიერვე გადმოკეთებული “ვარდბულბულიანი” და “შამიფარვანიანი”) მიხედვით დადგენილია თხზულების დაწერის დრო – 1655-1656წწ. (კ. კეკელიძე).
ნოდარ ციციშვილი თავად იხსენიებს ბარამის ამბების შემქმნელ-გამლექსავებს – ნიზამის, ნავოის, ჯამის (ამ უკანასკნელს არ დაუწერია პოემა ბაჰრამგურის შესახებ; იგი შექმნა მისმა დისშვილმა ჰათიფიმ. ეს შრომა ჯამის სახელითაც ვრცელდებოდა.)
პოემის ფაბულა ასეთია: სასანელი მეფის იეზდიგერდის ვაჟს ჩინეთიდან მოსულმა მხატვარმა მანიმ აჩვენა ცნობილი ჩინელი მზეთუნახავის დილარამ-ჩანგის სურათი. ბარამი სიყვარულით განიმსჭვალა მის მიმართ და ცოლად შეირთო. უბრალო შეუთანხმებლობის გამო მან ცოლის სიკვდილით დასჯა ბარძანა, რაც მონამ ქალის რჩევითა და თხოვნით აღარ შეასრულა.
ბარამს მძიმე განცდები მოეძალა. ისევ მანის რჩევით შეირთო შეირთო მან შვიდი სხვადასხვა ქვეყნის მეფის ქალი, რომლბისთვისაც ააგო სხვადასხვა ფერის და მორთულობის კოშკები. საინტერესოა, რომ ნიზამი “ხამსას” სპარსულ მინიატურებიან ხელნაწერებში ეს კოშკები და შესაბამისი გარემო განსაკუთრებული გამომსახველობითა და ფერადოვნებითაა წარმოდგენილი. მეფე თავის ცოლებთან კვირაში თითო ღამეს ატარებდა, მანი კი მათ სხვადასხვა ამბავს უყვებოდა. შემდეგ ბარამმა დილარამ-ჩანგი ნახა, რომელიც მის მონასთან ცხოვრობდა და სიხარულით შემოირიგა. იგი ბედნიერად ცხოვრობდა თავისი ცოლების გარემოცვაში.
ნაწარმოებში აღწერილია ბარამის ბრძოლა ჩინეთის მეფესთან და საბოლოო გამარჯვება. ბოლოს ბარამი, რომელიც ნადირობისას კანჯარს დადევნა, გამოქვაბულში გაუჩინარდა და აღარ დაბრუნებულა “სასუფეველსა დამკვიდრდა ყმა ჭკუით, არ თუ ხელობით”.
სამეცნიერო ლიტერატურაში (კ. კეკელიძე, იუსტ. აბულაძე, დ. კობიძე) გარკვეულია, რომ ქართულ “ბარამგურიანს” ყველაზე მეტი მსგავსება ნიზამის პოემასთან აქვს, მისგან ნოდარს სამი ნოველა აქვს აღებული.; ერთი ნოველა ნავოისგან მომდინარედაა მიჩნეული, ერთი კი ასადის “გერშასპ-ნამედან”. ცხადია, დასაშვებია ის ვარაუდიც, რომ ეს პოპულარული, მოარული ამბები ნოდარ ციციშვილისათვის სხვა წყაროებისა და გადმოცემების საშუალებით გამხდარიყო ცნობილი.
მართალია, პოემის სიუჟეტი და ძირითადი სიმბოლურ-ალეგორიული სახეები აღმოსავლური წარმოშობისაა, მაგრამ პოეტის მთელი მხატვრული სისტემა რუსთაველის “ვეფხისტყაოსანს” ეფუძნება. ნოდარი თეიმურაზის ლიტერატურული სკოლის წარმომადგენელია და ისევე, როგორც ამ პერიოდის პოეტთა შემოქმედება, რუსთაველის ლექსითაა შთაგონებული.
wyaroebi da samecniero literatura:
xelnawerebi: H-932
nodar ciciSvili, Svidi mTiebi, k. kekeliZis gamocema, Tbilisi, 1930w
“arCiliani”, II, al baramiZisa da n. berZeniSvilis gamocema,
“qarTlis cxovreba”, II, d. CubinaSvilis gamocema, 1854
s. kakabaZe, ფარსადან გორგიჯანიძე, საქართველოს ცხოვრება, საისტორიო მოამბე, ტ. II, თბ. 1925წ.
k.kekeliZe, Zveli qarTuli literaturis istoria, II, Tbilisi, 1981
k. kekeliZe, saqarTvelo da nizami ganjeli, etiudebi, IV, Tbilisi, 1957.
i. abulaZe, baramgurianis saistorio-saeTnografio sazogadoebis nusxis sesaxeb, “saxalxo gazeTi”, 1913, #818
d. kobiZe, baramgurianis mexuTe novelis Sesaxeb, saq. mecn. akad. moambe, t.V, #9, 1944.
a. gvaxaria, sparsul-qarTuli literaturuli urTierTobani Teimurazis Semdeg, qarTuli literaturis istoria, eqvstomeuli, rusTaveli saxelobis qarTuli literaturis institutes gamocema, t. II, Tbilisi, 1966
saqarTvelos istoriis narkvevebi, t. IV, Tbilisi, 1973
moamzada Tamar abulaZem