ნეოფიტე ურბნელი, IX ს-ის II ნახევარი
საქართველოს ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე – 28 ოქტომბერი.
წმ. მამა ნეოფიტე, გაქრისტიანებული არაბი, მოღვაწეობდა შიომღვიმის მონასტერში, შემდგომში ურბნისის ეპისკოპოსი გახდა. ნეოფიტეს სახელს ვერც ერთ ისტორიულ წყაროში ვერ ვხვდებით, იგი არც უძველეს მოწამეთა შემცველ კალენდრებში, სვინაქსარებსა და სადღესასწაულოებში არ მოიხსენება. ერთადერთი შედარებით ადრეული წყარო, რომელიც მოგვითხრობს მის შესახებ, არის “თხრობაÁ სასწაულთათვის მამისა შიოÁსთაÁ” შეკრებილი ბასილი კათალიკოსის (1090-1110) მიერ (იხ. შიო მღვიმელი, სასწაული 10). ამ წყაროში დაცული მოკლე ცნობების ლიტერატურული გავრცობის გზით ანტონ I კათალიკოსმა 1768-69 წწ-ში შექმნა ნეოფიტეს “მარტვილობა” რომელიც მის `მატირიკაშია~ შეტანილი.
ხსენებულ წყაროთა მიხედვით ნეოფიტე წარმოშობით იყო არაბი, გაქრისტიანებამდე მისი სახელი იყო უმარი. IX ს-ის II ნახევარის მოღვაწე.
ქართლის კათალიკოსის სამოელის დროს, IX ს-ის II ნახევარში, როდესაც ქართლი არაბთა ხელში იყო, მოსულა ქართლის დასარბევად არაბთა მთავარსარდალი აჰმადი თავის ლაშქართან ერთად. მის ლაშქარში ერთ-ერთი რაზმის უფროსი იყო უმარი (შემდგომში - ნეოფიტე). აჰმადმა თავის ლაშქართან ერთად აიარა მუხნარის ველი და მტკვრისა და ლიახვის შესართავთან დაბანაკდა, ხოლო თავისი რაზმის უფროსები - უმარი და ბურული, მტკვრის გადაღმა გააგზავნა.
როდესაც უმარ და ბურულ თავიანთ რაზმთან ერთად სოფელ ციხედიდთან მივიდნენ, მდინარის გადაღმა კლდეებში გამოკვეთილი გამოქვაბულები დაინახეს (რომლებშიც შიო მღვიმელის დაარსებული მონასტრის ბერები იყვნენ დაყუდებულები). არაბმა სარდლებმა ეს კლდეები სამხედრო სიმაგრედ მიიჩნიეს და მისი დაპყრობა გადაწყვიტეს. ისინი ჩავიდნენ მტკვარში, მაგრამ დიდი მცდელობის მიუხედავად მთელი დღის განმავლობაში ერთ ადგილს ვერ გასცდენ. ამ სასწაულით გაოცებულმა სარდლებმა ერთი ქართველი ტყვისაგან შეიტყვეს, რომ იმ გამოქვაბულებში წმინდა ბერები ცხოვრობდნენ, შიოს მიმდევარნი. უმარი და ბურული უკან დაბრუნდნენ და თავიანთ სარდალ აჰმადს უამბეს რაც შეემთხვათ. აჰმადმა ერთ-ერთი სარდალი, უმარი, გააგზავნა შიოს მონასტერში მდიდრული ძღვენით.
როდესაც უმარი მონასტრის შესასვლელს მიუახლოვდა, დაინახა ჰაერში სასწაულებრივად მიმომავალი დიდი, ნათლით მოსილი ჯარი, რომელიც მონასტერს იცავდა წმინდა მოხუცი ბერის მეთაურობით. უმარმა აცნობა ბერებს, რომ მშვიდობით არის მოსული და გადასცა აჰმადის ძღვენი. ხოლო თვითონ, ამ სასწაულისა და ბერების სათნო ცხოვრების მხილველმა, აღუთქვა, რომ აღარასოდეს ავნებდა ეკლესიებს და მოინათლებოდა. მართლაც, ერთი თვის შემდეგ თავის ორ ერთგულ მსახურთან ერთად დაბრუნდა შიომღვიმის მონასტერში, მოინათლა, ბერად აღიკვეცა და მონასტერში დაემკვიდრა. და უწოდეს მას ნეოფიტე, რაც ბერძნულად ნიშნავს “ახალნერგს”, ანუ ახლად მოქცეულს. (ხოლო მისი ორი მონა მასთან ერთად მოინათლა და ეწოდათ მათ ხრისტოდულოს _ ქრისტეს მონა, და ხრისტოფოროს – ქრისტე შემოსილი. ქრისტოფოროსი შემდგომში მკოდოვანის მონასტრის წინამძღვარი გახდა).
ნეოფიტემ ღვთისმოსაობითა და მოღვაწებით მიაღწია სულიერი განვითარების მაღალ საფეხურს. მიანიჭა მას ღმერთმა კურნების და არაწმინდა სულთა განდევნის ძალი და მან მრავალი სასწაული აღასრულა. ხოლო სამოელ კათალიკოზმა, მისი სათნოების მხილველმა, იძულებით აკურთხა იგი ურბნისის ეპისკოპოსად. საქართველოს ამ კუთხეში მხცოვრებმა არაქრისტიანებმა ვერ აიტანეს ნეოფიტეს მიერ სახარების ქადაგება, ღამით შეიპყრეს იგი (ანტონ კათალიკოსის “მარტვილობის” მიხედვით: შეიპყრეს თავის სენაკში მლოცველი) და ქვებით ჩაქოლეს ქრისტეს რჯულის აღიარებისათვის.
ორივე წყაროში - როგორც ადრეულ, ბასილი კათალიკოსის `სასწაულებსა~ და ანტონის “მარტირიკაში” ნეოფიტეს ჩაქოლვა ცეცხლთაყვანისმცემლებს მიეწერება. თუმცა, ტექსტში მოხსენიებული ისტორიული რეალიების მიხედვით უდავოა, რომ საუბარი უნდა იყოს არაბებზე, რომლებსაც უნდა ეწამებინათ იგი ქრისტიანობის აღიარებისათვის.
წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა:
1. “თხრობაÁ სასწაულთათვის მამისა შიოÁსთაÁ” შეკრებილი ბასილი კათალიკოსის (1090-1110) მიერ, ასურელ მოღვაწეთა ცხოვრების წიგნთა ძველი რედაქციები, ტექსტები გამოკვლევით და ლექსიკონით გამოსცა ილია აბულაძემ, თბილისი, 1955, გვ. 206-207.
2. ანტონ კათალიკოსი, მარტირიკა, ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, VI, თბილისი, 1980, გვ. 119-135.
3. ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, VI, თბილისი, 1980, გვ. 500-502.
მოამზადა ლელა ხოფერიამ