მოსე ხონელი XII ს.
ქართველი მწერალი, კლასიკური ხანის ქართული საერო მწერლობის ძეგლის “ამირანდარეჯანიანის” ავტორი
საერო მწერლობის წარმოშობა ძველი ქართული მწერლობის მეორე პერიოდს (კ. კეკელიძის პერიოდიზაციით Xს-ის 80-იანი წლები _ XIII ს-ის I ნახევარი) განეკუთვნება. ამ პერიოდში სრულდება საქართველოს გაერთიანების პროცესი. ქვეყანა ძლიერ ფეოდალურ მონარქიად ყალიბდება. აღნიშნული პერიოდი მნიშვნელოვანი კულტურული ძვრებით ხასიათდება, რაც აისახება მხატვრულ აზროვნებასა და ლიტერატურულ პროცესებში.
მოსე ხონელს “ამირანდარეჯანიანის” ავტორად იმ ტრადიციის საფუძველზე მიიჩნევენ, რომელიც მომდინარეობს ფსევდორუსთველური სტროფიდან: “ამირან დარეჯანის ძე მოსეს უქია ხონელსა”. თხზულების ერთ-ერთი ნუსხის ბოლოს მიწერილია: “მოსე ხონელის მიერ ნასიტყვიო”. აღორძინების ხანაში მას თხზულების ავტორად მოიხსენიებენ “ამირანდარეჯანიანის” გამლექსავი სულხან თანიაშვილი, თეიმურაზ ბატონიშვილი “ვეფხისტყაოსნის” კომენტარებში, აგრეთვე “ომანიანის” ავტორი. სხვა ცნობა მოსე ხონელის შესახებ არ მოგვეპოვება.
თხზულება წარმოადგენს საგმირო-რომანული (სხვადასხვა შეხედულებით, საგმირო-სარაინდო, საგმირო-სათავგადასავლო) ხასიათის ნაწარმოებს, რომელიც შედგება შესავლისა და 12 კარისაგან. დროთა განმავლობაში ეს სათვალავი არეულა – ზოგი მთლიანი ნაწილი გადამწერებს დაუყვიათ, ზოგი კი, უფრო მომცრო, ერთ კარად შეუერთებიათ. ამ თავებში მოთხრობილია ამირან დარეჯანის-ძის, ბადრი იამანის-ძის, ნოსარ ნისრელის, ამბრი არაბის, ინდო ჭაბუკის, სეფედავლე დარისპანის-ძის და მზეჭაბუკის ამბები.
ნაწარმოები კომპოზიციურად არ არის შეკრული, ტექსტის ძირითადი ნაწილი არ არის დასრულებული. რედაქტორ-კომპილატორების მიერ იგი შევსებულია და ერთგვარად მთლიანი სახე აქვს მიცემული. ცენტრალური პერსონაჟის, “სახელით ყოველთა უფროსი და ლომთა ლომი” ამირანის ამბავი მოთხრობილია ხუთ კარში, ხოლო დანარჩენი კარები შეიცავს დამოუკიდებელ მოთხრობებს სხვა გმირთა შესახებ. საერთოდ, სიუჟეტი გაბნეულია და თანმიმდევრობა ძირითადი ხაზის ირგვლივაა აღდგენილი.
თხზულება მხოლოდ მოგვიანო, აღორძინების ხანის ხელნაწერებითაა შემონახული, რაც ართულებს მისი პირვანდელი სახის დადგენას და ტექსტის კვლევასთან დაკავშირებულ სირთულეებს წარმოშობს. მოგვეპოვება სულ 38 ხელნაწერი, რომელთაგან ერთ-ერთი (S-357) წარმოადგენს გალექსილ ვარიანტს. ისინი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, ლიტერატურის მუზეუმში, გორის ეთნოგრაფიულ მუზეუმში, ლენინგრადის საჯარო ბიბლიოთეკასა (იოანე ბატონიშვილის კოლექცია) და აღმოსავლეთცოდნეობის ინსტიტუტში (თეიმურაზ ბატონიშვილის კოლექცია). ხელნაწერები სხვადასხვა რედაქციულ სურათს წარმოგვიდგენს. ვრცელი რედაქცია გარკვეული წინასწარი მიდგომითაა შევსებული, კერძოდ, გავრცობილია ბრძოლის სცენები, ქორწილის ეპიზოდი, განძეულობის აღწერა და სხვ. ამასთან, თვით ამ რედაქციის შემცველი ხელნაწერების მონაცემებიც სხვაობს – მათ სხვადასხვა დაბოლოება აქვთ. ვრცელი რედაქციის ჩანართებს აშკარად ამჩნევია XVI-XVIII სს.-ების საერო მწერლობის გავლენა; მათში აისახება აღორძინების ხანის ენობრივი და ლექსიკური თავისებურებები, მაშინ, როდესაც მის ძირითად ნაწილში ძველი ქართული ენის ნორმები მყარადაა დაცული. ვრცელი რედაქცია შექმნილია XVIII საუკუნის 70-იან წლებში, მის ავტორად მიჩნეულია ნიკოლოზ ჩაჩიკაშვილი (ლ. ათანელიშვილი). ამავე პერიოდისაა ჩანართი ადგილებიც. ზოგიერთ ხელნაწერში ტექსტი ქვესათაურებადაა დაყოფილი, რომლებიც, თავის მხრივ, მექანიკურადაა ტექსტში ჩართული. უძველესი ასეთი ხელნაწერი 1699 წლით თარიღდება.
ერთი უაღესად საინტერესო, სადავო და პრობლემური საკითხია “ამირანდარეჯანიანის” წარმომავლობის საკითხი. მკვლევართა ნაწილი მას ორიგინალურ ქართულ ძეგლად მიიჩნევს, რომელშიც სიმბოლურ-ალეგორიული სახეებითაა ასახული ქარისტიანული საქართველოს ბრძოლა თურქთა, სპარსთა და არაბთა წინააღმდეგ (ს. კაკაბაძე, ზ. ჭიჭინაძე, ვ. მაღლაფერიძე). კ. კეკელიძე და ივ. ჯავახიშვილი მოსე ხონელის თხზულებას ასევე ორიგინალურ ძეგლად მიიჩნევენ.
სხვათა მოსაზრებით, თხზულება ნახევრად თარგმანი, ნახევრად ორიგინალურია, რომელიც გაჯერებულია ფოლკლორული ელემენტებით (ი. გრენი, ალექსანდრე ხახანაშვილი).
“ამირანდარეჯანიანს” სპარსული ნაციონალური ტენდენციის ამსახველად და უშუალოდ სპარსული თხზულების “ყისაი ჰამზას” თარგმანად მიიჩნევს ნ. მარი. მკვლევარმა შემდგომში გარკევულად შეცვალა თავისი შეხედულება და კატეგორიულობით აღარ იცავდა ძეგლის სპარსულიდან მომდინარეობის თვალსაზრისს. ალექსანდრე ბარამიძემ მოიპოვა “ყისაი ჰამზას” სპარსული ტექსტი, შეუდარა მოსე ხონელის თხზულებას და დაადგინა, რომ იგი არ არის სპარსული “ყისაი ჰამზას” თარგმანი; ძეგლი უნდა წარმოადგენდეს რომელიღაც სხვა თხზულების გადმოქართულებას, რომელიც ხსენებული წყაროს მიბაძვით უნდა იყოს შესრულებული. სპარსული მწიგნობრული ტრადიციიდან წარმოშობილ ძეგლად მიიჩნევენ “ამირანდარეჯანიანს” კ. დონდუა, პ. ინგოროყვა, დ. კობიძე. მ. მამაცაშვილის აზრით, “ მოსე ხონელს ხელთა ჰქონია ჩვენთვის ჯერ უცნობი წყარო თუ წყაროები, რომელიც (ან: რომლებიც) თარგმნილია თუ გადმოქართულებული მოსე ხონელის მიერ. ირანულ-ქართული ზეპირსიტყვიერებითი ურთიერთობების ამსახველ ძეგლად თვლის თხზულებას იუსტინე აბულაძე.
არსებობს სხვა თვალსაზრისიც. შალვა ნუცუბიძე მოსე ხონელს წარმართულ-მითოლოგიური “ამირანიანის”ავტორად თვლის; ძეგლის “გალიტერატურება” შემდგომში მოხდა. ასევე ხალხურ წყაროებზე აღმოცენებულად მიიჩნევს თხზულებას მიხეილ ჩიქოვანი. ძეგლის ინგლისურ ენაზე მთარგმნელები დ. ლანგი და მ. ოუენი თვლიან, რომ მოსე ხონელი მთარგმნელ-ადაპტატორია და ფოლკლორული ვერსია “ამირანდარეჯანიანის” გავლენითაა შექმნილი. ორმხრივი, ქართულ-სპარსული კონცეფციის მატარებლად მიიჩნევს ძეგლს გაიოზ იმედაშვილი.
სამეცნიერო ლიტერატურაში თხზულების დაწერის თარიღად XII საუკუნე, თამარის მეფობის მიწურულია მიჩნეული, პერიოდი, როდესაც მონღოლების გამოჩენამ უკვე შეაშფოთა აზიური ქვეყნები. კ. კეკელიძე აღნიშნავს, რომ ამ დათარიღებას არ ეწინააღმდეგება ის გარემოება, რომ ნაწარმოების გმირები მოიხსენიებიან თამარის ისტორიასა და ჩახრუხაძის “თამარიანში”. ეს ნაწარმოებები “ამირანდარეჯანიანის” შემდეგაა დაწერილი. გარდა ამისა, ამ თხზულებათა ავტორებს შეეძლოთ ესარგებლათ ხალხური გადმოცემებით, რომლებიც შემდგომ, როგორც მიჩნეულია, გადაამუშავა პროზითი ვერსიის ავტორმა.
ამ საერო ძეგლის სიუჟეტური ქარგა და გმირთა ატრიბუცია, რაინდის თვისებების კოდექსი, კულტად ქცეული რაინდული სამსახური ეპოქის საგმირო-საფალავნო სულითაა გაჟღენთილი. თხზულებაში გადმოცემული პატრონყმური ურთიერთობის სურათი - ქვეყნის სოციალური და პოლიტიკური ცხოვრების საფუძველი, წარმატებული ბრძოლები ქვეყნის გარეშე მტრებთან, ძლიერი მონარქიის განმტკიცებისა და შენარჩუნების იდეა განსაკუთრებით პოპულარულს ხდიდა თხზულებას შემდგომ საუკუნეებშიც. ამას მოწმობს აღორძინების ხანის “ამირანდარეჯანიანის” შემცველ დიდი რაოდენობით ხელნაწერთა არსებობა.
wyaroebi da samecniero literatura:
xelnawerebi: H-14, H-2149, S-357,Q-1205, A-860 (fragmenti) da sxv.
“amirandarejaniani” mose xonelisa, s. kakabaZis gamocema, Tbilisi, 1939w.
Zveli qrTuli literaturis qrestomaTia, II, Semdgeneli s. yubaneiSvili, Tbilisi, 1949.
mose xoneli, amirandarejaniani, gamosacemad moamzada, gamokvleva da leqsikoni daurTo lili aTaneliSvilma, Tbilisi,1967
al baramiZe, narkvevebi qarTuli literaturis istoriidan, I Tbilisi, 1945
m. janaSvili, mose xoneli da misi “amirandarejaniani”, tfilisi, 1895
v. maRalaferiZe, “amirandarejanianis” tipologiisaTvis, Tbilisi, 1989, (sakandidato disertacia)
k. kekeliZe, qarTuli literaturis istoria, II, Tbilisi, 1981
d. kobiZe, “amirandarejanianis” sadaurobisaTvis, literaturuli Ziebani, II, Tbilisi, 1944
iust. abulaZe, “amirandarejanianis” warmoSobis sakiTxisaTvis, “sabWoTa xelovneba”, 1936, #3
m. Ciqovani, mijaWvuli amirani, Tbilisi, 1947
g. imedaSvili, “amirandarejaniani”, qarTuli literaturis istoria, II, Tbilisi, 1966
А. Хаханов, Очерки по истории грузинской словесности, 2, Москва, 1897
Н. Я. Марр, Персидская национальная тенденция в грузинском романе Амиран-Дареджаниани, ЖМНП, 1895
Ш. Нуцубидзе, Руставели и восточный ренессанс, Тб. 1947
А. Грен, Грузинская повесть об Амиране, сыне Дареджан, и остатки сказаний о нём в картвельской литературе, ЖМНП, №3
moamzada Tamar abulaZem