მიქელ-გობრონი, IX-X სს.მიჯნა
საქართველოს ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე 17/30 ნოემბერი
914 წელს სომხეთსა და აღმოსავლეთ საქართველოს შემოესია არაბთა ამირა იუსუფ აბუსაჯის ძე (აბულ კასიმი). შემოსევის მიზანი იგივე იყო, რაც არაბთა ადრეული ლაშქრობებისა: ხარკის აკრება და არაბთა პოლიტიკის მოწინააღმდეგეთა დამორჩილება. ურჩთა შორის სომხეთის მეფე სუმბატ აშოტის ძე (890-914) იყო. მისი მეფობის მეორე ნახევარს ემთხვევა სწორედ არაბთა ახალი შემოსევა, რომელმაც კიდეც იმსხვერპლა სუმბატ ბაგრატუნი. ერთი მხრივ არაბთაგან, ხოლო მეორე მხრივ თვით სომეხი მთავრებისაგან შექმნილმა მტრულმა გარემოცვამ აიძულა სუმბატ აშოტის ძე კავშირი შეეკრა ბიზანტიასთან. აღნიშნულმა ფაქტმა აღაშფოთა როგორც ხალიფა, ატრპატაკანის მმართველი იუსუფ აბუსაჯის ძე (აბულ კასიმი). იუსფ ოსტიკანის სამკვიდრებელი ადგილი, ატრპატაკანი, სამხრეთ აღმოსავლეთის მხრიდან უშუალოდ ესაზღვრებოდა სომხეთის სამეფოს, ასე რომ აბულ კასიმს შესაძლებლობა ჰქონდა თვალყური ედევნებინა მოსაზღვრე ქვეყნისათვის. მან როგორც კი შეიტყო სუმბატისა და ბიზანტიის იმპერატორს შორის შეთანხმების ამბავი, გადაწყვიტა სათანადოდ დაესაჯა სომხეთის მეფე და დიდძალი ჯარით დაიძრა ატრპატაკანიდან. აბულ კასიმმა მოაოხრა რა სომხეთის დიდი ნაწილი, მივიდა თბილისში, გადავიდა კახეთში, დაეუფლა ბოჭორმისა და უჯარმის ციხეებს. შემდეგ კვირიკე კახეთის ქორეპისკოპოსთან ზავი დადო და უჯარმა დაუბრუნა. აბულ-კასიმმა განაგრძო გზა ქართლისაკენ. იქ მას უფლისციხის ზღუდეები თვით მცხოვრებთაგან მორღვეული დახვდა, რათა მტერი არ შემოსულიყო.
იუსუფმა დალაშქრა სამცხე ჯავახეთი, თმოგვის ციხის აღება კი ვერ შეძლო და ალყა შემოარტყა ყველის ცოხეს, რომელსაც ორასიოდე მეომართან ერთად იცავდა მისი მცველი გობრონი. ოცდარვადღიანი უთანასწორო ბრძოლის შემდეგ აბულ-კასიმმა ხელთ იგდო ყველის ციხე. მან შეიპყრო გობრონი და მოსთხოვა გამაჰმადიანება, რაზედაც უარი მიიღო იუსუფმა იგი სიკვდილით დასაჯა.
გობრონი ქართულმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა, მისი გმირობა კი აისახა X ს-ის ქართველი მწერლის სტეფანე მტბევარის თხზულებაში "წამებაი წმიდისა მოწამისა გობრონისი, რომელი განიყვანეს ყუელის ციხით". დასხელებული ნაშრომი ავტორმა აშოტ ერისთავთ-ერისთავის დაკვეთით დაწერა.
სტეფანე მტბევარის "წამებაი წმიდისა მოწამისა გობრონისი" მიქელ-გობრონის თავგადასავლის შესასწავლად პირველწყაროს წარმოადგენს.
სტეფანე მტბევარი, როგორც აგიოგრაფი, უმთავრეს ნაწილს მიქელ-გობრონის თავგადასავლის აღწერას უთმობს, მაგრამ. სამწუხაროდ, დაწვრილებით არაფერს გვაწვდის მისი წარმომავლობისა და ვინაობის შესახებ. მიქელ-გობრონის შესახებ არც სხვა ისტორიულ წყაროებში მოიპოვება დაწვრილებითი ცნობები. "მატიანე ქართლისაი" მოიხსენიებს რა სტეფანე მტბევარს, მხოლოდ გაკვრით მიუთითებს გობრონის პიროვნებაზე.
ქართველ წმინდანთა მოსახსენებლებში მიქაელ-გობრონი გობრონის სახელით იხსენიება. მაგალითად, ხელნაწერთა ინსტიტუტის H - 40 ხელნაწერში, რომელიც ქართველ წმინდანთა ტროპარს წარმოადგენს, სხვა ქართველ წმინდანთა შორის გობრონიცაა მოხსენებული. ასევე H - 1415 ხელნაწერშიც მარტვილი გობრონი იხსენიება: "წმიდისა დიდებულისა დიდისა მოწამისა გობრონისი, რომელსა პირველად ეწოდა მიხაილ და მის თანა წამებულთა ასოცდაათსამეტთა მოწმეთა".
ნიკოლოზ ორბელიანის (1672-1732), სულხან-საბა ორბელიანის ძმის მიერ ხუთსტრიქონიან იამბიკოებად დაწერილ ცისკრის "აქებდითსა ზედა დასდებელთ" უკანასკნელ მუხლში, რომელსაც "დიდებაი" სხვა მრავალ წმინდანთა შორის გობრონიც მოიხსენიება: "ნინო, რაჯდენ პირველმოწამე, ესტატე მცხეთელი, შუშანიც დედოფალი, იოანე ზედაზნელი, შიო მღვიმელი, დავით გარეჯელი, ისე წილკნელი, აბიბოს ნეკრესელი, ანტონ მარტყოფელი, არჩილ მეფე, აბო თბილელი, დავით და კონსტანტინე, ილარიონ ქართველი, გობრონი, იოანე, ექვთიმე და გიორგი მთაწმიდელები, დავით აღმაშენებელი, ერისთავნი - შალვა, ბიძინა და ელიზბარი, მეფე ლუარსაბი და ქეთევან დედოფალი".
სომხური წყაროები მიქალ-გობრონს მიქაელ-გუგარელს უწოდებენ. IX-X სს. სომეხი ისტორიკოსი იოანე დრასხანაკერტეცი წერს: "ყრმა ერთი მხიარული და ლამაზი სხისა, სახელად მიქაელი, გუგართა ქვეყნიდან". ამასვე იმეორებს X-XI სს. სომეხი ისტორიკოსი სტეფანოს ტარონეციც. სომხურ სვინაქსარში მოკლედ გადმოცემულია მიქაელ-გობრონის ისტორია და მოსახსენებელ დღედ დადებულია 16 აპრილი. აღნიშნულ წიგნში დაშვებულია შეცდომა, რადგან მის მიხედვით სომხეთისა და საქართველოს დარბევა მიეწერება არა იუსუფ ამირას, არამედ მის წინამორბედ აფშინს, რომელიც ისტრიულ წყაროთა მიხედვით, 908 წელს უკვე გარდაცვლილი ჩანს. სვინაქსარში აღნიშნულია, რომ სომხეთის მეფე სუმბატ აშოტის ძე და მიქელ-გობრონი სიკვდილით დაუსჯია აფშინს. ყველა ხელთ არსებული წყაროს განხილვის შედეგად (ეს შეეხება როგორც ქართულს, ასევე სომხურს), რომლებიც კი რაიმე ცნობას გვაწვდიან მიქაელ-გობრონის თავგადასავლისა და ყოფის შესახებ, სომხურ სვინაქსარში დაცული ცნობა არ დასტურდება.
ქართული ძირითადი წყაროს "გობრონის წამების" მიხედვით მიქაელ-გობრონი სიკვდილით დაუსჯიათ იუსუფის (აბულ-კასიმის) ბრძანებით, ხოლო სომეხთა მეფე სუმბატ ბაგრატუნი "შემდგომად მარტვირობისა წმიდისა გობრონისა, ვითრ სხუაი ღონე ვერა იპოვა, შევიდა იგი ციხესა კაპოეტისა. . . და მეფე იგი მრავლისა ტანჯვისა შემდგომად მოკლა და თავმოკუეთილი ჩამოჰკიდა ძელსა, საშუალ ქალაქსა დვინისასა". მოტანილი ცნობიდან ირკვევა, რომ სუმბატ მეფე მიქაელ-გობრონის დასჯის შემდეგ უწამებიათ, სომხურ წყაროებში კი ჯერ სუმბატის სიკვდილით დასჯაა აღნიშნული, შემდეგ კი მიქაელისა და სხვათა მრავალთა.
ერთი ცხადია, რომ სუმბატ მეფისა და გობრონის სიკვდილით დასჯა უნდა მომხდარიყო 915 წლამდე მაინც, ვინაიდან სომხურ საისტორიო წყაროთა მიხედვით სომხეთის სამეფო ტახტზე 915 წელს ბაგრატუნთა საგვარეულოს უკვე ახალი წარმომადგენელი, აშოტ სუმბატის ძე (აშოტ ერკათად წოდებული) ზის (915-928). ამრიგად, სომეხ ისტორიკოსთა ცნობებიც სავსებით ეთანხმება ქართულ წყაროებს გობრონის წამების თარიღად 914 წლის აღიარებაში.
მიქელ-გობრონის თავგადასავლისა და მისი თანამედროვე ყოფის შესახებ არსებული წყაროების ერთმანეთთან შედარებისას შემდეგი ირკვევა: სტეფანოს ტარონეცის "მსოფლიო ისტორიაში” მოცემული მასალა (თუ არ მივიღებთ მხედველობაში ზოგიერთ გამონაკლისს) იოანე დრასხანაკერტეცის ცნობებს ემთხვევა, მაგრამ შინაარსით უფრო მოკლეა.
ყველის ციხეს, როგორც მიქაელ-გობრონის წამების ადგილს, არ იხსენიებს იოანე დრასხანაკერტეცი, ხოლო რაც შეეხება სტეფანოს ტარნეცის, ის ასახელებს აღნიშნულ ციხეს, მაგრამ არა როგორც გობრონის წამების ადგილს, არამედ როგორც ერთ-ერთ გეოგრაფიულ პუნქტს, რომელიც მოაოხრა აბულ-კასიმმა (იუსუფმა).
აბულ-კასიმის ლაშქრობა სომხეთსა და საქართველოში, რომლის დროსაც დაიღუპა მიქელ-გობრონი, არაბთა მიერ ამიერკავკასიის დამორჩილების უკანასკნელ ცდად შეიძლება ჩაითვალოს.
წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა:
1. “მარტვილობაი გობრონისი”/ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურისს
ძეგლები, წიგნი I, ი.აბულაძის რედაქციით, თბილისი, 1963;
2. მატიანე ქარტლისაი/ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოცემა,
ტ.I,თბილისი, 1955;
3. სუმბატ დავითის ძის ქრონიკა ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა შესახებ,
გამოცემა მესამე, თბილისი, 1949;
4. გიორგი მერჩულე, გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება, ს. ყუბანეიშვილის გამოც.
თბილისი, 1946;
5. სომხური სვინაქსარი (“ჰაისმავუნრქი”).
6. კ.კეკელიძე, ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ.I, თბილისი, 1941;
7. ივ.ჯავახიშვილი, ისტორიის მიზანი, წყაროები და მეთოდები წინათ და ახლა,
წიგნი I, ძველი ქართული საისტორიო მწერლობა (V-XVIII სს.) თბილისი, 1945;
8. ი.აბულაძე, ქართული და სომხური ლიტერატურული ურთიერთობა IX-X სს.
გამოკვლევა და ტექსტები, თბილისი, 1944;
9. მ. ლორთქიფანიძე, ფეოდალური ხანის ქართული საისტორიო მწერლობა, თბილისი,
1966;
10. საქართველო IV-X საუკუნეებში/საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ.II,
თბილისი, 1973.
11. ნ. ბერძენიშვილი, ივ.ჯავახიშვილი, ს. ჯანაშია, საქართველოს ისტორია,
ნაწილი 1, ს. ჯანაშიას რედაქციით, თბილისი, 1948;
12. ანანია შირაკაცი, სომხური გეოგრაფია (სომხ. ენაზე);A7-го в. изд.
К.П.Патканова, СПб, 1877.
13. ს. ჯანაშია, შრომები II, თბილისი, 1952;
14. ივ. ჯავახიშვილი, ქართული სამართლის ისტორია, წიგნი II, 1928;
15. რ. ბარამიძე, ნარკვვები მხატვრული პროზის ისტორიიდან, თბილისი, 1966.
მოამზადა ელენე ცაგარეიშვილმა
წმ. მიქელ–გობრონი
XVIII ს.–ის მინიატურა