მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

 

მელქისედეკ I, კათალიკოსი

      სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი (1010-1033 წწ.)

 

 

საქართველოს სამოციქულო ეკლესიის კათოლიკოსის ტახტი სვიმეონის გარდაცვალების შემდგომ,  1010-1033 წლებში მეფეების ბაგრატ III-ის, გიორგი-I-ის და ბარგატ IV-ის დროს, დაიკავა მელქისედეკმა. მას ერგო პატივი პირველს ეტარებინა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტიტული.

,,მატიანე ქართლისას ცნობით, მელქისედეკი ყოფილა ,,დიდებულ კაცთა შვილი”. იგი აღიზარდა საქართველოს მეფის ბაგრატ III-ის  კარზე. მიიღო ყოველმხრივი სასულიერო და საერო განათლება, იყო უდიდესი საეკლესიო მოღვაწე და შორსმჭვრეტელი დიპლომატი. მელქისედეკი საქართველოს ეკლესიას მესაჭეობდა მაშინ, როდესაც იქმნებოდა ერთიანი საქართველო. სამეფო ხელისუფლებას ამ დროს განსაკუთრებულად ესაჭიროებოდა ეკლესიის მეკავშირეობა. ჩვენამდე მოღწეულ მელქისედეკის ერთადერთ დოკუმენტზე დაკვირვება უჩვენებს, თუ რა საშუალებებით მონაწილეობდა მცხეთის ტახტი ამ დიდ ისტორიულ პროცესში. დოკუმენტში ჩამოთვლილია მელქისედეკის მეცადინეობით სვეტიცხოვლისათვის შეძენილი სოფლები და სხვა ქონება, დაწყებული სამხრეთ-დასავლეთი საქართველოს პროვინციებიდან, დამთავრებული ჰერეთით. რეალურად ეს ნიშნავდა მცხეთის ტახტის კონტროლის გაძლიერებას შემოერთებული ტერიტორიების საეკლესიო ცხოვრებაზე. მელქისედეკის მეთაურობით საქართველოს ეკლესია თავის პოზიციებს განამტკიცებდა ყველგან, სადაც კი ბაგრატიონ მეფეთა პოლიტიკური ძალაუფლება მყარდებოდა.

მელქისედეკმა ხელმეორედ ააშენა  სვეტიცხოვლის ტაძარი, შეამკო იგი ხატებით, საეკლესიო სამსახურებელი ჭურჭლით და საღვთისმსახურო წიგნებით (დოკუმენტში დასახელებულია 25 წიგნი). მელქისედეკმა ააღორძინა საკათალიკოსო საყდარი ორგანიზაციულად და ეკონომიკურად _ შეუვალობა მიიღო თვით არაბთა ამირასაგან თბილისში არსებულ სვეტიცხოვლის ქონებაზე. მელქისედეკი რამდენიმეჯერ ჩასულა კონსტატინოპოლში. იმპერატორების _ კონსტანტინეს და  ბასილისაგან კათოლიკოს-პატრიარქს საჩუქრად მიუღია თვალმარგალიტით შემკული ხატები; ბასილის უბოძებია მისთვის ათონის მთაზე მონასტერი კესტორი 105 სოფლითურთ, დაუსაჩუქრებია ჯვარ-ხატებით და სამღვდელმთავრო შესამოსელით. საქართველოში მელქისედეკს საკუთარი გარჯით 135 სოფელი სოფელი შეუძენია სვეტიცხოვლისათვის.

სავარაუდოა, რომ ბიზანტიაში ვიზიტების დროს მიიღო მელქისედეკმა აღმოსავლეთის პატრიარქებისაგან საქართველოს ეკლესიის მამამთავრისთვის კათოლიკოს-პატრიარქის ტიტული, (ტაო-კლარჯეთში მდებარე პარხლის ეკლესიის წარწერა  საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად იხსენიებს წმ. იოვანე IV- (980-1001), რომელიც საპატრიარქოს ტახტზე შეცვალა მელქისედეკის წინამორბედმა, კათალიკოსმა სვიმეონმა).

ძირითადი წყარო მელქისედეკის საქმიანობის შესახებ არის მის მიერვე შედგენილი საბუთი _ “დაწერილი მცხეთის საყდრისადმი”, რომლის მხოლოდ პირია ჩვენამდე მოღწეული. სწორედ ამ საბუთშია იგი მოხსენიებული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად. საბუთიდან ჩანს, რომ მელქისედეკს სვეტიცხოვლის ტაძარში გაუჩენია სამლოცველო მელქისედეკ I გარდაიცვალა 1033 წელს, იგი დაიკრაძალულია სვეტიცხოვლეში.

 

 

 

წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა:

1.     “დაწერილი მელქისედეკისა მცხეთის საყდრისადმი”/ ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი, I, შეადგინეს და გამოსაცემად მოამზადეს . ენუქიძემ, . სილოგავამ, . შოშიაშვილმა, თბილისი, 1984.

2.     კაკაბაძე. ,,საისტორიო კრებული " . 1

3.     ,,საისტორიო მუზეუმის მოამბე" . VI. 1929-30წლები.

4.     . კეკელიძე, ეტიუდები, ძვ. ქართული ლიტერატურის ისტორია, .I თბ. 1956.

5.     . ბერძენიშვილი.,,მცხეთის საბუთები XI -სა", წიგნში: ,,საქართველოს ისტორიის საკითხები". IV, თბ. 1967.

6.     . კეკელიძე, მცხეთის დოკუმენტი XI -ის და მისი ცნობები ქართული მწერლობის შესახებ. ,,ლიტერატურული მატეანე.” 3-4.

7.     ქართველ წმინდანთა ცხოვრება, თბილისი-ათენი. 2003.

8.     ,,საქართველოს ისტორიის ნარკვევები." . III, თბ. 1973.

9.     .სურგულაძე, მცხეთიშვილები, ანალები, 3, 2008.

 

 

 

მოამზადა ანა ბაქრაძემ