მალაქია გურიელი, კათალიკოსი
დასავლეთ საქართველოს კათალიკოს-პატრიიარქი1616-1639წწ.
იმავდროულად ცაიშელ-ჯუმათელ-ხონელი მთავარეპისკოპოსი, გურიის მთავარი 1625-1639 წწ.
XVII საუკუნის პირველ ათეულ წლებში იმერეთის მეფესა სამთავროებს შორის მშვიდობა სუფევდა და ოსმალეთთან ურთიერთობაში ძირითადად ერთმანეთთან შეთანხმებით მოქმედებდნენ. ამ დროს აღმოსავლეთ საქართველოში შაჰ-აბასი მძვინვარებდა, ლუარსაბ და თეიმურაზ მეფეები იმერეთის მეფეს შეეხიზნენ. ოსმალეთის ხელქვეით დასავლეთ საქართველოს მეფე-მთავრებს არ შეეძლოთ დიდ განსაცდელში ჩავარდნილი თანამოძმეებისათვის სამხედრო ძალით დახმარება, მაგრამ მაგრამ თავიანთი შესაძლებლობის ფარგლებში მაინც მოქმედებდნენ. გორში მყოფმა შაჰ-აბასმა შეუთვალა გიორგი მეფეს: “მიმეც ეგევე ორნივე მეფენი და აღგავსებ მრვლითA ნიჭითა და საბოძვრითა”. გიორგი მეფემ შაჰს მოციქულად კათალიკოზი მალაქია და ლევან აბაშიძე გაუგზავნა მრავალი საჩუარით. მხოლოდ კათალიკოსს შეეძლო მოეხსენებინა შაჰისათვის გიორგი მეფის გაბედული პასუხი: “ამათი მოცემა ჩემგან არ იქნებაო, და ხელმწიფემან ამდენი წყალობა გვიყოს და დაგვდვას პატივი, რომე ესენი ისევ შეირიგოს და თვითონ წაბძანდეს და დაანებოს ამათ ამათი მამული და საბატონოო”. შაჰმა ვერაფერი გააწყო მოციქულებთან და დიპლომატიური წესისამებრ, “მისცა მრავალი საბოძვარი და საჩუქარი კათალიკოზს მალაქიას და აბაშიძეს ლევანს და აღავსო პირთამდი (ახალი ქართლის ცხოვრება).
კათალიკოსი მალაქია, სხვა ქართველ მღვდელმთავართა დარად, დიდი გულმოდგინებით ზრუნავდა ეკლესიათა აღდგენა_შემკობაზე და საეკლესიო მეურნეობის მოწესრიგებაზე. მალაქია კათალიკოსმა ორჯერ (პირველად ცაიშლობის დროს, 1613 წელს, მეორედ უკვე კათალიკოსად კურთხევის შემდეგ, 1619 წელს) ააშენა ჯერ სიძველისაგან, მეორედ მიწისძვრისაგან დანგრეული ცაიშის ღმრთისმშობლის ეკლესია, მოახატვინა და შეამკო ჯვარ-ხატებით, ცაიშის ღვთისმშობლის ხატი შეამკო ოქროთი, თვალმარგალიტით.
1622 წელს მალაქიამ ბიჭვინტის საკათალიკოსო ყმა-მამული სპეციალურ დავთარში სეიტანა, რომელიც ჩვენამდე მოღწეული ძვირფსი დოკუმენტია იმდროინდელი ისტორიულ-გეოგრაფიული ვითარების შესასწავლად. აქ უკვე აღარ არის შეტანილი საკუთრივ აფხაზთა სამთავროს ტერიტორიაზე საკათალიკოსო საყდრის მანამდე კუთვნილი სოფლები (ტერიტორია მდ. კოდორის გაღმა); დოკუმენტში ყურადღებას იპყრობს კათალიკოსის სადგომი სასახლეების მითითება, რომელთა უმრავლესობა ოდიშშია, შედარებით ნაკლები _ იმერეთში. ეს ფაქტი აშკარა მოწმობაა იმისა, რომ კათალიკოსები ბიჭვინტაში აღარ სხედან (ლომინაძე). მიუხედავად ამისა, მალაქია არ ივიწყებდა ბიჭვინტის ტაძარს და შეძლებისდაგავრად ზრუნავდა იქ მღვდელმსახურების შენარჩუნებაზე. ბიჭვინტისათვის შეუკვეთია მას წმ.ანდრია მოციქულის ხატი და ბიჭვინტის ტაძარში დაუსვენებია; ხატის მსახური მღვდლის სარჩოდ სამი კომლი კაცი შეუწირავს.
კათალიკოსმა მალაქიამ დიდძალი მამულები შესწირა ბიჭვინტის საკათალიკოსო ტაძარს (უკვე გელათში გადმოტანილს). სამწყსოს მამულში ააშენა ეკლესიები, დარბაზები, ჯიხურები, იყიდა ჭურ-მარნები, ბეღლები, საყანე და საკრეფი მამულები, საქონლის ჯოგები. ბიჭვიტის ტაძარს კათალიკოსი ხშირად ნახულობდა ხოლმე. მის მოსანახულებლად მისიონერ ქრისტოფირე კასტელს იგი პირადად წაყვა. მისი თხოვნით ბიჭვინტას ყმა-მამული შესწირეს ლევან II დადიანმა და მამია II გურიელმა.
კათალიკოსი მალაქია მოწყალე თვალით უყურებდა კათოლიკე მიონერებს. მ. თამარაშვილის ცნობით, როცა მან თეატინელ მისიონერთაA აღმოსავლეთ საქართველოში ჩამოსვლის ამბავი შეიტყო, მაშინვე მიიწვია ისინი გურიაში, დროებით საკუთარ სასახლეში მოათავსა, შემდეგ კი მისცა სახლი და ხელი შეუწყო, რათა მათ თავიანთი სამისიონერო საქმეები აღესულებინათ. მისიონერები პაპისადმი (ურბანო VIII, 1623-1644) გაგზავნილ წერილებში უსაზღვრო ხოტბას ასხამენ კათალიკოსს და მას თავიანთ მფარველსა და ყველაზე გამორჩეულ კეთილისმყოფელს უწოდებენ. პაპ ურბანო VIII-ს მალაქიასათვის მადლიერებით აღსავსე წერილი გამოუგზავნია.
1620-იანი წლებიდან კათალიკოსი მალაქია იყო მოწმე იმ შიდა პოლიტიკური ინტრიგებისა, რომლებიც დასავლთ საქართველოს სამეფო-სამთავროებს განუწყვეტლივ უბიძგებდა ეთმანეთთან ბრძოლისაკენ. 1625 წელს ლევან II დადიანმა გურიის მთავრობა ჩამოართვა თავის სიძეს, მამიმკვლელ სიმონ გურიელს (მალაქიას ძმას) და კათალიკოს მალაქიას უბოძა. ასე შეიერთა მალაქიამ საეკლესიო და სამოქალაქო ხელისუფლება, თუმცა გურიის სამთავროს ნამდვილი გამგებელი ლევან დადიანი გახდა.
გარდა კათალიკოსობის პატივისა, მალაქიას იმავდროულად ეპყრა ცაიშის, ჯუმათის, ხონის კათედრების მესაჭეობა. მალაქია კათალიკოსი განსახიერებაა “საეკლესიო ფეოდალისა”, რომლისთვისაც მაღალი საეკლესიო პატივი და მთავრის სახლისადმი კუთვნილება განუყოფელი ძალაუფლების წყაროს წარმოადგენდა. ლამბერტის ცნობით, “ოდიშის პატრიარქს თავის საბრძანებელში ისეთი ძალა აქვს, ისეთი სიმდიდრე და სასახლეები, იმდენი ყმები ჰყავს, რომ არა თუ ეთანასწორება მთავარს, რომელიც მას ირჩევს, არამედ აღემატება კიდეც”. კათალიკოსი და მთავარი მალაქია, ეკლესიათა მაშენებელი, იმავდროულად ლევან დადიანის მარჯვენა ხელი, ენერგიული მმართველი ეკლესიისა, როგორც ჩანს, ნაკლებად გამოირჩეოდა ღვთისმოსაობით და მეტი წარმატებით უძღვებოდა ეკლესიის მეურნეობას, ვიდრე მის სულიერ ცხოვრებას. მის ცხოვრების ეს მხარე უცხოელის თვალში უფრო მეტ კრიტიკას იწვევდა, ვიდრე თანამემაულეთა შორის: “პატრიარქი თავის საპატრიარქოს დასახედავად მუდამ დადის, მაგრამ მას საგნად თავის ქვეშევრდომთა ზნის გასწორება როდი აქვს, არამედ მათი ქისების დაცალიერება... თან წაიყვანს ხოლმე ამალას, რომელიც შედგება სამასი კაცისაგან...”(ლამბერტი). როგორც არ უნდა აზვიადებდეს წყაროს ავტორი, იმდროინდელი დასავლეთ საქართველოს რეალური ცხოვრებისაგან იგი დიდად დაშორებული მაინც არ უნდა იყოს. იმჟამინდელი პოლიტიკური ატმოსფერო მმართველი წრის მორალურ-ზნეობრივ გაჯანსაღებას ხელს არ უწყობდა.
კათალიკოს მალაქიას პროტესტი არ გამოუხატავს ოდიშის მთავრის ძალადობრივი პოლიტიკის მიმართ, რასაც იგი იმერეთის მეფის სამეფოს მიმართ იჩენდა და ძალაუნებურად მონაწილე ხდებოდა ქვეყნის დეცენტრალიზაციის პროცესისა, რამაც საბოლოოდ იმერეთის სამეფო სრულ ანარქიამდე მიიყვანა. ლევან დადიანი აშკარა უპირატესობას ფლობდა დასავლეთ საქართველოს მეფე-მთავრებზე და კათალიკოსიც იხრება ძლიერი ცენტრისაკენ, სადაც ეკლესიას ძლიერი პოლიტიკური მფარველი და ეკონომიკური შემწე ეყოლებოდა. დადიანის დახმარებით ბიჭვინტის საკათალიკოსო საყდრის ეკონომიკური მდგომარობა მართლაც გაუმჯობესდა, განვითარდა სასახლეოA მეურნეობა, ჩატარდა დიდი სამეურნეო მშენებლობები. კათალიკოს-პატრიარქი მთავრის კარზე ცხოვრობდა და აქედან განაგებდა მთელი დასავლეთ საქართველოს საეკლესიო საქმეებს (ასეთივე ხვედრი ერგო მალაქიას მომდევნო კათალიკოსს მაქსიმე მაჭუტაძეს). ამიტომ უწოდებდა 1633-1649 წლებში ოდიშში მყოფი კათოლიკე მისონერი არქანჯელო ლამბერტი დასავლეთ საქართველოს კათოლიკოსებს ოდიშის პატრიარქებს.
წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა:
1. ახალი ქართლის ცხოვრება/ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც. II, თბილისი, 1959.
2. არქანჯელო ლამბერტი, სამეგრელოს აღწერა, ტფილისი, 1901.
3. თ. ჟორდანია, ქრონიკები, II, ტფილისი, 1898.
4. ქართული სამართლის ძეგლები, ი.დოლიძის გამოც. III, თბილისი, 1970.
5. ე. თაყაიშვილი, არხეოლოგიური მოგზაურობანი და შენიშვნანი, II, 1914.
6. მ. თამარაშვილი, ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის, ტფილისი, 1902.
7. დონ კრისტოფორო დე კასტელი, ცნობები და ალბომი საქართველოს შესახებ, 1977.
8. ბ. ლომინაძე, მასალები საქართველოს XVII-XVIII საუკუნეთაA ისტორიის ქრონოლოგიისათვის,/მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, 1951, ნაკვ.29.
9. ბ.ლომინაძე, ქართული ფეოდალური ურთიერთობის ისტორიიდან, სენიორიები, I, 1966.
10. თ. ქორიძე, მალაქია II /საქართველოს კათალიკოს-პატრიარქები, ნეკერი, 2000, გვ.144-148.
მოამზადა მზია სურგულაძემ