მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

 იმამყული-ხან უნდილაძე

 გარდ.1633 წ. ირანის ქართული წარმომავლობის პოლიტიკური მოღვაწე

 

 

იმამყული-ხანი უნდილაძეთა გვარის ღირსეული შთამომავალი, სეფიანთა ირანის კარზე დაწინაურებული პოლიტიკური ფიგურა, შირაზის ხანი, ფარსის ბეგლარბეგი, დიდად განათლებული სახელმწიფო მოღვაწე იყო.

იმამყული-ხანის თანამედროვენი მას ახასიათებდნენ როგორც გონიერ გამგებელს, სამეურნეო მშენებლობათა ორგანიზატორს, ინტელექტუალური მიდრეკილებების მქონე ადამიანს. კარმელიტთა მისიონის პრეფექტის ერთ-ერთი წერილის მიხედვით (1623 წ.) მას მისიონერებისათვის უთხოვია, რომიდან გამოეწერათ პლატონისა და არისტოტელეს თხზულებები ბერძნულ და ლათინურ ენებზე, არაბულ-ლათინური ლექსიკონები და არაბულად ნათარგმნი ბიბლია. ბერძნულ-ბიზანტიური და აღმოსავლური კულტურით დაინტერესება იმამყული-ხანს მრავალმხრივ პიროვნებად წარმოგვიდგენს, რომელიც საკუთარ თავში აერთიანებდა ქართულ და სპარსულ კულტურულ ორიენტაციას. იგი ელჩების, ისტორიკოსებისა და მოგზაურების ყურადღებას იქცევდა, მის შესახებ წერდნენ ქართველი და სპარსელი პოეტები.

იმამყული-ხანის დედა ქართველი ყოფილა. მას მჭიდრო ნათესაური ურთიერთობა ჰქონდა ქართულ ფეოდალურ ოჯახებთან: მისი ერთი ქალიშვილი გათხოვილი იყო ანუყაფარ ამილახორზე და საქართველოში ცხოვრობდა ქმართან ერთად, მეორე ქალიშვილი დაუდ-ბეგ გურჯიზე იყო გათხოვილი, მესამე კი ალი-ყული-ბეგის, ირანის სპასალარისა და თავრიზის ბეგლარბეგის როსტომ-ხან სააკაძის ძმის ცოლი იყო.

ცნობილია, რომ უნდილაძეებს მიუხედავად მათ მიერ დაკავებული ძალიან მაღალი თანამდებობებისა შაჰის კარზე, არ მიუღიათ მონაწილეობა საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ სამხედრო ღონისძიებებში. იმამყული-ხანი შაჰ-აბასის ერთ-ერთი ლაშქრობის დროს ავადმყოფობის მომიზეზებით თავრიზში დარჩა. შაჰი პატიობდა მას, რადგან იგი მისი დასაყრდენი იყო სამხრეთ ირანის სამხედრო პრობლემის მოგვარებაში, კერძოდ, ქიშმის და ჰორმუზის დაპყრობას, დამოუკიდებელი სამთავროების გაუქმებასა და ირანთან შეერეთებას. ამავე დროს იგი შაჰის დასყრდენი იყო ინტენსიური სამეურნეო მშენებლობების წარმართვაში, ირანის ეკონომიკური განვითარებისა და გაძლიერებისაკენ მიმართულ ღონისძიებებში. იმამყული-ხანი ხელმძღვანელობდა საირიგაციო ნაგებობების მშენებლობას ისფაჰანის მახლობლად, კაშხლებისა და ხიდების მშენებლობას.

იმამყული-ხანის ბეგლარბეგობის დროს შირაზში დრამატული მოვლენები მოხდა: აწამეს თეიმურაზის დედა ქეთევანი, მოკლეს ლუარსაბ II, დაასაჭურისეს თეიმურაზის ვაჟი. უაღრესად საყურადღებოა ის ფაქტი, რომ მიუხედავად ამისა, თეიმურაზი საქებარ სიტყვებს არ იშურებს გამაჰმადიანებული ქართველისა და შაჰის ერთგული ბეგლარბეგისათვის:

        “მდაბალი, ტკბილი, მოწყალე, აქებენ სულად ქვენანი,

         ღირსეულია ღვთისაგან, მითა სცავს ძალთა ზენანი”.

ქეთევან დედოფალი იმამყული-ხანის ძმის, დაუდ-ხანის სიდედრი იყო, მისი მეგობრის, თეიმურაზის დედა და საქართველოს დედოფალი. ჴპიეტრო დელლა ვალე რომში გაგზავნილ წერილში აღნიშნავს, რომ შირაზის ხანი მფარველობდა ქეთევანს; იყო თავისი ხალხის მოყვარე და გულშემატკივარი. როგორც ჩანს, თეიმურაზ პირველისათვის ცნობილი იყო იმამყულის მცდელობა – დახმარებოდა ქეთევანს. მის პოემაში ასეა აღწერილი ეს ტრაგიკული ამბები:

         “იმამ-ყული-ხანს რა ესმა საქმენი საზარონია,

          მეტად გაკვირდა, ესა თქვა: “მისი რა საკადრონია?       

          ვიცი რომ არ გათათრდების, თუცა არა აქვს დრონია,

          თეიმურაზის დედასა ვით ვკადრო უკადრონია?”

ხანი მოუწოდებდა დედოფალს, “სატანჯველს ნურას იკადრებო”, “შენცა მოიქეც, გათათრდიო”, მაგრამ ქეთევანმა რჯულის გადაგდებაზე მტკიცე უარი თქვა. იგი შაჰის ბრძანებით აწამეს.

იმამყული-ხანის მოღვაწეობას სპარსელი პოეტის კადრის ორი პოემა მიეძღვნა – “ჯანგ ნამა-ი ქიშმ” და “ფარუნ-ნამე” (ს. ა. სტორის ბიო-ბიბლიოგრაფიული ნარკვევის მიხედვით). ჴპირველ პოემაში აღწერილია ქიშმის დაპყრობა ხანის სარდლობით. ჴოემის ხელნაწერი ვატიკანის ბიბლიოთეკაშია დაცული. იგი იტალიურადაცაა ნათარგმნი. პოეტის მეორე პოემაში ჰორმუზთან გამარჯვების ამბებია გადმოცემული. პოემას ერთვის გაგრძელებაც, სადაც 1633 წელს იმამყული-ხანის სიკვდილით დასჯაა მოთხრობილი.

1629 წელს ირანში შეიცვალა პოლიტიკური ვითარება: გარდაიცვალა შაჰ-აბას I, ქართველი უფლისწულის ხოსრო-მირზას (როსტომ-ხანის), ისფაჰანის ტარუღას დახმარებით გამეფდა შაჰ-სეფი.  შეიცვალა პოლიტიკური ორიენტირები, დაიწყო უნდილაძეთა გავლენის შემცირება, თუმცა ეს ერთბაშად არ მომხდარა. მათი პოლიტიკური სარბიელიდან გაქრობას ხანგრძლივი დრო დასჭირდა.

როსტომ-ხანი იმამყულის სახიფათო მეტოქე იყო. უნდილაძეების წინააღმდეგ ბრძოლა როსტომ-ხანმა კავკასიაში მყოფი თეიმურაზ I-ის მოკავშირე დაუდ-ხანთან დაუპირისპირებით დაიწყო. სპარსელების წინააღმდეგ მოწყობილ ლაშქრობაში, რასაც განჯა-ყარაბაღის დარბევა მოჰყვა შედეგად, თეიმურზი და დაუდ-ხანი ერთად მოქმედებდნენ. 1633 წლის აჯანყებამ დაადასტურა ირანის მმართველი წრეების ეჭვები დაუდ-ხანის მოღალატეობის შესახებ. შაჰ-სეფი სასტიკად გაუსწორდა დაუდ-ხანის ოჯახის წევრებს. ჳფაქტიურად ეს გახდა იმამ-ყული-ხანის განადგურების საბაბიც. ჵყაზვინის მოედანზე სიკვდილით დასაჯეს ხანი და მისი სამი ვაჟი – სეფიყული-ხანი (ლარის ბეგლარბეგი), ფათალი-ბეგი, ალი-ყული-ბეგი. ჯალათობა შაჰ-სეფიმ იმამყული-ხანის ახლო ნათასავებს, მის სიძეებს, ქართველებსა და ერთ ყიზილბაშს დაავალა. შაჰს ამით სურდა თავიდან აეცილებინა შურისძიება ქართველთა მხრიდან, ხოლო ქელბალი-ბეგ ეშიკაღასის მონაწილეობა კი ამ აქტში ყიზილბაშთა მხრიდან შურისძიებად აღიქმებოდა.

ფარსადან გორგიჯანიძე იმამყული-ხანის ოჯახის ამოწყვეტას მთლიანად დაუდ-ხანის მოღალატეობით ხსნის: “შაჰ სეფი ყაენმან დაუდ-ხანის ჯავრით მისი ძმა  იმამყული-ხან შვილებიანად დახოცა. დაუდ-ხანი იმამყული-ხანის ძმა იყო, ყაენს უმუხანათა. . . უბრალოთ ძმის ოჯახი მოსთხარა”

ასე დასრულდა უნდილაძეთა ორმოცწლიანი ბატონობა ირანში.

 

wyaroebi da samecniero literatura:

 

1.   ირანის ისტორია, III- XVIII სს., თბ.2001

2.   საქართველოს ისტორიის აღმოსავლური მასალები, წ. II, Tb.1979

3.   მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიის საკითხები, II, თბ. 1972

4.  Д. Кацитадзе, Ал. Гвахария, Грузино-иранские культурно-исторические связзи, Тб. 1978

5.  ვ. გაბაშვილი, ქართული ფეოდალური წყობილება XVI-XVII საუკუნეებში, თბ.1958

6.   ი. ტაბაღუა, მასალები  XVIII საუკუნის I  მეოთხედის საქართველოს ისტორიისათვის, თბ. 1982.

7.  D.M. Lang, Georgia and the Fall of the Safavid Dynasty BSO(A)S 14, 1952

8.  დუმბაძე, საქართველსო ისტორიის ნარკვევები IV, თბილისი 1973.

9.  Табатадзе, Вопросы источниковедческой характеристики  двуязычных грузино-персидских исторических документов, источниковедческие разыскания, 1985. თბ 1988

 

 

მოამზადა თამარ აბულაძემ