მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

 

ილარიონ ყანჩაველი

XI საუკუნის საეკლესიო მოღვაწე, ეკლესიათა მაშენებელი

 

 

 

      ილარიონ ვაჩეს ძე ყანჩაელი, სამთავნელი ეპისკოპოსი, მოღვაწეობდა XI საუკუნეში. მის სახელთანაა დაკავშირებული ორი ეკლესიის აგება, როგორც სამშენებლო წარწერიდან ირკვევა, თვითონ იყო ხუროთმოძღვარიც. 1030 წელს მას აუგია სამთავისის ტაძარი, ხოლო 1032 წელსაშურიანის ერთნავიანი ეკლესია.

      სამთავისის ტაძარი შუა საუკუნეების ქართული საკულტო არქიტექტურის საუკეთესო ძეგლია. იგი მდებარეობს თბილისის დასავლეთით, 60-იოდე კილომეტრიც მანძილზე.

      სამთავისის პირველ მაშენებლად ვახუშტი ბატონიშვილი VI -ის მოღვაწეს ცამეტ ასურელ მამათაგანს ერთს _ ისიდორეს ასახელებს და მას  სამთავისში დასაფლავებულადაც მიიჩნევს.

      VI - ნაგებობა შემორჩენილი არ არის, შესაძლოა, ძველი ნაგებობის ნაშთები მიწის ქვეშ იყოს შემორჩენილი. ტაძრის ისტორია შემოინახა ეკლესიის კედლის წარწერებმა. ამ წარწერის წყალობით ვიგებთ, რომ სამთავისის ტაძარი ააშენა ილარიონ ყანჩაელმა. “. ხატო ღვთაებისაო, შეიწყალე სული ილარიონისა, ძისა ვაჩე ყანჩაელისა”. შემორჩენილია ილარიონ სამთავნელის კიდევ ორი წარწერა. პირველი წარწერა შესრულებულია აღმოსავლეთის ფასადზე, ჯვრის მკლავებს შორის. მეორე წარწერიანი ქვა ეზოში იპოვა თედო ჟორდანიამ. ამჟამად ეს ქვა მოთავსებულია დასავლეთის ფასადზე კარის ზემოთ. “.....ილარიონ სამთავნელ ეპისკოპოსმან აღაშენა ტაძარი ესე დასაბამითგან ქვეყნისა წელსა ხქლდ (250+780=1030 .) წარწერა ახლა ძლიერ დაზიანებულია. წარწერის შინაარსიდან გამომდინარე, სამთავისის ტაძარი აუგია ილარიონ სამთავნელს-1030 წელს. წარწერაში თარიღი გადმოცემულია ორი წელთაღრიცხვით _ ქვეყნის დასაბამიდან და ქრონიკონით.

       ილარიონ სამთავნელს აგრეთვე აუგია მარანი და საწნახელიც. ამაზე მოგვითხრობს დასავლეთის კედელზე, კარის ზემოთ, მარჯვნივ მოთავსებული წარწერა:

      “ხატო ღვთაებისაო, ადიდე გლახაკი ილარიონ სამთავნელი ეპისკოპოსი, ძე ვაჩე ყანჩაელისა, რომელმან მარანი და საწნახელი აღაშენა. ქრონიკონსა სო (270+780=1050).

      ასე რომ, სამეცნიერო ლიტერატურაში სამთავისის და აშურიანის ეკლესიის ხუროთმოძღვრად სამთავნელი ეპისკოპოსი ილარიონ ვაჩეს ძე ყანჩაელია მიჩნეული. სამთავისის ტაძარს სხვა წარწერებიც აქვს, რომლებშიც ტაძრის რესტავრაციაზეა ლაპარაკი.

      ილარიონ ყანჩაელი გაბედული ხუროთმოძღვარი იყო. მან პირველმა შემოიტანა ქართულ არქიტექტურაში აღმოსავლეთის ფასადის გაფორმების ახალი სისტემა, ახალი დეკორაციული კომპოზიცია _ დიდი ჯვარი შუა სარკმლის თავზე და ჩუქურთმიანი რომბები სარკმლის ქვეშ. მანვე გამოიყენა სხვადასხვა ფერის ქვა გარე პერანგისათვის. ეს ხუროთმოძღვრის რაფინირებული გემოვნების მაჩვენებელია.

      დღეს ილარიონ ყანჩაელის აგებულ ტაძარს რამდენადმე შეცვლილი აქვს სახე. მას აღარც ძველი კარიბჭეები აქვს, ხოლო გუმბათის ყელი და დასავლეთის კედელი XV -ში არის აღდგენილი. მაგრამ სამთავისი თავისი მხატვრული ღირსებით გამორჩეული ძეგლია და ილარიონ სამთავნელის აგებული ტაძარი დღესაც ხიბლავს მნახველს თავისი პროპორციებით, უზადო ჩუქურთმებით და დეკორაციული მოტივებით.

 

 

 

მოამზადა გულნარა მჭედლიძემ