გურგენ ერისმთავარი (დაახლ. 571-584)
523 წელს ირანელებმა ქართლში მეფობა გააუქმეს. 532 წელს ბიზანტისა და ირანს შორის დადებული ზავით ბიზანტიამ ცნო ირანის უფლება ქართლზე (პროკოპი კესარიელი). ქართლი, ირანის ადმინისტრაციული დაყოფით, კავკასიის დანარჩენ ქვეყნებთან ერთად ჩრდილოეთის კუსტაკში მოექცა. ირანის ხელისუფლებას ქართლში მარზპანი წარმოადგენდა. სრულიად ბუნებრივია, ძველი სახელმწიფოებრივი ტრადიციების მქონე ქვეყანაში საკუთარი ეროვნული ხელისუფლების აღდგენისAიდეა მუდამ იარსებებდა და მის ხორცშესასხმელად ქართველები ყოველ ხელსაყრელ ვითარებას გამოიყენებდნენ. “... ცხადია, რომ იბერებს ძალიან უმძიმდათ ასეთ მდგომარეობაში ყოფნა და ახლო მომავალში განზრახული ჰქონდათ აჯანყება, თუკი ოდესმე შესაფერის დროს იხელთებდნენ” (პროკოპი კესარიელი).
ასეთი შესაფერისი დრო დამდგარა 571 წელს, როდესაც ხოსრო ანუშირვანის განკარგულებით, სომხეთში მაზდეანური ტაძრის აშენებას აპირებდნენ. სომხები ვარდან მამიკონიანის ხელმძღვანელობით აჯანყდნენ. აჯანყებულებს მალე ქართველებიც მიმხრობიან ქართლის ერისმთავარ გურგენის ხელმძღვანელობით. ამ პერიოდის ისტორიულ მოვლენათა ამსახველი საკუთრივ ქართული ეროვნული წყაროების უკიდურესი სიმწირისა და მათი ქრონოლოგიური ხარვეზების გამო ამ შესანიშნავი ქართველი მოღვაწის შესახებ წარმოდგენის შექმნა მხოლოდ უცხოური (ბიზანტიური, სირული) წყაროებით ხდება შესაძლებელი. აჯანყებული სომხეთისა და ქართლის მეთურებმა მოციქულები გაგზავნეს ბიზანტიის იმპერატორ იუსტინე II-სთან (565-578) და დახმარება სთხოვეს. ამ დროს ბიზანტია ირანთან ზავის (562 წლის) მდგომარეობაში იმყოფებოდა, მაგრამ იმპერატორი აჯანყებულთა მოთხოვნებს მაინც კმაყოფილებით გამოეხმაურა. შეჰპირდა, რომ “ყოველგვარ საშუალებას იხმარდა, რათა დაეპყრო თვით მათი სამშობლო ქვეყნები, თუ ის ვერ შეძლებდა ბოლომდე მიეყვანა ომი, ამ აჯანყების მოთAვეებს და მათ ნათესავებს, იმათ, ვინც მოისურვებდა რომაელების სახელმწიფოს მოქალაქეობას, არასოდეს არ გასცემდა” (მენანდრე პროტიქტორი).
მომდევნო წლებში აჯანყების კერა გაფართოვდა. ბიზანტიელთა დახმარებით, სომხებმა და ქართველებმა რამდენჯერმე მნიშვნელოვანი სამხედრო წარმატება მოიპოვეს. 573 წელს გურგენის მეთაურობით ქართველებს დაუმარცხებიათ ირანელთა სარდალი გოლონ მიჰრანი. ამ აჯაყების შემდეგ ქართლის მტკვრის ჩრდილოეთით მდებარე ნაწილი ბიზანტიელთა ხელში გადასულა. 576-577 წლებში ბიზანტიამ და ირანმა განაახლეს საზავო მოლაპარაკებები, რის დროსაც ირანი დაჟინებით მოითხოვდა აჯანყების მეთაურთა გადაცემას, მაგრამ იმპერატორი ტერიტორიულ დათმობებზე უფრო იყო თანახმა, ვიდრე აჯანყების მეთაურთა გაცემაზე. ამასობაში სომხეთის ტერიტორიაზე ბიზანტიელებმა მარცხი განიცადეს (579 წ.) და ირანმა ზავის პირობებიც დაამძიმა. მაგრამ, ქართლში, როგორც ჩანს, კვლავ გურგენი დარჩა ერისმთავრად. გურგენის ერისმთავრობა უნდა გაგრძელებულიყო დაახლ. 484 წლამდე. შემორჩენილია ჰორმოზდ IV-ის მეფობის დროს მისი სახელით მოჭრილი სასანური მონეტის მინაბაძი ქართული ზედწერილით: “გნ®”.
ნაწილი მეცნიერებისა ამ გურგენს უკავშიებს ქართლში ერისმთავრობის ინსტიტუტის აღდგენას და ამიტომ მის სახელს აიგივებენ ქართული წყაროებიდან კარგად ცნობილ გუარამ კურაპალატთან. ასეთი გაიგივების საპირისპიროდ არსებობს მოსაზრება, რომ არსებობდა გუარამის სახელის მქონე ორი ერისმთავარი, რომლებიც ქართველმა მემატიანეებმა ქრონოლოგიური მითითებების არარსებობის გამო ერთმანეთთან გააიგივეს. გურგენის ერისმთავრობა ამ გუარამს შორის არის საგულვებელი (უფრო დაწვრილებით ამ საკითხზე იხ. გუარამ კურაპალატი, იქვე ლიტერატურა).
წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა:
1. პროკოპი კესარიელი, გეორგიკა, ს. ყაუხჩიშვილის გამოც. II, თბილისი, 1965.
2. თეოფანე ბიზანტიელი, გეორგიკა, ს. ყაუხჩიშვილის გამოც. III,თბილისი, 1936.
3. მენანდრე პროტიქტორი, გეორგიკა, ს. ყაუხჩიშვილის გამოც. III,თბილისი, 1936.
4. გ. დუნდუა, ქართულ-სასანუი მონეტების პრობლემა და ადრეფეოდალური ხანის საქართველოს ისტორიის საკითხები,მაცნე, ისტორიის სერია, №1, 1976.
5. ვ. გოილაძე, VI საუკუნეში ქართლის ადგილობრივი სახელმწიფოებრიობის აღდგენის დათარიღებისათვის, მაცნე, ისტორიის სერია, №1, 1979.
6. ნ. ლომოური, კონსტანტინე პორფიროგენეტის ერთი ცნობის გარკვევისათვის, თბილისის ნივერსიტეტის შრომები, 59, 1955.
7. ა. ბოგვერაძე, ქართლის ფეოდალური სახელმწიფოს აღდგენა, საქართველოს ისტორიის ნარკვევები, II, თბილისი,1973, გვ. 268-283.
8. მ. სანაძე, “ქართლის ცხოვრება” და საქართველოს ისტორიის უძველესი პერიოდი, 2001, გვ. 149-178.
9. დ. მუსხელიშვილი, საქართველო IV-VIII საუკუნეებში,თბილისი, 2003. გვ. 231-254.
მოამზადა მზია სურგულაძემ