მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი

 1060-იანი _1118 წლები, დავით აღმაშენებლის უახლოესი მრჩეველი და თანამებრძოლი

 

      გიორგი ჭყონდიდელი პირველი პირი იყო საქართველოში, რომელმაც ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის თანამდებობა დაიკავა. ეს იყო თანამდებობა, რომელიც დავით აღმაშენებელმა შემოიღო რუის-ურბნისის კრების შემდეგ ცენტრალური აპარატის გაძლიერების მიზნით

      ამით დავითმა მიაღწია ეკლესიის დაქვემდებარებას სახელმწიფოსადმი, რათა მომავალშიც არ განმეორებულიყო ის ვითარება, რამაც აუცილებელი გახადა რუის-ურბნისის კრების მოწვევა. სამაგიეროდ მეფემ ეკლესიებზე ზრუნვა თავისი საშინაო პოლიტიკის ძირითად მიმართულებად აქცია. ამ პოლიტიკის უშუალო გამტარებელი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი იყო. დავითის ისტორიკოსი გადმოგვცემს, რომკუალად მონასტერნი და საეპისკოპოსონი და ყოველნი ეკლესიანი წესსა და რიგსა ლოცვისასა და ყოვლისა საეკლესიო განგებისასა დარბაზის კარით მიიღებდიან, ვითარცა კანონსა უცთომელსა, ყოვლად შუენიერსა და დაწყობილსა, კეთილწესიერებასა ლოცვისა და მარხვისასა”. .. სამეფო კარი ეკლესიის საშინაო ცხოვრებასაც განაგებდა. ვის შეეძლო ამ საქმის გაძღოლა, თუ არა უმაღლესი კომპეტენციის ბერს? ასეთი კი იყო ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი.     გარდა საეკლესიო საქმეებისა, ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესს ებარა სახელმწიფო მართვის უმთავრესი უწყებები: მანდატურთუხუცესისა (საშინაო საქმეები),  მეჭურჭლეთუხუცესისა (ფინანსები) და ამირსპასალარისა (სამხედრო საქმე). ამრიგად, ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი პირველი პირი იყო სახელმწიფოში მეფის შემდეგ.

      რასაკვირველია, ასეთ უფლებებს დავითი მხოლოდ  საუკეთესოთა შორის რჩეულს გადასცემდა. ასეთი კი გიორგი ჭყონდიდელი ყოფილა. დავითის ისტორიკოსი სულ რამდენიმე შტრიხით ახასიათებს გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესს: “კაცი სრული ყოვლითა სიკეთითა სულისა და სავსე სიბრ|ძნითა და გონიერებითა, განმზრახი, სვიანი და ფრთხილი, თანააღზრდილი აღმზრდელი პატრონისა და თანაგამკაფელი ყოველთაA გზათა, საქმეთაA და ღუაწლთა მისთა”. ამ მოკლე დახასიათებითაც ნათელი ხდება, რომ გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი მეფესთან პირადი (პატრონყმური) ურთიერთობით ყოფილა დაკავშირებული (“თანააღზრდილი აღმზრდელი პატრონისა”) და მეფე, სახელმწიფო გადაწყვეტილებების მიღებისას, მას ყველაზე საიმედო მრჩევლად მიიჩნევდა. სრულიად უეჭველია, რომ დავითის დროინდელი საქართველოს შექმნაში  უდიდესი წვლილი შეიტანა გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესმა.

      ცნობილია, რომ მასთან წინასწარი შეთანხმებით, შესაძლოა, სამხედრო გეგმითაც, გამოსტაცეს თურქებს ქართველმა სარდლებმა სამშვილდე და რუსთავი (“...და შეკრბეს გიორგი ჭყონდიდელსა და მწიგნობართუხუცესსა წინაშე თევდორე, აბულეთი და ივანე ორბელი, და სიმარჯვით მოიპარეს სამშვილდე”. “...და წარიღო გიორგი ჭყონდიდელმან რუსთავიცა, მეფისა მუხნარს ყოფასა...”).

      სამწუხაროდ, ჩვენი ძველი ისტორიკოსების ჩვეული სიტყვაძუნწობის გამო, ბევრი არაფერი ვიცით ამ საინტერესო მოღვაწეზე, მაგრამ აშკარაა, რომ  გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი ეკუთვნის მეფის ერთგულ ფეოდალურ სახლს. ამ სახლის სხვა წარმომადგენლებიც დავითის უმაღლესი ნდობით სარგებლობენ. დავითი გიორგის დისწულთაგან ერთს, თევდორესაბარებს საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო მხარისთრილეთისა და კლდეკარის მმართველობას, ხოლო მეორეს, სვიმონ ბედიელ-ალავერდელს (შემდგომში იგიც ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი ხდება), ახლად შემოერთებულ შარვანს.

      როდესაც მეფემ ყივჩაყთა ჩამოყვანა გადაწყვიტა, გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი თან იახლა შორეულ მგზავრობაში, მაგრამ გიორგი იქიდან ცოცხალი ვეღარ დაბრუნდა, მოულოდნელად გარდაიცვალა ოვსეთში. “იგლოვა ყოველმან სამეფომან და თვით მეფემან, ვითა მამა და უმეტესცა მამისა...” დიდი სახელმწიფო მოღვაწე მეფემ გელათის მონასტერში დაკრძალა

      გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის ცხოვრების ერთ კერძო მხარეს ნათელს ჰფენს მისი სახელით შესრულებული მინაწერები ორ ხელნაწერზე, რომლებიც მთელ საქრისტიანოში განთქმულ თხზულებას, იოანე ოქროპირისეულ მათეს თავის განმარტებებს შეიცავენ. ეს ხელნაწერები (შესაძლოა, ოდესღაც ერთადაც იყო აკინძული), გიორგის დაუკვეთია მისი ჭყონდიდში მღვდელთმთავრობის დროს, დაახლ. 1100-1104 წლებს შორის. “ღმერთო, ადიდე გიორგი ჭყონდიდელი მთავარეპისკოპოსი”, _ გადამწერი ხშირად იმეორებს ამ ფარაზას ხელნაწერის ფურცლებზე.

      გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის სახეში გაერთიანებულია შუა საუკუნეების ძლიერი საქართველოს შემოქმედ ადამიანთა სამი ტიპი: ბერი, მწიგნობარი, მხედარი.

 

           წყაროები  და სამეცნიერო ლიტერატურა:

1.     ქართლის ცხოვრება, I, ტექსტი დაადგინა ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით . ყაუხჩიშვილმა, თბილისი, 1955.

2.     . ლორთქიფანიძე, საქართველო XI . ბოლოსა და XII . პირველ მეოთხედში. დავით IV აღმაშენებელი/ საქართVელოს ისტორიის ნარკვევები, III, თბილისი, 1979, გვ.210-231.

3.     . სილოგავა, გიორგი ჭყონდიდელი _ მათეს თავის სახარების თარგმანების ხელნაწერთა მომგებელი, კრ. “შოთა მესხია”, თბილისი, 2006, გვ. 237-278.

 

მოამზადა მზია სურგულაძემ