მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

ფაზა იბერიელი VI .

ბიზანტიის იმპერიის გამოჩენილი სარდალი

 

ფარნავაზიანთა საგვარეულოს წარმომადგენელი, ვახტანგ გორგასლის შთამომავალი, გამოჩენილი სარდალი ბიზანტიის საიმპერატორო კარზე. ცნობილი ქართველი სარდლის პერან იბერიელის ძმისწული. იბრძოდა ოსტგუთების წინააღმდეგ.

ფაზა იბერიელის შესახებ ცნობებს გვაწვდის VIC-ის ცნობილი ისტორიკოსი პროკოფი კესარიელი. იგი ბიზანტიის იმპერატორ იუსტინიანეს I-ის (527-565 წწ.) კარზე დაწინაურებული სამხედრო მოღვაწე იყო. მას სამხედრო ხელოვნება შეასწავლა ბიძამისმა, გამოჩენილმა მხედართმთავარმა პერან იბერიელმა. ფაზა იბერიელის სახელი პირველად გვხვდება 542 წელს, როდესაც იუსტინიანე იმპერატორმა იტალიის პრეფექტად დანიშნა მაქსიმიანე, მისცა მას ფლოტი, რომელზედაც აიყვანა ჯარი, შედგენილი თრაკიელებისა და არმენიელებისაგან. თრაკიელთა ჯარს მეთაურობდა ჰეროდიანე, ხოლო არმენიელებისას _ ფაზა სარდალი, წარმოშობით იბერიელი, პერან იბერიელის ძმისწული. იგი იბრძოდა ოსტგუთების წინააღმდეგ. ოსტგუთთა მეფე ტოტილა სათავეში ჩაუდგა ანტიბიზანტიურ აჯანყებას იტალიაში და რამდენიმე სერიოზულ გამარჯვებასაც მიაღწია ბიზანტიელების წინააღმდეგ ბრძოლაში. მან ფაქტიურად მოახერხა იტალიის გაწმენდა ბიზანტიელებისაგან. მაგრამ მალე მას სოციალური საყრდენი გამოეცალა. ძველებურად აღარ უჭერდნენ მხარს დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენლები. ტოტილას წინააღმდეგ ბრძოლას სწორედ ფაზა იბერიელი სარდლობდა. ბრძოლის დროს ამინდი შეიცვალა. ზღვაზე ქარიშხალი ამოვარდა და რომაელთა ხომალდები ჩაიძირა. მაგრამ ჰეროდიანემ და ფაზა იბერიელმა ნაპირზე გამოსვლა მოასწრეს და გადარჩნენ.

547 წელს ფაზა იბერიელი ცხენოსანთა ჯარით გაიგზავნა ქალაქ ტარინტის მახლობლად გუთების წინააღმდეგ საბრძოლველად. ამ ბრძოლაში ფაზა იბერიელის სარდლობით ბიზანტიელებმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს გუთებზე. სამწუხაროდ, გამარჯვებულმა ბიზანტიელებმა სიფხიზლე მოადუნეს და მახლობელ სოფლებში დაიფანტნენ სურსათ-სანოვაგის მოსაგროვებლად. ბიზანტიელთა ჯარი დაიქსაქსა, ნაწილი კი ისვენებდა. ამ დროს ტოტილას მაშველი ძალა მოუვიდა. გაქცეული ტოტილა მობრუნდა და ახალი ძალით შეუტია ბიზანტიელთა ჯარის ადგილზე დარჩენილ მცირერიცხოვან ნაწილს. ფაზა იბერიელი ამ დროს თავის კარავში ისვენებდა, მასთან რომ გუთები შეცვივდნენ. იგი იშვიათი სიმამაცით დაუხვდა მტერს. ბევრი მათგანი კიდევაც აოტა. თავისი ჯარის დარჩენილი ნაწილიც შემოიკრიბა, მაგრამ ფაზა იბერიელიც და მისი ცხენოსანთა ჯარიც, რაც ადგილზე იყო დარჩენილი, ყველა დაიღუპა. პროკოფი კესარიელის თქმით, ბიზანტიელთათვის ძალიან სამწუხარო იყო ფაზა იბერიელის სიკვდილი, რადგან მასზე და მის საუკეთესო მებრძოლებზე ჰქონდათ დამყარებული იმედი.

ასე დაასრულა ბიზანტიელების კიდევ ერთმა გამოჩენილმა სარდალმა ფაზა იბერიელმა სიცოცხლე გუთების წინააღმდეგ ბრძოლაში.

არც ოსტგუთების მეფეს ტოტილას უცოცხლია დიდხანს. 552 წელს დაიღუპა ტაგინესთან წარმოებულ ბრძოლაში.

რომ არა პროკოფი კესარიელი, არაფერი გვეცოდინებოდა გამოჩენილი ქართველი სტრატეგის ფაზა იბერიელის შესახებ, რომელიც VI -ის ბიზანტიის იმპერიაში ცნობილ სარდლად ითვლებოდა.

 

 

wyaroebi da samecniero literatura:

1. georgika, bizantieli mwerlebis cnobebi saqarTvelos Sesaxeb. teqstebi qarTuli TargmaniTurT gamosca s. yauxCiSvilma. t. II, Tb., 1965 w.

2. g. tivaZe, ostguTebis samefo, feodalizmis genezisi dasavleT evropaSi, I, Tbilisis universitetis gamocema, 1959 w.

3. З.В. Удальцова, Раздел земель между остгутами  и римлянами в италии в конце V-го века, средние века, т VIII, 1956г.

4. Д.М. Петрушевский, Очерки из истории средневелового общества и государства, М. 1917г.

 

 

 

moamzada gulnara mWedliZem