მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

ევდემონ ჩხეტიძე, კათალიკოსი

დასავლეთ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი 1557-1578 წლებში

 

იმერთა მეფე ბაგრატ III- იმერეთის სამეფოს ცენტრალიზაციისათვის ბრძოლაში გვერდით ედგა ეკლესია. ჯერ  კათალიკოსი მალაქია აბაშიძე, შემდეგ კათალიკოსი ევდემონ ჩხეტიძე საეკლესიო ადმინიტრაციაში ცვლილებებით ქვეყნის პოლიტიკური სიმტკიცის მიღწევაში ეხმარებოდნენ მეფეს.

ბიჭვინტის საკათალიკოსო ცენტრი, რომელიც აფხაზეთის სამთავროს ტერიტორიაზე მდებარეობდა, ევდემონის კათალიკოსობის წლებში უკვე ოსმალეთის ძლიერი პოლიტიკური გავლენის ქვეშ იყო მოქცეული, გავრცელდა თურქული ენა და მაჰმადიანური სარწმუნოება, ქრისტიანობამ თანდათანობით  პოზიციები დაკარგა. ოსმალთა წაქეზებით ჩრდილოეთიდან ჯიქები (ჩერქეზები) არბევდნენ აფხაზეთის სანაპიროებს. ასეთ პირობებში ბიჭვინტიდან ეკლესიის მართვა შეუძლებელი ხდებოდა. ამიტომ ბაგრატ მეფემ ევდემონ კათალიკოსთან შეთანხმებით ბიჭვინტის საკათალიკოსო რეზიდენცია გელათში, წმინდა გიორგის ეკლესიაში  გადმოიტანა.

XVI საუკუნეში ირანსა და ოსმალეთს შორის საბრძოლო მოქმედებების დიდი ნაწილი საქართველოს, უპირატესად ქართლის, იმერეთისა და საათაბაგოს ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. ომიანობამ თითოეულ ამ მხარეს შედეგად მოუტანა მეურნეობის გაპარტახება, ეკონომიკური გაჭირვება, საეკლესიო ცენტრების განადგურება. ყოველივე ამან გამოიწვია საზოგადოებრივი ცხოვრების დონის საერთო დაქვეითებაგანსაკუთრებულ საფრთხედ ქცეულა ტყვეთა სყიდვა, ეკლესიათა ძარცვა, თვით ღვთისმსახურთა შორის საეკლესიო კანონების შებღალვა. ასეთ ვითარებაში, 1557/1558 წელს, ბაგრატ მეფემ  მოიწვია საეკლესიო კრება, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ ქართლის კათალიკოსყოფილი მალაქია და დასავლეთ საქართველოს კათალიკოსი ევდემონი: “...მე, ქრისტეს მიერ კურთხეულმან ყოვლისა საქართველოსა კათალიკოზმან პატრიაქმან მალაქია, მე, ქრისტეს მიერ კურთხეულმან აფხაზეთის კათალიკოზმან მამათმთავარმან ედემონ, დავსხედით და შევკრიბენით ყოველნი ეპისკოპოზნი აფხაზეთისანი...” კრების 23 დადგენილება, რომლებიცკათალიკოსთა სამართლისსახელით არის ცნობილი, ეხება როგორც საეკლესიო, ასევე სამოქალაქო ნორმებსგანსაკუთრებით მძიმე სასჯელი _ ჩამოხრჩობა _ დაუწესებიათ ტყვეთა სყიდვაზე. ამ კრებასთან არის დაკავშირებული .. გელათური ილიტრიონის” (ლიტურგიკის წესი, კონდაკი) შექმნაც, რომელსაც დართული აქვსცოცხალთამოსახსენებლები. მოსახსენებელში ჩამოთვლილ პირთა შორის იხსენიება ქართლის კათალიკოსი მალაქია (ამ დროს უკვე კათალიკოსყოფილი) თავად კათალიკოსი ევდემონი და ლუარსაბ I ქართლის მეფე. მათიერთად მოხსენიება სამართლიანად არის მიჩნეული მინიშნებად საეკლესიო კრების ორგანიზებაში ლუარსაბ მეფის წვლილზე (ქაჯაია).

      ევდემონ კათალიკოსის თაოსნობით და ბაგრატის შეწევნით გელათში, რომელიც 1510 წელს ოსმალებმა გადაწვეს, დიდი აღდგენითი სამუშაოები ჩატარდა. 1545 წელს განახლდა და მოიხატა წმინდა გიორგის ეკლესია, რომელიც იჭვინტის კათალიკოსის რეზიდენციად იქცაასევე აღადგინეს და მოხატეს ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია. ევდემონ კათალიკოსმა დაამზადებინა და შესწირა გელათს ძვირფასი სამღვდელმთავრო შესამოსლები, სამასახურებელი ჭურჭელიმათ შორის საწინამძღვრო ჯვარი. ეკლესიისათვის საკუთარი სახსრებით შეუმატებია მამულები. კათალიკოსს დაუკვეთია მრავალი ხელნაწერი გელათისათვის. მათ შორისსადღესასწაულო, პარაკლიტონი, მეტაფრასი, იოანე დამასკელი, ეფრემ მცირის ორიგინალური თხზულება.

      ევდემონის კათალიკოსოსობის დროს, სამცხე-საათაბაგოში შექმნილი მძიმე ვითარებების გამო აწყურიდან გელათში გადმოუსვენებიათ აწყურის ღვთისმშობლის განთქმული ხატი.

      ევდემონ კათალიკოსი ასევე ზრუნავდა თავისი საწმყსოს სხვა ეკლესიებზეშეაკეთა და მოახატვინა მოქვისა და ბიჭვინტის ეკლესიებიბიჭვინტის ეკლესიისათვის დაამზადებინა ღვთისმშობლის ხატი, რომელიც ხატწერის საუკეთესო ნიმუშებს განეკუთვნება და თავისი იკონოგრაფიული თავისებურებებით გამორჩეულია ღვთისმშობლის სხვა ხატებისაგან.

      თავისი დიდი დამსახურებისათვის ევდემონი გამოსახულია გელათის ღვთისმშობლის ეკლესიის ჩრდილოეთ კედელზე, დავით აღმაშენებელსა და ბაგრატ III- შორის, როგორც გელათის კტიტორთაგანიევდემონი არის დასავლეთ საქართველოს პირველი კათალიკოსი, რომელიც გელათში დამკვიდრდა. იგი გარდაიცვალა 1578 წელს, ყაჩაღების ხელით, ოდიშისაკენ მიმავალ გზაზე. მისი საფლავი გელათის წმინდა გიორგის ეკლესიაში მდებარეობს. საფლავის ეპიტაფიაში ევდემონიქართველთა მნათობისსახელით არის შემკული

 

 

 

      წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა:

1.     . ჟორდანია, ქრონიკები, II, ტფილისი, 1898.

2.     ქართული სამართლის ძეგლები, .დოლიძის გამოც. I,თბილისი, 1963, II, თბილისი, 1965.

3.     . თაყაიშვილი, არხეოლოგიური მოგზაურობანი და შენიშვნანი, II, 1914.

4.     .ლომინაძე, ქართული ფეოდალური ურთიერთობის ისტორიიდან, I, 1966.

5.     . ლომინაძე, აფხაზეთის საკათალიკოსო სინოდის მიერ მიღებული კანონები (XVI .) გელათის მეცნ. აკად. უწყებანი, 2, 1996.

6.     სტოლნიკი ტოლოჩანოვისა და დიაკი იევლევის ელჩობა იმერეთში 1650-1652 წწ. . პოლიევკტოვის გამოც.1926, გვ. 154.

7.     . ქორიძე, ბიჭვინტის ღვთისმშობლის ხატი, თსუ შრომები, 321, 1996.

8.     . ქაჯაია, გელათური ილიტრიონისა დაკათალიკოსთა სამართლისდათარიღებისათვის, მრავალტავი,XVIII, 1999, 336-343.

 

მოამზადა მზია სურგულაძემ