მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

ევაგრე, VI საუკუნის მოღვაწე

წმ. მამა, ყოფილი ციხედიდის მთავარი, შემდგომში ბერად აღკვეცილი, შიო მღვიმელის თანამოღვაწე, შიო მღვიმის მონასტრის მეორე წინამძღვარი. ხსენების დღე – 4 თებერვალი.

 

                წმ. ევაგრესადმი მიძღვნილი დამოუკიდებელი ჰაგიოგრაფიული თხზულება (“ცხოვრება”) არ შემონახულა. ცნობები მის შესახებ დაცულია `შიო მღვიმელის ცხოვრებათა~ სხვადასხვა რედაქციებში, ასევე აბიბოს ნეკრესლის `მარტვილობაში”.

                 აღნიშნულ წყაროთა თანახმად ევაგრე იყო ციხედიდის მთავარი, წარჩინებული და ქრისტესმოყვარე. ერთ დღეს იგი იმ ხევში ნადირობდა, რომელშიც შიო იყო დაყუდებული. მისი თანმხლებნი სხვადასხვა მხარეს გაიფანტნენ ნადირის საძებნელად, ხოლო ევაგრემ დაინახა მტრედი, რომელსაც პირით მიჰქონდა პურის მსგავსი საკვები შიოსთვის. მეორე დღესაც იგივე განმეორდა. მაშინ ევაგრე მიჰყვა მტრედის კვალს (ერთი რედაქციის თანახმად, ქორი მიუშვა მტრედზე და თვითონაც დაედევნა), შევიდა გამოქვაბულში და იხილა შიო. როდესაც მისი სიწმინდე და სათნოება დაინახა, მასთან მოისურვა დარჩენა. მაგრამ შიომ უბრძანა რომ ჯერ სახლში დაბრუნებულიყო, თან წაეღო შიოს კვერთხი და გზად მდინარეში (მტკვარში) ჩაეყო. თუ მდინარე გაიპობოდა და გზას მისცემდა ევაგრეს, მაშინ მას უნდა მოეგვარებინა ოჯახური საქმეები და უკან წამოსულიყო. თუ უკანა გზაზეც მდინარე ისევ გაიპობოდა შიოს კვერთხისაგან და გამოატარებდა ევაგრეს, მაშინ ეს ღვთის ნიშანი იქნებოდა და ევაგრე შიოსთან შეძლებდა დარჩენას. ღვთის სასწაულით ყველაფერი ასე მოხდა, ორჯერვე განიპო მდინარე და გაატარა ევაგრე. შიოსთან დაბრუნებული ევაგრე ბერად აღიკვეცა, იპოვა იქვე მახლობლად გამოქვაბული და იქ დაეყუდა. როდესაც მეფემ (ზოგიერთ წყაროთა თანახმად - ფარსმან მეფემ, თუმცა სამეცნიერო ლიტერატურაში განსხვავებული მოსაზრებები არსებობს ამ ცნობის სიზუსტის შესახებ) შეიტყო ევაგრეს ბერად აღკვეცის ამბავი, შეწუხდა, რადგან ევაგრე მთავარსარდალი იყო, და მივიდა მის წასაყვანად, მაგრამ ევაგრე არ დაემორჩილა მას და დაარწმუნა, რომ ვეღარ დაუბრუნდებოდა საერო ცხოვრებას.

               მღვიმეში ჩასვლის წინ შიომ სთხოვა მონასტრის კრებულს აერჩიათ მის ნაცვლად ახალი წინამძღვარი. ძმებმა ერთხმად ევაგრე აირჩიეს. ევაგრე უარობდა, რადგან თავს ამ პატივის ღირსად არ თვლიდა, მაგრამ შიომ დაარწმუნა იგი და მონასტრის წინამძღვრად დაადგინა.

შიოს გარდაცვალების შემდეგ კი ევაგრე ჩავიდა მის მღვიმეში, რომ არ დაეცარიელებინა თავისი მოძღვრის ადგილი.

      ევაგრე აგრეთვე მოიხსენიება შიოს მიერ აღსრულებულ ზოგიერთ სასწაულში, როგორც ამ სასწაულების მონაწილე (იხ. შიო მღვიმელი, სასწაულები 6, 7, 8).

 

წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა:

1.     `შიოს და ევაგრეს ცხოვრება~, კიმენური რედაქცია (გამოცემები - . კაკაბაძე, ასურელ მამათა ცხოვრებათა არქეტიპები, საისტორიო კრებულის . I-ის დამატება, 1928, გვ. 19-26; ძველი ქართული ლიტერატურის ქრესტომათია, I, შეგენილი სოლ. ყუბანეიშვილის მიერ, თბილისი 1946, გვ. 157-159; ასურელ მოღვაწეთა ცხოვრების წიგნთა ძველი რედაქციები, ტექსტები გამოკვლევითა და ლექსიკონით გამოსცა ილ. აბულაძემ, თბილისი, 1955, გვ. 69-143; ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, I, თბილისი, 1963)

2.     `შიო მღვიმელის ცხოვრება”, მეტაფრასული რედაქცია (გამოცემები - საქართველოს სამოთხე, გამოცემული გობრონ პავლეს ძე საბინინის მიერ, პეტერბურღი, 1882, გვ.219-264; ასურელ მოღვაწეთა ცხოვრების წიგნთა ძველი რედაქციები, ტექსტები გამოკვლევითა და ლექსიკონით გამოსცა ილ. აბულაძემ, თბილისი, 1955, გვ. 69-143; ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, III,  თბილისი, 1971, გვ. 107-170).

3.     `შიო მღვიმელის ცხოვრება”, გვიანდელი მეტაფრასული რედაქცია (გამოცემა - ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, III,  თბილისი, 1971, გვ. 261-291)

4.     `შიო მღვიმელის ცხოვრების~ ორი სვინაქსარული რედაქცია (გამოცემა- ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, IV, თბილისი, 1968, გვ. 366-376)

5.     `აბიბოს ნეკრესლის მარტვილობა~, ვრცელი რედაქცია (გამოცემები _ საქართველოს სამოთხე, გამოცემული გობრონ პავლეს ძე საბინინის მიერ, პეტერბურღი, 1882, გვ. 213-216; ასურელ მოღვაწეთა ცხოვრების წიგნთა ძველი რედაქციები, ტექსტები გამოკვლევითა და ლექსიკონით გამოსცა ილ. აბულაძემ, თბილისი, 1955, გვ. 188-196; ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, I, თბილისი, 1963, გვ. 240-248). 

6.     იხილეთ ასევე შიო მღვიმელის ბიბლიოგრაფია.

 

მოამზადა ლელა ხოფერიამ