ევაგრე ქართველი (პონტოელი) (346-394 წწ.)
ადრექრისტიანული ეკლესიის ცნობილი საეკლესიო მოღვაწე. ბასილი დიდსა და გრიგოლ ღვთისმეტყველთან დაახლოებული პიროვნება: ფილოსოფოსი, რიტორი.
ევაგრე ქართველის შესახებ ცნობებს გვაწვდის V ს-ის რომაელი ისტორიკოსი სოზომენი. ევაგრე დაიბადა 346 წელს პონტოს ქალაქ ებორაში. რიტორიკული განათლება მისცა ცნობილმა ფილოსოფოსმა ლიბანიუსმა. ამიტომაა, რომ ევაგრეს თანამედროვენი იცნობდნენ, როგორც კარგ ორატორს და შეუდარებელ მჭევრმეტყველს. `წმინდა წიგნები~ და ქრისტიანული რელიგია მას გააცნო და შეაყვარა გრიგოლ ღვთისმეტყველმა. კარგად შეისწავლა ქრისტიანული მწერლობა. ევაგრე პონტოელი გამოირჩეოდა ლამაზი ფიზიკური გარეგნობით. ყოფილა კარგად ჩაცმის მოყვარული. იგი ახლოს იყო დიდ კაბადოკიელ მამებთან, ბასილი დიდთან და გრიგოლ ღვთისმეტყველთან. სწორედ ბასილი დიდმა აკურთხა ევაგრე სასამის ეკლესიის დიაკვნად. ევაგრე ქართველი, ასევე დაახლოვებული იყო გრიგოლ ღვთისმეტყველთან, რომელმაც ევაგრე წაიყვანა კონსტანტინეპოლში 379 წელს. 381 წელს კი გრიგოლ ღვთისმეტყველი აირჩიეს კონსტანტინეპოლის ეპისკოპოსად, რომელიც საკმაოდ დიდი და საპატიო საეკლესიო თანამდებობა იყო მაშინდელი რომის იმპერიაში. ევაგრე იქ არქედიაკვანი გახდა. 381 წელს, გრიგოლ ღვთისმეტყველი მეორე მსოფლიო საეკლესიო კრების მერე (ამ კრებას თვით გრიგოლ ღვთისმეტყველი თა¬ვმჯ¬¬დომარეობდა), დატოვა კონსტანტინეპოლი და სამშობლოში დაბრუნდა. ევაგრე ქართველი კი კონსტანტინეპოლში დარჩა. ევაგრე ქართველს, მისი ლამაზი და მოხდენილი გარეგნობის გამო, ყურადღება მიაქცია ერთმა წარჩინებულმა კონსტანტინეპოლელმა მანდილოსანმა, მისმა ქმარმა კი, ეჭვიანობის ნიადაგზე, ევაგრეს მოკვლა დაუპირა. ევაგრე პონტოელი იძულებული გახდა კონსტანტინეპოლი დაეტოვებინა და იერუსალიმში გადასულიყო საცხოვრებლად. არ ვიცით, რა მოხდა იერუსალიმში, მაგრამ იქ ევაგრე მონაზვნად აღიკვეცა და დაიწყო ბერული ცხოვრება. გარდაიცვალა 394 წელს, 48 წლის ასაკში.
ევაგრე პონტოელის ქართულ წარმოშობაზე პირველად ყურადღება გაამახვილა მიხეილ თამარაშვილმა და სათანადო მასალებიც მოიძია. კ. კეკელიძის თქმით, ევაგრეს ქართველობას მისი თანადროული ბერძნული და კოპტური წყაროები ადასტურებენ. პონტოში და კაპადოკიაში კი მოსახლეობის საგრძნობი ნაწილი კი სწორედ ქართველური მოდგმისა იყო.
წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა:
1. შ. ლომსაძე, მიხეილ თამარაშვილი და ქართველი კათოლიკეები, თბ., 1964 წ.
2. კ. კეკელიძე, ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. I, თბ., 1960.
მოამზადა გულნარა მჭედლიძემ