დემეტრე–დემნა, უფლისწული
XII საუკუნის მეორე ნახევარი დემეტრე I-ის შვილიშვილი, გარდ. 1177 წ
საქართველოს მეფის დავით V-ის ძე, მისი ტრაგიკული ბედი მთელი სიმძაფრით წარმოაჩენს დაძაბულ პოლიტიკურ ვნებათაღელვას, რომლითაც, როგორც ჩანს, XII საუკუნის მეორე ნახევრის საქართველო ცხოვრობდა.
დავით აღმაშენებლის მემკვიდრეებს წილად ხვდათ ეცხოვრათ პოლიტიკურად ბევრად უფრო სტაბილურ გარემოში, ვიდრე მათ წინაპრებს. მოსახლეობა დაცულია, ომები აღარ მიმდინარეობს საკუთრივ საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველო ანგარიშგასაწევი ძალაა მთელ კავკასიაში და მახლობელ აღმოსავლეთში. მაგრამ დაძაბულობაა ქვეყნის შიგნით _ ახალ ფახაში შედის სამეფო ხელისუფლებასა და მსხვილ ფეოდალურ არისტოკრატიას შორის დიდი ხნის წინ დაწყებული ბრძოლა, რომელიც, მართალია, დროებით შენელდა დავით აღმაშენებლის დროს, მაგრამ მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო გაძლიერდა. იმდროინდელ მღელვარე საზოგადოებრივ ცხოვრებში ჩაბმულნი არიან სამეფო ოჯახის წევრები, განდიდებული აზანაურები, “ლაშქარნი”, დაბალი მსახურეული ფენა თუ ეკლესია. ერთმანეთს კვეთს სახელმწიფო, კერძო პიროვნული თუ კორპორაციული ინტერესები. რასაკვირველია, ამ რიგის დაპირისპირებანი შეუძლებელია არ გადაზრდილიყო ხელისუფლებისათვის ბრძოლაში.
ასეთ შინაპოლიტიკურ ვითარებაზე მოგვითხრონენ პირველწყაროები: დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი, გიორგი ლაშას მემატიანე, თამარის პირველი და მეორე ისტორიკოები, ჟამთააღმწერელი, იმდროინდელი მეფეთა სიგელები, მცირე ქრონიკები, ქვაზე ნაკვეთი წარწერები, ხელნაწერთა ანდერძ-მინაწერები, სომეხი ავტორები: დავიტ ქობაირელი, მათეოს ურჰაეცი, სამუელ ანეცი, ვარდან დიდი, მხითარ გოში, კირაკოს განძაკეცი, მხითარ აირივანეცი, სტეფანოს ორბელიანი. ამათგან ცნობათა განსაკუთრებულით სიუხვით გამოირჩევა სტეფანოს ორბელიანის ”სისაკანის სახლის ისტორია”.
დემნა უფლისწული იყო აღზრდილი და შემდგომში სიძე დიდი ფეოდალის ივანე ორბელისა. ამ ივანეს მეთაურობით მომზადდა გიორგი III-ის წინააღმდეგ შეთქმულება, რომელიც 1177 წელს დიდ აჯანყებაში გადაიზარდა. ასე აღმოჩნდა დემნა უფლისწული დაპირისპირებული საკუთარ ბიძასთან, გიორგი III-სთან.
ქართული და სომხური წყაროების ავტორები განსხვავებულად გადმოსცემენ ორბელთა აჯანყების ამბავს. განსხვავებულია მათი პოზიციები, შეხედულებები და სიმპათია-ანტიპათიები. მაგ., ”ისტრორიანი და აზმანი შარავანდედთანის” ავტორი, ცენტრალიზმის დაუფარავი მეხოტბე, ყველაფერში დემნა უფლისწულსა და მის მომხრე ორბელებს ადანაშაულებს. უარღესად უარყოფითად არის განწყობილი აჯანყებულთა მიმართ მოვლენათა თანამედროვე დავით ქობაირელი, ვარდან აღმოსავლელი ივანე ორბელს ბოროტს უწოდებს, საერთოდ ორბელთა ამბოხებას - ბოროტებას. სტეფანოს ორბელიანი კი, შთამომავალი საქართველოდან დევნილი ორბელებისა, ამბოხებულთა მხარეზეა და გაუგონარ სისასტიკეში ადანაშაულებს გიორგი მეფეს.
დემნა უფლისწულისა და ორბელთა ამბოხება, როგორც ირკვევა, დიდი ხნის განმავლობაში მზადდებოდა. დემეტრე I-ის მეფობის პერიოდშივე მომხდარა განხეთქილება სამეფო ოჯახში დემეტრესა და მის უფროს ძეს, დავითს შორის.როგორც ჩანს, მიზეზი ამისა იყო ის, რომ დემეტრე აშკარად თავის უმცროს ვაჟს გიორგის სწყალობდა. კონფლიქტში ჩარეულან დიდებულებიც, მათი ნაწილი დავით უფლისწულს ამოუგა მხარში და 1150 წელს მამის წინააღმდეგ აამხედრეს. დემეტრემ სძლია მეამბოხეებს, დასაჯა ისინი, მაგრამ ამით ბრძოლა არ შეწყვეტილა. 1155 წელს მეამბოხეები კვლავ აჯანყდნენ და დავითი გაამეფეს. დემეტრე იძულებული გახდა ბერად აღკვეცილიყო.
დავით VI-ის მეფობა უდღეური გამოდგა. იგი ექვსი თვის სემდეგ გარდაიცვალა. არსებობს ვარაუდიც, რომ იგი მოკლეს.
დავით V-ის შემდეგ სამეფო ტახტს ისევ დემეტრე დაუბრუნდა. მან მეფედ აკურთხა თავისი უმცროსი ვაჟი გიორგი ( გიორგი III 1156-1184 წწ.). მისი გამეფება სახელმწიფო სამართლის უხეშ დარღვევად იქნა აღქმული, ვინაიდან დავითს, ტახტის კანონიერ მემკვიდრეს, დარჩა ვაჟი დემეტრე (დემნა). სტეფანოს ორბელიანის თანახმად, ”აღსრულების ჟამს დავითმა მოიხმო კათალიკოსი და დიდ-დიდნი დიდებულნი, თავისი ძმა გიორგი და თავისი მცირეწლოვანი ყრმა დემნა. მან წინ დაიდო მაცხოვრის ხატი, ცხოველმყოფელი ჯვარი, წმინდა სახარება და თქვა: ” ჰოი, დიდებულნო ქართველნო, თქვენ თავად მხნედ იცით, თუ როგორ იღვაწა მამაჩემმა თქვენთვის, და კვლავ განაახლა ეს სამეფო; და სიკვდილის ჟამს დიდი აღთქმითა და წიგნით მე მიბოძა ეს სამეფო. ხოლო ამჟამად მე მიახლოვებული ვარ აღსასრულს და შენ, ძმაო ჩემო, გიორგი, არც წილი და არც სიტყვა არ გეკუთვნის ამ ტახტისათვის. აწ, როგორც მამაჩემმა მე მიბოძა საკუთრად სამეფო ტახტი, მსგავსადვე მე ჩემ პირმშოს დემნას ვუწყალობებ მას ყველა თქვენთაგანის მოწმეობით, ხოლო შენ, გიორგი, ძმაო ჩემო, დადექ ჩემს ადგილზე და დაეუფლე ქვეყნის ძალთმთავრობას. და იყოს შენი ნაწილი მემკვიდრეობისა, რომელიც მამაჩემმა მოგცა, ვიდრე აღიზრდება ჩემი ყრმა”. შემდეგ მან მოიხმო, ივანე, სმბატ ორბელიანის ვაჟი, დააფიცა ყრმისათვის ანდერძის აღთქმის დაცვა, ყრმას ხელი შეახო, ივანეს ხელში მისცა, შეევედრა მას და დააფიცა დიდებულნი, რომ არ ემზაკვრათ ყრმისათვის. და როცა ასაკს მიაღწევდა, მეფედ ეკურთხათ. ყოველივე ეს რა აღასრულა, თვით აღესრულა და დაეფლა მამათა თვისთა თანა გელათს”.
ამ ცნობის ჭეშმარიტებაში ეჭვი ეპარებოდა ივანე ჯავახიშვილს, რადგან მას შეუძლებლად მიაჩნდა ძმებს შორის დაძაბული ურთიერთობის დროს დავითს თავისი შვილის დემნას მზრუნველობა გიორგისათვის მიენდო. სავარაუდებელია, რომ თავდაპირველად ორბელებსა და გიორგის შორის კეთილგანწყობა არსებობდა, ორბელები გიორგის მხარეზე იყვნენ, მისგან ივანე ორბელმა ამირსპასალარობაც მიიღო. დემნა უფლისწული ივანე ორბელთან იზრდებოდა, არსებობს მოსაზრება, რომ კონფლიქტი გიორგისა და ივანე ორბელს შორის წარმოიშვა ანისის გამო. რადგან ანისი ივანე ორბელის საგამგებლოს _ ლორე-ტაშირს _ ესაზღვრებოდა, ივანე ორბელმა მოინდომა მის მმართველობა. მართლაც, ანისის აღების შემდეგ გიორგი მეფემ მართლაც დანიშნა ქალაქის გამგებლად ივანე ორბელი, მაგრამ ივანე მაჰმადიან მფლობელებს დაუკავშირდა და ქალაქის მათთვის გადაცემას აპირებდა. გიორგიმ დაამარცხა სულთანი, ანისის მოქალაქეებმა ივანე ორბელს ხელი შეუშალეს მაჰმადიანებისათვის ქალაქის გადაცემაში. ამიერიდან მას ჩამოერთვა ანისის გამგებლობა. ივანე ორბელსა და გიორგი მეფეს შორის კიდევ უფრო გამწვავდა ურთიერთობა ივანე ორბელის ოჯახში სიძედ დემნა უფლისწულის შესვლის შემდეგ. ივანეს გარდა გიორგი III-ს ფეოდალთა დიდი ნაწილი დაუპირისპირდა იმის გამოც, რომ იგი შემოერთებულ და დაპყრობილ ქვეყნებში ქართველ დიდებულებს ხელისუფლებას არ აძლევდა. მეფის წინააღმდეგ უკმაყოფილება გროვდებოდა. ამიტომაც 1177-1178 წლის აჯანყება, მართალია, ორბელთა ამბოხით დაიწყო, მაგრამ მას ბევრი დიდებული ემხრობოდა. მათ შორის იყვნენ ”შინათგამცემელნი” და ”განზრახ-გამგებელნი”: ივანე ვარდანის ძე,შოთა ართავაჩოს ძე, მეჯინიბეთუხუცესი ქავთარ ივანეს ძე, ანანია დვინელი, მხარგრძელები, თორელი, გამრეკელი, მემნა ჯაყელი, კაენის პატრონი ჰასანი, ქართლის ერისთავი სუმბატის ძე ლიპარიტი, ჯავახნი, კახნი და სხვ. აჯანყებულებმა 30 000-ზე მეტ მებრძოლს მოუყარეს თავი. ეს ამბოხება, რომელიც მიზნად ისახავდა ივანე ორბელის სიძის, დემნა უფლისწულის გამეფებას, იმავდროულად გიორგი III-ის მკაცრი ცენტრალისტური პოლიტიკის წინააღმდეგ იყო მიმართული.
რითი ამართლებდნენ ამბოხებულები თავიანთ მოქმედებას? სტეფანოს ორბელიანის მიხედვით, დემნა უფლისწულის ყრმობის დროს გიორგი მეფეს უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა მისთვის ტახტის წართმევა. ამ პერიოდში მან მოახერხა დიდებული მთავრებისა და კათალიკოსის მიმხრობა, მაგრამ ვერ გაბედა თავისი განზრახვის გამხელა დიდი სუმბატ ორბელიანისა და მისი ვაჟების - ივანესა და ლიპარიტისათვის. შემდგომში, როცა “გიორგისთან შეიკრიბნენ დიდებულები, მასთან მივიდა ივანეც. მაშინ განუცხადა გიორგიმ მათ თავისი განზრახვა და დააჯერა ისინი, რომ როგორც კი ასაკს მიაღწევს ჩემი ძმისწული, არ გავანაწყენებ მას, არამედ, ჩემი ძმის ანდერძის თანახმად, სამეფო ტახტზე დავსვამო. ასე ყველანი შეთანხმდნენ და დასვეს იგი მეფედ... ჭაბუკობისას დემნა დიდებულებთან ერთად ეახლა ივანეს და შეახსენა მის მიერ დადებული აღთქმა და ფიცი, რომელიც მან მეფე დავითს შეჰფიცა დემნას გამეფებასთან დაკავშირებით. მოლაპარაკების შედეგად გადაწყდა გიორგის განდევნა.
აჯანყების მიმდინარეობა. დავით ქობაირელის გადმოცემით, აჯანყებულებმა თავდაპირველად კაენისა და კაეწონის მხარეთა მმართველები და მეციხოვნეები დაითანხმეს მონაწილეობა მიეღოთ მეფის წინააღმდეგ ბრძოლაში. როცა პირობისამებრ შაქის, ჰერეთისა და კახეთის მხარეების მთავრები აჯანყდნენ, კაენისა და კაეწონის მმართველები თავიანთ ადგილებში გამაგრდნენ და მეფის (გიორგის) მოსაზღვრე მხარეები აიკლეს....” როცა გიორგიმ შეიტყო ამბოხებულთა განზრახვა, შეთქმულები უკვე კოჯორში იმყოფებოდნენ და მეფის შეპყრობას აპირებდნენ, მაგრამ გიორგის მოუსწრია თბილისში ჩასვლა და თავისი ერთგული ქვეშევრდომების შემოკრება. გიორგის მტკიცედ ედგა გვერდში ყივჩაღთა ლაშქრის მეთაური ყუბასარი. მეფემ უსწრაფესად იმოქმედა _ პირველმა შეუტია კოჯორში გამაგრებულებს, დაფანტა მოწინააღმდეგენი, შემდგომ დაიკავა სამშვილდე. პირველმავე წარმატებამ აჯანყებულთა რიგებში მერყეობა გამოიწვია. ივანე ორბელმა შაჰ არმენს და ელდიგუზ ათაბაგს სთხოვა დახმარება, მაგრამ მათ საქართველოს მეფის გადამტერება არ ისურვეს. როგორც დავით ქობაირელი იუწყება, ივანე ორბელი სამეფოს გაყოფასაც კი მოითხოვდა დემნასა და გიორგის შორის. მეფის ჯარმა თანდათან შეავიწროვა მეამბოხეები.
ივანემ მთელი სახლეულით თავი შეაფარა მიუდგომელ ლორეს ციხეს. მისმა ძმამ ლიპარიტმა დემნა უფლისწული მისი ხალხითურთ კაენის ციხეში გაამაგრა. მეამბოხეების რიგებში მერყეობა დაიწყო. ნაწილი დიდებულებისა _ გამრეკელი, გრიგოლ ანელი და მხარგრძელები გიორგის მხარეზე გადავიდნენ. სხვებმა ურჩიეს ივანეს,
ივანეს მხარდამჭერმა დიდებულებმა ფარულად წერილი მისწერეს მას, ირჩევდნენ დამორჩილებოდა გიორგის და გადაეცა მისთვის დემნა. ივანე ორბელმა უარყო მათი მოთხოვნა.
საბოლოოდ დემნა უფლისწული საბლით ჩამოეშვა ციხიდან და თავისი ფეხით გამოცხადდა ბიძასთან. შეწყალების თხოვნით ეახლა მას ივანე ორბელიც. მეფემ თავდაპირველად შეიწყალა ისინი, მაგრამ როცა ყველა ხელთ იგდო, დაარღვია ფიცი და სატიკად დასაჯა დამნაშავენი. დემნა უფლისწულს თვალები დათხარეს და დაასაჭურისეს, რის შედეგაც იგი მალე გარდაიცვალა. ასევე თვალები დასთხარა მეფემ ივანე ორბელს, მისი ძმა და შვილი კი სიკვდილით დასაჯეს. დამნაშავეთა დიდი ნაწილი შეაჩვენეს, მათ მამულები და თანამდებობანი ჩამოართცეს. მათი მამულები და თანამდებობები მეფემ თავის ერთგულ თნამებრძოლებს გადასცა. ამ დროს მიიღო ყუბასარმა ამირსპასალარობა, აზნაურის ნაყმევმა აფრიდონმა - ერისთავთ-ერისთავობა და მსახურთუხუცესობა.
დემნა უფლისწულის ამბოხების დამარცხების ძირითადი შედეგი სწორედ მეფის ”უგვარო” მსახურთა დაწინაურება იყო.
წყაროები და samecniero ლიტერატურა:
1. ცხოვრება დემეტრე მეფისა. ქართლის ცხოვრება. ს. ყაუხჩიშვილის გამოცემა. ტ.I, 1955
2. ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი. ქართლის ცხოვრება. ს. ყაუხჩიშვილის გამოც. ტ.II. თბ. 1959.
3. სტეფანოს ორბელიანი. სისაკანის სახლის ისტორია. თბ. 1910 (სომხურ ენაზე).
4. კირაკოს განძაკეცი. სომხეთის ისტორია . ერევანი. 1961 (სომხურ ენაზე).
5. ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა ქრონოლოგიურად დაწყობილი და გამოცემული თ. ჟორდანიას მიერ. წიგნი II. ტფილისი. 1897.
6. სტეფანოს ორბელიანის ”ცხოვრება ორბელიანთა”-ს ძველი ქართული თარგმანები. ქართულ-სომხური ტექსტები გამოსაცემად მოამზადა, შესავალი და საძიებლები დაურთო ე. ცაგარეიშვილმა. თბ. 1958.
7. ვარდან აღმოსავლელი. მსოფლიო ისტორია. ნ. შოშიაშვილისა და ეკ. კვაჭანტირაძის გამოცემა. თბ. 2002.
8. ი. ჯავახიშვილი. ქართველი ერის ისტორია. წგ. 2. თბ. 1965.
9. საქართველოს ისტორიის ნარკვევები. ტ. III. თბ. 1979.
10. ივ. ჯავახიშვილი. საქართველოს ეკონომიური ისტორია. I. თბ. 1908.
11. ლ. მელიქსეთ-ბეგი. სტეფანე სივნიელის ”ორბელთა ისტორიის” ქართული ვერსია. ”საისტორიო მოამბე”. ტ.6. თბ. 1952.
12. m. lorTqifaniZe, saqarTvelos sagareo da Sinapolitikuri viTareba XII s. meore meoTxedidan 80-iani wlebis dasawyisamde / saqarTvelos istoriis narkvevebi, Tbilisi, 1979. რ. მეტრეველი. შინაკლასობრივი ბრძოლა ფეოდალურ საქართველოში (XII ს.) თბ. 1973.
13. З. В. Анчабадзе. Из истории средневековой Абхазии, Сух. 1959
moamzada elene cagareiSvilma