დავით იმამყული-ხანი
კახეთის მეფე 1709-1722 წლებში
ძე ერეკლე I-ის (ნაზარალი-ხანის) და დედოფალ ანა ჩოლოყაშვილისა. აღიზარდა ირანში მაჰმადიანურ წესზე. ცოლად ჰყავდა შამხლის ასული, ისიც ირანში აღზრდილი. ვახუშტი მას ახასიათებს მიქცეულად “წესსა ზედა მაჰმადისასა, რამეთუ არარაი სწამდა ქრისტიანეთა, უმეცარი ზნეთა და სამხედროთა წესთა საქართველოისათა.” 1703 წელს შაჰმა კახეთის მმართველობა ჩააბარა დავით-იმამყული-ხანს და ამით კახეთში აღადგინა ადგილობრივი დინასტიის მმართველობა.
სამშობლოსაგან შორს გაზრდილს დიდი მონდომება გამოუჩენია “ქართულ ზნეთა” შესწავლაში _ შემოუღობია სავარჯიშო მოედანი და უცხო თვალისაგან ფარულად სამხედრო წრთვნას გადიოდა. ამასთანავე დავითი სულ ცდილობდა კახელ დიდებულებთან დაახლოებას, მათთან ერთად ნადიმობდა, თუმცა ღვინოს არ ეკარებოდა. კახელების რჩევით მოვლო თავისი საბრძანებელი _ ჩავიდა ერწო-თიანეთში და აქედან მცხეთას. აქ იგი პირველად შეხვდა ვახტანგს (შემდგომში ვახტანგ VI), ქართლის გამგებელს. შეხვედრა ორივე მხარისათვის ყოფილა სასარგებლო _ გამგებლებმა გაიცვნეს ერთმანეთი და თანხმობის და თანამშრომლობის პირობა დადეს.
დავით (იმამყული-ხანი) კახეთის პირველი მმართველი იყო, რომელიც დაუმორჩილებელი ლეკური დასახლებების სახით ახალ რეალობას შეეჯახა. ამ დროს კაკ-ენისელის ახლადაღმოცენებული ლეკური სოფლები ქართველი მეფის ძალაუფლებას საერთოდ არ სცნობდნენ. ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან დამორჩილების ყოველ მცდელობა იმით სრულდებოდა, რომ ჭარელი ლეკები დამხმარედ იწვევდნენ მთის დაღესტნიდან ყაჩაღურ რაზმებს და მთელ კახეთს ქურდობა-ყაჩაღობით იკლებდნენ.
დავით-იმამყულის პირველი ღონისძიებანი შეეხებოდა იმ დროისათვის უკიდურესად გამწვავებულ ჭარის საკითხს. კახეთის წინაშე ლეკების საკითხი დიდი ხნის წინ დადგა.
მთიანი დაღესტნიდან ლეკების ჩამოწოლა ჯერ კიდევ XVI საუკუნეში ყოფილა კახეთის მეფეების შეშფოთების საგანი, მაგრამ იმ დროს ჩამოსახლებული ლეკები კახეთის მეფის ყმობას აღიარებდნენ და სახელმწიფო წესრიგს ემორჩილებოდნენ. XVII საუკუნის 20-იან წლებში, შაჰ აბასის, ამ “ყველაზე თანმიმდევრული ყიზილბაშის” (ნ.ბერძენიშვილი) შემოსევათა შემდეგ კახეთის მოსახლეობა კატასტროფულად შემცირდა. დაცლილ ადგილებზე ირანის ხელისუფლებამ მიზანმიმართულად დაიწყო, ერთი მხრივ, თურქმან-ყიზილბაშ მომთაბარეთა ჩასახლება, მეორე მხრივ, ხელი შეუწყო დაღესტნელი ტომების ახალ-ახალი ნაკადების ჩამოსახლებას. XVII საუკუნის 70-იან წლებამდე ქართლ-კახეთის და კახეთის მეფეები (თეიმურაზი, როსტომი, არჩილი) ასე თუ ისე ახერხებდნენ ამ ტომების მორჩილებაში ყოლას, მაგრამ XVII საუკუნის ჯერ შუა ხანებში (1656-1663) და ბოლო მეოთხედში, როცა კახეთს ირანელი ხანები მართავდნენ, ეს პროცესები უკონტროლოდ მიმდინარეობდა (სწორედ ამ მცდელობებს მოჰყვა 1657 წლის კახეთის ცნობილი აჯანყება). ამ პერიოდში კახეთის აღმოსავლეთ ნაწილში მეტისმეტად გაძლიერდა დაღესტნური ტალღა. ისინი მკვიდრად ჩასხდნენ კაკ-ენისელის ზეგანის ქართულ სოფლებში. ხანების ხელისუფლება მათ სეგნებულად ახალისებდა და საშინლად ავიწროებდა ადგილობრივ ქართველობას.
ამ პროცესს ქართული მოსახლეობისათვის ახლდა კიდევ ერთი საფრთხე. ახალმოსულებმა თან მოიტანეს ე.წ. მთური დემოკრატია, რაც კახელ გლეხებს თავისუფლების ილუზიას უქმნიდა და მათ მხარეზე გადადიოდნენ. თანდათანობით ლეკების “უბატონო” თემებს საკუთარ ბელადთა და უხუცესთა წრიდან ახალი ”ბატონები” მოევლინენ, რომლებმაც “ბარული” ბატონყმობის ელემენტები შეითვისეს. ამასთან ერთად, კახელებს ისლამის მიღებას სთხოვდნენ. ამდენად, კონფლიქტი მომხდურთა და დამხდურთა შორის გარდუვალი იყო. მათი შეუთავსებლობის კიდევ ერთი ღრმა მიზეზი იდო განსხვავებაში კახელების კულტურულ მეურნეობასა და მთიელი ტომების ცხოვრების წესს შორის, რომლისთვისაც “უცხოთა” (ამ შემთხვევაში მკვიდრი მოსახლეობის) ძარცვა-გაჩანაგება თავისებურ ეკონომიკურ საქმიანობას წარმოადგენდა. “ლეკური ომი და კულტურული მეურნეობა ერთმანეთთან შეუთავსებელი იყო” (ნ. ბერძენიშვილი).
დავით-იმამყულის ჩამოსვლისთანავე უცდია “ჭარის დამშვიდება”, მაგრამ ლეკების ამგვარი “დამშვიდებები” ყოველთვის დროებითი მოვლენა იყო. ლეკები ადვილად არღვევდნენ პირობას და ყოველ ხელსაყრელ შემთხვევაში გამანადგურებელ თავდასხმებს აწყობდნენ კახეთის სოფლებზე.
1706 წელს დავითი ქიზიყიდან “გაღმა მხარს” გადავიდა და ქართულ სოფელ ვარდიანში გამაგრდა. (ახლანდელი გიულ-ლიუკი ზაქათალასთან). აქედან შეუტია დავითმა ლეკურ სოფლებს ენისელის ზეგანზე. აქ მან აიღო ჩარდახი და თალა, წაიწია ჭარისაკენ, მაგრამ ტაქტიკური შეცდომების გამო ფაქტობრივად მოგებული ბრძოლა კახელებმა წააგეს. დავითი ყარაღაჯში დაბრუნდა, ხოლო გამარჯვებული ლეკები გაღმა მხარის დაბლობის დაპყრობასაც შეუდგნენ. მიუხედავად დავითის ენერგიული მცდელობებისა, ლეკებმა მეტი ტერიტორია მიიტაცეს. ამის გამო დავითმა რეზიდენცია ქიზიყიდან (ყარაღაჯი) თელავსა და მანავს გადმოიტანა.
1711 წელს დავით იმამყული ისპაჰანში დაიბარეს კახეთის ტახტის დასამტკიცებლად. იმამყულიმ კახეთის გამგებლად თავისი უმცროსი ძმა, თეიმურაზი (შემდგომში თეიმურაზ II) დატოვა. შაჰმა, როგორც ირანის მბრძანებლებს ჩვეოდათ, ახლადდამტკიცებული მმართველი დიდი ხნით დატოვა თავის კარზე. კახეთში მხოლოდ 1715 წელს დაბრუნდა.
ამასობაში დაღესტანში ირანის წინააღმდეგ ჰაჯი-დაუდის და სურხაი-ხანის მეთაურობით დიდი აჯანყება დაიწყო. აჯანყებულებს ოსმალეთიდან ჰქონდათ ზურგი გამაგრბული. 1712 წელს მათ შირვანი დაარბიეს. აიღეს და გაძარცვეს შემახა. მალე ლეკთა მარბიელი რაზმები მთელ აღმოსავლეთ კავკასიას მოედვნენ: შირვანი, შაქი, ყარაბაღი, არეზის ნაპირები არდაველამდე, კახეთი და ქართლი, დაღესტნელი რაზმების სათარეშოდ იქცა.
დაღესტნელთა ორგანიზებულ თარეშს ჩრდილოეთ ირანსა და კავკასიის ქვეყნებში ოსმალეთის ხელისუფლება საბრძოლო იდეოლოგიით აქეზებდა _ მათ უნდა გაენადგურებინათ “ურწმუნოები” (ქრისტიანები და შიას მიმდევარი მუსლიმები).
ასეთ პირობებში თვით ირანის ხელისუფლება იყო დაინტერესებული ლეკთა ალაგმვით, მაგრამ იმხანად დასუსტებულ ირანს საამისო ძალები არ ჰყოფნიდა. იგი იძულებული იყო თავისი ყმადნაფიცი სახანოებისათვის გადაელოცა ეს ბრძოლა, მაგრამ მათი შესაძლო გამარჯვებაც აშინებდა, რადგან ირანისაგან დაპყრობილი ხალხებს _ ყველას თავისუფლება ეწადა.
1715 წელს კახეთში დაბრუნდა დავით იმამყულიხანი. იმავე წელს, შაჰის კარნახით, თავისი და ელენე მიათხოვა ვახტანგ VI-ის გამაჰმადიანებულ ძმას იესეს. ლეკთა გამანადგურებელი თავდასხმები კახეთის სოფლებზე გრძელდებოდა. ამჯერად ლეკთა წინააღმდგ ბრძოლა დავით იმამყულიმ იესეს დახმარებით სცადა. იესემ ქართლიდან ლუარსაბ სპასპეტი მიაშველა ცოლისძმას ჯარით. ლეკებმა ამჯერადაც გაიმარჯვეს. იესემ მეორედაც გააგზავნა კახეთს ზემო ქართლის ლაშქარი ავთანდილ ამილახორის სარდლობით. მაგრამ დავით იმამყულიმ ვერ გაბედა ომის დაწყება და სამი თვის უქმად დგომის შემდეგ ამილახორი უკან დაბრუნდა.
ქართლისა და კახეთის მოლაპარაკება ლეკების წინააღმდეგ მოქმედებისათვის განახლდა 1719 წელს, უკვე ვახტანგ VI-ის ქართლში დაბრუნების შემდეგ. ამ წლის ბოლოს საფურცლეში შეხვდნენ ერთმანეთს ვახტანგ VI და დავით იმამყული. მათ ლეკების წინააღმდეგ ერთობლივი გეგმა შეიმუშავეს. 1720 წელს დაიწყო ამ გეგმის განხორციელება _ ვახტანგმა გაგზავნა კახეთში საბარათიანოს ლაშქარი. ეს ჯარის სამი თვის განმავლობაში უქმად იდგა და შემდეგ უკან დაბრუნდა, რადგან დავითმა ისევ ვერ გაბედა ჭარზე გალაშქრება, იმდენად ძლიერად მიიჩნევდა ლეკების სამხედრო ძალას.
ამავე ხანებში შაჰმა ლეკების წინააღმდეგ შირვანის ხანი გაგზავნა, ლეკებმა კვლავ გაიმარჯვეს. ვახტანგისა და იმამყული-ხანის ერთობლივი სამხედრო მოქმედება აღარ განმეორებულა. იმამყული ხანმა ვერ გადაჭრა კახეთისათვის ერთობ მტკივნეული საკითხი, მაგრამ შექმნილ ვითარებაში მისი მეფობა მაინც წიგადადგმული ნაბიჯი იყო. ირანელი ხანების ხანგრძლივი მმართველობის შემდეგ იმამყული ხანმა კახეთში ქართული სამოხელეო ინსტიტუტები აღადგინა. იგი გარდაიცვალა 1722 წელს.
წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა:
1. სეხნია ჩხეიძე, საქართველოს ცხოვრება, თფილისი, 1913.
2. ვახუშტი ბაგრატიონი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, /ქართლის ცხოვრება თბილისი, 1973, ტ. IV, 131.
3. აღმოსავლეთ საქართველო XVIII საუკუნის პირველ ნახევარში /საქართველოს ისტორიის ნარკვევეი, IV, 1973.
4. ნ. ბერძენიშვილი, ირან-ოსმალეთის ომი და საქართველო XVIII საუკუნის პირველ ნახევარში / საქართველოს ისტორიის საკითხები, წ. VI, 1973.
5. ნ. ბერძებიშვილი, აღმოსავლეთ კახეთის ისტორიიდან, მიმომხილველი, 1953.
მოამზადა ანა ბაქრაძემ