მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

 

დავით გარეჯელი

VI საუკუნის საეკლესიო მოღვაწე

სირიელი მამა, საქართველოს ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღეები - პირველი ხუთშაბათი შემდგომად ამაღლებისა; 7 მაისი სხვა ასურელ მამებთან ერთად.

 

   ერთ-ერთი ასურელი მამა, რომელიც, ტრადიციის თანახმად იოანე ზედაზნელთან ერთად მოვიდა ქართლში (მის სახელს იოანე ზედაზნელთან ერთად სირიიდან მოსულ ბერთა შორის მოიხსენიებს ასურელ მამათა უკლებლივ ყველა ჩამონათვალი). თუმცა არსებობს განსხვავებული მოსაზრებაც ამ საკითხის შესახებ. ისტორიოგრაფიაში გამოითქვა ვარაუდი დავით გარეჯელის სხვა ასურელ მამათაგან დამოუკიდებლად ქართლში მოსვლის თაობაზე; ამ მოსაზრების თანახმად ის სხვა ასურელ მამებზე უფრო ადრე უნდა მოსულიყო (. კეკელიძე, ივ. ჯავახიშვილი, . თარხნიშვილი, . მელიქსეთ-ბეგი).

დავით გარეჯელის მოღვაწეობისა და ქართლში მოსვლის სხვადსხვაგვარი დათარიღების ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს დავით გარეჯელისცხოვრებისეული ცნობა იერუსალიმში მისი მოგზაურობისას იქ ელიას პატრიარქობის შესახებ. თუმცა, მკვლევართა ნაწილს ეჭვი შექვს ამ ცნობის სისწორეში. (ამ საკითხთან დაკავშირებით იხ. . კეკელიძე, . ბროსე, გოილაძე, . მერკვილაძე, . მენაბდე, გრ. ფერაძე, ივ. ჯავახიშვილი. ასურელ მამათა ქართლში მოსვლის დათარიღებისათვის იხ ასევე იოანე ზედაზნელი).

. მელიქსეთ-ბეგმა გამოთქვა ჰიპოთეზა დავით გარეჯელისა და სომეხთა ფილოსოფოსის დავით უძლეველის (ანჰაღთის) იგივეობის შესახებ, რაც თავის მხრივ, დავითის ქართლში მოსვლის განსხვავებული დათარიღების საფუძველი გახდა. ამ ვარაუდის თანახმად სირიიდან წამოსული დავით გარეჯელი ქართლში მოსვლამდე ერთხანს სომხეთში იმყოფებოდა, იქიდან კი შემოსულა ქართლში. აღნიშნულმა მოსაზრებამ მეცნიერებაში აღიარება ვერ ჰპოვა.

დავითის ბიოგრაფიისათვის ძირითად წყაროებს წარმოადგენს მისი ცხოვრების 4 განსხვავებული რედაქცია.

ორი ძველი რედაქცია კიმენური და მეტაფრასული (დაწერილია ონოფრეს შეკვეთით, რომელიც, სავარაუდოდ, გარეჯის წინამძღვარი იყო). ამ რედაციათა ავტორის, შექმნის თარიღისა და ურთიერთმიმართების შესახებ განსხვავებული მოსაზრებები არსებობს. კიმენურ რედაქციას სხვადასხვა მკვლევარები ათარიღებენ VII -ის დასასრულით (. კაკაბაძე), X -ის I ნახევრით (. კეკელიძე),  X -ის II ნახევრით (. გაბიძაშვილი; მკვლევარი ამ რედაქციას მიიჩნევს არსენ კათალიკოსის მიერ დაწერილ არქეტიპად, რომელიც უნდა წარმოადგენდეს ერთიანი თხზულების იოანე ზედაზნელისა და მისი მოწაფეების ცხოვრების ნაწილს. აღნიშნული მოსაზრება დღესდღეობით გაზიარებულია მკვლევართა უმრავლესობის მიერ).

მეტაფრასულ რედაქციას მკვლევართა უმრავლესობა კიმენური რედაქციის საფუძველზე XII -ში შექმნილად მიიჩნევს (. კეკელიძე -მკვლევარი ამ ტექსტს პეტრიწონულ სალიტერატურო სკოლაში შექმნილად მიიჩნევდა, თუმცა ეს მოსაზრება შემდგომში უარყოფილ იქნა; ილ. აბულაძე; . გაბიძაშვილი და სხვები). ივ. ჯავახიშვილი ამ რედაქციის შექმნის თარიღად XVIII საუკუნეს ვარაუდობს, ხოლო . კაკაბაძე – X -ის დასაწყისს (თუმცა ამ ორმა მოსაზრებამ სამეცნიერო ლიტერატურაში გამოხმაურება ვერ ჰპოვა).

გადა ამისა არსებობს 1737-1740 წწ-ში `ცხოვრების მეტაფრასული რედაქციის საფუძველზე რომანოზ მიტროპოლიტის მიერ შექმნილი ახალი მეტაფრასული ცხოვრება, და გვიანდელი სვინაქსარული ცხოვრება (მოღწეულია ერთადერთი XVIII -ის ხელნაწერით, შედგენილი უნდა იყოს ადრეული მეტაფრასული ცხოვრების საფუძველზე).

   ცალკეული ცნობები დავით გარეჯელის შესახებ დაცულია აგრეთვე იოანე ზედაზნელის და შიო მღვიმელის ცხოვრებებშიც.

ხსენებულ წყაროთა მიხედვით დავითის ცხოვრება შემდეგნაირად წარმოგვიდგება:

წარმოშობით დავითი იყო ასურეთიდან, მაგრამ მისი დაბადების ადგილის და მშობელთა შესახებ არაფერია ცნობილი. მისი სულიერი მამა იყო იოანე ზედაზნელი, რომელთან ერთადაც ის მოღვაწეობდა ასურეთში, ხოლო შემდეგ იოანესთანვე ერთად მოვიდა ქართლში. (ერთი წყაროს თანახმად ქართლში მოსული დავითი იოანესთან და სხვა ასურელ მამებთან ერთად დადიოდა სოფლიდან სოფელში და ქადაგებდა სახარებას, განუმტკიცებდა ადამიანებს რწმენას, აღასრულებდა სასწაულებს და სნეულებს კურნავდა). როდესაც იოანე ზედაზნის მთაზე დაემკვიდრა და თავისი მოწაფეები სხვადასხვა მხარეს დააგზავნა სამოღვაწეოდ და სახარების საქადაგოდ, დავითი წამოვიდა გარეჯის უდაბნოში (კახეთში), რომელიც არის უწყლო, უნაყოფო და მზისაგან დაგამწვარი, და თან წაიყვანა მხოლოდ ერთი მოწაფე ლუკიანე. უდაბნოში მათ იპოვეს ერთი გამოქვაბული და იქ დამკვიდრდენ, კლდის ნაპრალებში დაგროვილ წვიმის წყალს სვამდენ და კლდის ნახეთქიდან ამოზრდილი მწვანილით იკვებებოდნენ. ხოლო როდესაც დაზამთრდა, ბალახი გახმა და წმ. მამებს საკვები აღარ ჰქონდათ. შეწუხდა ლუკიანე, ხოლო დავითი ამშვიდებდა მას და არწმუნებდა, რომ ღმერთი იზრუნებს მათზე. ამ სიტყვებისას ღმერთმა მათ სამი ფურ-ირემი მოუვლინა და თითოეულს თავისი ნუკრი მოსდევდა. ლუკიანემ მოწველა ირმები, ხოლო დავითმა ჯვარი გარდასახა და იქმნა რძე ყველად (ხაჭოდ). ამის შემდეგ ირმები ყოველდღე მოდიოდნენ, გარდა ოთხშაბათ-პარასკევისა (მარხვის დღეებისა) და ასაზრდოებდნენ წმინდა მამებს.

ერთხელ მოვიდნენ გარეჯში მონადირეები კახეთიდან, რადგანაც უდაბნოში მრავლად იყო სხვადასხვაგვარი ნადირი. მათ შენიშნეს წმ. მამების გამოქვაბულისაკენ ჩვეულებისამებრ მიმავალი ირმები და შეუდგენ მათ კვალს. გამოქვაბულთან მისულმა მონადირეებმა დაინახეს, როგორ წველიდა ლუკიანე მშვიდად მდგომ ირმებს და იქვე მჯდომი დავითი. ამ საოცრების ხილვისას მათ მიირბინეს ბერებთან, ჩაუვარდნენ ფეხებში და სთხოვეს მათთან დარჩენის უფლება. მაგრამ დავითმა ისინი უკან გააბრუნა. თავიანთ სახლებში დაბრუნებულმა მონადირეებმა ყველას უამბეს, რაც ნახეს. ამის შემდეგ  აუმრავი ადამიანი გამოემართა გარეჯის უდაბნოსაკენ. დავითი ცდილობდა მათ შეჩერებას და უამბობდა უდაბნოში ყოფნის სირთულეების შესახებ, მაგრამ ვერ დაარწმუნა ისინი. მაშინ უბრძანა დავითმა მათ წერაქვების და ნიჩბების მოტანა და კლდეში სენაკების და წვიმის წყლის აუზის გამოკვეთა. მოსულები ასეც მოქიცნენ და დამკვიდრდენ იქ. და გამრავლდა მონასტრის კრებული. ზოგი განმარტოებით დაეყუდა, ზოგნიც კრებულად. ხოლო დავითი მოინახულებდა ხოლმე მათ, ამხნევებდა და მოძღვრავდა. და მოვიდა დავითთან ბერი დოდოც, რომელმაც მისი ბრძანებით გამოკვეთა კლდეში ღმრთისმშობლის სახელობის ეკლესია და სენაკები.

დავითის მიერ სასწაულებრივად განკურნებულ წარმართმა ბუბაქარმა, რომელიც მოინათლა დოდო გარეჯელის მიერ, აგრეთვე გამოკვეთა ეკლესია (ეს ეკლესია შემდგონში განავრცო წმ. ილარიონ ქართველმა და ამავე ეკლესიაში შექმნა ლუსკუმა, სადაც დაასვენეს დავითის წმინდა ნაწილები. იქვეა დაკრძალული ლუკიანეც).

გარეჯის უდაბნოში ყოფნისას დავითმა მოისურვა იერუსალიმში წასვლა მოსალოცად და თავის ნაცვლად მონასტერში წინამძღვრად დაადგინა ლუკიანე, თვითონ კი რამდენიმე ბერთან ერთად გზას გაუდგა. როდესაც ქალაქს მიუახლოვდა და ავიდა მთაზე (მადლობის ქედზე), საიდანაც ჩანს მთელი იერუსალიმი, დავარდა მიწაზე, ცრემლებით ილოცა, ხოლო ქალაქში შესვლა ვერ გაბედა, რადგანაც თავი უღირსად ჩათვალა იმ მიწაზე ევლო, რომელზეც მაცხოვარი დადიოდა. დავითმა აიღო სამი ქვა ევლოგიად და გამოემართა უკან, გარეჯისაკენ. ხოლო მისი თანმხლები ბერები შევიდნენ ქალაქში და თაყვანი სცეს უფლის საფლავს. იმ ღამეს ღმერთმა ანგელოზი მოუვლინა იერუსალიმის პატრიარქ ელიას (ერთი წყაროს თანახმად პატრიარქ მაკარის), ამცნო დავითის ამბავი და უბრძანა მალემსრბოლის დადევნება, რათა დავითისათვის ორი ქვა გამოერთვა და მხოლოდ ერთი გაეტანებინა, რომ ქალაქიდან სრულად არ გასულიყო მადლი (“სარწმუნოებითა მისითა წარიღო სრულიად მადლი იერუსალიმისაÁ”). მართლაც დაადევნა პატრიარქმა დავითს მალემსრბოლები, რომლებიც პატრიარქის დავალებით შეეცადნენ დავითის დაბრუნებას, მაგრამ დავითმა არ ისურვა მიბრუნება. მაშინ გამოართვეს მას ორი ქვა და ერთი გაატანეს.

ამ ეპიზოდის ინტერპრეტაცია სამეცნიერო ლიტერატურაში აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. ზოგიერთი მკვლევარი იერუსალიმში დავითის არ შესვლის მიზეზს დავითის აღმსარებლობაში ხედავს, რომელიც განსხვავებული უნდა ყოფილიყო იმხანად იერუსალიმში გაბატონებული მრწამსისაგან (იხ. . კეკელიძე, გრ. ფერაძე, ივ. ჯავახიშვილი, . გოილაძე). თუმცა ამ მკვლევართა მოსაზრებები სხვაობს იმის თაობაზე, თუ კონკრეტულად როგორი იყო დავითის მრწამსი (მონოფიზიტური თუ დიოფიზიტური; შესაბამისად, ერთი თვალსაზრისის თანახმად დავითი ვერ შევიდა ქალაქში იმის გამო, რომ იქ მონოფიზიტობა იდევნებოდა, ხოლო მეოე მოსაზრებით _ პირიქით, რადგან იმ ხანებში იერუსალიმში დროებით გამარჯვებულად მონოფიზიტები გვევლინებიან).

გარეჯში დაბრუნებულმა დავითმა იერუსალიმიდან მოტანილი ქვა მონასტერში დადო და ამ ქვამ მრავალი კურნება და სასწაული აღასრულა.

სულ უფრო მრავლდებოდა გარეჯში დაყუდებულ ბერთა რიცხვი. დავითი მოინახულებდა ხოლმე მათ დროდადრო და სულიერად განაძლიერებდა.

დროის გასვლის შემდეგ იგრძნო დავითმა სიკვდილის მოახლოება, დაუძახა მთელ კრებულს, დამოძღვრა და აკურთხა ისინი, მიიღო წმინდა ზიარება და განუტევა სული. იგი დაკრძალეს ქვემოთა მცირე ელსიაში, სადაც იყო მისი სენაკი.

სასწაულები:

დავით გარეჯელის შესახებ მოღწეულ წყაროებში აღწერილია მის მიერ ქართლში ჩადენილი შემდეგი სასწაულები:

1. დავითის და ლუკიანეს სადგომის ქვევით, გამოქვაბულში ცხოვრობდა დიდი და საშინელი გველეშაპი. ერთ დღეს, როდესაც წმ. მამებთან მათი მასაზრდოებელი ირმები მოდიოდნენ, მათ ჩვეულებრივზე ახლოს ჩაიარეს გველეშაპის გამოქვაბულთან და გველეშაპმა მათ ერთი ნუკრი მოსტაცა. შეშინებული ირმები მიცვივდენ წმ. მამებთან და მათ ერთი ნუკრი აკლდათ. მაშინ აიღო დავითმა კვერთხი, რომელზეც ჯვარი იყო გამოსახული და მიჰყვა ირმების ნაკვალევს, რომელმაც გველეშაპთან მიიყვანა. დავითი განურისხდა გველეშაპს და იქიდან წასვლა უბრძანა. ურჩხული დაემორჩილა დავითის ბრძანებას, მაგრამ სთხოვა წმ. ბერს თვალი არ მოეშორებინა მისთვის, სანამ მდინარეში არ ჩავიდოდა, რადგანაც გამოქვაბულიდან გამოსვლისა ეშინოდა, რომ ღვთის რისხვა არ სწეოდა და არ დაეწვა. დავითმა აღუთქვა და გველეშაპიც გაემართა მტკვრისაკენ, ხოლო დავითი მიჰყვებოდა მას ფსალმუნთა გალობით, მთის წვერზე ავიდა და შეპირებისამებრ თვალს არ აშორებდა. ამ დროს ანგელოზმა დაუძახა დავითს და მიახედა. როგორც კი დავითმა თვალი მოსწყვიტა გველეშაპს, მაშინათვე ციდან დაეცა მეხი და დაწვა ურჩხული. მას შემდეგ იმ ადგილას ბალახი აღარ იზრდება. დავითი შეწუხდა გველეშაპისათვის მიცემული სიტყვის გატეხვის გამო, ხოლო ანგელოზმა იგი ანუგეშა და აუხსნა _ გველეშაპი რომ მიდნარეში უვნბელად ჩასულიყო, ზღვამდე მიაღწევდა და მრავალ გემს დაღუპავდაო. დავითმა კი გველეშაპის დანახვისას შიშისაგან გულწასული ლუკიანე ანუგეშა და გაამხნევა.

2. ერთხელ დავითმა მოინახულა გარეჯის უდაბნოში დაყუდებული ერთ-ერთი ბერი. ბერმა შესჩივლა, რომ კლდიან ჩამონაჟური წყალი, რომელსაც ის სვამს, ძალიან მწარეა, ამ წყლით მორწყული მწვანილიც, რომელიც იქვე იზრდება და რომელსაც ის საკვებად იყენებს, მწარეა და მავნებელიო. დავითმა აკურთხა წყალი, ჯვარი გამოსახა და წყალი დატკბა.

3. ერთ დღეს დავითი, ჩვეულებისამებრ, განმარტოებით ლოცულობდა კლდის ძირას. ამ დროს ერთი ბარბაროზი, სახელად ბუბაქარ (ერთ-ერთი წყაროს თანახმად ის იყო რუსთავიდან) ნადირობდა უდაბნოში და მიეშვა კაკაბზე ქორი და თავადაც ცხენით მოსდევდა, ხოლო კაკაბმა თავი შეაფარა დავითის ფერხთით. და როდესაც მიუახლოვდა ბუბაქარი დავითს და დაინახა კაკაბი მლოცველი ბერის ფეხებთან და იქვე მჯდომარე ქორი, გაოცებულმა ჰკითხა ვინაობა. ხოლო დავითმა სომხურად უპასუხა მას (დავითის სომხურად მიმართვის ფაქტს ბუბაქარიადმი სამეცნიერო ლიტერატურაში სხვადასხვაგვარად ხსნიან), სთხოვა კაკაბის გაშვება და სხვაგან წასვლა სანადიროდ. ამპარტავანი ბარბაროზი განრისხდა და დააპირა დავითის მოკვლა. როდესაც მახვილი იშიშვლა, მარჯვენა ხელი ჰაერში გაუშეშდა. მაშინ გადმოვიდა ცხენიდან შეშინებული ბარბაროზი, ჩაუვარდა დავითს ფეხებში, სთხოვდა პატიებას და აღუთქვავდა ქრისტეს აღსარებას. დავითს შეებრალა იგი, ილოცა, გადასწერა ჯვარი და განუკურნა ხელი. ამ სასწაულის მხილველი ბარბაროზი ევედრებოდა დავითს, რომ მისი ხეიბარი ვაჟიც განეკურნა. დავითმა უბრძანა სახლში წასვლა და უთხრა, რომ მისი ძე განიკურნება ღვთის ნებით. წავიდა ბუბაქარი სახლში და გამოეგება მას განკურნებული ვაჟი თავისი ფეხით. მეორე დღეს ბუბაქარმა წამოიყვანა თავისი ოჯახი და მოვიდა დავითთან უდაბნოში. დაეძებდა კლდეებში და ბოლოს იპოვა ერთ გამოქვაბულში სხვა ბერებთან ერთად. ჩაუვარდა ფხებში, სთხოვა კურთხევა და ნათლისღება. დავითმა აკურთხა იგი და გააგზავნა დოდოსთან, რომელმაც ნათელ-სცა მას და მის ოჯახს. ამის შემდეგ დაბრუნდა ბუბაქარი დავითთან, მოიყვანა თან კლდის მკვეთელნი და გამოკვეთა ეკლესია. და ამის შემდეგ ყოველ წელს მოართმევდა ხოლმე ბერებს სანოვაგეს.

4. სიკვდილის შემდგომაც აღასრულა დავითმა სასწაული. მისი გარდაცვალების შემდეგ ერთი ბრმა ბერი ემაბორა მის წმ. გვამს და მაშინვე თვალი აეხილა.

 

 

     wyaroebi da samecniero literatura:

1.        saqarTvelos samoTxe, gamocemuli gobron pavles Ze sabininis mier, peterburRi, 1882, gv.265-286 (metafrasuli redaqcia);

2.       s. kakabaZe, asurel mamaTa cxovrebaTa arqetipebi, saistorio krebulis w. I-is damateba, 1928, gv. 36-42 (kimenuri redaqcia);

3.       Zveli qarTuli literaturis qrestomaTia, I, Sedgenili sol. yubaneiSvilis mier, Tbilisi 1946, gv. 163-167 (kimenuri redaqcia. teqsti Semoklebulia);

4.       asurel moRvaweTa cxovrebis wignTa Zveli redaqciebi, teqstebi gamokvleviTa da leqsikoniT gamosca il. abulaZem, Tbilisi, 1955, gv. 144-187 (orive redaqcia);

5.       Zveli qarTuli agiografiuli literaturis Zeglebi, I, Tbilisi, 1963, gv. 229-240 (kimenuri);

6.       Zveli qarTuli agiografiuli literaturis Zeglebi, III, Tbilisi, 1971, gv. 170-207 (metafrasuli); gv. 291-311 (danarTSi – romanoz mitropolitis redaqcia).

7.      gabiZaSvili, e., asureli moRvawebis “cxovrebaTa” arqetipebis urTierTmimarTebisaTvis, macne, #4, 1982, gv. 62-67;

8.       gabiZaSvili, e., romanoz erisTavi da misi ucnobi Txzuleba, mravalTavi, II, Tbilisi, 1973, gv. 75-93.

9.       goilaZe, v., saidan da rodis movidnen sirieli mamebi saqarTveloSi, “mnaTobi”, 1992, #5-6

10.    TarxniSvili m., saqarTvelos eklesiis istoria I-VII saukuneebSi, xelnaweri, Q 1486, gv. 935-937

11.  kekeliZe, k., sakiTxi siriel moRvaweTa qarTlSi mosvlis Sesaxeb, etiudebi Zv. qarTuli literaturis istoriidan, I, 1956, gv. 82-107;

12.  kekeliZe k., Zveli qarTuli literaturis istoria, t. I, Tbilisi, 1980, gv. 158-162;

13.  maWaraSvili, m., aRwera mTa-wmidis eklesiisa da wm. mama daviTis cxovrebisa, tfilisi, 1895

14.    meliqseT-begi, l., daviT uZleveli da daviT garesjeli, amonabeWdi krebulidan “k. kekeliZis dabdebis 80 wlis Tavze”, Tbilisi, 1959

15.    menabde, l., “asurel mamaTa” cxovrebisaTvis, sadisertacio naSromi (xelnaweri), Tbilisi, 1949

16.    merkvilaZe, d., asureli mamebi, VI s-is sirieli moRvaweni saqarTveloSi, I, Tbilisi, 2006

17.    siraZe, r., daviT anhaRTi da “azris silamazis” problema, literaturul-kulturuli narkvevebi, Tbilisi, 1987

18.    Zveli qarTuli agiografiuli literaturis Zeglebi, IV, 1968, gv. 242-245 (svinaqsaruli redaqciis Sesaxeb).

19.  javaxiSvili, iv., qarTveli eris istoria, I, 1928, gv. 324-347;

20.   Еп. Кирион, Заслуги Давид Гарджели и его лавра. Тифлис, 1901

21.    Броссе, М., О некоторых недостатках грузинской хронологии, «Кавказ», 1850, №24-25

22.   Peradze G., Die Anfäge des Mönchtums in Georgien; Gotha, 1927, 1- 41.

 

 

 

moamzada lela xoferiam

წმ. დავით გარეჯელი

XVIII ს.–ის მინიატურა