დავით ბოლნელი ეპისკოპოსი
V საუკუნის საეკლესიო მოღვაწე
დავით ბოლნელის სახელს უკავშირდება ბოლნისის სიონის კათედრალური ტაძრის მშენებლობა. იგი დასახელებულია ტაძრის ორ წარწერაში _ საამშენებლოში და მის სახელზე შესრულებულ მემორიალურში. სამშენებლო წარწერაში, სადაც მისი სახელი ეწერა, ქვის ფილა ჩამოშლილია, თუმცა, მკვლევართა ერთსულოვანი თვალსაზრისით, აქ მისი სახელი უნდა წავიკითხოთ. ეს წარწერა მოთავსებული იყო ტაძრის ჩრდილო-აღმოსავლეთ შესასვლელის არქიტრავზე, ხოლო ამჟამად გადატანილია საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ქვის ძეგლების ფონდში (ლაპიდარიუმში). მეორე წარწერიანი ფილა _ დავით ეპისკოპოსის მემეორიალური ტექსტით, ამჟამადაც ადგილზეა, ე.ი ტაძრის აღმოსავლეთი სარკმლის ზემოთ. იგი, ისევე, როგორც საამშენებლო წარწერა, მწვანე ფერის ბოლნურ ტუფზეა შესრულებული. დავით ეპისკოპოსის მემორიალური წარწერის ცენტრში, ორმაგ წრეში ჩასმული ე.წ. ბოლნური (მალტური) ჯვარია გამოსახული, ხოლო მის გარშემო 8 სტრიქონად განლაგებული წარწერის ტექსტი მთლიანად ავსებს ქვის ზედაპირს. იგი ასეთია:
“ქრისტე, დავით ეპისკოპოსი კრებულითურთ, და ამას ეკლესიასა შინა შენდა მიმართ თაãყანისმცემელნი შეიწყალენ, და მშრომელთა ამას ეკლესიასა შინა შეხეწიე; იყავნ, იყავნ”.
საამშენებლო წარწერის ნაკლულ ტექსტში დავით ეპისკოპოსის სახელს მკვლევარები შემდეგნაირად აღადგენენ: “...ვინ ამის ეკლესიაáსა მაშენებელსა დავით ეპისკოპოსსა ხულოცოს, იგიცა ღმერთმან შეიწყალენ, ამენ”.
სამშენებლო წარწერის მიხედვით, ბოლნისის სიონის მშენებლობა დაუწყიათ სპარსეთის შაჰის პეროზის (459-484) მეფობის მე-20, ე.ი 479 წელს და 15 წლის შემდეგ ე.ი 493 წელს დაუსრულებიათ. ამის მიხედვით ცხადია, რომ ტაძრის ორივე წარწერა, რომელშიც დავით ეპისკოპოსი იხსენიება 493 წლით უნდა დათარიღდეს.
დავით ეპისკოპოსი სომხურ საისტორიო ძეგლში _ “ეპისტოლეთა წიგნშიცაა” მოხსენიებული. იგი, სხვა ქართველ და სომეხ მღვდელმთავრებთან ერთად, ხელს აწერს ამ კრების აქტებს. კრება, როგორც ცნობილია, 506 წელს გაიმართა დვინში. ივანე ჯავახიშვილმა ამ მონაცემებზე დაყრდნობით წარწერა 506 წლის ახლო დროით დაათარიღა ჯერ კიდევ საამშენებლო წარწერის და მისი მონაცემების აღმოჩენამდე. მას ასეთი დათარიღებისათვის, გარდა დვინის საეკლესიო კრების თარიღისა, საფუძველი მისცა წარწერის პალეოგრაფიულმა და ენობრივმა მონაცემებმა, კერძოდ მასში დაფიქსირებულმა “ხანმეტობამ” (“შეხეწიე”).
არსებობს წარწერის განსხვავებული დათარიღებაც, მაგ: შ. ამირანაშვილს ტექსტის ბოლოს დასმული იი ათი ინდიქტიონის აღმნიშვნელ ციფრებად მიაჩნდა და წარწერის თარიღად 473 წელი მიიჩნევდა. მაგრამ კ. კეკელიძემ სავსებით დამაჯერებლად ცხადყო, რომ აქ უნდა წავიკითხოთ ტექსტის დასასრულის აღმნიშვნელი ტრაფარეტული ბიბლიური ფორმულა “იყავნ,იყავნ,” თავისი მნიშვნელობით და დანიშნულებით მსგავსი @ამენ”_ისა.
საინტერესოა, რომ წარწერის ტექსტში ჩართულია ლიტურგიული ფორმულა _ “მშრომელთა ამას ეკლესიასა შინა შეხეწიე”. საერთოდ, ლიტურგიკული ფორმულები მეტად ცვალებადაი იყო, ამიტომ ძნელი დასადგენია, თუ როგორი რედაქციული ცვლილებები განიცადა ჟამისწირვის ტექსტმა V საუკუნიდან მოყოლებული, ესე იგი იმ დროიდან რომლითაც დავით ეპისკოპოსის წარწერა თარიღდება. ყველაზე ახლოს იგი დგას იაკობის ჟამისწირვის, ე.ი ლიტურგიის უძველესი წესის ტექსტის შესაბამის მონაკვეთთან.
საინტერესოა, რომ ბოლნისი სიონის დავით ეპისკოპოსის წარწერაში ლიტურგიული ფორმულის ჩართვის მსგავსი მაგალითი გვაქვს კუმურდოს ტაძრის 964 წლის ერთ-ერთ წარწერაში: “წმიდაო ეკლესიაო, შენნი მუშაკნი და ყოველნი მაშენებელნი შენნი დღესა მას საშჯელისასა დაიფარენ”.
წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა:
ვალერი სილოგავა, ბოლნისის უძველესი ქართული წარწერები თბ., 1994