მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
                  

 

 

 

 

ბექა III  საფარფაშა (1625-1651)

 

            ბექა III, იგივე საფარ ფაშა - სამცხის ათაბაგი (1625-1651), ქაიხოსრო II-ისა და დედისიმედის ვაჟი, ნათლობის სახელი პავლე. საათაბაგოს მართავდა ”ვითა წესია ოსმალთა”. 1627-1628 წლებში ყარსის ციხისთავი ყოფილა. ერზერუმში, აჯანყებული აბაზა ფაშას წინააღმდეგ ბრძოლაშიც თავი გამოუჩენია.

            ბექა ჭაბუკობიდანვე აქტიურად იყო ჩაბმული სამცხის პატრონი ათაბაგების სამფლობელოსა და ხელისუფლებისათვის ბრძოლაში. 15-16 წლის ჭაბუკი ლალა-ფაშასთან გაუგზავნიათ კუთვნილი საუფლისწულო მამულის გამოსათხოვათ. მაგრამ ლალა-ფაშა წასული დახვდა და იძულებული შეიქმნა ოლთისში გაჩერებულიყო. 1580 წლის ოქტომბერში ბიძის-ყვარყვარეს გვერდით იდგა და ლორე დაარბია. 1582 წლის თებერვალში კი, 18 წლისას სტამბოლს წაიყვანეს. სავარაუდოა, რომ სწორედ მაშინ მიიღო მაჰმადის რჯული. თუმცა ისტორიული წყაროების დიდი ნაწილი მისი გამაჰმადიანების თარიღად XVII საუკუნის 20-იან წლებს დებს, როცა სტამბოლიდან დაბრუნებული ძმისწული-მანუჩარი გზად მასთან სტუმრობა, საჭმელში სამსალა ჩაუყარა და მოკლა. მერე თავად წავიდა სტამბოლს. აღიარა მაჰმადის რჯული და ორთუღიანი ფაშას ტიტულით ებოძა ათაბაგობა და იწოდა საფარ-ფაშათ. შემდგომ ამისა სამცხის გამგებლებს ათაბაგად მხოლოდ საქართველოში თუ მოიხსენიებდნენ. იგი ახალციხის ფაშად იჯდა. ფაშობა სულთანს მემკვიდრეობით უბოძებია. ამიტომაც მისი შთამომავლები ”შემდგომად სიკვდილისა მამისა მათისა”, სტამბოლში ქრთამით დატვირთულები ჩადიოდნენ და ბრუნდებოდნენ ფაშის ტიტულით. საგულისხმოა, რომ სულთან მურად IV-ის მიერ დიდი მოურავისადმი გაცემულ წყალობის სიგელში სააკაძის დამხმარე პირებს შორის იხსენიება, როგორც ”არფალიკის ” წესით თავისი სანჯაყის მფლობელი ე.ი. ჯერ კიდევ არ არის ფაშა? (აქვე გავიხსენებთ იმ ფაქტს, რომ გ სააკაძე სტამბოლში წასვლის წინ მასთან მივიდა და ჯარი თხოვა).მაგრამ ისტორიკოს ნაიმა მას საფარ-ფაშად იხსენიებს 1625 წლის შემდეგაც კი.

             ოსმალეთის სახელმწიფო მოღვაწეების ბიოგრაფიული კრებულის მიხედვით ”სიჯილოსმანიე” - ბექას ფაშობა ებოძა 1628 წელს, რაც სარწმუნო ჩანს, რადგან 1625-26 წლებში სამცხეს სპარსელები ფლობენ. ”სიჯილას ავტორს მისი გარდაცვალების თარიღიც ვახუშტისგან განსხვავებული აქვს-1651 წ. რასაც მხარს უჭერს კოჩიბეი გორიჯელის მეორე რისალე და ევლია ჩელები, რომელიც ახალციხის საფაშოში 1649 წელს ესტუმრა საფარ ფაშას. იგი წერს: ”ვილაიეთის ვალი საფარ ფაშა წარმოშობით ქართველი, გულადი, უნარიანი და მოასპარეზე ადამიანია. ხოლო 1647 წლის ამბების აღწერისას საფარ ფაშას ”კოჯად” მოხუცად მოიხსენიებს. ეს კი იმის დასტურია რომ იგი 1635 წელს არ გარდაცვლილა და სიმართლესთან ახლოს დგას მისი გარდაცვალების ადგილად 1651 წლის დადება.

            ჩანს, მის სიცოცხლეშივე უბოძებიათ ფაშობა მისი ძე იუსუფისათვის. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულია სულთან მეჰმედ IV-ის მიერ1649 წელს გაცემული სიგელი იოანე ბერის მაწყვერლად დანიშნვის თაობაზე. სიგელის ადრესატია ახალციხის ბეგლარბეგი საფარ ფაშას ძე - იუსუფ ფაშა, რომლის გარდაცვალების ტარიღად ვახუშტი 1674 წელს დებს. ჩანს, ორხელისუფლებიანობაა რაც იშვიათი შემთხვევა არ არის ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.

            საფარ ფაშა საათაბაგოს მართავდა ”ვითა წესია ოსმალთა”: აღწერა ქვეყანა, ქრისტიანებს განუწესა გადასახადი ფაშის სარგოდ 10 შაური. სწორედ მის დროს დაიწყო ამ მხარის ინტენსიური გამაჰმადიანება. ”რისხვითა ღუთისაითა გამაჰმადიანდებოდნენ ყოველნი წარჩინებულნი ამა ქუეყნისანი”. საფარ ფაშა ” ყოველსავე განაგებდა ნებითა ოსმალთა”. ეს კი დიდ წილად გულისხმობდა ქრისტიანობის შეცვლას მაჰმადიანობით. შემცირდა ეკლესია-მონასტრების რიცხვი ” თავად მესხთა ურწმუნოებისა და დიდებულთა მამულშეწირულებათა შემცირების გამო”. მით უფრო, რომ ტაოკლარჯეთი და შავშეთ-არტანუჯი ოსმალეთის საზღვრებში იყო და აღარავინ დარჩა ”მეტრფე მონაზონებისა”

                       

 

           წყაროები და samecniero ლიტერატურა:

  1. ბატონიშვილი ვახუშტი, აღწერა ასმეფოსა საქართველოსა, ქართლის ცხოვრება, ტომი IV, ს. ყაუხჩიშვილის გამოცემა, თბ. 1973 წ.
  2. სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები (XV-XVI სს.), ტექსტების პუბლიკაცია, გამოკვლევები და საძიებლები ქრ. შარაშიძისა, თბ. 1961 წ.
  3. ვ. ჩოჩიევი, სამცხე საათაბაგო XVII ს-ის მეორე მეოთხედში, სტალინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის შრომები, ტ. VI, 1958 წ.
  4. მ სვანიძე, საქართველო-ოსმალეთის ურთიერთობის ისტორიიდან XVI-XVIII სს. თბ. 1971 წ.
  5. საქართველოს ისტორიის ნარკვევები ტ. IV, 1973 წ.
  6. ქათიბ ჩელების ცნობები საქართველოსა და კავკასიის შესახებ, თურქულიდან თარგმნა, შესავალი, შენიშვნები და საძიებლები დაურთო გიული ალასანიამ, თბ. 1978 წ.
  7. ც. აბულაძე, მეჰმედ IV-ის სიგელი იოანე ბერის მაწყვერლად დანიშვნის თაობაზე, თსუ-ს შრომები, ტ. 290, თბ. 1989 წ.
  8. ევლია ჩელების ”მოგზაურობის წიგნი”, თურქულიდან თარგმნა, კომენტარები და გამოკვლება დაუთმო გიორგი ფუთურიძემ, ნაკვ. I, თბ. 1971 წ. ნაკვ. II. 1973 წ.

 

 

moamzada ცისანა აბულაძე