ბაგრატ მუხრანბატონი (1485-1561)
მუხრანბატონთა სათავადოს ფუძემდებელი, პოლიტიკური მოღვაწე, მწერალი
ძე კონსტანტინე II-ისა, ძმა-ქართლის მეფე დავით X-ისა, ბაგრატიონთა დინასტიის მუხრანბატონთა შტოს ფუძემდებელი. სათავადო-სამთავრო სამუხრანბატონოს დამაარსებელი, მწერალი და მწიგნობარი, ავტორი ანტიმაჰმადიანური პოლემიკური თხზულებისა “მოთხრობა შჯულთა უღთოთა თათრისათა, გამოკრებილი და სიტყÂსგება ქრისტიანეთა მიერ”, ბერობაში ბარნაბად წოდებული.
ბაგრატ მუხრანბატონს მეუღლედ ესვა ელენე, რომელმაც შემონაზვნების შემდგომ თეკლე დაირქვა. ჰყავდა ოთხი ძე და ერთი ასული—სამცხის დედოფალი-- დედისიმედი. აქტიური ბუნებითა და მებრძოლი სულით ჰგავდა მამას მეფე კონსტანტინე II-ს, სრულად განსხვავდებოდა ძმისაგან, რომელსაც მუდამ გვერდით ედგა და აქტიური მოქმედებისკენ მოუწოდებდა. “ლმობიერი და მშÂიდი ბრძოლაშლილობათა და შფოთთა მოძულე” (ვახუშტი) იღწვოდა საქართველოს გაერთიანებისათვის, ქართლის გაძლიერებისათვის. სწორედ ბაგრატმა ალაგმა ავგიორგის თავდასხმები ქართლზე, რისთვისაც დავით X-მ მას საუფლისწულოდ უბოძა მუხრანი 1512 წელს. მას ემორჩილებოდა ქსნისა და არაგვის ხეობები, მთიულეთი და ხევი. იყო სამუხრანბატონოს სადროშოს სარდალი. იგი 1513 წელს დავით X-სთან ერთად მონაწილეობს ბაგრატ იმერთა მეფისა და ვახტანგს შორის მიმდინარე საზავო მოლაპარაკებაში. 1520 წელს კი თავისი ჯარით უდგას მეფეს გვერდით მუხრანთან მამია I-ისა და ავ-გიორგის ძის ლევანისაგან დასაცავად. მანვე ააშენა ციხე მტკÂრისად წოდებული. მიუხედავად აქტიური პოლიტიკური და მხედართმთავრული მოღვაწეობისა, იგი უფრო აღიარებულია მწერლად და პოლემიკური ანტიმაჰმადიანური თხზულების ავტორად. ბაგრატ მუხრანბატონს დიდი სულიერი ერთობა და მეგობრობა ჰქონია “როსტომიანის” გამლექსავ სერაპიონ საბაშვილთან, რასაც ადასტურებს “როსტომიანში” ჩართული ლექსები, მიძღვნილი ბაგრატისადმი.
ჩვენამდე მოღწეულია ბაგრატის დაკვეთითა და ბრძანებით გადაწერილი “თუენი” ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის H 76, შ 5227 ეს უკანასკნელი მას “სახსრად სულთათვის და ცოდვათა შესანდობლად სვეტიცხოვლისთვის შეუწირავს”. 1539 თუ 1542 წელს იგი ბერად შემდგარა ბარნაბას სახელით. ასე იხსენიებს მას “მესხური მატიანე”—“ბაგრატ ყოფილი ბარნაბა”.
ბაგრატმა კალამიც მტერთან საბრძოლველ იარაღად გაიხადა. გაირკვა, რომ თავისი ანტიმაჰმადიანური პოლემიკური თხზულება “მოთხრობა შჯულთა უღთოთა თათრისათა, გამოკრებილი და სიტყÂსგება ქრისტიანეთა მიერ”, ბერად შედგომამდე შუქმნია ქრისტიანობის, როგორც ჭეშმარიტი სარწმუნოების უპირატესობის დასამტკიცებლად. თხზულება იწყება თხრობით ისლამური რელიგიის ჩასახვისა და მის შემქმნელთა შესახებ. დეტალურადაა გადმოცემული მუჰამედის ბიოგრაფია, რასაც მოყვება “ყურანის” განქიქება, რომელიც ალის და უსმანს (=ჰუსეÁნს) დააწერინა-ო მუჰამედმა, რადგან თავად წერა-კითხვა “არ უწყოდა”. ბაგრატ მუხრანბატონი საქმის ცოდნით ასაბუთებს, რომ მუჰამედი ეყრდნობა იუდეველთა და ქრისტიანთა წმინდა წიგნებს. უარყოფს მუჰამედის წინასწარმეტყველებას, მის მოგზაურობას პეგასით “საკიცხველსა” და “საცინელს” უწოდებს. მუჰამედს უპირისპირებს “სამგვამოვნებით ცნობილ” ღმერთს. ცალკე თავს უძღვნის “ძველი აღთქმის” წიგნების ებრაულიდან და ბერძნულიდან თარგმნის ისტორიასა და “ახალი აღთქმის” წიგნების შექმნის ამბავს. ასახელებს “წიგნების” ქართველ მთარგმნელებს: დავით ტბელი, სტეფანე სანანოიძე, არსენი, ეფთვიმე და გიორგი მთაწმინდელები, საბა თუხარელი, ეფრემ მცირე. გამოყოფს მაჰმადიანების მხრივ ქრისტიანებთან საკამათო თემებს-“ღმერთის კაცებრივ ბუნებას”, “იესუ ღმთად გრწამს თუ კაცად”. ღიმილით შენიშნავს, რომ მაჰმადიანები წმინდანებს ვერ ასხვავებენ წინასწარმეტყველებისაგან. ყველა პასუხი ბიბლიას ემყარება. ბაგრატის რჩევით ქრისტიანი მოპაექრე ისლამის მცოდნე უნდა იყოს. თავადაც საკმაოდ განსწავლული ჩანს. ბუნებრივია, რომ ასე კარგად იცნობს და იცის ბიბლია, იოანე დამასკელი, გრიგოლ ღვთისმეტყველი. მაინც დასადგენია რას ეყრდნობა მისი მსჯელობა ისლამის საკითხებზე. ნ. მარის აზრით, ქართველი ავტორის წყაროა სპარსული და არა არაბული, იგი იცნობს შიიტ მუსლიმთა მოძღვრებას. ეს საკითხი სერიოზულ შესწავლას მოითხოვს. ვფიქრობ არ შემოიფარგლება მხოლოდ ანტიმაჰმადიანური თხზულებების გამოვლენითა და შესწავლით.
ბაგრატ მუხრანბატონის ანტიმაჰმადიანური თხზულება დღემდე გამოუქვეყნებელია. ქართული ლიტერატურათმცოდნეობა კარგად იცნობს თხზულებას XVII ს-ში იაკობ შემოქმედელის მიერ გალექსილ ვერსიას _ უსჯულოს მოჰამედისა და ქრისტიანეთ გაბაასება ლექსად ნათქვამი “შემოქმედელის იაკობისაგან ბრძანებითა მეფის გიორგისათა, ძისა მეფის შაჰნაოზისთა.”
წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა:
1. ვახუშტი, ქართლის ცხოვრება, ტ. IV, თბილისი, 1973წ.
2. ქართლის ცხოვრება, ტ.II, ბერი ეგნატშვილი, პირველი ტექსტი, თბილისი, 1959წ.
3. კ. კეკელიძე, ძველი ქართული მწერლობის ისტორია, ტ. I; იაკობ დუმბაძე (შემოქმედელი)
4. კ. კეკელიძე, ძველი ქართული მწერლობის ისტორია, ტ. II, 1952წ.
5. ქართული მწერლობა, ლექსიკონი ცნობარი, წიგნი I, 1984წ.
6. ბაგრატ მუხრანბატონი, ბიბლიოგრაფიული ცნობები; ბ. დარჩია, “მწიგნიბარი”, 1999წ.
7. ბ. დარჩია, მასალები ბაგრატ ბატონიშვილის (მუხრანბატონი) შესახებ, “ქართული მწერლობის საკითხები” თბილისი, 19932.
8. ბ. დარჩია, ბაგრატ მუხრანბატონის ანტიმაჰმადიანური თხზულება, ‘რელიგია” 1996წ., №10, 11, 12
მოამზადა ცისანა აბულაძემ