ბაგრატ III, იმერეთა მეფე
ბაგრატ III (1490_1565), იმერეთის `მპყრობელი~ (1510_1565), ძე ალექსანდრე II-ისა
ბაგრატ III, აქტიური პოლიტიკოსი, გამჭრიახი დიპლომატი, მკლავღონიერი, უშიშარი მხედარი ჭაბუკობიდან მუხლ¬ჩაუხრელად იღვწოდა დასავლეთ საქართველოს ერთ სამეფოდ გადასაქცევად. დროისა და ვითარების შესაბამისად მოყვრად ან მტრად იკიდებდა თავკერძა მთავრებსა და მოქიშპე თავადებს. ოსმალთა აგრესიის პირობებში მოახერხა და საათაბაგოს დიდი ნაწილი 10 წლით დაუქვემდებარა იმერეთის სამეფოს, რამდე¬ნიმე წლით დედასამშობლოს დაუბრუნა ოსმალთაგან მიტაცე¬ბული ტაო-კლარჯეთი. მეფური ღირსებითა და ავტორიტეტით ეახლა შეწევნის სათხოვნელად შაჰ-თამაზს. დაემოყვრა და დაემეგობრა ქართლისა და კახეთის მეფეებს, წინ წამოსწია და გააძლიერა ეკლესია. იმერეთი სამ საეპისკოპოსოდ განყო, საეკლესიო კრების განჩინებით აკრძალა `ტყვეთა სყიდვა~. ყველა ღონეს მიმართა, მაგრამ ქვეყნის დაღმასვლა ვერ შეაჩერა. სამთავროების დაქვემდებარების მისმა მცდელობამ, მთავრები სულთანს აყმო, თავად კი ოსმალეთის ვალი გახდა. სამთავროების მოსპობის ნაცვლად, სამეფოს რაჭის საერისთაო შემატა, უფრო ზუსტად _ რაჭის საერისთაო აღადგინა.
სამეფო ტახტი მამის გარდაცვალების შემდეგ დაიჭირა. ჭაბუკი მეფე ურთულესი საშინაო და საგარეო პირობების პირისპირ აღმოჩნდა _ ქვეყნის სახელმწიფოებრივი მოწესრიგება, ოსმალთა აგრესიის მოგერიება. მისი გამეფების პირველსავე წელს უფლისწულ სელიმს იმერეთის ასაკლებად შემოუძღვა სამცხის ათაბაგი (თავისი სამფლობელო რომ გადაერჩინა). ოსმალებმა დაარბიეს იმერეთი, დაანგრიეს ქალაქი, ბაგრატის ტაძარი და გელათი. წაასხეს უამრავი ტყვე. გახიზნული მეფე მორჩილებას არ აპირებდა, საბრძოლველად მობილიზაციაზე ზრუნავდა. ქართული წერილობითი წყაროების მიხედვით 1526 წელს მან მოხისთან სძლია ქართლის, კახეთისა და სამცხის გაერთიანებულ ლაშქარს და მისცეს მას `ქართლი არადათის წყლის გამოღმა _ ალი, სურამი და ახალდაბა~. ბაგრატი ნათლად ხედავდა ოსმალეთიდან წამოსულ საშიშროებას. მისი ინიციატივით გურიისა და სამეგრელოს მთავრებმა ილაშქრეს ჯიქეთზე, რომლის გამაჰმადია¬ნებული მოსახლეობა ოსმალთა წაქეზებით გამუდმებით ესხმოდა თავს საქარ¬თველოს ზღვისპირა ოლქებს, მაგრამ წარმატებით დაწყებულ ბრძოლაში დამარცხდნენ. მეფემ ახლა მთელი ყურადღება სამცხეზე გადაიტანა, რადგან ოსმალთა შემოსევის გზა სამცხეზე გადიოდა. ბაგრატ III არ სცნობდა ათაბაგთა ხელმწიფებას და ცდილობდა საათაბაგოს ლიხთ-იმერეთში გაერთიანებით ბოლო მოეღო მთელი საქართველოს დამანგრეველი პოლიტიკისათვის, ათაბაგობის შესანარჩუნებლად მორიგეობით რომ იწვევდნენ ყიზილბაშებსა და ოსმალებს, ქართველი მეფე-მთავრების წინააღმდეგ საბრძოლველად. 1535 წლის 12 აგვისტოს ახალქალაქის ახლოს სოფ. მურჯახეთთან ბაგრატ მეფის, როსტომ გურიელისა და ლევან დადიანის შეერთებულმა ლაშქარმა სძლია მესხები, ათაბაგი ყვარყვარე ტყვედ აიყვანეს. საათაბაგო იმერეთის სამეფოს შეუერთეს. ამრიგად, საათაბაგოს უდიდეს ნაწილს დაეუფლა ბაგრატ III, მის გამგებლობაში დარჩა საათაბაგო 1545 წლამდე. ბაგრატმა მშვენივრად იცოდა, რომ ოსმალეთთან პირისპირ დარჩენა მას სიკეთეს არ მოუტანდა, ამიტომ შაჰ-თამაზის მოკავშირედ გახდომას ეცადა, ეახლა ყარაბაღში; `შეწევნა და ძალი~ სთხოვა, თან წარიყვანა ჭკუისმყოფელნი ჭაღარანი~. შეხვედრისას ისეთი დიპლომატიური ჭკუა და მოხერხება გამოიჩინა, რომ შაჰ-თამაზი მოიხიბლა და დიდი საბოძვრით გამოისტუმრა. დახმარებაზე კი უარი უთხრა _ ჯარი ვერ მისცა, არც შეეძლო. ბაგრატ III-ს მეფური ავტორიტეტი და ღირსება არც მაშინ დაუკარგავს, როცა შაჰ-თამაზი მეოთხეჯერ შემოესია ქართლს და იმერეთის მეფეს ლუარსაბის გადაცემა მოსთხოვა. ბაგრატმა იქით შეუტია შაჰს და თავისი კუთვნილი სურამის, ალის და ახალდაბის დაცლა მოსთხოვა.
ათაბაგობის მაძიებელმა ქაიხოსრომ სულთნის ბრძანებით ოსმალთა 22 ათასიანი ლაშქარი მოაყენა ოლთისის ციხეს. ევროპული ზარბაზნებით აღჭურვილ ჯარს მუსა ფაშა სარდლობდა. ბაგრატ მეფემ `ეშმაკობით და ვერაგობით სძლია ოსმალებს. ფაშა ლაშქრითურთ არზრუმისაკენ გააბრუნა, თვითონ კი ოლთისს დაეუფლა. მოტყუებულ მტერს სოფ. ქარაღაქთან შეება და გაანადგურა. ორი წლის შემდეგ კი გამძვინვარებულ ოსმალთა მრავალრიცხოვანი ლაშქრის შემოტევას ვერ გაუძლო იმერეთის, ქართლისა და მესხეთის ვიწრო კუთხური ინტერესებით მოქმედმა ძალებმა. ბასიანთან ახლოს სოფ. სოხოისტას ქართველები სასტიკად დამარცხდნენ. ათასობით ქართველის სიცოცხლის ფასად `ეღირსა~ ქაიხოსრო ოსმალთაგან ათაბაგად ხელდასხმას. საქართველოს სამხრეთ-დასავლეთი ზღუდე მოერღვა. იქ ოსმალები გამაგრდნენ.
1546 წელს ბაგრატმა კვლავ გაილაშქრა სამცხეზე, მაგრამ უშედეგოდ. ციხეები ოსმალთ ეპყრათ. მან ახლა `დაატყვევა~ აწყურის ღვთისმშობელი და წაიყვანა ციხისჯვარს.
ირან-ოსმალეთის უკიდურესად მწვავე დაპირისპირების დროს სამცხის ათაბაგთაგან მტრის `მოყვრობისა~ და ქართული `ქვეყნების~ ნგრევისა და განადგურების პირობებში, ბაგრატ III რამდენიმე ხნით მაინც შეძლო სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს, იმერეთისა და ქართლის სამეფოს გაერთიანება. დროებით, მაგრამ მაინც, დაიბრუნა თურქების მიერ მიტაცებული ტაო-კლარჯეთის დიდი ნაწილი.
სოხოისტასთან დამარცხების შემდეგ მეფემ გადაწყვიტა მთავრების დამორჩილება და სამთავროების იმერეთის `საბრძანებელად~ გაერთიანება. ამ მიზნით ხონის ჭალას მოიწვია ლევან დადიანი სანადიროდ და `პატიმარყო~. ამავე ბედს უმზადებდა გურიელს, მაგრამ ლევან დადიანი ისევ კერძო ინტერესებით გააპარეს ტყვეობიდან. დადიანიცა და გურიელიც, ათაბაგთან ერთად ხონთქრის მფარველობით დაუპირისპირდნენ მეფე ბაგრატს. თუმცა მან გურიელსა და დადიანს შორის უთანხმოების ჩამოგდება მაინც შეძლო. მტკიცე იყო ქართლის მეფე ლუარსაბისა და ბაგრატის კავშირი, რასაც ნათესაური ურთიერთობაც ამაგრებდა _ ბაგრატის ასული ელენე ცოლად ესვა ლუარსაბს. მათ გვერდით აშკარად თუ მალულად იდგა კახთა მეფეც.
მეფემ მთავრები ერთმანეთთან დაპირისპირებით სულთანს აყმო. 1555 წლის ამასიის ზავის შემდეგ კი ბაგრატ III-ც ოსმალეთის ვასალი გახდა. იმერეთს ხარკი უნდა ეხადა, რომელიც რამდენიმე ქალ-ვაჟის გაგზავნასაც გულისხმობდა. ამას კი ვეღარ შეეგუა მეფე ბაგრატი. მან მოიწვია საეკლესიო კრება. 25 კარისაგან შემდგარი განჩინება კრძალავდა `ტყვის სყიდვას~. ტყვედჩამგდები და დამტყვევე¬ბელი სიკვდილით ისჯებოდა (უპრეცენდენტო შემთხვევაა საეკლესიო კრებისგან ასეთი განჩინების მიღებისა).
ბაგრატმა ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერება ეკლესიაზე დაყრდნობით სცადა. იგი დაეყრდნო საეკლესიო ფეოდალებს და წვრილ აზნაურებს. ეკლესია დიდძალ ყმა-მამულს ფლობდა, რომელსაც ფეოდალთა ხელყოფისაგან იცავდა მეფე. მეფე ნიშნავდა ეპისკოპოსს. გასაგებია, რომ ეკლესია მეფის ერთგული იყო. ბაგრატმა 1529 წელს `განყო~ იმერეთი სამ საეპისკოპოსოდ _ გელათის, ხონისა და ნიკორწმიდისა, ყველგან თავისი მომხრე ფეოდალები დანიშნა. საკათალიკოსო რეზიდენცია გადმოიტანა ბიჭვინთიდან გელათში. 1545 წელს განაახლა წმ. გიორგის ეკლესია გელათში და თავის საძვალედ აქვია, სადაც 1565 წელს დამარხეს.
ბატონიშვილი ვახუშტი და ტიმოთე გაბაშვილი ბაგრატ III-ს მიაწერს კახეთის მეფე ლევანთან (1518_1574) და ქართლის მეფე დავითთან (1505_1525) ერთად წმინდა მიწაზე ლაშქრობას ოსმალო სულთნის სულეიმან კანუნის მთავარსარდლობით იერუსალიმის უსჯულო არაბთაგან გამოსახსნელად, რაც სხვა წყაროებით არ დასტურდება.
ნიჭიერი დიპლომატი და პოლიტიკოსი, ჩინებული მეომარი და მეფური ღირსების მატარებელი მამა თავისი ერისა ბევრს ეცადა, მაგრამ ქვეყნის დაღმასვლა ვერ შეაჩერა.
wyaroebi da samecniero literatura:
1. qarTlis cxovreba, beri egnataSvili, axali qarTlis cxovreba, teqsti dadgenili yvela ZiriTadi xelnaweris mixedviT s. yauxCiSvilis mier, t.II, Tbilisi, 1959.
2. batoniSvili vaxuSti, aRwera samefosa saqarTvelosa, `qarTlis cxovreba~, t.IV, Tbilisi, 1973.
3. T. Jordania, qronikebi, t.II, Tbilisi, 1897.
4. j. odiSeli, mcire qronikebi.
5. f. gorgijaniZe, samxreT saqarTvelos istoriis masalebi, Tbilisi, 1961.
6. qr. SaraSiZe, samxreT saqarTvelos istoriis masalebi (XV_XVIII), Tbilisi, 1961.
7. d. baqraZe, arqeologiuri mogzauroba guriasa da aWaraSi, baTumi, 1987.
8. hasan rumlus cnobebi saqarTvelos Sesaxeb, sparsuli teqsti qarTuli TargmaniTa da SesavliT gamosca vl. fuTuriZem, SeniSvnebi daurTo r. kiknaZem, Tbilisi, 1966.
9. ibrahim feCevis cnobebi saqarTvelosa da kavkasiis Sesaxeb, Turquli teqsti qarTuli TargmaniTurT gamosca, Sesavali da SeniSvnebi daurTo s. jiqiam, Tbilisi, 1964.
10. isqander munSis cnobebi saqarTvelos Sesaxeb, sparsuli teqsti qarTuli TargmaniTa da SesavliTurT gamosca vl. fuTuriZem, Tbilisi, 1969.
11. iv. javaxiSvili, qarTveli eris istoria, t.IV, Tbilisi, 1948.
12. n. berZeniSvili, Очерк из истории развития феодальных отношений в Грузии (ХІІІ–ХVІ вв), saqarTvelos istoriis sakiTxebi, t.II, Tbilisi, 1965.
13. n. berZeniSvili, saqarTvelo XVI saukuneSi, saqarTvelos istoriis sakiTxebi, t.VI, 1973.
14. saqarTvelos istoriis narkvevebi, t.IV, Tbilisi, 1973.
15. m. svaniZe, saqarTvelo-osmaleTis urTierTobis istoriidan, XVI_XVII ss. Tbilisi, 1971.
16. Gümüş XVI. Asir Osmanli-Gürcistan. Iliskileri.
17. H. Özdemir, Artvin Tarihi, 2002.
18. b. lominaZe, qarTuli feodaluri urTierTobis istoriidan (seniorebi) I, Tbilisi, 1966.E
19. m. rexviaSvili, imereTis samefo (1462_1810), Tbilisi, 1989.
20. e. mamisTvalaSvili, qarTvelTa brZola golgoTisaTvis XV_XVI saukuneebSi, qarTuli diplomatia, weliwdeuli, t.V, 1998.
moamzada cisana abulaZem