წმ. აბო თბილელი
არსენ ბულმაისიმისძე
XIII საუკუნის პირველი ნახევარი, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, მწერალი ჰიმნოგრაფი.
ბიოგრაფიული ცნობები არსენის შესახებ უკიდურესად მწირია. ვიცით მხოლოდ, რომ იგი თანამედროვეა რუსუდან მეფისა და მომსწრე ჯერ ჯალალ ედ-დინის, შემდეგ მონღოლთა ლაშქრობებისა (მისი ხელრთვა უზის არსენ ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის წყალობის საბუთს მგელა აბულახტარისადმი, ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი, I, თბილისი, 1984, გვ.118). დაბადებული უნდა იყოს დაახლოებით XII საუკუნის დასარულს ან XIII საუკუნის დამდეგს. მისი ურთიერთობა ძმებ აბუსერისძეებთან ცნობილია 1233 წლის ხელნაწერიდან ა-85, რომლიც ტბელ აბუსერისძის რედაქტორობით არის შედგენილი. ამ ხელნაწერში მოთავსებული ცნობიდან ჩანს, რომ არსენს, როგორც ჩანს, გელათიდან, აბუსერ აბუსერისძისათვის გაუგზავნია საგალობლები, მიძღვნილი მარტყოფის მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატისადმი.
XII-XIII საუკუნეების განათლებული საზოგადოება, უპირატესად მაღალი სამღვდელოება, თავისი ინტელექტუალური, სულიერი და მორალური ავტორიტეტით, რელიგიური განცდის სიღრმით, მარადიული ღირებულებებისადმი ერთგულებით, ესთეტიკური მრწამსით, შეადგენდა იმ წრეს, რომელიც ლიტერატურულ ყალიბში სვამდა თანადროული ქართული საზოგადოების მისწრაფებას _ აემაღლებინა ეროვნული თვითშეგნება ქართველი ერის განსაკუთრებულობის, მისი გამორჩეულობის დასაბუთებით. ამ ამოცანის გადაჭრას შუა საუკუნეების საქართველოს იდეოლოგები ბიბლიური მოდელის ანალოგიებით ცდილობდნენ. ამის დადასტურებაა უფლის კვართის და უფლის სამსჭვალის, ხელთუქმნელი ხატის, ღვთისმშობლის წილხვდომილობის, ღვთისმშობლის კვართის, ბაგრატიონთა ბიბლიური წარმომავლობის და ა.შ. იდეების ფართოდ შეჭრა ქართულ მწერლობაში. ერთ-ერთი ასეთი ავტორია კათალიკოსი არსენ ბულმაისიმისძე.
არსენ ბულმაისიმისძე საკმაოდ ნაყოფიერი მწერალია, ავტორი მსოფლიო წმინდანებისადმი მიძღვნილი გალექსილი სვინაქსარისა (თებერვლის, მარტის, აპრილის და მაისის თვეებისა); მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის, ფერისცვალების დღესასწაულის და ანტონ მარტმყოფელისადმი მიძღვნილი საგალობლებისა; აგეთვე საგალობლებისა წმინდა ნინოსა და შიო მღვიმელისამი.
არსენ ბულამაისიმისძის საგალობლები თავმოყრილია კრებულებში ნა-85 და ჰ-1349. არსენის საგალობლები დიდი პოპულარულობით სარგებლობდა, რასაც ადასტურებს მათი შეტანა XVII-XVIII საუკუნეების “სადღესასწაულოებში”.
არსენ ბულმაისიმისძის შემოქმედებას კარგად იცნობენ გვიანი ავტორები: ტრიფილე არქიმანდრიტი, გაბრიელ მცირე, ანტონ კათალიკოსი, იოანე ბატონიშვილი.
ჰიმნოგრაფიული ნაწარმოების სპეციფიკა მოითხოვს საღვთისმეტყვერლო აზრის, ლიტერატურული ტექსტის და მელოდიის შერწყმას. ამიტომ ჰიმნოგრაფი ერთდროულად არის ღვთისმეტყველიც, პოეტიც და მუსიკოსიც. ასეთ მოთხოვნათაA სიმაღლეზე დგას კათალიკოს არსენ ბულმაისიმისძის ლიტერატურული შემოქმედება. როგორც ჩანს, მისი ნიჭის, განათლებისა და უნარის გამო სთხოვეს მას დიდგვაროვანმა ძმებმა აბუსერისძეებმა მიეძღვნა საგალობელი მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატისადმი. არსენს, სანამ დათანხმდებოდა, მსგავსად მისი წინამორბედი მწერლებისა, რომელთაც “დუმილი ოქროდ მიაჩნდათ”, დიდხანს უჭოჭმანია. საპასუხო ეპისტოლეში უდიდესი ქრისტიანული თავმდაბლობით და ადამიანური მოკრძალებით არის გამოხატული მისი შეხედულება შემოქმედებით პროცესზე, როგორც სული წმიდით შთაგონებულ მდგომარეობაზე, როგორც ზეცით ბოძებულ მადლზე. მის ეპისტოლეში შეერთებულია შემოქმედებით ამოცანასთან შეჭიდებით გამოწვეული შიშიც და სიხარულიც, რაც უსათუოდ მის შემოქმედებით დაძაბულობაზე და მაღალ პასუხისმგებლობაზე მეტყველებს: “ “ყოველი წერილი ძეგლი არს მეტყუელი, გამომაჩინებელი აღმწერელისაი საუკუნოდ, რომელსამე საქებელყოფად, ხოლო სხვისა_ განქიქებად უმეცრებისა, ვითარ ვხედავ აწ ჩემსა”. ამავე ეპისტოლეში გამოხატულია არსენის შეხედულებები თავისთავად ლიტერატურაზე, რაც უსათუოდ ეპოქის ლიტერატურულ-ესთეტიკური პრინციპების გამოძახილია: “ ჭეშმარიტებაი უფროის თხზულთა სიტყუათა წინაშე ბჭისა კეთილისა და სიმართლე _ წინაშე მეფისა დიდისა”. მაშასადამე, ჭეშმარიტისმეტყველება ისევე უმჯობესია “თხზულ”, გამოგონილ ამბავთან შედარებით, როგორც სიმართლის თქმა სიცრუეზე მსაჯულის წინაშე. ჭეშმარიტების წყარო ღმერთია, ამიტომაც იგი ყოველთვის აღემატება გამოგონილს. არსენს სწამს, რომ ადამიანის ნამუშაკევი, მათ შორის ლიტერატურული, ღმერთს უნდა მიეძღვნას, მას უნდა დაუბრუნდეს, რადგან თავად ღმერთია ამ კეთილ საქმეთა დასაბამი და მათ გასაკეთებლად ღმრთისადმი რწმენა ამოძრავებს ადამიანის კეთილ ნებას (ამათი იგულსხმება ლიტერატუტურული საქმიანობაც). ცხადია, ასეთი შეხედულებანი, დაფუძნებული ბიბლიურ ცოდნაზე, პატრისტიკულ ლიტერატურაზე და ღვთისმეტყველებაზე, არ იქნებოდა სწორი მხოლოდ არსენის ეპოქისათვის მიგვეწერა. ასეთ შეხედულებათაA ძლიერი ნაკადი ქართულ მწერლობაში უკვე VIII საუკუნიდან, იოანე საბანისძის თხზულებიდან ჩანს, რომელიც მეტ-ნაკლები ინტენსივობით ყველა დროში ასაზრდოებდა შუა საუკუნეების ქართულ მწერლობას.
არსენის საგალობელს მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის შესახებ საფუძვლად დაედო ქართულ მწერლობაში კარგად ცნობილი აპოკრიფული თხრობა მაცხოვრისა და ედესის მეფის ავგაროზის მიმოწერის თაობაზე. შუა საუკუნეებში ეს თხრობა მეტად პოპულარული იყო მთელ აღმოსავლურ საქრისტიანოში, განსაკუთრებით ხატმებრძოლობის ეპოქის დასრულების შემდეგ. ამ აპოკრიფის მიხედვით, ტილოზე (მანდილიონი) საწაულებრივად გადასული მაცხოვრის სახე მოციქულმა თადეოზმა ავგაროზ მეფეს მიუტანა ამაღლების შემდეგ. ხატი გზაზე რომ არ დაზიანებულიყო, თადეოზმა “კეცი” (თიხა, კერამიკა) დააფარა ტილოს, და “მეყსეულად” კეცზეც გამოისახა უფლის სახე. სწორედ ეს კეცის ხატი (კერამიონი), მოხვდა საქართველოში. არსებობს ამ ხატის საქართველოში მოხვედრის ორი ვერსია. პირველი ვერსიის თანახმად, რომელიც იოანე ანჩელის საგალობელში აისახა, ანჩის მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი კლარჯეთში ანდრია მოციქულმა იერაპოლიდან ჩამოიტანა. არსენ ბულმაისიმისძის ვერსიის მიხედვით, მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი, კეცზე აღბეჭდილი, ანტონ მარტმყოფელმა გამოიტაცა ედესის ნესტორიანული ეკლესიიდან და საქართველოში ჩამოიტანა. ამ ვერსიას იცნობს ანტონ მარტყოფელის ცხოვრებაც, მაგრამ იგი შექმნილი ჩანს არსენ ბულმაისიმისძის საგალობლის აშკარა ზეგავლენით (ე. გაბიძაშვილი).
საერთოდ, უნდა ითქვას, რომ XII-XIII საუკუნეების ქართული სასულიერო მწერლობა და თვით მონუმენტური ფერწერაც ცხოველ ინტერესს იჩენს ხელთუქმნელი ხატის თემისადმი. ხელთუქმნელი ხატი განსაკუთრებულ რელიქვიად იქცა ქართული ეკლესიისათვის, მას ეთაყვანებოდნენ როგორც განკაცების სახეს და როგორც სასწაულმოქმედების უნარით აღჭურვილ სიწმინდეს. ბიზანტიაში მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის ოფიციალური კულტის ისტორია 944 წლიდან იწყება. ამ წელს ჩაუტანიათ ედესიდან კონსტანტინოპოლში ცნობილი მანდილიონი მაცხოვრის ანაბეჭდით. 945 წელს ბიზანტიის იმპერატორმა კონსტანტინე VII-მ ხატს მიუძღვნა ქადაგება, ამის შემდეგ საეკლესიო კალენდარში დაწესდა ახ ხატის სახელობის დღესასწაული 16(29) აგვისტოს და შეიქმნა მისდამი მიძღვნილი სხვა საკითხავები.
ამავე დღეს აღინიშნება ქართულ საეკლესიო კალენდარში ანჩისხატობის და მამა ანტონობის ხსენების დღე. საქართველოს ეკლესიის ლიტურგუკულ პრაქტიკაში ამ თარიღის განწესება, სამეცნიეცრო ლიტერატურის თანახმად, გიორგი მთაწმინდელს მიეწერება.
არსენ ბულმაისიმისძის საგალობელში მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატისადმი ქართველი ერის რჩეულობის იდეა გამოხატულია ბიზანტიასთან გატოლების ნიშნით: “ქალაქთაA მზემან ტილოი, ხოლო ქართლმან კეცი დაიმკვიდრა სიმდიდრედ საცხოვრებელად”. მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის დამკვიდრების ფაქტს საქართველოში (მისი არსებობა იგულისხმება მარტყოფის ტაძარში) არსენ ბულმაისიმისძე იყენებს, რათა ქართველი ერი ახალ ისრაელად, “ახალ’, საზეპურო ერად გამოაცხადოს: “შუამდინარით ვარსკულავი აღმოჰხედ დიდისა მთიებისა პავლეს ძიებად, ოი, მამაო ანტონი, და საუნჯე მიიტაცე, რომელი ვერვინ წმიდათAგანმან შეუძლო შეძინებად, ღმრთივქმნული ხატი ყოვლად წმიდაი, და ისრაელსა ამას ახალსა დაუუნჯე ქართველთასა ერსა საზეპუროსა, ვინაიცა იდიდე ღმრთისა მიერ ბრძენო, შემყუარებელი მისი...”
ჰიმნოგრაფიისათვის უცხოა დროისა და სივრცის დაკონკრეტება. ისტორიული მომენტი, რეალური პოლიტიკური მოვლენები, რაც არ უნდა მწვავე იყოს ისინი, ჰიმნოგრაფიაში არ აისახება. არსენ ბულმაისიმისძე, რასაკვირველია, მომსწრე იყო საქართველოში დატრიალებული უმძიმესი მოვლენებისა( ხვარაზმელები, მონღოლები), რომლებსაც შეუძლებელია მასში ადამიანური მღელვარება არ გამოეწვია, მაგრამ, მარადიულობაზე მოფიქრალ მწერალს, ცხადია, არ შეეძლო ასეთ საგნებზე წერა. ეს უკვე იმდროინდელი გაგებით, მეისტორიეთა საქმე იყო. მაგრამ მისი საგალობლების ამაღლებული განწყობილება, ქართველი ერის რჩეულობის ქადაგება, შერწყმული უნატიფეს რელიგიურ განწყობილებებთან, თავისთავად იძენდა იდეოლოგიურ დატვირთვას, რაც უსათუოდ ზემოქმედებდა ეკლესიის მრევლზე განსაცდელის ჟამს.
არსენ ბულმაისიმისძის ნინოსადმი მიძღვნილ საგალობლებს (შედგება 33 სტროფისა და რვა გალობისაგან). ერთვის ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი ტროპარები. წმინდა ნინოს ავტორი უწოდებს არა თუ მოციქულს და მოციქულთა სწორს, არამედ მახარებელს, რითაც იგი სახარების ავტორებს ამოუყენა გვერდით (ნ. სულავა). მის საგალობელში ნიკოლოზ გულაბერიძის კვალდაკვალ აქცენტირებულია ქრისტეს კვართი, ჯვარი და ცხოველი სვეტი, ნინო მოხსენიებულია, როგორც ტყვე და ტყვეთაA მხსნელი, მოციქული, ქადაგი, განმანათლებელი. ამასთანავე ნინოსადმი მიძღვნილი სხვა ეპითეტები იმეორებს ღმრთისმშობლის ეპითეტებს (“სუეტი ნათლისა”, “ცუარი ღრუბლისა” “სიონი”), რომელსაც იმავე საგალობელში უძღვნის ქებას. ამით ჰუმნოგრაფი აგრძელებს იდეას, დამკვიდრებულს არსენი კათალიკოსის (XI ს.) ნინოს მეტაფრასულ ცხოვრებაში, რომ ნინო ღმრთისმშობლის მობაძავია, წმინდა ნინო შუამავალია ქრისტესა და ქართველებს შორის, როგორც როგორც ღვთისმშობელი იყო შუამავალი ქრისტესა და ადამიანებს შორის. საქართველოს ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობა ნინოს მოსვლით იქნა ღვთის მიერ გაცხადებული.
არსენ ბულმაისიმისძეს ეკუთვნის შიოს სახელზე დაწერილი რამდენიმე საგალობელი და ორი ჰიმნოგრაფიული კანონი. შინაარსობრივად ჰიმნოგრაფიული მასალა მყარება აგიოგრაფიულ თხრობას შიოს შესახებ. შიოს მწერალი უწოდებს უდაბნოს მბათობს, მამათA ყუავილს, უდაბნოს დაუვალ ვარსკულავს და სხვ. შიოს ღვაწლის და სულიერი ზეაღსვლის საჩვენებლად უხვადაა მოხმობილი ბიბლიური მოტივები და პარადიგმები.
არსენ ბულმაისიმისძის საგალობლების კომპოზიციური და სტრუქტურული წყობა, აზრობრივ-თემატური დატვირთვა, საღვთო სახელები, ღვთისმშობლისა და წმინდანთა ატრიბუტები, ეპითეტები, ბიბლიური წიგნებიდან აღებული პარადიგმული სახეები მთელი სისრულით ასახავს იმდროინდელი საღვთისმეტყველო აზროვნების დონეს და ქართული სასულიერო მწერლობის განვითარების უწყვეტ გზას.
wyaroebi da samecniero literatura:
janeliZe dimitri, misteria "galobai wmidisa mociqulisa ninoisi", xelovneba, 1992, N3-4, gv. 46-59.
sulava nestan, arsen bulmaisimisZis himnografiuli moRvaweobidan, saqarTvelos mecnierebaTa akademiis macne, enisa da literaturis seria, 1996, N1-4, gv. 97-123.
sulava nestan, "gixaroden, RvTismSobelo mariam!" kriteriumi, 2001, #2, gv. 101-107;
4. sulava, nestan, politikuri ideologia da XII-XIII saukuneebis qarTuli himnografia, samecniero konferencia _ “qristianoba, warsuli, awmyo, momavali”, moxsenebaTa mokle Sinaarsebi, 2000 wlis 11-17 oqtomberi, “mematiane”, Tbilisi, 2000.
kekeliZe, k., Zveli qarTuli literaturis istoria, t. I, Tbilisi, gv. 1980, gv. 326-329
Jordania, T., qronikebi da sxva masala saqarTvelos istoriisa da mwerlobisa, II, Tbilisi, 1897, gv. 108-110
berZeniSvili n., saveziro feodalur saqarTveloSi (Wyondidel-mwignobarTuxucesi), n. maris saxelobis enis, istoriisa da materialuri kulturis institutis `moambe~, t. V-VI, Tbilisi, 1940, gv. 391-412 (gansakuTrebiT gv. 402, 409)
ingoroyva p., Zveli qarTuli sasuliero poezia, gv. tÁb-tÁg (262-263)
n. CxikvaZe, “avgarozis epistolis” Sesaxeb, Jurn. gza sameufo, 1996, #1.
q. miqelaZe, xelTuqmneli xatis gamosaxuleba XII-XIII saukuneebis qarTul kedlis mxatvrobaSi, literatura da xelovneba, 1991, #3.
nestan sulava, XII-XIII saukuneebis qarTuli himnografia, Tbilisi, “merani”, 2003.
moamzada mzia surgulaZem